,,თამაში ბავშვის საქმეა“, ის მისი წამყვანი ქცევა და ბუნებრივი აქტივობაა ადრეულ ასაკში. თამაში ისეთივე სერიოზული და მნიშვნელოვანი საქმიანობაა ბავშვობაში, როგორც ჩვენთვის, ზრდასრულებისთვის – მაგალითად, სამსახური. მისი განსაკუთრებული მნიშვნელობა და მრავალფეროვნება შეიძლება კიდევ უფრო მკაფიოდ დავინახოთ განვითარების სხვადასხვა დარღვევის დროს. ბავშვებს სირთულეები, შესაძლოა, სწორედ თამაშთან და მის კონკრეტულ ფორმებთან დაკავშირებით ჰქონდეთ. მათ, შესაძლოა, არ იცოდნენ, როგორ ითამაშონ და როგორ მიანიჭონ ნივთებს მრავალფეროვანი ფუნქციები თამაშის დროს. აქ ჩნდება ადრეული ინკლუზიური განათლების მნიშვნელოვანი როლი და ფუნქცია. ბუნებრივი კონტექსტი, რასაც ბავშვებს განვითარებისთვის ადრეული და სკოლამდელი განათლება აძლევს, შეუცვლელია. სწორედ ამ ბუნებრივ გარემოშია მნიშვნელოვანი სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების მხარდაჭერა, უშუალოდ თამაშის პროცესში, როგორც მათი ფუნქციონირებისა და განვითარების ყველაზე ადაპტიურ მოცემულობაში.
თამაში
თამაშის ბევრი განმარტება არსებობს, თუმცა მკვლევრები თანხმდებიან საერთო დეფინიციაზე (Ginsburg, 2007). იგი შეგვიძლია გავიგოთ, როგორც მდგომარეობა, რომლის დროსაც ინდივიდი თავის მზარდ ენერგიას მიმართავს აქტივობაზე, რომელიც სავსეა მხიარულებით, მოიცავს თავისუფლებას არჩევანსა და პროცესის წარმართვაში, ახლავს ცდისა და შეცდომის მეთოდით სწავლა და აღმოჩენები. თამაში შინაგანად არის მოტივირებული და ბავშვი ამ დროს მოქნილი და თავისუფალია. მისი ერთ-ერთი მთავარი ნიშანი სპონტანურობა და ნებაყოფლობითობაა. თამაშზე დაკვირვებისას აღმოვაჩენთ, რომ ამ დროს ბავშვი ყოველმხრივ ვითარდება. ესაა პროცესი, რომლის დროსაც იგი ივითარებს ფანტაზიას, ენისა და მეტყველების, სოციალური, ემოციური ინტელექტის, თანამშრომლობის, ემპათიის, ფიზიკურ და კოგნიტიურ უნარებს.
თამაში და სწავლა ურთიერთგადაჯაჭვული პროცესია. უფრო მეტიც, ადრეულ ასაკში ბავშვი სწორედ თამაშით სწავლობს. ბავშვი, რომელიც წყლით თამაშობს, ჩაყრის მასში სხვადასხვა საგანს, აღმოაჩენს, რომ მათი ნაწილი ტივტივებს, ნაწილი კი იძირება. ბავშვი, რომელიც საქანელაზე ქანაობს, მიზიდულობისა და უსაფრთხოების შესახებ საკუთარი გამოცდილებით იგებს. ხოლო ის ბავშვი, რომელიც კუბებით თამაშობს, სწავლობს ფერებს, სხვადასხვა გზით პრობლემის გადაჭრას და ბალანსის ცნებას. გამოცდილებით მიღებული ინფორმაცია კი, ყველაზე უკეთ ამახსოვრდება ჩვენს ტვინს. სწორედ ამიტომ, ის ადრეულ განათლებაში უხვად უნდა იყოს. მასწავლებლებმა უნდა გამოიყენონ თავიანთი ცოდნა და გამოცდილება, რომ ჰარმონიულად ერთმანეთს დაუკავშირონ ბავშვების თამაშის ეპიზოდები, სცენები და განვითარების ინსტრუქციული სტრატეგიები და სახელმძღვანელოები, რომლებიც თამაშს კურიკულუმის ცენტრში აყენებს.
თამაში განვითარების სხვადასხვა დარღვევის დროს.
