ოთხშაბათი, იანვარი 28, 2026
28 იანვარი, ოთხშაბათი, 2026

თავ-ფუძე და მისი შემცველი ლექსიკური ერთეულების სწავლება „ვეფხისტყაოსანში“

სტატიაში მოცემული საკითხით ,,ვეფხისტყაოსნის“ სწავლების დროს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯლის საჯარო სკოლის მე-10 კლასის აზერბაიჯანელი მოსწავლეები დაინტერესდნენ. მათ შენიშნეს, რომ პოემაში ლექსიკური ერთეული თავი ძალზედ ხშირად იყო გამოყენებული. ისიც შენიშნეს, რომ ამ სიტყვის ხმარება ენობრივი თვალსაზრისით სხვადასხვა მნიშვნელობისაა.

მე, როგორც მათმა მასწავლებელმა, განვუმარტე, თუ რა შემთხვევაში დასტურდება სიტყვა თავი არსებით სახელად და რა შემთხვევაში ნაცვალსახელად. იმაზეც მივუთითე, რომ ეს სიტყვა ზოგჯერ ერთ-ერთი კომპონენტია წარმოქმნილ სახელებსა და კომპოზიტებში. თავად კი შევეცადე, საკითხი შემესწავლა სიღრმისეულად სათანადო საილუსტრაციო მასალის მოხმობით. ამასთანავე, გადავწყვიტე მასწავლებლებისა და მოსწავლეების მონაწილეობით ჩამეტარებინა ერთობლივი კონფერენცია, რომელიც, რა თქმა უნდა, მიეძღვნებოდა „ვეფხისტყაოსნის“ შესწავლას.

ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის მიხედვით სიტყვა თავი არის ადამიანისა და სხვა სხეულის ყელსზევითი ნაწილი, რომელშიც მოქცეულია ცენტრალური ნერვული სისტემის ყველაზე მნიშვნელოვანი წარმონაქმნი – ტვინი, აგრეთვე შეგრძნების მთავარი (მხედველობის, სმენის, ყნოსვის) ორგანოები. ადამიანის ეს ორგანო არის აზროვნების ცენტრი. ქართულ ენაში სიტყვა თავი სხვა მნიშვნელობითაც იხმარება. ის შეიძლება იყოს რისამე (მთის, კოშკის) ზედა ნაწილი, (ყუთის, სკივრის, ქვევრის) ზედა ასახდელი ნაწილი, სარქველი, სახურავი, დასაწყისი ამბისა, თხზულებისა, სათავე, მიზეზი, რისამე წამომწყები, მოთავე, ამტეხი, მთავარი, უმთავრესი, თხზულების დასრულებული ნაკვეთი, ნაწილი, კარი, ზოგიერთი ბოსტნეული მცენარის ცალი (ცალკე აღებული)”1.

შედეგზე ორიენტირებული სწავლებისთვის მნიშვნელოვნად მიმაჩნია მოსწავლეებთან პატივისცემასა და ურთიერთგაგებაზე დამყარებული თანასწორი კომუნიკაცია, რაც იწვევს მეტ ნდობას და იძლევა საშუალებას, მოსწავლეებმა თავისუფლად გამოავლინონ თავიანთი შესაძლებლობები, უნარ-ჩვევები. აღნიშნულიდან გამომდინარე, ფასილიტატორის როლი მოვირგე, გადავწყვიტე, მოსწავლეები უშუალოდ ჩამერთო საკითხის გარკვევაში. დავალებად მივეცი დაეფიქსირებინათ თავი ლექსიკური ერთეულის „ვეფხისტყაოსანში“ გამოყენების შემთხვევები. ქართული ენისა და ლიტერატურის სხვა საკითხების სწავლებისთვის ხელის არშეშლის მიზნით, შეხვედრები საკვლევ თემაზე არასაგაკვეთილო პროცესში ვაწარმოე.

