ხუთშაბათი, მაისი 28, 2026
28 მაისი, ხუთშაბათი, 2026

ომონიმია თუ პოლისემია? — პრაქტიკული გზები გარჩევისთვის

ქართული ენის სწავლების პროცესში განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს ისეთი სიტყვების სწორი გააზრება და გამოყენება, რომლებიც ერთნაირად ჟღერს და იწერება, თუმცა სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს. აღნიშნული ლექსიკური ერთეულები მოსწავლეთათვის ხშირად გაუგებრობის საფუძვლად იქცევა და სწორედ აქ ჩნდება დამაბნეველი კითხვა: ისინი სხვადასხვა ლექსიკურ ერთეულად უნდა მივიჩნიოთ, თუ ერთი სიტყვის რამდენიმე მნიშვნელობას წარმოადგენენ?

თითქოს ერთი შეხედვით ჩანს, რომ საქმე ერთსა და იმავე მოვლენასთან გვაქვს, მაშინ, როცა რეალურად ენაში ორი განსხვავებული ლექსიკური ფენომენი მოქმედებს — ომონიმია და პოლისემია (სიტყვის მრავალმნიშვნელობიანობა).

რატომ ერევათ მოსწავლეებს ეს ორი ცნება? პრაქტიკაში ისინი ხშირად მხოლოდ სიტყვის ფორმას აკვირდებიან და არა მის მნიშვნელობებს შორის კავშირს, შედეგად ყველა მრავალმნიშვნელიან სიტყვას ომონიმად მიიჩნევენ, ან პირიქით.

ომონიმების სწორი იდენტიფიკაცია და მათი პოლისემიისგან დიფერენციაცია საშუალებას გვაძლევს, თავიდან ავიცილოთ ორაზროვნება კომუნიკაციაში, ზუსტად განვმარტოთ სიტყვები, გავიაზროთ კონტექსტი. არადა, სხვაობა მკაფიოა და ეს მხოლოდ თეორიული საკითხი არ არის. არასწორი დეფინიცია შემდგომ პრაქტიკაში იწვევს შეცდომებს გრამატიკულ ანალიზსა და ზოგჯერ სიტყვის მნიშვნელობის მცდარ ინტერპრეტაციაშიც.

მნიშვნელოვანია, ამ ორი მოვლენის გამიჯვნის წესი პედაგოგმა მარტივად და თვალსაჩინოდ ახსნას.

ომონიმები, იდენტური ჟღერადობისა ან/და გრაფიკული გამოსახულების მქონე, თუმცა სემანტიკურად სხვადასხვაგვარი სიტყვები, წარმოადგენენ არცთუ ისე უმნიშვნელო ნაწილს ქართული ენის ლექსიკური ფონდისა. სტრუქტურული და სემანტიკური მახასიათებლების გათვალისწინებით ქართულ ენაში ომონიმების სამი ჯგუფი გამოიყოფა:

  • ლექსიკური ომონიმები – აქვთ განსხვავებული წარმომავლობა ან წარმოდგებიან დროთა განმავლობაში სემანტიკურად დიდად დაშორებული პოლისემიური სიტყვებისგან. მათ ლექსიკონში ჩაწერის სპეციფიკური პრინციპი აქვთ:

ნარი1 – ქართული ანბანის მეცამეტე ასოს დასახელება;

 ნარი2 – ეკლიანი ბალახი რთულყვავილოვანთა ოჯახისა;

 ნარი3 – მამალი აქლემი;

 ნარი4 – მოაჯირი, ღობე.

  • გრამატიკული ომონიმები – რომლებიც სალექსიკონო ფორმებში ერთმანეთს არ ემთხვევა, შესაბამისად, განსხვავებული აქვთ მნიშვნელობაც და გრამატიკული ფუნქციაც. მათი გარჩევა კონტექსტისა და სინტაქსური პოზიციის მიხედვით ხდება:

შველი – 1. საშუალო ზომის მცოხნელი ცხოველი ირმისებრთა ოჯახისა;

  1. ხელს უწყობ, ეხმარები.

