მშობლებსა და მასწავლებლებს თუ რამ აერთიანებთ, ალბათ ეს არის ცდუნება იმის, რომ მათ გამოასწორონ ბავშვების დაშვებული შეცდომები და გადაჭრან მათი ხან დიდი და ხანაც უმნიშვნელო პრობლემები.
დავალება დარჩა სახლში? – მივუტანოთ და დავუტოვოთ სკოლაში.
მეგობართან კონფლიქტი აქვს? – ჩავერიოთ და მოვაგვაროთ.
რაღაცას ვერ იგებს? – დავაწერინოთ.
დისციპლინის პრობლემები აქვს? – ახსნა ყველაფერს მოეძებნება.
იუხეშა? – ბოდიში ხომ მოიხადა!
მეგობრის დაბადების დღე დაავიწყდა? – მის დედას დავურეკოთ და მივულოცოთ!
გზას ვერ იგნებს ქალაქში? – მანქანით წავიყვანოთ.
და ასე უსასრულოდ.
ეს მოკლე, ზოგჯერ მარტივი, მაგრამ მცდარი გზაა.
თუ გვინდა, ბავშვები ცხოვრებას მომზადებულები შეხვდნენ, ადრეულ ასაკშივე უნდა დაიწყონ პრობლემის გადაჭრის უნარების გამომუშავება თუნდაც ისეთი წვრილმანების თავად მოგვარებით, რომლებსაც ზრდასრულები შეიძლება მექანიკურად ვაკეთებდეთ.
აი რამდენიმე პრაქტიკა, რაც ამ გზაზე მათთან სწორად ურთიერთობაში დაგეხმარებათ.
დაუსვით კითხვები მზა პასუხების მიცემის ნაცვლად
როცა ბავშვი თქვენთან პრობლემით მოდის და მის დაუყოვნებლად მოგვარებას გთხოვთ, ჰკითხეთ:
- რა სცადა თვითონ ამ საკითხის გადასაჭრელად.
- როგორ ფიქრობს, კიდევ რის გაკეთება შეუძლია?
- რა მოხდება, ამას თუ სცდის?
- ეგებ იცის ვინმე, ვინც დაეხმარება?
ამგვარი კითხვები ბავშვს თვითანალიზსა და ერთი პრობლემის რამდენიმე კუთხით დანახვაში დაეხმარება.
აჩვენეთ ხმამაღალი ფიქრის პროცესი
ბავშვები ფიქრობენ, რომ უფროსები ყველაფერს მარტივად აკეთებენ და შეიძლება ყველაფერი იცოდნენ, სხვაგვარად მათთვის აუხსნელია, როგორ აგვარებენ ზრდასრულები ყოველდღიურ პრობლემებს. თუ თქვენს ფიქრებს „გაახმოვანებთ“ ხოლმე რაიმეს კეთებისას, მიხვდებიან, რომ პრობლემების გადაჭრა ეტაპობრივი და ზოგჯერ ცდისა და გამოცდის პროცესზე დაფუძნებული პროცესია.
მაგალითად: თუ კლასში პროექტორი არ ირთვება, თქვით, რომ რაღაც ხდება, ახლა საჭიროა შევამოწმოთ ჯერ კაბელი, მერე კვების ღილაკი, თუ ამან არ გაამართლა, დაგჭირდებათ სპეციალისტის ჩარევა, შევამოწმოთ ელექტროენერგია ხომ არის; ვიკითხოთ, წინა გაკვეთილებზე რომელიმე სხვა მასწავლებელსაც ხომ არ ჰქონია მსგავსი პრობლემა და ა.შ.
წაახალისეთ იდეები
მნიშვნელოვანია ბავშვებმა იცოდნენ, რომ ცუდი და სულელური იდეა არ არსებობს, ყველა იდეას აქვს არსებობის უფლება, მათგან საუკეთესო კი მსჯელობისა და გამოცდის პროცესში ყალიბდება. ასწავლეთ როგორც საკუთარი იდეების დაცვა, ასევე სხვისი მოსაზრებების დაფასება და თანამშრომლობა თანატოლებთან და უფროსებთან.
იყავით მხარდამჭერი, როცა რაღაც ახალს ცდის
შეუძლებელია ბავშვი შეცდომების, დაშავებებისა და ექსპერიმენტების გარეშე გაიზარდოს. მიეცით თავისუფლება, მეტ-ნაკლებად უსაფრთხო სივრცეებსა და ვითარებებში გამოცადოს საკუთარი თავი ახალ როლებსა და აქტივობებში, თუმცა იყავით მისი მხარდამჭერი ახლო დისტანციიდან. პატარა წარმატებები მეტ გაბედულობას აჩენს, წინ გადადგმული ნაბიჯები წინ სიარულის სურვილს ამძაფრებს. ამ გზაზე ემოციური სიმყარე, ნდობა და მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.