გაირკვა, რომ „ვეფხისტყაოსანში“ ზოგადად სიტყვა თავი 228 ფრაზაშია ნახმარი. დაფიქსირებულ შემთხვევებში უპირველესად ამოვარჩიეთ თავი როგორც არსებითი სახელი, ასეთი პოემაში აღმოჩნდა 48 შემთხვევა სხვადასხვა მნიშვნელობით, როგორც ორგანიზმის ნაწილი, ცალობის, საფუძვლის, პირველი ადგილის, დასაწყისის, ნავის წინა ნაწილის აღმნიშვნელი სიტყვა (ა. შანიძე ,,ვეფხისტყაოსნის“ სიმფონია. 1956. გვ.129),2 მაგალითად:

ორგანიზმის ნაწილი: ,,ყმასა ფერხთა მოვეკიდე, თავი სვეტსა შევუტაკე“ (558,2);

ცალობა: „სამასი თავი სტავრა-ატლასი უხვმან, ნიადაგ მიუმცდარომან“ (771,2);

საფუძველი: „რათგან თავია სიცრუე ყოვლისა უბედობისა“ (790,1);

პირველ ადგილი: „თავსა ზის პირ-მზე ავთანდილ, მჭვრეტთაგან მოსანდომია“ (57,1);

დასაწყისი: „თავითგან გითხრობ ყველასა, თქვენ სმენად დაემზადენით“ (1120,3);

ნავის წინა ნაწილი: „ნავისა თავსა გულითა წადგა შიშ-შეუვალითა“ (1041,3).

არსებითი სახელის ფუნქციით თავი პოემაში მრავლობითი რიცხვის ფორმითაც დაფიქსირდა:

თავები დასჭერ, ადინე სისხლი, მართ ვითა ღვარია“ (1611,3).

საკითხის განხილვა და მსჯელობა მოსწავლეების მიერ ხდებოდა კომპიუტერული ტექნოლოგიის გამოყენებით – მოძიებით, პოემის შესაბამისი სტროფების ეკრანზე ჩვენებით. პროცესი მოიცავდა პრეზენტაციას, კითხვა-პასუხს, დისკუსიას და ა.შ.

ვინაიდან პოემაში თავ-ფუძე გვხვდება რთულ ასევე, წარმოქმნილ სიტყვებშიც, მოსწავლეებს შევახსენე წარმოქმნილი და თხზული სიტყვები, ანუ კომპოზიტები და განვუმარტე, რომ თავი მარტივფუძიანი სიტყვაა, იგი შეიძლება შეგვხვდეს თხზულ და წარმოქმნილ ფუძეებშიც. როგორც არსებითი სახელი, კომპოზიტებში შეიძლება წარმოდგენილი იყოს ფუძის სახით ან ამა თუ იმ ბრუნვის ფორმით. ჩვენს საკვლევ მასალაში სიტყვა თავი რთული სახელის შემადგენელ ნაწილად 9 შემთხვევაში გამოვლინდა:

,,თანა-შეზრდილი, ერთგული და მისთვის თავდადებული“ (150,2);

„ვინცა იყოს უარესი, თავ-შიშველი სამ დღე ვლიდეს!”(69,4);

თავ-გაგლეჯილი ასმათი, პირს სისხლი ჩამომდინარე“ (568,3);

თავ-მოდრეკილი დაღრეჯით ქვე ზის ცნობითა წყნარითა“ (1181,4);

„სული ვარდსა დავამსგავსე, თავ-მოხდილი – ყაყაჩოსა“ (1589,2);

„ფრიდონს უძღვნა ცხრა ტაბაკი მარგალიტი თავშედგმული“ (1559,1);

აღნიშნულ წინადადებებში თავი გვევლინება ზედსართავი სახელის შემადგენელ ნაწილად. ასევე შეგვხვდა ზმნიზედურ კომპოზიტებშიც:

თავ-ჩამოგდებით მტირლისა, არ ჭვრეტით მოლიზღარისად“ (86,2);

თავ-დადრეკით იგონებდა, გულსა ჰქონდა ჭმუნვა დიდი“ (819,1);

თავიდაღმა რად არ იცი, ჩემი გული რაგვარ დნების!“ (905,4).