ეშვები – 1. კბილი, რომელიც მოთავსებულია საჭრელ და ძირითად კბილებს შორის;

  1. ზევიდან ქვემოთ მოემართები (დაშვება);
  2. თავს არ ანებებ, არ სცილდები (იქვე)
  • შედგენილი ომონიმები – როდესაც რამდენიმე სიტყვის ბგერითი შემადგენლობის გამთლიანება წარმოქმნის ერთ სიტყვას. შინაარსი, რასაკვირველია, განსხვავებულია:

,,რად სოფელო, სხვა არ დაწვი ჩემებრ, მე მქენ დასადაგე?

გლახ, ლახვარი სასიკვდინე ყველა მე მკარ, დასად აგე?

დამიკარგე ძე, ასული, ძმა არ ვიცი და სად აგე?

სხვა ნაყოფი მათებრ ტურფა რა აშენე და სად აგე?“ (თეიმურაზ I).

ფონეტიკური ცვლილებებით გამოწვეული ომონიმია ნიშნავს, რომ ფორმები ერთმანეთს დაემსგავსა მათში მომხდარი ფონეტიკური ცვლილების გამო. ამის ნიმუშად შეიძლება გამოდგეს ხარი და ხანი ასო-ბგერების თანაარსებობა ენის გარკვეულ პერიოდში ქართულ ანბანსა და, შესაბამისად, მეტყველებაში.

 ხელი1 – 1. ადამიანის ზედა კიდური; 2. იგივეა, რაც სახელური; 3. ერთად სახმარი ნივთების სრული ნაკრები, კომპლექტი; 4. ერთი თამაში რისამე; 5. წერის, ასოების გამოყვანის თავისებურება; 6. ვინც რასმე აკეთებს, მოსაქმე (ვენახს ბევრი ხელი სჭირდება);

 ხელი 2 – (ძვ) გიჟი, შმაგი;

 ხელი3  – ცუდი გემო, რომელსაც ჭურჭელი მისცემს ღვინოს

ომონიმიის საფუძველი შესაძლოა, გახდეს სიტყვათა სესხებაც, როცა სხვადასხვა ენიდან შემოსული განსხვავებული მნიშვნელობის სიტყვები ემთხვევა ერთმანეთს. მაგ, მეტრი – 1. სიგრძის საზომი ერთეული (ბერძნ), 2. მოძღვარი (ფრანგ), ქართულში ასოცირდება სწავლებასთან ან ავტორიტეტთან.

ომონიმიისგან განსხვავებით, პოლისემია (მრავალმნიშვნელობიანობა) არის ისტორიულად და ფონეტიკურად იგივეობრივი სიტყვის საშუალებით რამდენიმე განსხვავებულ ობიექტზე მითითება. მაგ.:

წვერი – 1. რისამე წაწვეტებული, წვეტიანი ბოლო (ფანქრის წვერი); 2. რისამე ზედა ბოლო, უმაღლესი წერტილი (მწვერვალი, კენწერო); 3. თოკის, ძაფის და მისთ. ერთ-ერთი ბოლო; 4. მამაკაცის წვერსა და ნიკაპზე ამოსული თმა; 5. ზოგი ცხოველის ყბაზე წამოსული ბალანი.