განვითარების დარღვევების მქონე ბავშვებთან თამაში ნაკვლევია სხვადასხვა უნარის განვითარებასთან მიმართებაში. მას ისეთივე კრიტიკული მნიშვნელობა აქვს განვითარების დარღვევის მქონე ბავშვებისთვის, როგორც ტიპური განვითარების შემთხვევაში. განვითარების სხვადასხვა დარღვევის დროს ჩვენ ვხვდებით უშუალოდ თამაშის უნარების დეფიციტს.
აუტისტური სპექტრის აშლილობის დროს ვხვდებით იმიტაციის, მიბაძვით სწავლის, გაზიარებული ყურადღების, სიმბოლური თამაშის, ემოციების გაგებისა და გამოხატვის სფეროებში არსებულ სირთულეებს. პრობლემებს ვაწყდებით ინტელექტუალური ფუნქციონირების დროსაც, აღქმის უჩვეულო პასუხების, აგრესიული ან თვითდამაზიანებელი ქცევის, განმეორებითი და სტერეოტიპული ქცევითი პატერნებისა და რიტუალების და სხვა სირთულეების სახით, რომლებიც განსხვავებულად ვლინდება ბავშვებში და ასევე, შესაძლოა განსხვავებულად გამოვლინდეს ერთი ბავშვის შემთხვევაშიც დროთა განმავლობაში. თუმცა დარღვევა რეციპროკულ სოციალურ ურთიერთობებსა და სიმბოლურ თამაშში აუტისტური სპექტრისთვის დამახასიათებელ ერთ-ერთ მთავარ ნიშნებად მიიჩნევა. ამ დროს ბავშვებს უჭირთ თამაშში სპონტანური ჩართვა, თავიანთი ადგილის მოძებნა, იდეების გენერირება და განვითარება თამაშში. სირთულეს წარმოადგენს მენტალური რეპრეზენტაციები. მათ უჭირთ საგნისთვის ისეთი მნიშვნელობის მინიჭება, რაც მას სინამდვილეში არ აქვს, ან რაიმე ობიექტის ისეთ საგნად წარმოდგენა, რაც ის სინამდვილეში არაა, ამას კი წარმოსახვითი თამაშის დროს ცენტრალური მნიშვნელობა აქვს. მაგალითად, ბავშვს შეიძლება გაუჭირდეს, წარმოიდგინოს, რომ ბანანი ტელეფონია ან ჯოხი – ცხენი. აქვე ვხვდებით სირთულეს სწორედ მათი „გონების თეორიის“ დეფიციტში, რომელიც სოციალურ ცნობიერებასთანაა გადაჯაჭვული. როლური, წარმოსახვითი თამაში, სწორედ ამ ,,გონების თეორიის“ განვითარებასა და მენტალურ რეპრეზენტაციას მოითხოვს, ანუ ბავშვმა იცის, სინამდვილეში ვინაა, რა საგანს ფლობს, მაგრამ თამაშობს, ვითომ სხვაა და სხვა საგანი უჭირავს და ამ საგანს განსხვავებულ ფუნქციას ანიჭებს ან სულაც, იმ მომენტისთვის არარსებულ საგანს წარმოიდგენს და თამაშობს, თითქოს ნამდვილად უჭირავს ის, რაც წარმოიდგინა. მაგალითად, ყურზე იდებს ხელს და საუბრობს, ისე, თითქოს ნამდვილად ეჭიროს ტელეფონი. არსებული სირთულეების დაძლევა უფროსების მხარდაჭერით სრულიად შესაძლებელია. რატომ არის ამდენად მნიშვნელოვანი ზრდასრულის სწორი და ფრთხილი მხარდაჭერა განვითარების დარღვევების მქონე ბავშვებთან? სხვადასხვა კვლევის მიხედვით, მათ სჭირდებათ მხარდაჭერა ურთიერთობების აგებასა და შენარჩუნებაში, თამაშში ჩართვასა და მის განვითარებაში და ამ შემთხვევაში აღწერილი სირთულეების დაძლევა სრულიად შესაძლებელია.