ზოგიერთ ფრაზაში თავ-ფუძე წარმოქმნილ სახელებშიც აღმოჩნდა, სადაც ის ზმნის ამოსავალი ფუძეა:

„სახლი ჩემი შეინახე, სპათა ჩემთა ეთავადე“ (779,3);

„იგი ყმა ვაჭრობს, თავადობს და თავსა მალავს ამითა“ (1062,4).

მოსწავლეთა განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა პოემაში თავი ლექსიკური ერთეულის ნაცვალსახელის ფუნქციით გამოყენება. ეროთემატიკური (კითხვა-პასუხის, დიალოგის) მეთოდით მოსწავლეებმა გაიხსენეს ნაცვალსახელის ჯგუფები. ყურადღება გავამახვილეთ პირის ნაცვალსახელებზე კერძოდ, თავი ნაცვალსახელზე.

მოსწავლეებს ვაცნობე, რომ თავისი სტრუქტურული თავისებურებიდან გამომდინარე, ნაცვალსახელი, ენათმეცნიერებაში ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევდა. გავაცანი ცნობილი ენათმეცნიერების მოსაზრებანი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. არ. მარტიროსოვის მიხედვით, „ენაში განუწყვეტლივ მიმდინარეობს სიტყვის ერთი მეტყველების ნაწილიდან სხვა მეტყველების ნაწილში გადასვლის პროცესი. ამ დანიშნულებით ენაში სხვა მეტყველების ნაწილიც შეიძლება მოგვევლინოს. ცნობილია, რომ ზოგი არსებითი სახელი კარგავს რა საგნის, მისი თვისებისა და რაოდენობის აღნიშვნის შესაძლებლობას იძენს უფრო ზოგად, განყენებულ მნიშვნელობას, რითაც ნაცვალსახელს უახლოვდება. მაგალითად ისტორიულად ამგვარი პროცესის შედეგადაა მიღებული უკუქცევითი ნაცვალსახელი თავი“ (არ. მარტიროსოვი, ნაცვალსახელი ქართველურ ენებში. 1964. გვ.7) 3.

აკადემიკოსი აკ. შანიძის აზრით, ,,სიტყვა თავი არსებითი სახელია, მაგრამ ქართული ენის ისტორიის მთელ მანძილზე იგი ხშირად პირის ნაცვალსახელადაც არის გამოყენებული, უკუქცევითობის მნიშვნელობით“ (აკ. შანიძე, ქართული ენის გრამატიკის საფუძვლები, 1973, გვ.41)4.

„გარკვეულ შემთხვევებში პირის ნაცვალსახელის ფუნქციას ასრულებს აგრეთვე არსებითი სახელი თავი“ – ვკითხულობთ ი. იმნაიშვილთან (სახელთა ბრუნება და ბრუნვათა ფუნქციები ძველ ქართულში, 1957, გვ495)5.

თავი, როგორც პირის ნაცვალსახელი, ჩვეულებრივ ობიექტია, იშვიათად სუბიექტიც და იმავე სუბიექტის ან ობიექტის აღსანიშნავად იხმარება. ამიტომ სხვა პირის ნაცვალსახელებისგან განსხვავებით მას უკუქცევითს ეძახიან“(ლ. კვაჭაძე, ქართული ენა I ნაწილი, 1981, გვ. 205)6.

თავი პირის ნაცვალსახელის ფუნქციით რუსთაველის პოემაში შეგვხვდა 180 ფრაზაში განსხვავებული ფორმით. აღნიშნული შემთხვევები გამოვყავით ბრუნვების მიხედვით, რისთვისაც წყვილებში მუშაობა მოგვიწია. წყვილებმა დააფიქსირეს შესაბამის ბრუნვაში თავი ნაცვალსახელის გამოყენების შემთხვევები. პირველმა წყვილმა გაარკვია, რომ სახელობით ბრუნვაში ასეთი 71 შემთხვევაა:

,,თავი ყოლა ნუ ჰგონია მელექსეთა კარგთა სწორი“ (15,2);

,,ესე მიჩნს დიდად სახელად, არ თავი გამიქიქია!“ (19,2);

,,მამისა ტახტსა საჯდომად თავი არ ეღირსებოდა“ (47,1).

