სოფელ უწერიდან უახლოესი კაფე 200- 300 კილომეტრშია.
ლიტერატურული სალონის, კითხვის წრისა და სხვა კლასგარეშე აქტივობების შემდეგ წაკითხული წიგნებიდან დაგროვილი შთაბეჭდილებების გაზიარების დრო რომ დადგა, ლიტერატურული კაფეს იდეა თავისით დაიბადა. მირამისი ასტრიდ ლინდგრენის პერსონაჟის, მიოს, ცხენს ერქვა. ბავშვებს ისე მოეწონათ, რომ ჩვენს კაფეს დავარქვით. პირველად დეკემბერში შევიკრიბეთ. სკოლის სააქტო დარბაზი ნამდვილ კაფედ ვაქციეთ. დამლაგებლების ოთახიდან ტანსაცმლის ძველებური საკიდი გამოვიტანეთ, შევწვით ვაშლი ვანილით და დარიჩინით, მაგიდებზე გულგამოცლილი გოგრები დავალაგეთ და შიგნით წითელი ძახველი ჩავაწყვეთ. გემრიელი მაფინები, ხილფაფიანი ღვეზელები, ტკბილეული, შეშის ღუმელზე მოხარშული ცხელი გლინტვეინი – ზამთრის სუსხიან დღეს სურნელოვან და გემრიელ განწყობას მატებდა. ოთახის მოსართავად ერთი კვირა ვაკეთებდი ფერადი ძაფებისგან ბურთებს, რომლებმაც რეზინის ბუშტების სიცივე, სითბოთი ჩაანაცვლა. საჩუქრებად მოვიმარაგე საკუთარი ბიბლიოთეკიდან წაღებული წიგნები, ონის საკანცელარიო მაღაზიაში ნაყიდი ბლოკნოტები, ნაქსოვი თმისამაგრები, მუსიკა ჩავრთეთ და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ, როცა რაიმეს მოინდომებ – გამოგივა, რომ ბედნიერებას ჩვენ ვქმნით, ის ჩვენშია და სადაც არ უნდა წავიდეთ, თან გამოგვყვება.
ჩვენს ფერად, სურნელოვან კაფეში მოვიწვიეთ მასწავლებლები, მშობლები, ექიმები და სოფლის მოსახლეობა. გვყავდნენ ინტერნეტ-სტუმრებიც თბილისიდან და სვანეთიდან. ჩემი მეგობრისგან, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარს, მივიღეთ საოცარი წერილი და „ლიტერატურული კაფე” გავხსენით.
ბავშვებისთვის სტიმულისა და გამბედაობის მისაცემად პრეზენტაციების სერია მე გავხსენი, ჩემ შემდეგ მეექვსე კლასელმა გოგომ გაბედა და საყვარელ წიგნზე ხმამაღლა ისაუბრა. ბავშვებმა იმ დღეს საკუთარი ფარული შესაძლებლობები აღმოაჩინეს და მასწავლებლებს, მშობლებს სულ სხვა ადამიანებად გააცნეს თავი. ეს იყო ნამდვილი დღესასწაული.
13 მარტს მეორედ შევიკრიბეთ პატარა საკლასო ოთახში და ისევ შევიქმენით ლიტერატურული კაფესთვის შესაფერისი გარემო. ფერადი ხელნაკეთი ნივთები ჭრელი ძაფების ჭაღით შევცვალეთ. ერთი ფანჯარის შუშაზე წაკითხული წიგნების სათაურები და ავტორები ჩამოვწერე, მეორეზე კაფეს ინტერიერისთვის შესაფერისი ნივთები მივახატე. გამოვაცხვეთ ათასნაირი ორცხობილები და ღვეზელები, უფროსებისთვის გვქონდა თაფლით დამტკბარი საუცხოო არომატის ღვინო და წაკითხულ წიგნებზე დავიწყეთ საუბარი.
ბავშვებს მზად ჰქონდათ თავიანთი პრეზენტაციები, საყვარელი წიგნის გმირები დახატეს კიდეც, გააკეთეს წარწერები და სათითაოდ აცნობდნენ ერთმანეთს საკუთარ ნაშრომებს, თან გმირულად ცდილობდნენ მღელვარების დაფარვას. ამ დღისთვის ყველას გამორჩეულად გვეცვა და ძალიან ლამაზები ვიყავით; გვქონდა “გემრიელი ვიქტორინა” – წაკითხული წიგნებიდან პატარა ნაწყვეტები მაფინებში იყო დამალული, ბავშვები ნაპოვნ ფრაზებს კითხულობდნენ და ცდილობდნენ გაეხსენებინათ – რომელი წიგნიდან იყო ისინი. წიგნის ენით მოსაუბრე ეს პატარა ადამიანები, საოცარი სანახავები იყვნენ.
