ლიტერატურის მუზეუმმა რომ გალაკტიონის საიტი შექმნა, ხომ იცით? შესანიშნავი რესურსია არა მხოლოდ გალაკტიონის შემოქმედების, არამედ ეპოქის შუქ-ჩრდილების გასააზრებლად, უკვე თითქმის საუკუნის წინ მომხდარი ამბების დასანახად.
რა თქმა უნდა, ამ საიტს ხშირად ვსტუმრობ და ჩემი მოსწავლეებისთვის რამდენიმე გაკვეთილიც უკვე დავგეგმე. ერთ ციფრულ სივრცეში წარმოდგენილია გენიოსის შემოქმედება, ჩანახატები, წერილები, პუბლიკაციები, გამოხმაურებები, დღიური… ყველაფერი მის შესახებ, ყველაფერი მისი.
ამ მასალებში ქექვისას შეგიძლია მთლიანად შეიგრძნო მისი მარტოობა, მისი სიმაღლე, მისი ტრაგედია.
ამ ბლოგში გალაკტიონის ლექსებზე ლაპარაკს არ ვაპირებ, მის ნახატებზე მინდა გიამბოთ. არ გინახავთ? ჩემი აზრით, გალაკტიონი შესანიშნავი მხატვარია, ხელნაწერებთან კალმით თუ ფანქრით შესრულებული გრაფიკული მონასმები მის კიდევ ერთ წარმოუდგენელ ნიჭს ააშკარავებს.
ვფიქრობ, ანიმაციის გენიალური მხატვარი იქნებოდა, ვინმე ქართველი მიაზაკი, ისეთი გამომსახველობით აცოცხლებს ადამიანთა სახეებს, ხასიათებსა და ტიპაჟებს. ის კი არა, ამ ნახატების მიხედვით, გალაკტიონი ეპოქის მთავარი ილუსტრატორია, მის ჩანახატებში მწერლებთან ერთად სრულიად უცნობ სახეებსაც ნახავთ და იმავე წამში ამოიცნობთ მათ ხასიათებს -ვიღაც საშინლად ბოროტი, ვიღაც გაუმაძღარი, იქნებ სწორედ ის, ორი დღის წინ მეზობელი რომ დაასმინა, რა თქმა უნდა, ანგელოზებიცაა და მშვენიერი ქალებიც. მაგრამ საშიში გამომეტყველების ადამიანები ჭარბობენ.
გალაკტიონს თითქმის ასორმოცდაათზე მეტ ჩანახატში დაუხატავს თავისი ბიძაშვილი, თანაშეზრდილი, რეპრესიებს შეწირული ცისფერყანწელი პოეტი, ტიციან ტაბიძე.
ვუყურებ ამ ნახატებს და ვფიქრობ, ნეტავ რატომ აიკვიატა ასე? მერე მის დღიურებში ვეძებ პასუხს, მის ბიოგრაფებს ვეკითხები, პასუხები არაერთგვაროვანია და შესაბამისად, კიდევ უფრო ამოუცნობი.
გალაკტიონის დღიურში ტიციანს ბევრგან შეხვდებით. ჯერ ბავშვობის მოგონებებში, როგორ დგამენ ერთად სპექტაკლებს, როგორ თამაშობენ ერთად.
1955 წლის ჩანაწერებში ტიციანის ( ტიტიას) ბავშვობის ერთგვარ აღნუსხვას, თაიმლაინს აკეთებს, საკითხებად, პუნქტობრივად ჩამოწერს ყველა დეტალს, რაც ახსენდება…
„ტიციანის ბავშობა
I. 1. „რიონ-პორტი“. 2. ორი სკამლოგინი. 3. ერთადერთი მაგიდის საათით. 4. მშვენიერი ბუხარი. 5. ნოხი კარებთან. 6. ნოხის გაშლა და ბიძაჩემის ზედ კოტრიალი. 7. სამნი ნოხზე: ბიძაჩემი, მე და ტიციანი. 8. როგორ ჩაარტყა მუშტი ბიძაჩემს ტიციანმა. 9. ბიძაჩემის გულისწასვლა, „ვაი, ვაი“, მოსულიერება. 10. გაოცებული, არაფრის მგრძნობი, დიდი თვალები ტიციანისა – უყურებს ყველაფერს… მაგრამ ვერაფერსა ხვდება.