ამავე ბრუნვაში თავი ნაცვალსახელი მოცემულია ნაწილაკიანი ფორმითაც:

„ერთობ სავსენი მოვიდეს, თავიცა ვალაღებინე“ (455,2);

„უბრძანეს: „წადით, პატიჟთა თავიმცა რად დაჰრიდეთა“ (115,2);

„მეფემან ბრძანა: „არა მშურს სამიწოდ თქვენად თავიო“ (1446,3).

მეორე წყვილს მოთხრობით ბრუნვაში „მან“ ფიცილის ფორმულებში შეხვდათ. მოსწავლეებს ავუხსენი, რომ ამ სახის ფიცილის ფორმულები მაშინაა გამოყენებული, როცა პირველი პირი თავად იფიცება. ასეთი 6 შემთხვევაა:

„ვერ გარდვიხდი, თავმან ჩემმან, ძღვენთა შენთა ნაათალსა“(1167,4);

,,ამას გკადრებ, თავმან თქვენმან, არა გმართებს მადლი ძღვნისა“ (1169,1);

თავმან მისმან, ფიცით გეტყვი შენ, ვაზირსა, უსტასრასა“ (737,2) და სხვ.

მიცემითი ბრუნვაში (42 შემთხვევა, აქედან 39 სავრცობით, ერთი სავრცობით და -ვე ნაწილაკით):

,,თავს უთხრა: „მოკვე, გიჯობსო სიცოცხლეს აუგიანსა (191,1).

სავრცობით:

„ყოლამცა მეფედ ნუ დასვი! თავსა რად უგდე ჭირიო“ (60,4);

„ავსა კარგად ვერვინ შესცვლის, თავსა ახლად ვერვინ იშობს”(185,4).

სავრცობით და -ვე ნაწილაკით:

„კვლაცა იტყვის: „დათმობა სჯობს” და თავსავე ეუბნების“ (190,1) და სხვ.

ნათესაობით ბრუნვაში (34 შემთხვევა, 31 სავრცობით, 3 სავრცობით თანდებულიანი):

„ვეცდებოდი, არა მცალდა სევდისაგან თავის კრძალვად“ (369,1).

სავრცობით:

„სხვაგან ქრის მისი გონება, მისმან თავისა წონამან!“ (89,1);

„საქმე რამე მიც თავისა ზე სადმე გარდსახვეწელი“ (167,1) და ა. შ.

სავრცობით და თანდებულით:

„აქვს თავისაგან იმედი, ვიყვნეთ გულითა მშვიდითა“ (1036,3);

„მისთა მჭვრეტთა მისთვის ბნედა თავისათვის ისახელეს“ (731,2);

„ფატმან ეჭვდა თავისათვის, ამად ცეცხლსა კვლა იდებდა“ (1251,2) და სხვ.

მოქმედებით ბრუნვაში 6 შემთხვევა (5 სავრცობით):

„მე, გლახ, რა ვარ? მიწა ცუდი; თავით ჩემით რამცა ვქმენი“ (1051,2);

სავრცობით:

„სუფევითმცა ხართ თავითა, მტერთაგან საკრძალველითა!“ (807,4);

„ტარიელ, ფრიდონ, ავთანდილ თავითა მეტად კარგითა“ (1577,2) და სხვ.

თავი უკუქცევითი ნაცვალსახელი სამივე პირის მიმართ ძირითადად მხოლობითი რიცხვის ფორმით დასტურდება:

I პირი:

„ცხენისაგან გარდავიჭერ, თავი სრულად გავიკიცხე“ (629,2);

„ვერ იტყოდა ენა ჩემი, თავი ჭირთა გავაკრძალე“ (1289,2).

