სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

რეპეტიტორობის ჩრდილქვეშ – რა გვიჯდება მშობლებს კერძო მასწავლებლები?

სკოლის დაწყებასთან ერთად ისევ დგება დღის წესრიგში მწვავე საკითხი – მოვძებნოთ მასწავლებლები, რომლებიც ჩვენს შვილებს იმ საგნებში დაეხმარებიან, რომლებშიც დახმარება სჭირდებათ და სკოლაში ამის საშუალება არ ეძლევათ. ეს მწვავე საკითხი კიდევ ერთხელ დაგვაფიქრებს იმაზე, რომ ხარისხიანი განათლებისადმი წვდომა ქვეყანაში კვლავ არათანაბარია, კერძო რეპეტიტორების სისტემა უფრო მეტად ძლიერდება და უთანასწორობა უფრო ღრმავდება.

სხვადასხვა საგანმანათლებლო ფეისბუქჯგუფში უკვე აგვისტოს ბოლოდან გააქტიურდა განცხადებები, რომელთა საშუალებითაც სასურველ მასწავლებელს ეძებენ. მშობლები ეძებენ მასწავლებლებს შვილებისთვის, მეორე კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით. ყოველდღიურად უამრავი განცხადება ქვეყნდება ამ ჯგუფებში და ეს განცხადებები ერთგვარ სურათს ქმნიან, თუ როგორ ცდილობენ მშობლები სწავლების უფრო ხარისხიანი გზების მოძიებას საკუთარი შვილებისთვის და როგორ ვერ პასუხობს განათლების სისტემა სათანადოდ მოსწავლეთა საჭიროებებს, ვერ აკმაყოფილებს მათ მოლოდინებსა და ვერ ჭრის მათ პრობლემებს.

მომავალი სასწავლო წლის კერძო მასწავლებლებისა და სხვადასხვა წრეების (შემოქმედებითი, სპორტული) ბიუჯეტირებაში გართულმა, გადავწყვიტე სხვა მშობლებისთვისაც მეკითხა აზრი, როგორ ემზადებიან ახალი სასწავლო წლისთვის, რატომ სჭირდებათ კერძო მასწავლებლები და რა იქნება ამის საფასური რიგითი, ქართული ოჯახისთვის, რომლისთვისაც განათლება და ცოდნა განსაკუთრებული ღირებულებაა. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ კერძო მასწავლებლების ანაზღაურება მშობელს დამატებით ფინანსურ ტვირთად აწვება, განსაკუთრებით ერთზე მეტი ბავშვის შემთხვევაში და უმეტეს შემთხვევაში ეს არ არის მშობლის კაპრიზი ან ახირება. (ასეთი აზრიც გამოითქვა)

როგორც მშობელთა კომენტარებიდან გამოიკვეთა სკოლა ვერ აძლევს ბავშვებს უცხო ენის ხარისხიანად შესწავლის საშუალებას; პრობლემაა მათემატიკა და საბუნებისმეტყველო საგნები – ფიზიკა, ქიმია. მშობლები იძულებული არიან მასწავლებლები სკოლის გარეთ ეძებონ.

ნინო სამი შვილის დედაა, უფროსი შვილი მეხუთე კლასში გადავიდა, შუათანა მესამეში, ხოლო მესამე შვილი ჯერჯერობით ბაღშია და ოჯახს მალე დაემატება მისი ხარჯებიც. ნინო ამბობს: „ყველაზე მეტად ის მაბრაზებს, რომ სკოლაში ვერ იღებენ ბავშვები შესაბამის განათლებას. არადა, ჩვენი სკოლა (221-ე მეგა) კარგ სკოლად ითვლება და მასწავლებლების უმრავლესობა მართლა კარგია. პრობლემა ისაა, რომ 45-წუთიან გაკვეთილში ყველაფერი ვერ ესწრება. თან 29 ბავშვიდან ყველა ერთნაირად აქტიური არ არის და მასწავლებლები ასეთ ბავშვებს ნაკლებ ყურადღებას აქცევენ. მათემატიკასა და ინგლისურში აუცილებელია დამატებით მომზადება, სხვანაირად მინიმალურ ცოდნასაც ვერ მიიღებენ. თითო საგანი თითო ბავშვზე მინიმუმ 100 ლარია, მეხუთე კლასი წელს ისტორიას იწყებს და მშობლები უკვე რეპეტიტორებს არჩევენ. ამას გარდა, ორივე დადის მუსიკაზე, რაც თვეში 120 ლარი ჯდება, ძალიან უნდათ ცეკვა და ცურვა, ესეც თითო ბავშვზე მინიმუმ 80-100 ლარის დამატებითი ხარჯია. უფროსი შვილი დადის კალათბურთზე, რომელიც ჯერ 100 ლარი ღირდა, მერე 120, ახლა მომწერეს 150 გახდაო. ასევე დადის პროგრამირებაზე, რომელიც თვეში 175 ლარი ღირს. ყველა დამატებითი აქტივობა რეალურ ფუფუნებად ითვლება, მაგრამ სამომავლოდ მნიშვნელოვანია ბავშვისთვის“, – ამბობს ნინო.

