„_ მზის დარაჯი რასა იქმს?
_ რასაც აქამომდე იქმოდა!
_ შენ რა, მაგეების მართლა გჯერა?
_ ნუ დაიჯერებ, თუ გინდა, მარა ვიღაცამ ხომ უნდა უმღეროს მზეს“.
მანანა მენაბდე. „და დრო გადიოდა“
„ცხოვრობდა სამყაროში შიშველი სიმართლე და ის ძალიან ლამაზი იყო. შეხაროდა ყველა და თვითონაც დაიარებოდა თავაწეული და ბედნიერი. გავიდა დრო, მოხუცდა სიმართლე, ხორცი ჩამოაჭკნა, ნაოჭებით დაიღარა, ზედ აღარავინ უყურებდა, ვისაც ჩაუვლიდა, თვალს მოარიდებდნენ ხოლმე. დაღონდა სიმართლე, ხის ძირში მიწვა და სიკვდილს დაელოდა.
ერთ საღამოს თავზე იგავი წამოადგა – თვალისმომჭრელ შესამოსელში გამოწყობილი. სიმართლესთან დაიხარა, თავზე ხელი გადაუსვა. რა გაგჭირვებიაო, ჰკითხა. სიმართლემ დარდი გაუმხილა. რა ყურები ჩამოგიყრიაო, იგავმა გაამხნევა – მეც შენი კბილა ვარ, ხორცი მეც დამჭკნარი მაქვს, მაგრამ აი ეს ატლასის შესამოსელი მიფარავს, მოდი შენთვისაც შევკეროთ, შემოიცვამ და შენს ნაოჭებს ვეღარავინ დაინახავსო.
მართლაც, ისეთი სამოსი შეუკერა იგავმა, სილამაზისგან ნაპერწკლები რომ სცვიოდა. ჩაიცვა სიმართლემ და შემალა მასში თავისი ასაკი, წელში გაიშალა და იგავთან ერთად ქუჩას გაუყვა – ყველა მათ შესცქეროდა და შეხაროდა. მას შემდეგ დადიან ასე იგავი და სიმართლე და არავინაა მათზე უფრო ლამაზი და მათზე უფრო ახალგაზრდა“.
ეს იგავი ცოტა ხნის წინ მოვისმინე და ისეთი სიხარული მომანიჭა, თითქოს დიდი ხნის დაკარგული ნაცნობი მეპოვოს. იშვიათად წამიკითხავს უფრო სახიერი და შთამბეჭდავი განმარტება იმისა, თუ რა არის იგავი: სიმართლის/ჭეშმარიტების საბურველი, ერთგვარი დაშიფრული კოდი, საიდუმლო შრე, რომელიც ყველაზე მეტად ეხება ადამიანის გულსა და სმენას და მასში აღქმის იმპულსებს ხსნის. ოდითგან წერდნენ და მეტყველებდნენ იგავის ენით. ქრისტემაც ხომ იგავით იქადაგა ჭეშმარიტება. იგავს იშველიებდნენ მწერლები ტოტალიტარულ სახელმწიფოებში, რათა მკითხველისთვის სიმართლე მიეწვდინათ.
თანამედროვე სამყაროშიც იწერება იგავები, თუმცა პოსტპოსტმოდერნისტულმა დრომ თითქოს იგავის ადგილიც გააქრო, რადგან „აღარაფერია დაფარული“, ერთმანეთშია აზელილი ყველაფერი – ტყუილიც და მართალიც, კეთილიც და ბოროტიც, ცოდვაც და მადლიც. ადამიანის ხედვისა და აზროვნების ტოტალურ დეკონსტრუქციას იგავის ნაფლეთებიც გასცვივდა – ფრაგმენტულ ნაწილაკებად იქცა ის საზრისები, რითაც საიგავო ქსოვილი იქმნება.