II პირი:

„არა ვარგა უსაზომო, თავი ზომსა გარდგიხდია“ (276,4);

„წა, შეები ხატაელთა, თავი კარგად გამაჩვენე“ (379,2).

III პირი:

,,თავი ყოლა ნუ ჰგონია მელექსეთა კარგთა სწორი“ (15,2);

„მათად საჭვრეტლად მჭვრეტელმან, ხამს თავი იქედგოროსა“ (1569,4).

მაგრამ პოემაში (18 შემთხვევაში) მრავლობითი რიცხვის ფორმითაც გვხვდება. აქედან 2-ებ-იანი მრავლობითის, 12 -ნარ-იანი, ხოლო 4 -თან-იანი მრავლობითის ფორმით.

ებ-იანი:

თავები დახსნეს სიკვდილსა, სიცოცხლე ამით მიერეს“ (1616,3);

„ჩემი რა ცნიან, სცევდიან თავებსა მათსა მრთელასა“ (560,4).

თან-იანი:

„დასცევით ჯოგი ნადირთა, თავნი ამისთვის არენით” (71,2);

„ფიცხლად წავუღეთ ქალაქი, არ თავნი გავაზანტენით“ (618,2) და სხვ.

ნარ-იანი:

თავთა ნუ დაჰხოცთ, ნუ ბნელ-იქმთ მზესა თქვენითა ბნელითა” (283,4);

თავთა ჭირი უათასეთ, რადმც უშვიდეთ, ანუ ურვეთ?“ (639,4) და სხვ.

მოსწავლეებს ვესაუბრე თავი, როგორც უკუქცევითი ნაცვალსახელის, შედარებით გვიანდელი წარმონაქმნის შესახებ, რომ მას დღესაც არ აქვს გამოკვეთილი მთლიანი სახე, როგორც სხვა ნაცვალსახელებს. განვუმარტე, რადგანაც თავი ნაცვალსახელი სხვა ნაცვალსახელებისგან განსხვავებით მტკიცედ ჩამოყალიბებულ სახეს ვერ ტოვებს. ამიტომ მას ხშირად თან ახლავს ხოლმე კუთვნილებითი ნაცვალსახელები, რომლებიც ერთგვარად ხელს უწყობენ ნაცვალსახელის ფუნქციის შესრულებაში და ამავე დროს სხვადასხვა პირსა თუ ბრუნვაში მისი გამოყენების მეტ შესაძლებლობას ქმნიან. მეტწილად მას ერთვის „თვისი“, „თავისი“, იშვიათად კი – „ჩემი“, „შენი“, „ჩვენი“, „თქვენი“, „მათი“ კუთვნილებითი ნაცვალსახელები წერს არ. მარტიროსოვი (დასახელებული ნაშრომი, გვ.106), რაც დადასტურდა ,,ვეფხისტყაოსანშიც“:

თავი ჩემი სამსახურად თუცა ავად მოგაწონე“ (247,1);

„ერთმანერთსა შეგამეცნნე, თავი შენი შევაყვარო“ (262,3);

„რამაზს წინა გამოვედით, მისრულად ვთქვით ჩვენი თავი“. (1596,2);

„მისთა სპათა მუხლ-მოყრილთა თავი მათი ჩემ კერძ ირეს“(645,2);

„თავსა ვეახლნეთ მარტონი, დავდგეთ თავისა თავითა“ (202,3).

რიგ შემთხვევებში თავი ნაცვალსახელს თავისის ნაცვლად ახლავს ,,მისი“ :

„საამბობლად დამირიგდა, თავი მისი გაამჩივნა“ (598,4);

„ჩემსა ახლოს დასაჯდომად თავი მისი არ აღირსა“ (373,2).