 

ანა ორი დაწყებითი კლასის მოსწავლის დედაა და მიუხედავად იმისა, რომ საშუალო ფენის წარმომადგენელია, ბავშვების დამატებითი მეცადინეობა სხვადასხვა საგანსა და სპორტულ და შემოქმედებით წრეებზე მათი მიყვანა ფინანსურად მისთვისაც გამოწვევაა. „მეორე და მესამე კლასში გადადიან ჩემი შვილები, ინგლისურს ვაგრძელებთ. ჩემი შვილების გარდა, ჩემი ქმრის ორი შვილი გვყავს, რომლებიც ასევე ჩვენთან მეცადინეობენ ინგლისურში. შარშანწინ ერთი ბავშვის რვა მეცადინეობაში, სახლში მოსვლით 70 ლარს ვიხდიდით. შარშან თითოში 80-ს (ჯამში 320). წელს ჯერ არ ვიცი, რა იქნება. მინდა კიდევ რამეზე მიყვანა, მაგრამ ჩემთვის დროის უქონლობაა სერიოზული პრობლემა, მაგალითად, სპორტულ აქტივობებზე მიყვანა რთულია მაგის გამო. ცურვა კარგი იქნებოდა, მაგრამ მინიმუმ 120 ლარი უნდა გავითვალისწინო თითოზე, ოთხზე – 480. ამას დავუმატოთ ინგლისურის 320 (უკეთეს შემთხვევაში), ეგეც 800 ლარი… ჩინურის სწავლა უნდა ჩემს უფროს შვილს, ეგეც არ დაჯდება იაფი. მოკლედ, დამატებითი აქტივობები ფუფუნებაა, განსაკუთრებით მოუცლელი მშობლებისთვის, რომლებსაც ყოველდღიურ რეჟიმში არ გვყავს დამხმარეები და იმიტომ მუშაობენ ამდენს, რომ ისევ ოჯახს დაეხმარონ. კერძო სკოლის გამოცდილებაც მქონდა, უმცროსს კვირაში 4 საათი ჰქონდა ინგლისური, უფროსს – 5, მაგრამ კიდევ კარგი დავანებებინე კერძოდ მეცადინეობას თავი, იმიტომ, რომ ეგ 9 საათი თვალებში ნაცრის შეყრის გარდა არაფერი იყო. ამიტომ ისევ საჯარო სკოლაში დავაბრუნე და ხარჯები 540 ლარით შევამცირე. (უფრო მაღალფასიანი სკოლა ჩვენს მიმდებარე ტერიტორიაზე რელიგიურ მოტივებზეა და არ მინდოდა ჩემი შვილები მსგავს გარემოში ყოფილიყვნენ). მორალურად ვემზადები იმისთვის, რომ, რაც უფრო გაიზრდებიან, სწავლის ხარჯებიც მოიმატებს. ჯერ მეორე და მესამე კლასელები არიან“, – წერს ანა.

ლანა მეუღლესთან და ორი შვილთან ერთად წლებია გერმანიაში ცხოვრობს. ის ამბობს: რომ „განათლების სფეროში პრობლემების გამო ვერ ვბედავ საქართველოში დაბრუნებას. მათე ფეხბურთს თამაშობს და აქ დაბრუნების შემთხვევაში, სად უნდა ითამაშოს, თუ თბილისში ან კიდევ მაქსიმუმ დიდ ქალაქში არ ცხოვრობ? აქ (გერმანიაში) მიზერულ თანხას ვიხდით, 26 ევროს კვარტალში და გუნდის არჩევის დიდი საშუალებაცაა.