მოსწავლეებისთვის, საგანგებოდ ამ დღისთვის, ვინახავდი ყველაზე სასიხარულო ამბებს: “მე ვარ მალალას” მთარგმნელმა, ლიკა ჩაფიძემ, მათთვის ავტოგრაფიანი წიგნები, ხოლო გამომცემელმა მარი კორინთელმა – ქეთრინ პატერსონის “ხიდი ტერაბითიაში” და “მწვანეთითება ტისტუ” გამომატანა. ეს სამივე წიგნი ახლახან ითარგმნა და გამოიცა. ასე რომ, ამ გულისხმიერი ადამიანების დახმარებით, ჩვენი სკოლა თანამედროვე ლიტერატურულ ცხოვრებაში ჩაება. ჩემი პატარა მკითხველებისთვის ეს უდიდესი სიხარული იყო. შემპირდნენ, რომ ამ წიგნების წაკითხვის შემდეგ აუცილებლად გაუგზავნიან შთაბეჭდილებების წერილებს ლიკას და მარის. ეს ადამიანები სკაიპით დაგვიკავშირდნენ და ბავშვებს პირადად გაუზიარეს ემოციები. ვფიქრობ, რომ ასეთი ურთიერთობები მაგალითი იქნება ბავშვებისთვის, ისწავლიან თანაგანცდას, ქველმოქმედებას, ერთმანეთისა და სხვა ადამიანების გახარებას.
ყველა იქ მყოფმა ადამიანმა დამიწერა პირადი წერილი, ჩემი ჭრელი სარჭები ვეღარ იტევდა მათ. შემთხვევით თვალი მოვკარი ჩემი უხუცესი ლილი მასწავლებლის ფრაზას: “გმადლობ, რომ კიდევ ჩამისახე მომავლის იმედი”. მეშვიდეკლასელი თამარი მწერდა: “იცით, როგორ მიცემდა გული?” ბავშვები მწერდნენ, რომ ძალიან ღელავდნენ, მაგრამ გახარებულები იყვნენ იმით, რომ თავი გაართვეს, შეძლეს და ხმამაღლა გამოთქვეს საკუთარი აზრი. ოცნებობენ, რომ ასეთი შეხვედრები კიდევ ბევრი ჰქონდეთ. ბედნიერები იყვნენ ახალი წიგნებით. მასწავლებლები მადლობას მიხდიდნენ და თბილ სიტყვებს მწერდნენ. მე კი მადლიერი ვარ მათთან გატარებული ყოველი დღისთვის.
უკვე დავგეგმეთ, რომ აპრილის თვეში ისევ შევხვდებით. ვფიქრობთ სიახლეებზე, კლასის გაფორმებაზე. ვიცი, იქამდე კიდევ ბევრი მოულოდნელი სიხარული გველის. არ გეგონოთ, საოცარი ფანტაზიის უნარი მაქვს ან დიდი ხელმარჯვეობით გამოვირჩევი. მთავარია სურვილი, მონდომება და უპირობო სიყვარული, მერე კი, იდეები იმდენი მოგივათ, შეიძლება, დრო არ გეყოთ მათ განსახორციელებლად.
ვკითხულობ მათ საინტერესო ჩანაწერებს და მიხარია, რომ შეუძლებელი შეძლეს. ალბათ, თქვენთვისაც საინტერესო იქნება მათი გულწრფელი აზრები.
მიხეილ მეტრეველი, VIII კლასი, დათო ტურაშვილის “ტყეების მეფის” შესახებ: “ამ წიგნის პერსონაჟებიდან ყველაზე მეტად მომეწონა შულია და მისი სიკვდილი ძალიან მეწყინა. ასევე, ძალიან მეწყინა ღიშპანელისა და ბივრიტელის სიკვდილი. მე რომ მწერლის ადგილზე ვყოფილიყავი, მათ არ დავხოცავდი. მე ამ წიგნმა დათო ტურაშვილის სხვა ნაწარმოებების წაკითხვა გადამაწყვეტინა”.
მარიამ მეტრეველი, Vკლასი, ასტრიდ ლინდგრენის “ბულერბიელი ბავშვების” შესახებ: “ეს წიგნი იმიტომ უნდა წაიკითხო, რომ შენს საქციელზე დაფიქრდები და კეთილი გახდები.”
თამარ მეტრეველი, VII კლასი, ჯეიმს გრინვუდის “პატარა მაწანწალას” შესახებ: “ეს წიგნი ლელა მასწავლებელმა მომცა, როცა დავამთავრე, გული დამწყდა. მინდოდა, რომ სულ გაგრძელებულიყო”.
მაკა მეტრეველი, VII კლასი, მორის დრიუონის “მწვანეთითება ტისტუს” შესახებ:”მალე ტისტუს პატარა ფეხსაცმელი და ლამაზი ოქროსფერი ყვავილებით გამოყვანილი წარწერა შენიშნეს. იქ ეწერ: “ტისტუ ანგელოზი იყო” და მართლაც რომ ანგელოზი იყო ტისტუ”.
ილია გობეჯიშვილი, IV კლასი – ანე-კატერინე ვესტლის “დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანა”: “მე ყველაზე ძალიან მომეწონა, ჰენრიკს მამამ რომ აპატია “.
მარიამ ჯოხაძე, IV კლასი – სესილია ჯემისონის “ლედი ჯეინი”: “ეს წიგნი მოლოდინებით სავსეა. ლელა მასწავლებელს გაუხარდება, რომ წავიკითხე და თქვენც გაგიხარდებათ”.