ცალკე უნდა გამოიყოს თავისი ნაცვალსახელი, რომელსაც რეფლექსური მნიშვნელობა აქვს. იგი მიღებულია უკუქცევითი ნაცვალსახელის თავის ნათესაობითი ბრუნვის ფორმისგან, რომელიც გამოხატავს მესამე პირის კუთვნილებას:

„წიგნი ავთანდილისა თავის ყმათათანა“ (165,0);

„ტარიელისაგან თავის ამბის მბობა ავთანდილთანა“ (310,0).

„თავისი კუთვნილებითი ნაცვალსახელი ხშირად გვხვდება როგორც მსაზღვრელი და უსწრებს საზღვრულს, ამ შემთხვევებში საგანი მოქმედის გარეშეა“ – აღნიშნავს ლ. კვაჭაძე (დასახელებული ნაშრომი, გვ.187).

დაკვირვებამ ცხადყო, რომ პოემაში თავისი ნაცვალსახელი ხშირად მსაზღვრელის ფუნქციას ასრულებს და ძირითადად ემფატიკური ხმოვნითაა წარმოდგენილი.

მაგალითები:

,,ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია“ (854,2);

„იგი მიენდოს სოფელსა, ვინცა თავისა მტერია“ (1348,4);

„ნუ იქმ, არა სჯობს საქმითა ნუ ხარ თავისა მტერია“ (887,3);

„სხვაგან ქრის მისი გონება, მისგან თავისა წონამან“ (89,1);

„მან ჰკადრა: „არა ვიციო, მართ ვარ თავისა ვებული“ (753,3);

„მე დავრჩე შენი გაყრილი თავისა მევაგლახავად?“(1565,3);

„ავთანდილისგან შენც იცი ჩემთვის თავისა დადება“ (1470,1).

მოსწავლეთა მიერ საკითხის უკეთ გასააზრებლად, გამოვიყენე აზერბაიჯანულ ენასთან შედარება-შეპირისპირების მეთოდი. პარალელის გავლების შედეგად, აღმოჩნდა, რომ აზერბაიჯანულშიც, ქართულის მსგავსად, თავი ლექსიკური ერთეული გამოიყენება როგორც არსებითი სახელის, ასევე ნაცვალსახელის ფუნქციით. შესაბამისი წინადადებები მოვიყვანე აზერბაიჯანელი პოეტის ნიზამი განჯევის პოემა ,,ლეილი და მეჯნუნიდან“.

შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოცემული ერთი სიტყვის მდიდარი სემანტიკითა თუ მისსავე ბაზაზე მიღებული მრავალრიცხოვანი ახალწარმონაქმნით, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით ქართული ენის ლექსიკის თავისთავადობასა და სიტყვათწარმოების იმ ამოუწურავ შესაძლებლობაში, რითაც ესოდენ მრავალფეროვანია მისი წიაღი.

საკითხის სწავლებამ ხელი შეუწყო ქართულ გრამატიკაში მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებას, მათი გაგება-გააზრების უნარის განვითარებას, თავი ლექსიკური ერთეულის, ჩვენს შემთხვევაში „ვეფხისტყაოსანში“, გამოყენების შესახებ მოსწავლეთა მეტ ინფორმირებულობას, ცოდნის ტრანსფერს, მოტივაციის და ცნობიერების ამაღლებას, ასევე ურთიერთთანამშრომლობასა და საგნის სიყვარულს.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი ტ.IV;
  2. აკაკი შანიძე. ,,ვეფხისტყაოსნის“ სიმფონია. (1956);
  3. არნოლდ მარტიროსოვი. ნაცვალსახელი ქართველურ ენებში. (1964);
  4. აკაკი შანიძე, ქართული ენის გრამატიკის საფუძვლები. (1973);
  5. ივანე იმნაიშვილ. სახელთა ბრუნება და ბრუნვათა ფუნქციები ძველ ქართულში (1957);
  6. ლეო კვაჭაძე. ქართული ენა I ნაწილი. (1981);
  7. შოთა რუსთაველი. ,,ვეფხისტყაოსანი“. (1956);
  8. ნიზამი განჯევი. ,,ლეილი და მეჯნუნი“ ( 1981).

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“