ოთხშაბათი, იანვარი 7, 2026
7 იანვარი, ოთხშაბათი, 2026

სისტემა, რომელიც ტყუილზე დგას – თავის მოტყუება ქართულად

საქართველოში ზოგადი განათლება უფასოა. განათლების მიღების უფლებით სარგებლობენ როგორც საქართველოს მოქალაქეები, ისე საქართველოში მცხოვრები სხვა ქვეყნების რეზიდენტებიც.

უფასო (გადასახადების გადამხდელთა ხარჯზე) სავალდებულო განათლება მოიაზრებს დაწყებით და საბაზო საფეხურებს. სურვილისა და შესაბამისი აკადემიური მოსწრების შემთხვევაში მოსწავლეს შეუძლია, სწავლა უფასოდ გააგრძელოს საშუალო (XI-XII კლასები) საფეხურზეც.

სინამდვილეში საქართველოში განათლება სულაც არ არის „უფასო“. პირიქით, დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა მშობლები ორმაგი დაბეგვრის პრინციპს (შემთხვევა, როდესაც მოქალაქეს ორჯერ უწევს გადასახადის გადახდა) ექვემდებარებიან.

იკითხავთ: რა შუაშია ორმაგი დაბეგვრაო?

ახლავე მოგახსენებთ.

 

თავის მოტყუება N1

მშობლების გარკვეული ნაწილი სკოლის მიღმა მომზადების სერვისით პირველი კლასიდანვე სარგებლობს. ბავშვის ასაკის მატებასთან ერთად იზრდება რეპეტიტორის სერვისით მოსარგებლე ოჯახების რაოდენობაც, პარალელურად კი მათ მიერ გაწეული ხარჯი.

საქართველოს მოქალაქეები (და ქვეყანაში კანონიერად მყოფი სხვა პირები) იხდიან სხვადასხვა სახის გადასახადს, რომლითაც ივსება სახელმწიფოს ბიუჯეტი. გამოდის, რომ მარნეულში, ლაგოდეხში, ჩხოროწყუში, ჩოხატაურსა და საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებსა თუ ქალაქებში მცხოვრები მშობლების მიერ გადახდილი გადასახადებით ფინანსდება საჯარო სკოლები, მაშინ როდესაც ამავე მშობლებს დამატებითი ხარჯების გაღება უწევთ შვილების მოსამზადებლად.

სოციალური ქსელი სარკეა. ის იდეალურად გვიჩვენებს საკუთარ თავს (ამ შემთხვევაში – განათლების სისტემას). დიდ ქალაქებში ათასობით მოსამზადებელი ცენტრი ფუნქციონირებს. მათ რეკლამებს ყოველწამიერად ვაწყდებით Facebook-ზე, Tiktok-სა თუ Instagram-ზე. რაც მთავარია, მათი სერვისი დაწყებით საფეხურებსაც მოიცავს. გარდა ცენტრებისა, მოსწავლეების მომზადებით დაკავებული არიან საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლები შინ მომზადების (მათ შორის – ბინაზე მისვლის) პრინციპით.

რატომ უნდა სჭირდებოდეთ, პირობითად, მეორეკლასელ ელენეს ან მეხუთეკლასელ ფამილს ასეთი მომზადება? ამ კითხვას უნდა უსვამდეს მშობლების აბსოლუტური უმრავლესობა სისტემის გამართულ მუშაობაზე პასუხისმგებელ უწყებებს – სკოლას თუ განათლების სამინისტროს.

აბიტურიენტების მომზადებას საქართველოში უკვე სერიოზული ფინანსური რესურსი სჭირდება. გამოდის, რომ რასაც ბავშვი 12 წელს უთმობს, არ არის საკმარისი, ეფექტური, შეიძლება რელევანტური და მის ოჯახს დამატებით უწევს ფინანსების გამოყოფა საერთო ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებლად.

 

თავის მოტყუება N2

კანონში ახლახან შესული ცვლილებების თანახმად, ბაკალავრიატის პირველ საფეხურზე ქართული ენის სწავლება სავალდებულო გახდა. ინიციატივის ავტორები ამ გადაწყვეტილებას 2005 წელს მომხდარი ამბით ხსნიან. მათი თქმით, განათლების სამინისტროს მაშინდელმა ხელმძღვანელობამ ზეპირსიტყვიერი მითითებით უმაღლესი სასწავლებლების საბაკალავრო პროგრამიდან მიზანმიმართულად ამოიღო ქართული ენა როგორც სავალდებულო საგანი.

სკოლებში ქართული ენა პირველი კლასიდანვე ისწავლება. საბაზო საფეხურის მომდევნო წლებში პროგრამას ემატება გრამატიკის გაკვეთილებიც. მოსწავლე ქართულს სასკოლო განათლების უკანასკნელ თვემდე სწავლობს. ამას ემატება რეპეტიტორთან მომზადებაც.