საჯარო სკოლის მეექვსეკლასელი ლუკას ყოველთვიური სასწავლო ხარჯი 350 ლარია, მერვე კლასელი თეკლას ყოველთვიური გადასახადი 430 ლარი. ზოგიერთ მშობელს დამატებით ყოველთვიურად 600 ლარის გადახდა უწევს კერძო მასწავლებლებისთვის. დამატებითი ხარჯია სპორტული აქტივობები. სპორტული აქტივობებიდან ცურვა განსაკუთრებით ძვირია, რის გამოც მშობლები არჩევანს ისევ სასკოლო საგნებზე აკეთებენ და სპორტულ აქტივობებზე ბავშვის მიყვანისგან თავს იკავებენ. „პრიორიტეტების გადასინჯვას ვიწყებთ“, – ამბობენ ისინი და პრიორიტეტებში ისევ და ისევ იგულისხმება სასკოლო საბაზისო საგნები – ინგლისური, მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია…

„უფროსი შვილის ფეხბურთი 100 ლარი ღირს, ჭადრაკი – 80, წელს ინგლისურზე აუცილებლად უნდა მივიყვანო და არ ვიცი რამდენი გამოვა. ცურვა კატასტროფულად ძვირია“, – გვეუბნება კიდევ ერთი მშობელი.

„იმას ვფიქრობ, რამდენი უნდა ვიმუშაო, რომ ფულიც მქონდეს და დროც სატარებლად. ხელფასი გამომუშავებით მაქვს და საკმარისი თუ მოვაგროვე, დრო აღარ მრჩება იმისთვის, რომ ბავშვი ვატარო“.

შორენა ოთხი მოსწავლის დედაა, მეექვსედან მეთერთმეტეს ჩათვლით. ის ამბობს: „ოთხი მოსწავლე შვილის ფონზე შეღავათია ის, რომ, ვთქვათ, თითო ბავშვს მხოლოდ თითო საგანში ვამზადებ. ეს იმის მიხედვით, თუ რომელს რაში სჭირდება დახმარება. ბავშვი თავად არის უყურადღებოდ გაკვეთილზე და სულ რომ არ ჩამორჩეს იმ საგანში, რომელიც მნიშვნელოვანია და პედაგოგიც ძალიან კარგი ჰყავს, მიწევს მოვამზადო. ასევე, დაემატათ ახალი საგანი – ქიმია, რომელსაც ვერ აუღეს ალღო და ვერც ახსნილს იგებდნენ,  მიწევს მოვამზადო ქიმიაშიც… ასევე პრობლემაა რუსული, რომელიც არ უყვართ და იძულებულნი არიან, ისწავლონ… ვამზადებ ნიშნის გამო. ჯერჯერობით, ვცდილობ, ერთზე მეტი საგანი არ იყოს. ზოგჯერ ნამდვილად არის პედაგოგის პრობლემა. პრობლემაა ასევე კლასში ბავშვების რაოდენობა, უცხო ენის გაკვეთილზე კლასი არ იყოფა კლასი და ვერ ხერხდება ყველა მოსწავლის საჭიროების გათვალისწინება. ხშირად დამატებითი უცხო ენის შერჩევას გვთავაზობენ და ბოლოს რუსული შემოგვრჩა ისევ… აუცილებლად უნდა აღვნიშნო გართულებული სახელმძღვანელოები თითქმის ყველა საგანში, თავად მასწავლებლებსაც რომ უჭირთ გაჰყვნენ ამ წიგნებს… რაც შეეხება სპორტულ წრეებს, თითო სახეობაზე დადიან ჩემი შვილები. მინდა, აღვნიშნო ისიც, რომ თითქმის არ გვაქვს შეღავათები, როგორც მრავალშვილიანს. რუსთავში ვცხოვრობთ და ზოგადად არაა მაღალი ფასები და კიდევ მივიყვანდი შემოქმედებით წრეებზე, მაგრამ ბიუჯეტში ვეღარ ჩავეტევი“.

მიუხედავად იმისა, რომ მშობელთა კომენტარები აჩვენებს განათლების სისტემის ხარვეზებს, ეს მაინც არასრული სურათია იმისა, რაც დღეს გვაქვს ამ სფეროში და ბოლომდე ვერ ასახავს არსებულ პრობლემებს. ხედავს თუ არა განათლების სისტემა ისეთ მოსწავლეს, რომელსაც შეიძლება განსხვავებული საჭიროება ჰქონდეს, სჭირდებოდეს დამატებითი მეცადინეობა, ჰქონდეს პოტენციალი ცოდნის კომპენსირების და არაფერს აკეთებდეს საპასუხოდ – ეს კითხვები გვიჩნდება მშობლებს, თუმცა პრობლემის მოსაგვარებელ გზებს, სკოლის გარეთ თავად ვეძებთ, მარტო.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“