მაგრამ არსებობენ დიდი ხედვის და ენერგიის ადამიანები, რომლებიც სამყაროს ჯერაც მთლიანობაში აღიქვამენ, მის სრულყოფილ შინაარსში ეძიებენ ნათლისა და ბნელის ფესვს. ეძიებენ, რათა იპოვონ გამოსავალი, იპოვონ უკეთესი გზა ცოდვისა და უიმედობის ჭაობში ჩაძირული კაცობრიობისათვის…
წინ მანანა მენაბდის იგავ-არაკების ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) კრებული მიდევს – „და დრო გადიოდა“. ის ცოტა ხნის წინ გამომცემლობა „სეზან ფაბლიშინგმა“ დასტამბა და გასულ გაზაფხულზე, ლონდონის წიგნის ბაზრობაზეც წარადგინა. მანანა მენაბდე დიდებული ხელოვანია (მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეა გასული და ისევ ვერაფრით ვეგუები, მასზე „იყო“ რომ ვთქვა) – მომღერალი და მუსიკოსი, რეჟისორი, მწერალი, მხატვარი. რენესანსულ ადამიანს ეძახდნენ და ასეც იყო – ხელოვნების ყველა სფეროს უმაღლესი ხარისხით, პასუხისმგებლობითა და ტალანტით ემსახურებოდა. ის თავად იყო შემოქმედება, მუდმივად ჩართული შემოქმედებით პროცესში, მუდმივად აქტიური და გადამდებად ენერგიული. მაძიებელი და მოგზაური. თანამედროვე და ტრადიციონალისტი. ნაცნობი და უცხო.
იგავ-არაკების წერა 90-იან წლებში დაიწყო. მომისმენია მისგან, რომ ეს იმპულსი „ვეფხისტყაოსანმა“ გაუჩინა. ემიგრაციაში ყოფნის დროს საფუძვლიანად ჩაუჯდა „ვეფხისტყაოსანს“, ღამეებს ვათენებდი თითოეულ სიტყვაზე და მოვლენაზე კირკიტშიო და, უცებ ამ რეფლექსიამ ახალ გზაზე გაიყვანა, იქ, სადაც „დრო გადიოდა“… მისი იგავ-არაკები ნამდვილადაა „ვეფხისტყაოსნით“ დარწყულებული – დიდი პოემის შხეფები მასში ახალ ალიტერაციულ სიტყვაქმნადობებად გაიბნა („მოიდარბაზა“, „დაწამწამება“, გახმამყივანდა“…). ვეფხისტყაოსნური სიბრძნე კი მის მხატვრულ-აზროვნებით სივრცეებში ახალ სახე-ხატებად ჩამოიქნა.
ზემოთ რომ მანანა მენაბდის პროფესიები ჩამოვთვალე, ერთი გამოვტოვე. უფრო სწორად, მის პროფესიად არ მივიჩნიე – ეს მისი სულიერი მდგომარეობაა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და აქტიური პროცესი. მანანა მენაბდე ფილოსოფოსია – ამ სიტყვის ყველაზე პოეტური და ინტუიციური გაგებით. ფიქრის მდგომარეობა მისთვის ახალი მხატვრული სამყაროს შექმნის წინაპირობაცაა და ყოფიერების ველიც. ბუნებრივიცაა, რომ იგავ-არაკების კრებული „და დრო გადიოდა“ ჩვენი დროის ყველაზე დიდ ქართველ ფილოსოფოსს – მერაბ მამარდაშვილს ეძღვნება და ამ წერილის სათაურადაც მამარდაშვილის ფრაზა შევარჩიე, ეპიგრაფად რომ წარუმძღვარა კრებულს მანანა მენაბდემ. „ჩვენი ცხოვრება, რა თქმა უნდა, ვერ იქნება სრულად ყოფიერება, მაგრამ ის შეიძლება იყოს ცხოვრება, რომელსაც ყოფიერების ნათელში განვლევთ“ – ესეც მერაბ მამარდაშვილის აზრია. ნათლის მაძიებლობა კი უმთავრესი ვნებაა მანანა მენაბდისათვის. მისი იგავ-არაკების კრებულში ამ გზას მკითხველიც დაადგება.