ასწავლეთ დიდი ამოცანების პატარა ნაბიჯებად დაყოფა
არა მხოლოდ ბავშვები, ზოგჯერ დიდებიც იბნევიან რთული ამოცანების წინაშე. ასწავლეთ ბავშვებს, რომ დიდი საქმეებიც შეიძლება პატარა ნაწილებად და მოკლე პროცესებად დაიყოს:
დაიწყე დაგეგმვით > მნიშვნელოვანია პირველი ნაბიჯის გადადგმა > შეამოწმე, ხომ სწორად აკეთებ > გაჰყევი გეგმას, თუ საჭირო გახდა, შესაბამისი ცვლილებებით > დროულად დაასრულე.
აღვჭურვოთ ბავშვი საჭირო ინსტრუმენტებით
მნიშვნელოვანია ბავშვმა იცოდეს, რომ რიგი ამოცანების შესასრულებლად მას არა სხვა ადამიანების დახმარება, არამედ სწორი ცოდნა სჭირდება დამხმარე ინსტრუმენტებსა და მათი გამოყენების გზებზე.
მნიშვნელოვანია, ბავშვები ასაკის შესაბამისად ფლობდნენ ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიებისა და დამუშავების გზებს. აუცილებელი ინსტრუმენტები კი, რომელთა სწორად გამოყენებაშიც შეიძლება ვავარჯიშოთ, შეიძლება იყოს:
- რუკები, ლექსიკონები, ინსტრუქციები
- საძიებო სისტემები, ჩატბოტები, მონაცემთა ბაზები
- უკვე შესრულებული დავალებები, მსგავსი პროექტები, სხვების გამოცდილება.
შეცდომები პროცესის ნაწილია
ხატვის სკოლაში, სადაც ჩემი შვილები რამდენიმე წელი დადიოდნენ, შესასვლელში ეწერა, რომ შეცდომები სრულიად მისაღებია. შეცდომებისა და მერე გაკიცხვის შიშით ბავშვები შეიძლება ჩაიკეტონ, უარი თქვან ექსპერიმენტებზე, ცდებზე, ინიციატივაზე. ამიტომ მნიშვნელოვანია, იცოდეს, რომ შეცდომების გარეშე შეუძლებელია, უბრალოდ შეცდომებიდან სათანადო გაკვეთილების მიღების უნარის გამომუშავებაა მნიშვნელოვანი, შეცდომის აღიარებაც არ არის ურიგო საქმე.
ამ გზაზე შეგვიძლია დავიხმაროთ ამბები წარსულიდან მეცნიერებსა და არტისტებზე, მებრძოლებსა და მოუსვენარ ხალხზე, ვინც ათასჯერ სცადეს მანამ, სანამ გამოსავალი, კითხვებზე პასუხი არ იპოვეს.
ემოციების მართვის გარეშე პრობლემები გადაუჭრელი რჩება
განსაკუთრებით ბავშვობაში ემოციების მართვა რთულია – სტრესის, აღფრთოვანების ან ცვლადი განწყობების პირობებში მოზარდებს მოქმედება უჭირთ. დამამშვიდებელი ტექნიკები, სუნთქვითი ვარჯიშები, ფიქრისას მოძრაობა, იდეების ქაღალდებზე ტექსტად ან ნახატებად გადატანა – სიმშვიდის შენარჩუნებაში დაეხმარება მათ.
გამოცდილების შეფასება და საკუთარი თავის გვერდიდან დანახვა მნიშვნელოვანია
როცა ბავშვი რაიმე პრობლემას გადაწყვეტს, ჰკითხეთ:
- რა გამოუვიდა კარგად?
- რას გააკეთებდა სხვანაირად მომავალში?
- როგორ იგრძნო თავი, როცა საკუთარი ძალები გამოცადა?
- რას ურჩევდა სხვას მის ადგილზე თუ აღმოჩნდებოდა?
გახსოვდეთ, რომ ბავშვებს დამოუკიდებლობა უფრო სჭირდებათ, ვიდრე სხვების მიერ მოგვარებული პრობლემები. ისინი უნდა იცნობდნენ საკუთარ შესაძლებლობებს და სამყაროს წესრიგს, რომელიც უფრო და უფრო სწრაფად და ხშირად იცვლება. ტურბულენტობაში საკუთარი თავის რწმენასა და პრობლემების გადაჭრის უნარებზე საჭირო ცოტა რამაა. როგორც კლასიკოსი პოეტი ამბობდა, „თუ თავი შენ გახლავს, ღარიბად არ იხსენები“.


