ხუთშაბათი, იანვარი 29, 2026
29 იანვარი, ხუთშაბათი, 2026

12 საინტერესო აქტივობა ლიტერატურის გაკვეთილისთვის

თანამედროვე ლიტერატურის სწავლების პროცესში მნიშვნელოვანი ხდება ისეთი აქტივობების განხორციელება, რომლებიც გაააქტიურებს მოსწავლეთა ფანტაზიას, გააღვივებს მათ ანალიზისა და კრიტიკული აზროვნების უნარებს, თანატოლებთან თანამშრომლობით გააღრმავებს ტექსტის გააზრებას. ქვემოთ აღწერილი მეთოდები და პროექტები სწორედ ამ მიზანს ემსახურება – ისინი ლიტერატურულ ნაწარმოებს ცოცხალ, მოსწავლეთათვის საინტერესო და მრავლისმომცველ საგნად აქცევს. წარმოგიდგენთ 12 საინტერესო აქტივობას ლიტერატურის გაკვეთილისთვის.

 

  1. ლიტერატურული წრე

კლასში მოსწავლეები იყოფიან მცირე ჯგუფებად და ერთად კითხულობენ ლიტერატურულ ნაწარმოებს. თითოეული ჯგუფი ირჩევს სხვადასხვა როლს.

როლები შეიძლება იყოს:

  • პერსონაჟების მკვლევარი – აფასებს გმირების ქცევას, ხასიათსა და განვითარებას.
  • სიტყვების მკვლევარი – პოულობს რთულ სიტყვებს, ხსნის მათ მნიშვნელობას. იხსენებს მსგავს და საპირისპირო სიტყვებს.
  • შემაჯამებელი – მოკლედ გადმოსცემს ტექსტის შინაარსს, გამოყოფს ძირითად სიუჟეტურ ხაზებს.
  • კავშირების ამომცნობი – ტექსტს აკავშირებს პირად გამოცდილებასთან, სხვა ტექსტებთან ან კონტექსტთან.
  • მხატვრული ანალიზის შემსრულებელი – ამოიცნობს ავტორის სტილს, მეტაფორებსა და მხატვრულ ხერხებს.
  • დეტალების ამომცნობი – გამოყოფს მნიშვნელოვან მინიშნებებს, სიმბოლოებსა და საკვანძო ფრაზებს.

 

  1. წიგნის ტრეილერი

მოსწავლეები ამზადებენ მოკლე (30 წამიდან 2 წუთამდე) ვიდეოს, რომელიც გადმოსცემს წიგნის სიუჟეტსა და ხასიათს. ისინი ამზადებენ მოკლე ვიდეოს, რომელიც წაკითხული წიგნის სიუჟეტს, პერსონაჟებსა და ატმოსფეროს აჩვენებს ისე, როგორც ფილმის რეკლამაში. იყენებენ მუსიკას, ვიზუალს, ტექსტსა და ხმოვან ეფექტებს. ამით ისინი სწავლობენ ტექსტის კრიტიკულ შინაარსობრივ გადმოცემას და ივითარებენ მედიაინფორმაციულ უნარებს.

რეკომენდაციები:

  • შინაარსზე ფოკუსი: დაეხმარეთ მოსწავლეებს, გაიაზრონ, როგორ შეიძლება ტექსტის სიღრმისეული გადმოცემა მულტიმედიის გზით;
  • ინკლუზიურობა: შესთავაზეთ ალტერნატივები ტექნიკური სირთულის მქონე მოსწავლეებს;
  • საჯარო ჩვენება და შეფასება: გაკვეთილის ბოლოს მოაწყვეთ პროექტების ჩვენება და გამოიყენეთ თანატოლთა შეფასება;
  • რესურსები:
    ვიდეოებისთვის — Canva, CapCut, Adobe Express, Clipchamp, Animoto.
    სურათებისთვის — Pixabay, Unsplash, Pexels.
    მუსიკისთვის — Free Music Archive, Pixabay Music.