წიგნის შესავალში, ლიტერატორი გაგა ლომიძე წერს, რომ ეს კრებული, „რომელიც წლების განმავლობაში ორი კულტურის გადაკვეთაზე – ბერლინსა და თბილისში იწერებოდა, ერთიან ციკლს ქმნის. მასში იკითხება ქართული ფოლკლორისთვის დამახასიათებელი მოტივებიც და ევროპული მხატვრული თუ ფილოსოფიური აზროვნების ნაკვალევიც“. ეს, ზოგადად, მანანა მენაბდის შემოქმედებისთვის მახასიათებელი ნიშანია – ქართული და ევროპული ქრისტიანული კულტურის ღრმა შრეებში წვდომა და ცოცხალი მეხსიერებით თვითმყოფადი სამყაროს შექმნა. ამიტომაც, მის იგავ-არაკებში მთავარი გმირი განზოგადებულია და მას „კაცი“ ჰქვია. ეს ის კაცია, ილია ჭავჭავაძემ რომ საუკუნის ერთ ყველაზე ირონიულ შეკითხვას მიუსადაგა – „კაცია ადამიანი?!“. კაცი – ღვთის სინინომიცაა („ძე კაცისა – ქრისტე). მენაბდის იგავებში კაცი იმ თავდაპირველი ადამიანისგან დაშუქებული ჩრდილია ჩვენთვის ნაცნობ სამყაროში, თავისი სისუსტეებით, ვნებებით, მანკიერებებით, სიყვარულით თუ ოცნებით. ეს გმირი სწორედ თავდაპირველი კაცის ნამსხვრევებისგან შედგება, ამიტომაცაა, რომ ზოგჯერ ერთი კი არა, ორია და თავის მეორეს ისევე ელაპარაკება, როგორც სხვას, უცხოს; ზოგჯერ ოთხია და ზოგჯერ მეტიც – ეს დამსხვრეული კაცია, თანამედროვე მყიფე და სულიერებისგან განძარცვულ სამყაროში გაბნეული, სულ თავის დაკარგულ ნაწილებს დაეძებს და გამრთელებას ცდილობს.
გაგა ლომიძე ზუსტად შენიშნავს, რომ ეს ერთიანი ციკლია – სხვადასხვა სიუჟეტის მიუხედავად, კრებულს მაინც მთლიანი დრამატურგია აქვს, თავისი სიურრეალისტურ-პოსტმოდერნული პლასტებითა და მრავალწახნაგოვანი ფინალით. ამ მთლიანობაში კი, სულიწმიდის სუნთქვასავით შთაბერილია მშვენიერი იუმორი, უფრო კი „სოკრატესეული სარკაზმი“ (გაგა ლომიძე). რას გვიმხელს მანანა მენაბდის იგავები? რა დაემართა მის „კაცს“, რომელიც ვიზუალურადაც კი საჩინოვდება, იმდენად შთამბეჭდავია ამ იგავების მხატვრულ-პოეტური ქსოვილი?!
„ნამეტანი ჭკვიანი კაცის ამბავს“ მოვუსმინოთ – ერთი კაცი იმდენად ჭკვიანი იყო, რომ თავში მხოლოდ ჭკვიანური აზრები მოსდიოდა, დილა-საღამოს, ძილისა და ღვიძილის დროს და მოკლედ, ძალიან დაიღალა. ერთხელ, დილით, ადგომაც ვერ მოასწრო, რომ თავში ჭკვიანურმა აზრმა გაუელვა – წინ სიარულს კაცი სიბერემდე და სიკვდილამდე მიჰყავს, ამიტომ აჯობებს, უკან ვიარო, თუ მომინდება, თავიდან დავიბადები და სულ ახალგაზრდა ვიქნებიო! ეს აზრი იმდენად მოეწონა, რომ მაშინვე მისი განხორციელება დაიწყო. უკან-უკან სიარულში კი აივანს მიადგა, „ბიჯი უკან გადადგა და…“ მეასე სართულიდან გადავარდა.