 

უნდობლობა თუ სხვა რამ?

ძალიან მაინტერესებს, როგორ შეხვდნენ ფილოლოგები ამ გადაწყვეტილებას – ხომ არ იგრძნეს დისკომფორტი ან სისტემის მხრივ მათდამი უნდობლობა? ამ კითხვებზე პასუხები არ მაქვს, მაგრამ ცვლილებამ ცხადყო, რომ სახელმწიფომ გარკვეულ დონეზე აღიარა სასკოლო განათლების (ამ შემთხვევაში – ქართული ენის 12-წლიანი სწავლების) არაეფექტურობა და უნივერსიტეტებს დაავალა 12-წლიანი ხარვეზის გამოსწორება მომდევნო ერთი წლის განმავლობაში (პირველ კურსზე), ან გადადგა პოპულისტური ნაბიჯი. აბა, როგორი წარმოსადგენია თორმეტი წლის განმავლობაში ვერმიღწეული მიზნის ერთ აკადემიურ სასწავლო წელში გამოსწორება?

 

თავის მოტყუება N3

განათლების სისტემა თავისა და სხვების მოტყუებას მაგისტრატურის საფეხურზეც აგრძელებს. სტუდენტს, რომელმაც ახლახან დაასრულა 3- ან 4-წლიანი საბაკალავრო პროგრამა, მანამდე კი 12 წელი ისწავლა სკოლაში, ისევ სჭირდება მომზადება ერთიანი სამაგისტრო გამოცდის ჩასაბარებლად. ამ შემთხვევაში აპლიკანტებს ხშირად უკვე აქვთ დამოუკიდებელი შემოსავლის წყარო და საკუთარ თავს მომზადებისთვის საჭირო ფინანსებით უზრუნველყოფენ.

ქართული საგანმანათლებლო სისტემა, მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად უფასოა, ფაქტობრივად ვერ ასრულებს თავის მთავარ ფუნქციას – უზრუნველყოს მაღალი კი არა, თუნდაც საშუალო ხარისხის, საკმარისი ცოდნა, რომელიც მოსწავლეებს დამატებითი მეცადინეობის გარეშეც მოამზადებს მომდევნო ეტაპისთვის.

როგორც ვნახეთ, სისტემის არაეფექტურობა ყველაზე მეტად ვლინდება სამ ძირითად ასპექტში (დამეთანხმებით, რომ ამ სტატიაში ჩამოთვლილი პრობლემების მიღმა კიდევ უამრავი სერიოზული ხარვეზია):

* თუ სკოლა ეფექტურად ფუნქციონირებდა, მოსწავლეებს არ დასჭირდებოდათ დამატებითი ფინანსური ხარჯები. რეპეტიტორების ინსტიტუტი პირდაპირი დასტურია იმისა, რომ სახელმწიფო დაფინანსებით მოქმედი სკოლები ხშირ შემთხვევაში ვერ უზრუნველყოფენ საჭირო დონის განათლებას. ეს ნიშნავს, რომ მშობლები ორჯერ იხდიან: ერთხელ – გადასახადებით, მეორედ კი რეპეტიტორის მომსახურებისთვის.

* ბაკალავრიატში ქართული ენის სავალდებულო სწავლების დაბრუნება ნამდვილად დამაფიქრებელია. ეს ცვლილება პირდაპირ უცხადებს უნდობლობას სასკოლო განათლებას. ფაქტი, რომ 12 წლის განმავლობაში ნასწავლი საგნის ცოდნა არ შეესაბამება საუნივერსიტეტო დონეს, ცხადყოფს სისტემის სისუსტეს და არაეფექტურობას.

* პრობლემა გრძელდება სამაგისტრო საფეხურზეც, სადაც ბაკალავრის ხარისხის მქონე სტუდენტს კვლავ სჭირდება დამატებითი მომზადება გამოცდის ჩასაბარებლად.

საბოლოოდ, განათლება, რომელიც „უფასო“ უნდა იყოს, რეალურად მნიშვნელოვან ფინანსურ ტვირთად აწვება ოჯახებს, რაც თავისთავად დიდი წინააღმდეგობაა ქვეყნისა განვითარებისთვის, ამაზე ხმამაღალი საუბარი კი პოლიტიკურ და სოციალურ დისკურსებში არ ისმის.

 

რეპეტიტორობის ინსტიტუტის შესახებ დამატებით შეგიძლიათ გაეცნოთ:

რეპეტიტორობის ჩრდილქვეშ – რა გვიჯდება მშობლებს კერძო მასწავლებლები? – mastsavlebeli.ge

რატომ დადიან მოსწავლეები რეპეტიტორებთან?

ყოველ მეოთხე აბიტურიენტს რეპეტიტორი ჰყავს

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

საშობაო საჩუქარი

ჩანაწერები მხატვრობაზე

ჰომეროსის თვალი

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“