დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის გრამატიკის საკითხების სწავლება გამოწვევად მიიჩნევა, განსაკუთრებით – ზედსართავი სახელებისა. მშრალი წესების დამახსოვრება მოსაწყენია, მაგრამ თუ სწავლებას კრეატიულ და ინტერაქციულ აქტივობებს დავუკავშირებთ, ბავშვები უკეთ გაიგებენ მასალას და შემოქმედებით და წერით უნარებსაც განივითარებენ.
ამიტომ ჩემი მეოთხეკლასელებისთვის მოვიფიქრე დავალება, რომელიც წაახალისებდა თავისუფალ და შემოქმედებით წერაში ზედსართავების გამოყენებას, ბავშვებს დაეხმარებოდა, სიღრმისეულად გაეაზრებინათ საკითხი და საკუთარი წარმოსახვითი თავგადასავლებიც შეეთხზათ.
ბავშვებს შევთავაზე სამი საინტერესო თემა, რომლებსაც ისინი თავიანთი ფანტაზით განავითარებდნენ:
თითოეულმა მოსწავლემ აირჩია სასურველი თემა თავგადასავლისთვის. დავალების თანახმად, თხზულებაში, სულ მცირე, 10 ზედსართავი სახელი უნდა ყოფილიყო გამოყენებული. დავალების შესრულებამდე მოსწავლეებს მივეცი დეტალური ინსტრუქციები, რომლებიც მათ წერის პროცესში დაეხმარებოდა:
- როგორ დაეწყოთ მოთხრობა;
- როგორ აღეწერათ გარემო, პერსონაჟები და მოვლენები;
- როგორ გაეგრძელებინათ ამბავი და შეექმნათ დინამიკური სიუჟეტი;
- რას ან ვის შეხვდებოდნენ მოგზაურობისას;
- რა უცნაურ მოვლენას წააწყდებოდნენ;
- როგორ მოაგვარებდნენ პრობლემებს;
- როგორ დასრულდებოდა თავგადასავალი.
წერის პროცესში გამოვიყენეთ წერის 6 მახასიათებელი და წერის პროცესისთვის საჭირო კომპონენტები:
ბავშვები მუშაობდნენ, მე ვაძლევდი უკუკავშირს და ვეხმარებოდი ტექსტის გაუმჯობესებაში. ისინი ასწორებდნენ და ხვეწდნენ თავიანთ ამბებს, ცდილობდნენ, უფრო მდიდარი და საინტერესო ისტორია შეექმნათ.
დავალებას შემოქმედებითი ელემენტიც დავუმატეთ – ბავშვებმა თავიანთ მონათხრობს ლამაზი ილუსტრაციები დაურთეს.
ორი კვირის ინტენსიური მუშაობის შემდეგ თითოეული მოსწავლის ნაწერი დავარედაქტირე და მათთვის პატარა წიგნებად ამოვბეჭდე. პრეზენტაციის დღეს ბავშვებმა თავიანთი ნამუშევრებიმშობლებსა და მასწავლებლებს წარუდგინეს.
საბოლოოდ ზღაპრები შევკრიბეთ და დიდ წიგნად დაბეჭდვა გადავწყვიტეთ, რათა ჩვენი სკოლის ბიბლიოთეკისთვის საჩუქრად გადაგვეცა.
რას ვასწავლით ამ აქტივობით?
ეს დავალება მხოლოდ ზედსართავი სახელების შესწავლაში კი არ ეხმარება ბავშვებს, არამედ კრეატიულობას, წარმოსახვას, წერით უნარებსა და ლექსიკურ მარაგსაც ავითარებს. იმავდროულად, ხელს უწყობს ტექსტის სტრუქტურულად სწორად აწყობას და იდეების ორგანიზებას.
რჩევები მასწავლებლებს
- სიუჟეტის განვითარებისთვის სასარგებლოა თხრობის ჩარჩოს გამოყენება (დასაწყისი, ძირითადი ნაწილი, დასასრული).
- სიტყვების სკივრი – მოსწავლეებს შეუძლიათ, წინასწარ შეაგროვონ საინტერესო ზედსართავი სახელები, რაც მოგვიანებით მათ გამდიდრებული და ვრცელი წინადადებების შედგენაში დაეხმარება.
- მოტივაციისთვის სასარგებლოა პრეზენტაციის მოწყობა, რომელზეც ბავშვებს თავიანთი ნაშრომების წარდგენა შეეძლებათ.
- თავიანთი ნამუშევრების წიგნად გამოცემა ბავშვებისთვის დაუვიწყარი გამოცდილებაა და უფრო მეტად უღვივებს ინტერესს წერისა და შემოქმედებითი საქმიანობის მიმართ.
ვფიქრობ, ჩემს მეოთხეკლასელებს არასდროს დაავიწყდებათ ზედსართავი სახელები და მათი გამოყენებით შექმნილი ეს არაჩვეულებრივი ზღაპრები.