ახლა „მომლოდინე კაცის ამბავს“ არ იკითხავთ? ერთმა კაცმა ყური მოჰკრა, ვიღაც გლახაკმა იმდენი სიკეთე გასცა სხვებისთვის, რომ უფალმა დაასაჩუქრა და გამდიდრდაო. თავადაც მოუნდა, რომ სიკეთე ჰქონოდა და დაიწყო მისი ძებნა. სიკეთის ძებნაში ჯერ მწყურვალი ბრმა შეხვდა, ბრმამ წყალი სთხოვა, კი ჰქონდა კაცს წყალი, მაგრამ იფიქრა, მე რომ ამას მივცე, ვაიდა სიკეთე შემომხვდეს და მას უფრო სჭირდებოდეს, ხო დავრჩი ხელცარიელი, ამიტომ ჯობია მისთვის შევინახოო. მერე მშიერი დედაკაცი შეხვდა, ბავშვებისთვის პური სთხოვა. აქაც იგივე გაიფიქრა – პური კი მაქვს, მაგრამ ამისთვის მიცემას, მირჩევნია, სიკეთეს შევუნახოო და უხმოდ გაეცალა. „სიკეთეს კი პირი არა და არ უჩანდა…“. მთელი ქვეყნიერება მოიარა და სიკეთე ვერსად ნახა, ქანცგაწყვეტილი შინ დაბრუნდა და დარდისაგან მალევე გარდაიცვალა.
არც იმ კაცს დამართნია კარგი დღე, სულ „მე-მეო“ რომ გაიძახოდა. თავის ყველა საქციელს წინ „მე“-ს წაუგდებდა ხოლმე, „მე“-ს იქით ვერავის ამჩნევდა, ჰოდა იმდენი იფრინა და იჭრიჭინა, რომ ისიც ბოლოს „ზეცაში აირინდა…“.
თითოეული იგავი სავსეა ამგვარი ირონიით და მტკივნეული სიკეთით. მანანა მენაბდე თავისი გმირის თანამლმობელია, განა სძულს ან ამათრახებს, უბრალოდ ტკივილით ჰყვება მასზე. ამ ტკივილსაც იმგვარი ფორმით ფარავს, რომ უფრო მეტად აღიქვას ადამიანმა – მკითხველმა და ყოფიერების მკვიდრმა.
ცალკე პოეზიაა ცეროდენა იგავები:
„კაცი თავისუფალი იყო, რადგან იმას არ აკეთებდა, რაც უნდოდა“.
„კაცმა მეგობრების წრე მინიმუმამდე გააფართოვა“.
„კაცს გენიოსობამდე სიკვდილიღა აკლდა“ და ასე შემდეგ…
ქრისტიანული აზრით, ადამიანის უმთავრესი დანიშნულება განღმრთობაა. ღვთისკენ სწრაფვა, ღვთის მაძიებლობა ამ მისიის შესრულების გზაზე მთავარი ჯვარია – ზოგჯერ მხრებით მიგაქვს და გეყვლიფება ძვლები, ზოგჯერ ფრთებადაც გამოგესხმება და თავად მიჰყავხარ. მთავარია, რომ ეს ჯვარი, შენი წილი ჯვარი გახსენებს, ვინა ხარ, ამ სამყაროში საიდან დაეშვი და საით უნდა მიიდრიკო პირი…
მანანა მენაბდის იგავ-არაკების მთავარი გმირი – კაცი – ამ მისიასაც ზუსტად ისე განიცდის, როგორც ყველაფერ დანარჩენს – ეგოიზმით, ამპარტავნებით, არა განღმრთობის მოშურნეობით, არამედ ღმერთად ქცევის ვნებით, რომელიც არათუ გამორიცხავს სულიერ ღვაწლს, არამედ უპირველესად, გულისხმობს ღმერთის ჩანაცვლებას – მისი ადგილის დაჭერას ცათა კაბადონზე თუ დედამიწის კვარცხლბეკზე.