მასწავლებლის როლი
პედაგოგები არიან იდეალური საყრდენები ადრეულ განათლებაში ინტერვენციის განსახორციელებლად. მასწავლებლებს აქვთ უზარმაზარი პოტენციალი, რათა დაეხმარონ ბავშვებს რეციპროკული, სოციალური ინტერაქციის და სიმბოლური თამაშის განვითარებაში, რაც თავის მხრივ, მათ სხვა სფეროების განვითარებაშიც ეხმარებათ. თამაშის უნარები, რასაც ბავშვი თერაპიულ ოთახში შეიძენს, არაა საკმარისი. მნიშვნელოვანია, იქ შეძენილი უნარები ინტერნალიზებული გახდეს, ბავშვმა ისინი გაიშინაგანოს და თავისი ქცევითი რეპერტუარის ბუნებრივ ნაწილად აქციოს. მისი ყოველდღიური გარემო კი ამ უნარების გენერალიზებისა და გავარჯიშებისთვის შეუცვლელია, ამიტომ ამ გარემოში მასწავლებლების კომპეტენციები და როლი საკვანძო მნიშვნელობას იძენს.
სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებს შეუძლიათ სიმბოლური თამაშის იმიტირება და წარმოსახვით თამაშში ჩართვა, თუ ის არის უფროსის მიერ ინიციირებული და მხარდაჭერილი. სხვადასხვა კვლევა აჩვენებს, როგორ ვითარდება ბავშვებში დეფიციტური უნარები უფროსის მხარდაჭერით. კვლევებით ვლინდება, რომ ფუნქციური თამაშის სწავლებისას, მისი მოდელირების გზით, მათ შორის თანატოლთა მხრიდან მოდელირების საშუალებით, აუტიზმის მქონე ბავშვები ავლენენ უფრო მეტ გაზიარებულ ყურადღებას, რაც შეიძლება გამოვლინდეს როგორც ვერბალური, ისე არავერბალური ფორმით: კომენტირება, კითხვების დასმა, თვალით ან ჟესტით მინიშნება (Basso, T., Charlop, M.H., Gumaer G.B.). წიგნიერების უნარების სწავლებისა და განვითარების შესახებ ჩატარებული ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, ბავშვები, რომლებსაც მასწავლებლები მხარს უჭერდნენ თამაშის სწავლების მიზნით, ავლენდნენ არა მხოლოდ წიგნიერების უფრო მაღალ უნარებს, არამედ უფრო მეტად ჰქონდათ განვითარებული ენობრივი, სოციალური უნარები და უკეთ იცოდნენ თავიანთი ფიზიკური და კოგნიტიური ქცევის რეგულირება, ვიდრე ის ბავშვები, რომელთა ჯგუფში თამაშში დახმარება არ იყო მიჩნეული მნიშვნელოვნად. ამავე ჯგუფში პედაგოგებს ჰქონდათ პრობლემა ჯგუფის მართვასთან დაკავშირებითაც, ხოლო ბავშვებს – ნაკლები ინტერესები კითხვისა და წერის მიმართ (Bodrova, E. Leong, J, D. 2003). ბევრი ავტორი, სხვადასხვა კვლევის საფუძველზე ამტკიცებს (Rensel, K. 2015), რომ ზრდასრულების ჩართვას ბავშვების თამაშში მნიშვნელოვანი სარგებელი აქვს. ის ხელს უწყობს ბავშვების მიკუთვნებულობას, ყურადღების უფრო დიდხანს შენარჩუნებას, თანატოლებთან გაზრდილ ინტერაქციას, თამაშის უფრო მეტად დამუშავებულ და გაუმჯობესებულ ეპიზოდებს. აღნიშნული მტკიცება კი, ხაზს უსვამს ამ მიმართულებით ადრეულ განვითარებასა და განათლებაში პედაგოგების როლსა და მნიშვნელობას.
როგორ უნდა ჩაერთონ ისინი ბავშვების თამაშში ისე, რომ ეს ავთენტური მოვლენა კვლავ პროცესზე ორიენტირებულად დარჩეს და ბავშვების განვითარებასა და განათლებას შეუწყოს ხელი? მასწავლებლები ამ საკითხს სიფრთხილით უნდა მოეკიდონ და შეძლონ, ,,კულისებში“ მუშაობა, ანუ იმგვარად მოქმედება, რომ მათი ჩართვა არ იყოს თამაშის ჩაშლისა და შეცვლის მიზეზი. მასწავლებელმა უნდა იცოდეს, რატომ და როდის ერევა პროცესში. ბავშვების თამაშში უხეში და შეუსაბამო ჩარევა მათი შემოქმედებითობის და ფანტაზიის განვითარების ხელის შემშლელი შეიძლება აღმოჩნდეს, ხოლო პირიქით მოქმედებისას, მათ შეუძლიათ დაეხმარონ ბავშვებს, განავითარონ თამაში ისე, რომ მათ გაეხსნათ გზა სხვადასხვა ცოდნისა და საბაზისო უნარის შესაძენად.
