ორშაბათი, ნოემბერი 24, 2025
24 ნოემბერი, ორშაბათი, 2025

არჩევანი, არადანი თუ არც არაფერი?

“თუ არ გვაძლევენ არჩევანს, ჩვენ ავიღებთ არადანს”

კაიაკატა, “ცრის”

ამაზე ხშირად ვფიქრობ, ზოგჯერ მეტად ინტენსიურად, ზოგჯერ ნაკლებად, მაგრამ შეგრძნება იმის, რომ ჩვენი რეალობა დიდწილად წინასწარ არის განსაზღვრული მუდმივად მაქვს ფონად და დიდად არ მომწონს.

რა არის ის, რასაც ვირჩევთ და რაა ის, რასაც გვერდს ვერ ავუვლით, რისი შეცვლაც არ შეგვიძლია?

 ჩვენი ცხოვრების რა ნაწილია ჩვენს ხელში და რა ნაწილს განაპირობებს გარემო, ადამიანები, მოვლენები, რომლებშიც აღმოვჩნდებით?

 რას ცვლის არჩევანი და რამდენად გვაქვს მდიდარი არჩევანი მაშინ, როცა არჩევანს ვაკეთებთ?

 რითი ვხელმძღვანელობთ არჩევანებისას, წინასწარგანწყობებით, საზოგადოების მხრიდან ჩვენდამი მოლოდინებით თუ საკუთარი გულისა და სინდისის ხმით?

 როდის ვახერხებთ საკუთარი ხმის სმენას, თუკი გარშემო მუდმივად სხვების ხმაური ისმის, რომელსაც ხშირად ურთიერთიერთგამომრიცხავი ნარატივები მოაქვს?

 რა ხდება მაშინ, როცა არა მხოლოდ ადამიანური გარემოცვა, სტერეოტიპები და წარმოდგენები, არამედ ალგორითმები ერევიან ჩვენს არჩევანში?

 როგორ გადავრჩეთ ტექნოლოგიურ სამყაროში, როცა ჯერ ისიც არ გვისწავლია, როგორ ვიაროთ საკუთარ შედგენილ მარშრუტებზე რეალურ სივრცეებში?

 რას გვაძლევს სოციალური ქსელები, რომელიც უფრო და უფრო ნაკლებად სოციალური და მეტად კომერციულია, რა მიაქვს ჩვენგან, როგორ აფორმირებს ჩვენს იდენტობას და წარმოდგენებს ეს ვირტუალური, თუმცა ზოგჯერ ყველაზე ცოცხალი და გავლენიანი გარემო?

 როგორ შევინარჩუნოთ აღმოჩენის ჟინი და სიხარული იქ, სადაც ყველა რაღაცას გვთავაზობს, სადაც ხშირად რევიუებზე, ნახვებსა და რეკომენდაციებზე, ან სულაც რეკლამაზეა  დამოკიდებული რა წიგნს წავიკითხავთ, რა მუსიკას მოვუსმენთ, რომელ ფილმს ვუყურებთ ან რა ტანსაცმელს ჩავიცვამთ?

 კითხვები ათასია, მათზე პასუხის მოძებნის დრო უფრო და უფრო ცოტა და ადამიანი ჩემი აღქმით ხშირად სრულიად საბრალო, არც თუ იშვიათად მოტყუებული, გაბრიყვებული ან ნებაშეზღუდული.

ამ დიდ თავსატეხსა და სევდაზე დაწერა ორმა ამბავმა გადამაწყვეტინა.

