ბევრ ჩემს ნაცნობს ჰგონია, რომ დასავლეთ ევროპის შედარებითი პოლიტიკისა და უახლესი ისტორიის სწავლის ან სწავლების დროს მოწყენილობით ვკვდები. ისინი ფიქრობენ, რომ ჩემი საყვარელი საგანი მხოლოდ ზედმეტად სერიოზული საკითხების შესახებ მოგვითხრობს. შორიდან დაკვირვების შემთხვევაში ადამიანები სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებებში დეტექტივებისთვის დამახასიათებელ აზარტს, საიდუმლოებათა გამჟღავნებით გამოწვეულ გაოცებას ვერ ამჩნევენ. თუმცა, დაინტერესებულ პირებს ათობით ამბის მოყოლა შეგვიძლია, რომელიც ნებისმიერ ადამიანში აღძრავს ცნობისმოყვარეობას, დაფარულის გაცხადების ჟინს, აღმოჩენით განპირობებულ გაკვირვებას.
დავბრუნდეთ 80 წლის წინანდელ ევროპაში – კონტინენტი ომის ნანგრევებშია და ორ მტრულ ბანაკად არის გახლეჩილი. ქვეყნებს ერთმანეთთან ტერიტორიული პრეტენზიები აქვთ, ყოველ წამს შეიძლება ხელახლა იფეთქოს სამხედრო-შეიარაღებულმა დაპირისპირებამ. ნაციზმის უღლისგან გათავისუფლებულ მიწებზე ახალი მთავრობები დამნაშავეებზე ნადირობენ. ყველა დაწესებულებასა და ინსტიტუტში ეძებენ თანამდებობის პირებს, რომლებმაც ხელი შეუწყვეს ენით აღუწერელ სისასტიკესა და სისხლისღვრას. წარსულში „სვასტიკიანი“ სამკლაურებით მომუშავე პირები იმალებიან ან სამხრეთ ამერიკაში ეძიებენ თავშესაფარს. ყველას არ აქვს თავი ჩაქინდრული, ყველა არ არის მზად სინანულისთვის. ზოგიერთები თავიანთი ცოდვების მიჩქმალვასაც ახერხებენ და კვლავ ბრუნდებიან ქვეყნის მართვის სადავეებთან.
მეოცე საუკუნის 40-50-იანი წლები განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა გერმანიისთვის. გერმანია მხოლოდ დანგრეული და მიწასთან გასწორებული ქვეყანა არ გახლდათ, ის მხოლოდ ბრძოლის ველიდან შინარდაბრუნებულ ჯარისკაცებს არ გლოვობდა. გერმანია ომში დამარცხებული, შერცხვენილი, უზარმაზარ დანაშაულში მხილებული სახელმწიფო იყო, რომელიც სამად დააქუცმაცეს. ძველი გერმანიის ადგილზე ორი რესპუბლიკა და სამუდამოდ დაკარგული, მეზობლებისთვის სამუდამოდ გადაბარებული ტერიტორიები წარმოიქმნა.
მიუხედავად გახლეჩისა, დანაშაულის შეგრძნებისა, ნანგრევებისა, გერმანელთა ერთმა ნაწილმა მაინც დაიწყო დემოკრატიის მშენებლობა. 1949 წელს ბუნდესტაგის პირველი სხდომა გაიმართა. ვის არ აღმოაჩენდით პირველი პარლამენტის 400-ზე მეტ წევრს შორის, ერთმანეთის გვერდით ისხდნენ კომუნისტები და ქრისტიან-დემოკრატები, ლიბერალები და სოციალ-დემოკრატები, ანტინაცისტური წინააღმდეგობის ლიდერები და ჰიტლერის მმართველობის დროს შეშინებული, დადუმებული კონფორმისტები.
1949 წლის ბუნდესტაგში მანდატი რამდენიმე ულტრამემარჯვენემაც მოიპოვა. მათ შორის გახლდათ დოქტორი ფრანც რიხტერი. ის თავს სუდეტელი გერმანელების წარმომადგენლად მიიჩნევდა. ამბობდა, რომ 1911 წელს იზმირში დაიბადა, სადაც მამამისი სამსახურეობრივი მივლინებით იყო წარგზავნილი. მის მიერ პარლამენტში წარდგენილი დოკუმენტები იუწყებოდნენ, რომ დეპუტატი უამრავი სუდეტელი გერმანელის მსგავსად პრაღის უნივერსიტეტში სწავლობდა. დოქტორი რიხტერი ნაცისტური პარტიის წევრობას უარყოფდა, ბუნდესტაგის წევრის სპეციალურ ანკეტაში პოლიტიკოსმა მხოლოდ ის მიუთითა, რომ ომის დროს ჩვეულებრივი, უპარტიო ჯარისკაცი იყო.
დეპუტატი რიხტერი წარსულში ნაციზმთან კავშირს კი უარყოფდა, მაგრამ აწმყოში ურყევად უჭერდა მხარს ნაციონალ-სოციალისტთა მემკვიდრეობის შენარჩუნებას, „მესამე რაიხის“ მსახურთა რეაბილიტაციას. თავისი გამოსვლების დროს „რაიხსპარტიის“ ტრიბუნად ქცეული პარლამენტარი არ ერიდებოდა ანტისემიტურ ტირადებს. იგი არ ზოგავდა ძალას, რომ ჰიტლერის დანაშაულებათა მნიშვნელობა გაეუფასურებინა, ზიზღი ეფრქვია ევროპელი დემოკრატებისადმი. ხმაურიანმა გამოსვლებმა რიხტერს ზოგიერთ წრეში პოპულარობა მოუტანა, მაგრამ ამავდროულად მისი ფიგურით უსაფრთხოების სამსახურებიც დაინტერესდნენ.