როგორ ვეხმარებით ბავშვებს, ისწავლონ თამაში?
- უპირველესად, ყველა ბავშვი და ყველა შემთხვევა უნიკალურია. სტრატეგიები და ხერხები, რომლებსაც ჩვენ ბავშვების თამაშის უნარების განვითარებისთვის გამოვიყენებთ, ერთი მხრივ, ,,მომარაგებული“ უნდა გვქონდეს, მეორე მხრივ კი, იმპროვიზაციაც უნდა გამოვიყენოთ. ჩვენი ცოდნა და პროფესიული ინსტრუმენტები კონკრეტული ბავშვის შესაძლებლობების, საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით უნდა ავამოქმედოთ.
- შემოქმედებითობა ძალიან გვჭირდება. ვიფიქროთ, როგორ შეგვიძლია კონკრეტული შემთხვევა ბავშვისთვის სასარგებლო გამოცდილებად ვაქციოთ. მაგალითად, როდესაც კუბებით სახლის აშენებისას, ბავშვს ,,სამშენებლო მასალა“ აკლდება, წავახალისოთ დამხმარე კითხვებით, რა შეიძლება გააკეთოს, როგორ შეიძლება გადაჭრას პრობლემა? აჩვენეთ საკუთარ თავთან საუბრის მაგალითით, თუ როგორ მსჯელობთ, როგორ იფიქრებთ სხვადასხვა ხერხს. დასაწყისში, შესაძლოა მათ ჩვენი მხრიდან სრული დახმარება დასჭირდეთ, თუმცა მალევე შეძლებენ პრობლემების გადაჭრის სხვადასხვა გზის მოფიქრებას: ან დახმარებას სთხოვენ მეგობარს, ან სახლის მასშტაბებს შეამცირებენ, ან კუბებთან ერთად სხვა მასალასაც გამოიყენებენ და ა.შ.
- დავაფასოთ მცირე ნაბიჯები: ბავშვისთვის, რომელიც არავისთან ამყარებს სოციალურ კომუნიკაციას, დასაწყისში თუნდაც ერთი წუთით ჩართვა სხვა ბავშვებთან ერთად საერთო თამაშში, მნიშვნელოვან მიღწევად შეგვიძლია მივიჩნიოთ: პარალელური, მარტო თამაში, მაგრამ სხვა ბავშვების გარემოცვაში; შემთხვევით გადმოვარდნილი ბურთის დაბრუნება ბავშვების ჯგუფისთვის, როგორც სხვების დანახვის, მათი თამაშის ,,შემჩნევის’’ და გარკვეული სოციალური როლის შესრულება, შესაძლოა, შემდგომში ამ ნაცნობი და ბუნებრივი პროცესის გაზიარების წინაპირობად იქცეს;
- ყოველთვის დავაკვირდეთ, რა მოსწონს, რა უყვარს, რით ინტერესდება ბავშვი და ჩვენი მხარდაჭერაც ამას დავაშენოთ.
- გამოვიყენოთ მოდელირება, ჩვენ გავაკეთოთ იმის იმიტირება, რაც გვინდა, რომ ბავშვმა განახორციელოს თამაშის პროცესში (ვატაროთ სათამაშო მანქანა, მასზე დავსვათ მისთვის საინტერესო სათამაშო, გულწრფელი ექსპრესიით გამოვხატოთ სიხარული, როცა ჩავაგდებთ ბურთს კალათში, ან – წყენა, როცა ვერ ჩავაგდებთ)…
- გულწრფელად ვაჩვენოთ, რომ ისიც გინდათ ამ პროცესის ნაწილი იყოს;
- მასთან ერთად, წყვილში ჩართვა სხვების თამაშში, დაწყებულ თამაშში ჩართვის მოდელირება, ინიციირების მოდელირება… (,,გამარჯობა, მე და გიორგიც მოვედით თქვენს მაღაზიაში პროდუქტის შესაძენად’’; ბავშვებო, კიდევ ერთი მგზავრი ხომ არ გჭირდებათ ავტობუსში?’’)…
- გამოიყენეთ მოტორული თამაშები, რომლებიც თანატოლების ერთობლივ მოქმედებას საჭიროებს, მაგ. ბურთის ან ბუშტის მკერდით მიტანა ერთი ადგილიდან მეორემდე და სხვა უამრავი…
- ყოველთვის უთხარით, რომ მოგეწონათ მასთან ერთად თამაში.