„და დრო გადიოდა“-ს ფინალი ამ უმაღლეს რეგისტრშია გადაწყვეტილი – ღმერთად ქცევის ჟინით შეპყრობილი, საკუთარ თავს ძეგლს უდგამს და მის კვარცხლბეკს ცათა სართულებისკენ ამაღლებს.
„ღმერთი მინდა ვიყო! – თქვა კაცმა და ვეღარ გაჩერდა“.
ყველაფერი თავდაპირველ ქაოსში იძირება, ფერის და ბგერის ეკლექტურ ქაოსში, რომელიც გაფუჭებული ტელევიზორის შიშინს ჰგავს თავისი გამაყრუებელი კაკოფონიით. განღმრთობის ნაცვლად ღმერთის ჩანაცვლება, ამაღლების ნაცვლად – დაცემა. სასტიკი განაჩენი თანამედროვე კაცისთვის, რომელიც ვეღარ ეწევა ადამიანს, ან შეიძლება ასეც ვთქვათ – ვეღარ ერევა. ამ ტრაგიკული სურათის აღსაწერად კი იგავი ყველაზე თვალსაჩინო ენაა, რადგან „დასაბამიდან იყო სიტყვა და, სიტყვა იყო ღმერთთან და სიტყვა იყო ღმერთი“.
იოანეს სახარების ამ კამერტონით სრულდება მანანა მენაბდის იგავ-არაკების კრებული.
ყველა იდეა, საზრისი თუ სახე-ხატი, რაც ამ კრებულშია გაცხადებული, მანანა მენაბდემ, მთელი თავისი შემოქმედებითი ცხოვრების მანძილზე ყველა სფეროში განფინა, რასაც შეეხო – ამაზე მღეროდა, ამაზე ხატავდა, ამაზე ფიქრობდა და ამას დგამდა – მისი სპექტაკლი „მართლა“ თუმანიშვილის თეატრში სწორედ მისივე იგავ-არაკების მიხედვით შეიქმნა. ეს იდეები და საზრისები იყო მისი ცხოვრების მთავარი კონსტიტუციაც და ამიტომაც, თამამად ვიტყვი, რომ მან ცხოვრება ყოფიერების ნათელში განვლო.
ეს იდეები და საზრისებია, რაც თითოეულ ჩვენგანს „თავს ცოცხლად აღმოგვაჩენინებს“ და მოგვაქცევს მუდმივ მეხსიერებაში, სადაც ადამიანიც და სამყაროც მთლიანია და ღვთის მაძიებლობის გზა კი – უმთავრესი შემოქმედებითი აღმაფრენა.
და დრო გადიოდა… – ეს ფრაზა რეფრენად გასდევს მის იგავებს. ნატიფად და შთამბეჭდავად დასტამბული წიგნიც ამ სიტყვებს ფურცელ-ფურცელ ისეთივე სიმსუბუქით მიიყოლებს, როგორც სიხარულის გზაზე მორბენალი ბავშვი – ფრანს ან ფერად ბუშტებს.
და დრო გადიოდა… – ამოიქშენს მარადისობა და გზადაგზა გამოგვიწვდის ღონიერ სიტყვებს, როგორც ჭეშმარიტების შხეფებს, გამოგვიწვდის დიდ შემოქმედთა ხელით, იგავის ჩრდილში ჩაწობილთ – გასაღვიძებლად, საფხიზლებლად, განსაკურნებლად, გასამთელებლად…