II. 11. საღამო ტ-ის ეზოში. 12. გადასვლა ეკლესიის ეზოში. 13. „ალაგი“. 14. წინაპართა სამარეებთან. 15. ცაცხვები. ორი ქვა. 16. „ბაბუა გაცოცხლებულა“. 17. განგაში ეზოში. 18. „ჩვენ თვითონ დავინახეთ“. 19. ისევ იმ აივანზე. 20. არავინ უჯერის!
III. 21. ისევ ეკლესიის ეზო. 22. ვთამაშობთ სამნი. 23. ბავშური შეჯიბრება. 24. პირველი ვარ მე, სულ უკანასკნელი ტიტია. 25. მას კი პირველობა უნდა. 26. ჭაკუნი მიაქვს მეორეს. 27. კოჭი მიდის, მიდის. 28. ტიციანი ამაოდ იქნევს ჭოლოკს. 29. ჰა, გადასწვდა მოპირდაპირეს. 30. ტ. ბრაზისგან ფეხებში ესვრის ჭოლოკს ამხანაგს. 31. სამწუხარო დასასრული.
IV. 32. საღამო ხანია. 33. საქონელს მოსამსახურე. 34. მაისში იცის საღამო. 35. ვაშლის ხის ქვეშ. 36. – ზღაპარი, ზღაპარი. 37. რაღაცას ჰყვებოდა. 38. ფანტასტიური სიჩუმე. 39. არა გამოდიოდა რა. 40. მაგრამ მაინც. 41. ელისაბედი!
V. 42. ივლიანეს კარში. 43. ის იღებს მიწას. 44. „სიკორწიანე“. 45. ორმოში ჭაობი დგება. 46. ერთხელ ტ. და მე. 47. ტ. გადაეშვა ჭაობში საცურავოდ. 48. ვაბრთხილებ, არა შვება! 49. საოცარი ტყაპუნი. 50. ის იძირება. 51. მივვარდი აივანზე. – რა? დაიხრჩო? – იძახიან. გამოვარდნენ.
VI. 52. ელისაბედის შეცხადება. 53. იოსტინეს განგაში. 54. ივლიანე გადავარდა წყალში. 55. ამოიყვანეს ტიცი. 56. – ხეზე, ხეზე! 57. მოსულიერება. 58. დაუკოცნეს თვალები. 59. დედას კიდევ ცემა უნდოდა. 60. შეთქმულება. 61. – არა, არ მახსოვს.“
1957 წელს ბავშვობის კიდევ ერთ მოგონებას ჩაწერს:
„ორი თუ სამი წლით ვიყავი უფროსი ტიციანზე. ჩვენს ადგილს ერქვა ჯერ ეზო, მერე შარა, შემდეგ გადაღმა, მერე ფშანი, მერე იქითა გადაღმა, შემდეგ იწყებოდა ჩვენი ტყე, იმას იქით მთელს ტერიტორიას – გაღმა, ხვლიფი და თავდებოდა მეფისჭალით. ყველა ამ ადგილებში დამყვებოდა ტიტია, და სრულებით კი არა ესმოდა რა: ვეტყოდი რაიმეს თუ არა, ვგრძნობდი, რომ ვერ გაიგო, მხოლოდ დიდი თვალები უფართოვდებოდა და დიდხანს, დიდხანს მიყურებდა საწყალოთ, რომ როგორმე გაეგო, თუ რა ვუთხარი. აი, ჩვენს გადაღმა ფშანია. იცი, ტიტია, ტიტია, ტიტია, ტიტია, ბიჭო, – შევსძახე უეცრად, – ადგილიდან არ დაიძრა…
მე საშინლად ავღელდი, ჯილოდან, რომლის ახლოს ვიდექით, ამოძვრა უზარმაზარი მწვანე გველი. რომ დავინახე, გავცოფდი. ტიტიას ხელი ჩავავლე. გველმა ფშანისკენ გასწია კლაკვნით. ვაკვირდებოდი და განვიცდიდი, რას, არ შემიძლია, ეხლა ვთქვა…
– ტიტია, ხედავ, გველი, – ჩუმად ვეუბნები ტიტიას, – შეხედე, როგორ მისრიალებს…
– სად? სად? ვერა ვხედავ, – ამბობდა ტიტია.