 

  1. პერსონაჟის სოციალური მედიის პროფილი

ლიტერატურული პერსონაჟის სოციალურ ქსელში წარმოჩენისას
მოსწავლეები ქმნიან პერსონაჟის Instagram/Facebook/Twitter პროფილს: წერენ ბიოგრაფიას, პოსტებს, კომენტარებს, არჩევენ ფოტოებს — მოქმედებებს ასრულებენ პერსონაჟის პერსპექტივიდან.

რჩევები:

  • მოდელი: გაკვეთილამდე უჩვენეთ ნიმუშები;
  • მიეცით კითხვები, რომლებიც მუშაობისას მათ მისცემს0 მიმართულებას;
  • ფორმატი: გამოიყენეთ Google Slides, Canva ან ხელნაწერი ვარიანტი — რეალური ქსელის გამოყენება საჭირო არ არის;
  • ეთიკა: არ განათავსოთ ნამუშევრები რეალურ პროფილზე, წარადგინეთ სლაიდები ან ბეჭდური ვერსია.

 

  1. ლიტერატურული გაქცევის ოთახი (Literary Escape Room)

მოსწავლეები იმყოფებიან „დახურულ“ სივრცეში (რეალურად ან სიმბოლურად) და გათავისუფლებისთვის უნდა ამოხსნან ტექსტზე დაფუძნებული თავსატეხები, კოდები და მინიშნებები.

სცენარის ვარიანტები:

  • დაკარგულია მთავარი გმირი — უნდა მოიძებნოს მინიშნებების მიხედვით;
  • გაშიფვრა სჭირდება საიდუმლო წერილს;
  • მოპარული წიგნის დასაბრუნებლად უნდა ამოიხსნას სიუჟეტზე დაფუძნებული ამოცანები.

სასურველია, გამოიყენოთ ფაზლები, კოდები, მინიშნებები, ვიზუალური მასალა. აღნიშნული მასალის მომზადება, შესაძლოა, დაავალოთ თავად ბავშვებს.

 

  1. ერთგვერდიანი ანალიტიკური პროექტი (One-Pager)

მოსწავლე ქმნის ერთგვერდიან ვიზუალურ ნამუშევარს, რომელიც გამოხატავს ნაწარმოების შინაარსს, იდეას, პერსონაჟებსა და სიმბოლიკას. შეიძლება შესრულდეს ხელით ან ციფრულად (Canva, Google Slides). აღნიშნულ გვერდზე შეიძლება იყოს ფრაზები, პერსონაჟის მახასიათებლები, ფოტოები, ჩანახატები, მოსწავლის ნააზრევი, ლოგო, მისი ოთახი, იდეა და სხვა.

 

  1. ლიტერატურული სწრაფი პაემანი (Literary Speed Dating)

მოსწავლეები განასახიერებენ ლიტერატურული ნაწარმოების პერსონაჟს და მონაწილეობენ „სწრაფ პაემნებში“. 2-3 წუთში აცნობენ სხვას თავიანთი პერსონაჟის ცხოვრებას, მიზნებსა და სირთულეებს.

 

ჩატარების თანმიმდევრობა:

მასწავლებელი ასახელებს პერსონაჟებს (ან ირჩევენ თავად);

წრეზე დააწყობთ მერხებს, რომლის ერთ მხარეს ერთი პერსონაჟი ზის, მეორე მხარეს – მეორე. მოსწავლეები ერთმანეთს აცნობენ შერჩეულ პერსონაჟს (ყველა „პაემანი“ გრძელდება ზუსტად 2-3 წუთი);

ყოველი შეხვედრის შემდეგ მოსწავლეები ავსებენ დაკვირვების ფურცელს.

 

  1. ტექსტის გადაწერა სხვა პერსპექტივით

0მოსწავლეები წერენ მონაკვეთს სხვა პერსონაჟის თვალით ან სრულიად ახალი პერსპექტივიდან (მაგ., მტრის, უცნობი ან ახალი პერსონაჟის თვალთახედვით. თუნდაც საგნის პოზიციიდან).

მაგალითები:

  • „გამზრდელი“ (აკაკი წერეთელი) – როგორ აღიქვამს ბათუ ჰაჯი უსუპის გადაწყვეტილებას?
  • „ბედი ქართლისა“ (ნიკოლოზ ბარათაშვილი) – საქართველო, როგორც ქვეყანა, რა პასუხს გასცემდა ერეკლე მეფეს?