- მაგალითები იმდენია, რამდენიც – ბავშვი და მათი განსხვავებული ინტერესები და საჭიროებები. აქ ჩვენი დაკვირვება დაგვეხმარება.
ბავშვებს, რომლებსაც აქვთ განვითარების სხვადასხვა დარღვევა ან არიან ამ რისკის ქვეშ, ნაკლებად ერთვებიან თამაშებში და ამ მხრივ დეფიციტურ უნარებს ავლენენ, ნამდვილად სჭირდებათ ჩვენი, უფროსების კარგად გააზრებული მხარდაჭერა. ამგვარად, ადრეული ინკლუზიური განათლების კრიტიკულად მნიშვნელოვანი როლი ამ ჭრილშიც უნდა დავინახოთ.
გამოყენებული ლიტერატურა:
Ahmad, Saghir et al. (2016). Play and Cognitive Development: Formal Operational
Perspective of Piaget’s Theory. Journal of Education and Practice, 28, 72-79.
Baron-Cohen, S. (1987). Autism and Symbolic Play. British Journal of Developmental
Psychology, 5, 139-148.
Basso, T., Charlop, M. L. and Gumaer, C. B. (2021). Using a Functional Play Intervention
to Increase Joint Attention of School-Aged, Non-Verbal Children with Autism
Spectrum Disorder (ASD). International Electronic Journal of Elementary Education, 3, 323-331.
Bodrova, E. and Leong D. J. (2003). The Importance of Being Playful. Educational
Leadership: Journal of the Department of Supervision and Curriculum
Development, 7, 50-53.
Carrero, K. et al. (2014). Research-Based Strategies for Teaching Play Skills to Children
with Autism. Beyond Behavior, 23, 17-25.
Casby, M.W. (2003). Development Assessment of Play: A Model for Early Intervention.
Communication Disorders Quarterly, 4, 175-183.
Felekidou, K., Lenakakis, A. and Hovard, J. L. (2018). Play and Inclusive Education: Greek
Teachers’ Attitudes. European Journal of Special Education Research, 129-163.
Hoorn at all. Play at the Center of the Curriculum. Pearson, 2007.
Lawton, K. and Kasari, C. (2013). Teacher Implementation of Joint Attention Intervention
in Preschool Classrooms: Fidelity and Context. Autism – Open Access, 3, 1-6.
Lifter, K. et al. (2011). Overview of Play Its Uses and Importance in Early
Intervention/Early Childhood Special Education. Infant @ Young Children, 3, 225-
Mccune, L. (1981). Toward Symbolic Functioning: Structure of Early Pretend Games and
Potential Parallels with Language. Child Development, 52, 785-797
Nicholson, J. and Dominges-Pareto, I. (2021). The Powerful Role of Play in Early
Education.
Mundy, P. and Newell, L. (2007). Attention, Joint Attention, and Social Cognition. Current
Directions in Psychological Science, 5, 269-274.
Lynch, M. (2015). More Play, Please The Perspective of Kindergarten Teachers on Play in
The Classroom. American Journal of Play, 5, 347-370.
Mastrangelo, S. (2009). Play and The Child With Autism Spectrum Disorder: From
Possibilities to Practice. International Journal of Play Therapy, 1, 13-30.
Logue, M. L. and Harvey, H. (2010). Preschool Teachers’ Views of Active Play. Journal of
Research in Childhood Education, 24, 32-49
Rengel, K. (2014). Preschool Teachers’ Attitudes Towards Play. Croatia Journal of
Education, 1, 113-125.
Tarman, B. and Tarman, I. (2011). Teachers; Involvement in Children’s Play and Social
Interaction. Elementary Education Online, 1, 325-337.
Movahedazarhouligh, S. (2018). Teaching Play Skills to Children with Disabilities:
Research-based Interventions and Practices. Early Childhood Education Journal, 6,
587-599.