სპეცსამსახურების ოფიცრებმა აღმოაჩინეს, რომ 1911 წლის არქივი, რომელიც იზმირის გერმანულ კოლონიაში ბავშვების დაბადების აქტებს აწარმოებდა, თურქეთ-საბერძნეთის ომის დროს სრულად განადგურებულა. რიხტერის დაბადების მოწმობის ნამდვილობის დადასტურება შეუძლებელი აღმოჩნდა. სუდეტების მხარის გერმანული მმართველობის დოკუმენტების მნიშვნელოვანი ნაწილიც მეორე მსოფლიო ომის მიწურულს გამქრალა. უსაფრთხოების მუშაკებმა ვერც დეპუტატის აკადემიური სტატუსისა და სამხედრო ცენზის დამადასტურებელი მოწმობების ნამდვილობა დაადგინეს. მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში უამრავი მასალა დაიწვა და განადგურდა. განსაკუთრებით უჩვეულო არაფერი გახლდათ იმაში, რომ ორი ჯერარნახული ომის შემდეგ ზოგიერთი არქივი გადამწვარიყო
ბუნდესტაგის ულტრამემარჯვენე ოპოზიციის ლიდერი არხეინად განაგრძობდა პოლიტიკურ ცხოვრებას. მისი პარტიაც ახალ-ახალ სიმაღლეებს იპყრობდა. „რაიხსპარტიის“ ყრილობებზე მღეროდნენ ნაცისტურ სიმღერებს, მათ შეკრებებს იცავდნენ ხაკისფერ უნიფორმებში გამოწყობილი ადამიანები. ულტრამემარჯვენე ძალა ითხოვდა რესპუბლიკის ნაცვლად რაიხის აღდგენას, აღვივებდნენ შუღლს არაგერმანული ეთნოსების მიმართ, ორგანიზაციის წევრები ჰიტლერის მმართველობას მოიხსენიებდნენ „ევროპის რევოლუციური განვითარების უმაღლეს წერტილად“, გაზის კამერებს უწოდებდნენ „რევოლუციური ეპოქის მეთოდურ გამოვლინებას“. die Sozialistische Reichspartei (SRP)-ისთვის წინააღმდეგობის მოძრაობის წევრები „სამშობლოს შხამის ღირს მოღალატეებს“ წარმოადგენდნენ. ამ პოლიტიკური გაერთიანების ქოლგის ქვეშ მოქმედებდა პარამილიტარული დაჯგუფება „რაიხსფრონტი“, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ანტინაცისტურ დემონსტრაციებზე გამოსულ სტუდენტებს აწიოკებდა.
ოფიცრებს ალღო კარნახობდათ, რომ რიხტერის მიღმა რაღაც საიდუმლო იმალებოდა, მაგრამ უკვე ყველანაირი იმედი ჰქონდათ გადაწურული, რომ ამ აგრესიული კაცის უცნაური დოკუმენტების გამოცანას აღმოაჩენდნენ. გამომძიებლებმა არიადნას ძაფს ხელი რიხტერის ქორწინებაზე დაკვირვების დროს ჩაავლეს. 1946 წელს, ომიდან ახლად დაბრუნებული მომავალი პარლამენტარი მოულოდნელად, დაუფიქრებლად, ხანგრძლივი რომანის გარეშე დაქორწინებულა დაქვრივებულ ქალზე და უპირობოდ აუყვანია შვილად თავისი გერები. ყველას აოცებდა ომიდან დაბრუნებული ახალგაზრდა ჯარისკაცის ეს საქციელი. სუდეტელები რუთის ახალ, მოულოდნელად გამოჩენილ მეუღლეს ძალიან ამსგავსებდნენ ქალის ომში დაკარგულ ყოფილ თანამეცხედრეს – ფრიც როსლერს, ნაციონალ-სოციალისტური პარტიის აქტივისტს, პროპაგანდისტს, ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერს.
სპეცსამსახურებმა ფრიც როსლერის დოკუმენტების შესწავლა დაიწყეს, მოიპოვეს მისი ფოტოები, ანკეტები და დაადგინეს, რომ დოქტორი ფრანც რიხტერი და ფრიც როსლერი ერთი და იგივე პიროვნება იყვნენ.
ნაცისტმა საკუთარი სიკვდილი გაითამაშა, საყვარელი მეუღლე დააქვრივა და ხელმეორედ მოიყვანა ცოლად, ღვიძლი შვილები გერებად გამოაცხადა და იშვილა, საკუთარი წარსული ყველა დეტალი ხელახლა გადაწერა, სახელი, გვარი და პროფესია გამოიცვალა, რათა პოლიტიკურ ასპარეზსს დაბრუნებოდა და ნაცისტური იდეების მხარდაჭერა ახლა უკვე დემოკრატიული პარლამენტიდან გაეგრძელებინა.
ბედად, კრიმინალურმა პოლიციამ ფრიც როსლერი ალიას დოქტორი ფრანც რიხტერი ბუნდესტაგის შენობაშივე დააპატიმრა, იმუნიტეტის გაუქმების შემდეგ, პარლამენტარი დააპატიმრეს და დეპუტატის სტატუსი მოუხსნეს.
საკუთარი ფაშისტური წარსული ბევრს შეულამაზებია და გადაუკეთებია, მაგრამ ასე თავხედურად, ყველას თვალწინ ამდენი ცნობის გაყალბება და პარლამენტის წევრად დაწინაურება ბევრს არ გამოსვლია. როსლერ-რიხტერის პრეცენდენტი სამაგალითოდ რომ არ დასჯილიყო, შეიძლება სახეშეცვლილ ნაცისტებს გაცილებით დიდი ძალაუფლება ჰქონოდათ.