 

  1. სოკრატეს სემინარი

ეს არის ორგანიზებული, არგუმენტირებული დისკუსია ლიტერატურულ საკითხებზე. მოსწავლეები არა უბრალოდ პასუხობენ კითხვებს, არამედ უსმენენ, პასუხობენ და სვამენ ახალ კითხვებს. დისკუსიის ბოლოს მოსწავლეები ჩანაწერების სახით წარმოადგენენ ძირითად დასკვნებს.

თანმიმდევრობა:

  • ტექსტის შერჩევა – აირჩიე რთული, ღრმა ლიტერატურული ნაწყვეტი;
  • კითხვების მომზადება – შექმენი ღია ტიპის, ღრმა და საანალიზო კითხვები;
  • მოსწავლეების მომზადება – მოსწავლეები კითხულობენ ტექსტს და წინასწარ ამზადებენ დასკვნებს/შეკითხვებს;
  • კლასის განლაგება – წრეზე დასმა დიალოგისთვის. მასწავლებელი მხოლოდ დამკვირვებელია;
  • დისკუსიის წარმართვა – მოსწავლეები პასუხობენ ერთმანეთს, გამოაქვთ დასკვნები, სვამენ ახალ კითხვებს.

 

  1. შავ-თეთრი პოეზია

მოსწავლე იღებს ბეჭდურ ტექსტს, ლექსს და შავად ფარავს ყველა სიტყვას, რომლებიც არ სჭირდება. ამოვარდნილი სიტყვების ნაცვლად სვამენ ახალს და ქმნიან უნიკალურ პოეზიას.

 

  1. ლიტერატურული პოდკასტები

მოსწავლეები ქმნიან აუდიოჩანაწერს, რომელშიც განიხილავენ ნაწარმოების თემას, პერსონაჟებს ან წარმოსახვითად „საუბრობენ“ ავტორთან, პერსონაჟთან. პოდკასტში შეიძლება იყოს წარმოდგენილი: მიმოხილვა (ტექსტის იდეის, პერსონაჟის, აქტუალობის შეფასება), ინტერვიუ პერსონაჟთან, პერსონაჟის მონოლოგი.

 

  1. ვიზუალური სიუჟეტური რუკა
    მოსწავლეები ქმნიან სიუჟეტის რუკას, რომელშიც ნაჩვენებია:

შესავალი, კვანძის შეკვრა მოქმედების განვითარება, კულმინაცია, კვანძის გახსნა და ფინალი. ეს ტექნიკა ამყარებს ტექსტის სტრუქტურულ გააზრებას.

 

  1. სიმბოლური კოლაჟი/ვდეო
    მოსწავლეები ქმნიან ვიზუალურ კოლაჟს/ვიდეოს, რომელშიც აერთიანებენ ნახატებს, სიტყვებს, სიმბოლოებს, რეალურ ობიექტებს ან მათ გამოსახულებებს, რაც ასახავს ნაწარმოების მნიშვნელოვან თემებს, პერსონაჟების ხასიათებს, ემოციურ მდგომარეობას, სიუჟეტურ ეპიზოდებს, მთავარ იდეებს ან პრობლემატიკას.

კოლაჟი შეიძლება შესრულდეს:

ხელით (ჟურნალებიდან ამოჭრილი მასალებით, დახატული დეტალებით),

ციფრულად (Canva, Google Slides, Jamboard და სხვა პლატფორმებით).

ამ სახალისო და შემოქმედებითი მიდგომების საშუალებით, ლიტერატურის გაკვეთილი გადაიქცევა შემეცნებით და შემოქმედებით პროცესად. თითოეული მეთოდი ხელს უწყობს მოსწავლის ინდივიდუალური შესაძლებლობების გამოვლენასა და საერთო სასწავლო პროცესს მდიდარ, მრავალფეროვან გამოცდილებად აქცევს. აღნიშნული მიდგომები, ვფიქრობ, აძლიერებს მოტივაციას, თანამშრომლობით უნარებს და აღრმავებს მოსწავლეების ინტერესს ლიტერატურისადმი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“