პოლისემია შედეგია ენაში იმ მნიშვნელობათა თავმოყრისა, რომელიც გააჩინა თავდაპირველი მნიშვნელობის განშტოებამ ენასა თუ კილოებში. მაგ. სიტყვა ,,ყელი“ პოლისემიურია, რადგან ის ადამიანის ორგანოსაც აღნიშნავს და, ვთქვათ, დოქის ზედა ნაწილსაც (დოქის ყელი). აქ პირველადი მნიშვნელობის გადატანა მოხდა მეორე მნიშვნელობაზე, შესაძლოა, გარეგნული ან ფუნქციური მნიშვნელობის მეტ-ნაკლები მიმსგავსების საფუძველზე. ამ და მსგავს შემთხვევებში საქმე გვაქვს არა მონოსემიურ (ერთადერთი მნიშვნელობის მქონე) სიტყვასთან და მის გადატანით ხმარებასთან, არამედ პოლისემიასთან, ერთი სიტყვის სხვადასხვა მნიშვნელობებთან (მაგ. გოგრა – ერთწლოვანი მცენარის ან ამ მცენარის ნაყოფის სახელწოდება და გოგრა – ადამიანის თავი (გადატ., ირონ.). მოცემულ შემთხვევაში მეორე არის სიტყვის მხოლოდ გადატანითად გამოყენება, თუმცა იმ აღსანიშნს, რომლისთვისაც ის გამოიყენება, აქვს სხვა სახელი – თავი. დოქის ყელს კი სხვა სახელი არ აქვს).

ამდენად, განსხვავება ომონიმიასა და პოლისემიას შორის ფუნდამენტურია. პოლისემიური სიტყვები ერთ ლექსიკურ ერთეულს წარმოადგენენ, თუმცა რამდენიმე, მაგრამ ურთიერთდაკავშირებული, შიდა სემანტიკური გადასვლებით გამართლებული მნიშვნელობით, ხოლო ომონიმები – სხვადასხვა ლექსიკურ ერთეულს, რომლებიც ფორმით იდენტურია, მაგრამ მნიშვნელობით აბსოლუტურად დამოუკიდებელი.

პრაქტიკაში კი პედაგოგების მხრიდან ეფექტურია:

  • ერთსა და იმავე სიტყვის სხვადასხვა კონტექსტში გამოყენება და შემდეგ შედარება;
  • ლექსიკონზე მუშაობა;
  • ცხრილებისა და სხვა სახის ვიზუალური მასალის გამოყენება.

მეტი ინფორმაციულობისთვის ომონიმებისა და პოლისემიური სიტყვების დამახასიათებელ ნიშნებს წარმოვადგენთ ცხრილის სახით:

ნიშანი მსგავსება განსხვავება
ფორმა ორივე შემთხვევაში სიტყვის ფორმა იდენტურია. ომონიმიაში ერთნაირი ფორმის სიტყვებს სხვადასხვა წარმოშობა აქვთ, პოლისემიაში კი ერთი სიტყვის სხვადასხვა მნიშვნელობა ერთ საფუძველს უკავშირდება.
მნიშვნელობა ორივე შემთხვევაში სიტყვას შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე მნიშვნელობა. ომონიმიაში მნიშვნელობები ერთმანეთისგან დამოუკიდებელია, პოლისემიაში კი ურთიერთდაკავშირებულია.
კონტექსტი ორივე შემთხვევაში მნიშვნელობის განსაზღვრაში კონტექსტი გადამწყვეტ როლს ასრულებს. ომონიმიაში კონტექსტი სრულიად განსხვავებულ მნიშვნელობებს არჩევს, პოლისემიაში კი ერთი სიტყვის კონკრეტულ მნიშვნელობას აზუსტებს.
ლექსიკური სისტემა ორივე ლექსიკური მოვლენაა და ენის ლექსიკურ სისტემას უკავშირდება. ომონიმები ლექსიკონში ცალკე ერთეულებად ფიქსირდება, პოლისემიური მნიშვნელობები კი ერთი სიტყვის ფარგლებშია წარმოდგენილი.
წარმოშობა ორივე ენის განვითარების პროცესთან არის დაკავშირებული. ომონიმიას საერთო წარმოშობა არ გააჩნია, პოლისემია კი ერთი საწყისი მნიშვნელობიდან ვითარდება.
სტრუქტურა ორივე სიტყვათა მნიშვნელობრივ მხარეს ეხება. ომონიმები შესაძლოა სხვადასხვა მეტყველების ნაწილსაც მიეკუთვნებოდეს, პოლისემია კი ფორმალურად და რეალურად ერთი სიტყვაა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“