ნინი მეტრეველი, IV კლასი – ზაზა თვარაძის “მონტებულსუ, ანუ ელის არაჩვეულებრივი თავგადასავალი”: “გამიხარდა, რომ ელი-გოგომ მეგობრების დახმარებით დაიბრუნა მამა და ყველანი ბედნიერად ცხოვრობდნენ”.
ნანუკა მარკოზაშვილი, XI კლასი – ჯინ ვებსტერის “გრძელფეხება მამილო”: “თუ გინდათ, ირწმუნოთ, რომ სასწაულები ნამდვილად ხდება, მაშინ წაიკითხეთ ეს წიგნი”.
გვანცა გამყრელიძე, VIII კლასი – ანტუან სენტ-ეგზიუპერის “პატარა პრინცი”: “დედამიწაზე პატარა პრინცმა მეგობრები შეიძინა, მაგრამ მალევე მოუწია მათთან განშორება, რადგან თავის პლანეტაზე უნდა დაბრუნებულიყო. თუ ისევ წავიდა, მაშ, რატომ შეიძინა მეგობრები? მეგობრებთან განშორება ხომ ძნელია? ამაზე, ალბათ, მარტო პატარა პრინცი მიპასუხებს”.
თამარ ჩიხრაძე, VI კლასი – რონინ ჰუდზი: “ვიცოდი, რომ რობინი კვდებოდა, რაც ძალიან არ მომწონდა, მაგრამ მე ამას ვერ შევცვლიდი. ეს ამბავი ასევე აღმაფრთოვანებდა, რადგან ჯერ არ წამეკითხა ისეთი წიგნი, სადაც მთავარი გმირი კვდება. მე ამ წიგნმა დამიტოვა შეგრძნება, რომ შეუძლებელი არაფერია”.
ნინო მეტრეველი, VIII კლასი – მაინ რიდის “კვარტერონი ქალი”: “სახლში ბევრი ვცხოვრობთ, რის გამოც ხშირად ხმაურია და ყოველთვის ხელი მეშლება წიგნის კითხვაში. “კვარტერონ ქალს” ხელში რომ ვიღებდი, თითქოს მეც ამ წიგნის პერსონაჟი ვიყავი და არანაირი ხმაური ხელს აღარ მიშლიდა”.
მარიამ მეტრეველი, VI კლასი – ჩარლზ დიკენისი “ოლივერ ტვისტი”: “ერთ დღეს გადავწყვიტე, წიგნის ერთი თავი გარეთ წამეკითხა. როდესაც გარეთ გავედი, კარგი ამინდი იყო. კითხვა დავიწყე. წიგნში ცუდი ამინდი იყო აღწერილი. ზუსტად ამ დროს გარეთაც მოიღრუბლა და აცივდა. მაშინ მივხვდი, როგორ სციოდა ოლივერს”.
ნიკოლოზ მეტრეველი, V კლასი – ასტრიდ ლინდგრენის “მიო, ჩემო მიო”: “ჩემი კლასელისგან მქონდა გაგონილი, რომ მიო კეთილი ბიჭუნა იყო და მამას იპოვიდა, შემდეგ კი ბედნიერად იცხოვრებდა. ასეც აღმოჩნდა. ეს წიგნი იმიტომ უნდა წაიკითხოთ, რომ გაიგოთ მიოს თავგადასავალი და მეგობრის ერთგული იყოთ”.
მარიამმა, რომელიც ოლივერ ტვისტს კითხულობდა, წიგნის ბოლო თავი პრეზენტაციის დღემდე არ წაიკითხა. არ იცოდა ოლივერი მოკვდებოდა, თუ გადარჩებოდა. მითხრა, სიამოვნებას ვიხანგრძლივებო. რომ წაიკითხა, მომწერა : “მასწავლებელო, დღეს წავიკითხე ოლივერი. მე და ოლივერმა 53 თავი გავიარეთ ერთად და გადავლახეთ ყველაფერი. ნეტა, ჩარლზ დიკენსი ცოცხალი იყოს, ვეტყოდი, რომ კიდევ უსასრულოდ დაეწერა ოლივერის ამბები, მაგრამ ეს შეუძლებელია. ვერ შევიკავე თავი და ბოლო თავზე ცრემლები წამომცვივდა. ნეტავ, ახლა რომელი წიგნი მელოდება წასაკითხად?”
მეც ვიტირე ბოლო თავის წაკითხვისას. მინდა, რომ ამ პატარა ადამიანებს არ შერცხვეთ საკუთარი ცრემლების. ახალი წიგნი უკვე მივიდა მასთან, მარიამი ახლა მალალა იუსაფზაის ავტობიოგრაფიულ წიგნს კითხულობს.
ასეთი ლიტერატურული ცხოვრებით ვცხოვრობთ რაჭის მაღალმთიან სოფელში – ვტირით, გვტკივა, გვცივა და გვიხარია ჩვენი წიგნის მეგობრებთან ერთად და წინ კიდევ ბევრი საინტერესო თავგადასავალი გველის.