ამბავი #1. ჩემმა 13 წლის შვილმა რამდენიმე დღის წინ, როცა კლასელები ჰყავდა სტუმრად სახლში, მთხოვა ნებართვა, გადმოეწერა ფეისბუკის აპლიკაცია, რადგან სკოლის “ჩატი” ამ პლატფორმის მესენჯერში აქვთ – მე პრინციპული წინააღმდეგი ვარ ამ ასაკის ბავშვებისთვის სოციალურ ქსელებში ანგარიშის ქონის და დიდხანს ვუხსნიდი, რომ გაცილებით კარგია თუ დაცულ მესენჯერ აპლიკაციებში, მაგალითად სიგნალში გადაინაცვლებენ. მას უჭირს მეგობრების დარწმუნება, რომ უკვე აწყობილი “სასაუბრო” დატოვონ და ახალ პლატფორმაზე გადავიდნენ – ამისთვის ყველას ცალ-ცალკე უნდა დაელაპარაკოს, რაღაც პროცესი მართოს და ფიქრობს რომ სჯობს, მე დამიყოლიოს და მივცე ბოლოს და ბოლოს ერთი აპლიკაციის გადმოწერის უფლება, რომელსაც მხოლოდ კლასელებთან კომუნიკაციისთვის გამოიყენებს.

მე რა არჩევანი მაქვს? მას ვთხოვო გაირთულოს საქმე და დაიცვას არა მხოლოდ საკუთარი თავი, არამედ მთელი კლასი კიბერსაფრთხეებისგან, რაც მოზარდებს ელოდებათ სოციალურ ქსელებში თუ დავთმო პრინციპული პოზიცია და დავთანხმდე მისთვის ერთი შეხედვით უფრო მარტივ გზას? სხვა არჩევანებიც არსებობს, მე დაველაპარაკო დამრიგებელს, სხვა მშობლებს, ავუხსნა რატომ არის მნიშვნელოვანი მოზარდების დაცვა სოციალურ ქსელებში. შეიძლება სულაც ის იყოს გამოსავალი, რომ დავთანხმდე და იქ გავაგრძელი მისი დაცვა ისე, როგორც ფეხის ადგმისას ვიცავდი სათამაშო მოედანზე, ცუდად არ დაცემულიყო. ეს სია შეიძლება გავაგრძელო და სხვა არჩევანებიც ვიპოვო, მაგრამ მთავარი მოცემულობა არ შეიცვლება – ჩემი არჩევნები ძალიან შეზღუდულია იმის გამო, რომ არსებობს ციფრული პლატფორმები, მოზარდების მიმართ მათი ინტერესი და საფრთხეები, რომლებიც მათ მოყვება. ამ ჩარჩოში უნდა ვიმოქმედო და ალბათ თავის მოტყუება იქნება იმაზე ფიქრი, რომ ბევრი არჩევანი მაქვს.

ამბავი #2. იუტუბზე შემომხვდა ვიდეოთამაშების ვეტერანის, ავტორისა და პროფესორის დანი სანჩეს კრესპოს ვიდეო, სადაც ის ლაპარაკობდა იმის შესახებ, რატომ გახდა სამყარო მოსაწყენი. მთავარი ამბავი აქ სწორედ ის იყო, რომ ალგორითმების და მარკეტინგის  ტყვეობაში მყოფი ადამიანი უფრო და უფრო მეტად მიყვება მისთვის დაგებულ ხაფანგებს, იღებს მოცემულობას, რომელშიც ის მომხმარებელია და არა აღმომჩენი და უარს ამბობს შექმნაზე, ძიებასა და საკუთარი დღის წესრიგით ცხოვრებაზე. ჩვენი საინფორმაციო გარემო იმდენად კლაუსტროფობიული, ჰომოგენური და მოსაწყენია, ვიფიქრე, ამის გაზიარება არ იქნებოდა ურიგო, ზოგჯერ შემოდგომის გაყვითლებულ ხეების ძირში ჩამოჯდომა და იმაზე ფიქრი, რას რატომ ვაკეთებთ და რა არის სინამდვილეში ის, რაც ყველაზე მეტად გვსურს, გვაღელვებს, გვაინტერესებს ან გვაბედნიერებს, შეიძლება საუკეთესო რამ იყოს, რაც შეიძლება იმ დღეს გააკეთო.

https://www.youtube.com/watch?v=nNujDjFdOEM&t=1544s

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

მეცა, სიტყუაო…

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“