– როგორ ვერ ხედავ. აი გველი, გველი, შეხედე, ბიჭო, გველი!
ტიტია გაჩუმებული იდგა, მეც გაოცებული ვიყავი, თუ როგორ ვერ ხედავს გველს ამოდენა უზარმაზარი თვალებით.
– სადაა, სად! – მეუბნება ტიციანი და კიდევ უფრო უფართოვდება თვალები!
– პირდაპირ გავგიჟდი, როგორ ვერა ხედავ… აი, ხის ძირამდის მივიდა… იქ, ალბად, სორო აქვს… ხედავ, როგორ მიძვრება… აჰა… მიძვრება გველი.
– სად არის მგელი, სად? – ამბობს ტიციანი.“
1914 წელს გამოდის გალაკტიონის პირველი პოეტური კრებული, გამომცემელია ტუტკუ გვარამია, რომელსაც 1924 წელს დახვეტს საბჭოთა ხელისუფლება.
1957 წლის დღიურში გალაკტიონი ამ წლის ამბებს და ტიციანთან დიალოგს იხსენებს:
„მახსოვს, წიგნი ზაფხულზე გამომივიდა.
ზაფხულზედვე ატყდა იაპონიასთან ომი.
ამ ომის დასაწყისშიც, ძალიან კარგად მახსოვს, მე და ტიციანი სოფელში ვიყავით, ჭყვიშში, მეფისჭალაში ერთხელ ტირიფების ქვეშ წამოწოლილნი ვსაუბრობდით. საქონელს ვაძოვებდით.
– რა წელიწადი დადგა. რანაირი წელი ერგო ჩემს პირველ წიგნს, – ვეუბნებოდი ტიციანს, – გამოვიდა თუ არა წიგნი, ომიც გამოცხადდა. ბედი არა ჰქონია, ტიტია ჩემო, ბედი.
ტიტია სავსებით იზიარებდა ჩემს მწუხარებას. მე ვფიქრობდი ამ წიგნით ქვეყნის აფეთქებას, აქ კი… იაპონია შეუდგა ჩემს მაგიერ ქვეყნის აფეთქებას.“
კიდევ ერთი სევდიანი მოგონება ამავე წლის დღიურშია. გალაკტიონი ფოტოს აღწერს და ბოლოს აღნიშნავს, რომ ამ ფოტოზე გამოსახული 18 ადამიანიდან მხოლოდ 4 დარჩა ცოცხალი. რა თქმა უნდა, დაღუპულთა შორისაა ტიციან ტაბიძეც.
ტიციანის „დიდი თვალები“, რომელთაც თავის დღიურებში ასე ხშირად ახსენებს გალაკტიონი, მას მოსვენებას არ აძლევს. ერთი მხრივ, ბავშვობის მოგონება, მეორე მხრივ -არაერთი გულისტკენა, მესამე კი დიდი წუხილი ძმადშეზრდილის ტრაგიკული სიკვდილის გამო.
და აი, გალაკტიონი ტიციანს ხატავს, ხატავს იმ, ბავშვობის სახეს – მრგვალსახიან, დიდთვალება,სქელტუჩება, გულუბრყვილო გამომეტყველებიან ბავშვს, რომელიც თითქოს გაიზარდა და თან მარად ბავშვად დარჩა, რომელსაც ხან ფეხი ფეხზე გადაუდია, ხან გატეხილი გვირგვინი მოურგია, ხანაც შარავანდედი, ეშმაკური გამომეტყველებით, ზოგჯერ დაბნეული, ზოგჯერ სულელური, ხანაც გაბრაზებული.




