ბევრი წლის წინ, როცა პატარა გოგო ვიყავი, მახსოვს როგორ თქვა საოჯახო შეკრებაზე ახალ ქალაქში ამბის მოყოლისას, სკოლისკენ მიმავალ გზაზე მაღაზიებია, სადაც ტექნიკა, მათ შორის მაგნიტაფონები და კასეტები იყიდება, მუსიკა ხმამაღლაა ჩართული და ამ ხმებზე “წაცეკვებით” მივდივარ ხოლმეო. ამ ამბიდან მალევე მასზე გაცილებით უფროსმა ბიჭმა “მოიტაცა”, რაც მერე ქორწილით და ჯერ კიდევ არასწრულოვანებაში გაჩენილი ბავშვით დამთავრდა. მათი ოჯახი მყიფე აღმოჩნდა, ქალს განსაცდელები მომდევნო წლებშიც არ მოკლებია. მარტოხელა დედობა, ემიგრაცია, სწავლისთვის დაბრუნების წარუმატებელი მცდელობები, თავის გადასარჩენად მძიმე მუშაობა და შვილების “დისტანციურად” გაზრდა. ახლა მისი ქალიშვილი უკრავს ხოლმე საოჯახო შეკრებებზე ელექტრო გიტარაზე და ვფიქრობ ხოლმე, რა მშვენიერია, როცა ბავშვს არავინ აჩქარებს გაიზარდოს, როცა პატარა გოგოებს აღარ “იტაცებენ” და ძალადობას “სიყვარულს” უფრო და უფრო ნაკლები ადამიანი ეძახის.
მე თითქმის სულ ყურსასმენებით დავდივარ და ყურსასმენებში ან მუსიკაა ან აუდიო წიგნი. როცა მუსიკას ვუსმენ და ჩემი ნაბიჯების ტემპი ამ მუსიკასთან სინქრონიზდება, ახლაც, ამდენი წლის შემდეგ სულ მახსენდება გოგო, რომელსაც შემთხვევით მუსიკის სიახლოვეს აღმოჩენილს ცეკვა უნდოდა, მორიდებით “წაუცეკვავებდა” კიდეც, მერე ამით თავი მოსწონდა და ლაღი ცხოვრება არ დასცალდა. ვინ იცის რამდენია ასეთი გოგო – ვისაც დიდი არაფერი, ბავშვობაში ბავშვობით ტკბობა და ზრდასრულობაში თავისი არჩეული ცხოვრება უნდოდა და არც ერთი მიეცა და არც მეორე.
რა შეიძლება გავაკეთოთ ამ გოგოებისთვის ვისაც ცეკვა არ დასცალდათ?
ჩვენ ვიცეკვოთ უფრო თავგამეტებით?
მათი შვილები გავამხნევოთ?
უკვე გაზრდილ გოგოებს ვუთხრათ, რომ არასოდეს არ არის გვიან, საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლი დაიბრუნონ?
სხვებს მოვუყვეთ მათი ამბები, ვინც თვლის, რომ დიდი არც არაფერი მოხდება, ქალს თუ ჭკუას არავინ ეკითხება?
არასოდეს დავივიწყოთ, როგორი სასტიკი და დაუნდობელია სამყარო თავისუფალი სულების მიმართ?
გვახსოვდეს როგორი მნიშვნელოვანია სუსტების გამხნევება და მავნე წესების მსხვრევა?
თავისუფლად მცხოვრებ გოგოებს ვუთხრათ, რომ რაც მათთვის ჩვეული ამბავია, უამრავი ქალისთვის მიუღწეველი ფუფუნება აღმოჩნდა და არასოდეს დათმონ ის, რაც ბრძოლის გარეშე მიეცათ?
ვინ ისიც რა ანუგეშებთ გოგოებს, ვისაც ცეკვა არ დასცალდათ? ეგებ იმის ცოდნა, რომ წლების მერეც გვახსოვს მათი დანაკარგები და ველით იმ დროს, როცა კვლავ იცეკვებენ?


