ბევრი ჩვენგანი კითხვის დაწყებას წიგნების კითხვის დაწყებასთან აკავშირებს. სინამდვილეში ის ფურცელზე დაბეჭდილი სულ რამდენიმე ბგერის ამოცნობით იწყება, რომელიც ერთიანობაში სიტყვას ქმნის. ვიდრე ბავშვი სიტყვას ამოიკითხავს, უნდა გაიგოს, როგორ ერთიანდება ბგერები სიტყვად და როგორ ცვლის ერთი ასო ზოგჯერ სიტყვის მთელ ჟღერადობას და მნიშვნელობასაც კი.
ინგლისურის სწავლებას ბევრი მასწავლებელი (და ხშირად მშობელიც) კლასიკური მეთოდით – ანბანით იწყებს. “A”, “B”, “C”. მაგრამ ბავშვი, რომელიც მხოლოდ ასოების სახელებს იცნობს, ხშირად იბნევა, როცა სიტყვების ამოკითხვას ცდილობს. სწორედ აქ ჩნდება განსხვავება ასოს სახელსა და მის ბგერას შორის.
მთავარია გავიაზროთ, რომ სიტყვა ეს მხოლოდამხოლოდ ბგერების შეკავშირებაა, მოგვიანებით კი, ამის გააზრებაში, მოსწავლეებსაც დავეხმაროთ. როდესაც მოსწავლე სწავლობს, რომ “B” ჟღერს როგორც /b/, “A” – /æ/, და “T” – /t/, ის თავად აყალიბებს სიტყვას bat. ეს მოსწავლეებს კითხვის დაწყებისას დამოუკიდებლობას და თვითრწმენას უვითარებას. ამის საპირისპიროდ, ასოების სახელებზე ფოკუსირება ქმნის მხოლოდ ზედაპირულ ცოდნას: ბავშვი შესაძლოა შესანიშნავად ცნობს ასოებს, მაგრამ ვერ უკავშირებს მათ ბგერებს. ბგერებზე ფოკუსირებული სწავლება კი მას აძლევს იმ სისტემას, რომელიც ყოველ მომდევნო ახალ სიტყვაზე კანონზომიერებით მუშაობს.
ფონეტიკის სწავლებისას ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ნაწილი Magic e-ს სწავლებაა. ეს ერთი „ჩუმი“ ასოა, რომელსაც სინამდვილეში ძალიან დიდი ძალა აქვს და ერთმარცვლიან სიტყვებში გამოჩენისას ყველაფერს ცვლის. Magic e არის იგივე Silent e. როცა “e” სიტყვის ბოლოს ჩნდება, ის არ იკითხება, მაგრამ ახანგრძლილვებს წინ მდგომ ხმოვანს.
მაგალითად:
cap → cape /kæp/ → /keɪp/
hop → hope /hɒp/ → /hoʊp/
kit → kite /kɪt/ → /kaɪt/
mad → made /mæd/ → /meɪd/
“e” თითქოს ჩუმად დგას, მაგრამ ის მაინც ახდენს გავლენას. ამიტომ მასწავლებლები მას „ჯადოსნურ“ ასოს უწოდებენ. მოსწავლეებისთვის ამის აღმოჩენა თითქმის ექსპერიმენტია: ისინი ხედავენ, როგორ ცვლის ერთი პატარა ასო მთელი სიტყვის ჟღერადობასა და მნიშვნელობას. თუკი მოსწავლეებს აჩვენებთ რომ “e”-ს გარეშე წინა ხმოვანი მოწყენილი და დათრგუნულია და ამის გამო, მხოლოდ მოკლედ ამბობს თავის სახელს, ბავშვები ამ წესს სიყვარულით აითვისებენ.
Magic e-ს სწავლებისას მნიშვნელოვანია თამაშებისა და ინტერაქტიული აქტივობების სწორად და სახალისოდ დანერგვა, რადგან მისუ მაგიურობა შევინარჩუნოთ და ბავშვებსაც ასე დავამახსოვროთ. დაიწყეთ მარტივი ექსპერიმენტით: დაწერეთ სიტყვები ბარათებზე: cap, hop, mad, kit, და მოსწავლეებს სთხოვეთ წაიკითხონ. შემდეგ(აუცილებლად სხვა ფერით) ბოლოში “e” მიაწერინეთ და ერთად დააკვირდით, როგორ იცვლება ყველაფერი. ისე იქნება, თითქოს მათ თვალწინ სიტყვები ცოცხლდებიანო, hop ხდება hope, mad – made. ეს ცვლილება ბავშვებისთვის ჯადოსნურია, და თამაში წესის ემოციურ გააზრებაშიც ეხმარებათ.
კიდევ ერთი ეფექტური გზაა წესის დასასწავლად Magic e ბინგოა. შექმენით ბინგოს ბარათები, სადაც ზოგი სიტყვა შეიცავს Magic e-ს, ზოგი — არა (cap, cape,hat, hate, kit, kite, not, note, cub, cube, cut, cute, pet, Pete, hop, hope). თქვენ კითხულობთ ხმამაღლა, მოსწავლეები კი მონიშნავენ შესაბამის სიტყვასა და ფორმას. თამაშისას ისინი ხმოვანთა სიგრძეზე ფოკუსირდებიან და ყურადღებას იმ ბგერით განსხვავებებზე ამახვილებენ, რაც ჩვეულებრივ უმნიშვნელოდ მიაჩნიათ ხოლმე.
უფრო შემოქმედებითი მიდგომა Magic e თეატრია. მოსწავლეები ასრულებენ სიტყვებს მოძრაობით: ერთი თამაშობს ხმოვანს (“a”), მეორე თანხმოვანს (“p”), ხოლო მესამეს ეძლევა „ჯადოსნური e“-ს როლი. როცა “e” სცენაზე შემოდის, ხმოვანი გრძლად იწყებს ჟღერადობას.
Magic e-ის სწავლება სწორედ ამ თამაშებსა და ექსპერიმენტებში იძენს ნამდვილ ძალას. როდესაც მოსწავლე აღმოაჩენს, რა შეუძლია ერთი ჩუმ ასოს, დაიწყებს ფონეტიკის კანონების დანახვასაც.სწორედ აქედან იბადება ნამდვილი ინტერესიც კითხვისადმი, მანამდ, ვიდრე წიგნებამდე მივიდოდეთ.