სამშაბათი, თებერვალი 17, 2026
17 თებერვალი, სამშაბათი, 2026

მორალური კომპასი ციფრულ ლაბირინთში. მასწავლებლის ახალი მისია

 სასკოლო დერეფნებში თუ საკლასო ოთახებში  ახალი, უხილავი თანამოსაუბრე გამოჩნდა- ხელოვნური ინტელექტი. (AI) აღარ არის შორეული მომავლის შესაძლო  პროდუქტი, ის ჩვენი მოსწავლეების სმარტფონებში და ხელისგაწვდენაზეა. სასკოლო  საზოგადოება  დილემის წინაშეა – ავკრძალოთ ის, რაც გარდაუვალია, თუ ვასწავლოთ მოსწავლეებს ამ მოქნილი  ინსტრუმენტის ეთიკური და პასუხისმგებლობიანი გამოყენება? გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ აკრძალვა არაეფექტურია, გამოსავალი მხოლოდ  ეთიკურ ინტეგრაციაშია.

ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში აკადემიური კეთილსინდისიერების ცნება, ცხადია,  ტრანსფორმაციას განიცდის. თუ ადრე პლაგიატი მხოლოდ სხვისი ნაშრომის მითვისებას გულისხმობდა, დღეს ზღვარი „დახმარებასა“ და „არაკეთილსინდისიერებას“ შორის ალგორითმულ გამჭვირვალობაზე გადის. მთავარი გამოწვევა ახლა არა ტექნოლოგიის გამოყენება, არამედ ინტელექტუალური ზარმაცობის რისკია. მასწავლებლის ამოცანაა, მოსწავლეს დაანახოს რომ AI არის „ინტელექტუალური ამწე“ და არა „აზროვნების შემცვლელი“. ეთიკური გამოყენება გულისხმობს გულწრფელობას — მოსწავლემ უნდა გაიაზროს და აღნიშნოს კიდეც, რაში დაეხმარა მას AI და რისი ავტორია თავად.

 ხელოვნური ინტელექტის  გამოყენება სასწავლო პროცესში არაერთ კრიტიკულ კითხვას ბადებს. მათ შორის, სად გადის ზღვარი დახმარებასა და აკადემიურ არაკეთილსინდისიერებას შორის?  აზროვნების ნაცვლად გამოიყენება  AI  თუ აზროვნების პროცესის ხელშესაწყობად,  როგორც დამხმარე ინსტრუმენტი?

ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში მასწავლებელი  რამდენიმე მნიშვნელოვან როლს ითავსებს, მათ შორის:

  • ეთიკური მსჯელობის მოდელი – გამჭვირვალობის დემონსტრირება, როცა მასწავლებელი თავად  აღიარებს, როდის გამოიყენა AI.
  • კრიტიკული დიალოგის ფასილიტატორი- კითხვების დასმა: „რატომ ფიქრობს ალგორითმი ასე?“
  • ციფრული პასუხისმგებლობის განმავითარებელი- პასუხისმგებლობის აღება ფაქტობრივ სიზუსტეზე.
  • უსაფრთხო ტექნოლოგიური ქცევის მეგზური- ტექნოლოგიური ჰიგიენის სწავლება.

მოსწავლეებმა ასევე უნდა იცოდნენ „ანონიმურად დარჩენის წესი“. AI-სთან საუბრისას არ უნდა გაიცეს პირადი სახელი, მისამართი ან ისტორიები, რადგან ყოველი შეყვანილი ინფორმაცია ციფრული კვალის ნაწილი ხდება.  მასწავლებელმა  არ უნდა ატვირთოს მოსწავლეების ნაწერები  უკუკავშირისთვის მათი ვინაობის დაფარვის გარეშე.

ასევე დილემაა და მნიშვნელოვანიც, განსაზღვრო მიზანი- ვიყენებთ AI-ს აზროვნებისთვის თუ აზროვნების ჩასანაცვლებლად?

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ AI ხშირად ასახავს იმ სტერეოტიპებს, რაც ციფრულ სამყაროში განთავსებულ და უკვე  არსებულ ტექსტებშია.

მაგალითისთვის:

  • თუ მოსწავლე სთხოვს AI-ს: „დამიწერე ესე ვეფხისტყაოსანზე“, ეს პლაგიატია. თუ სთხოვს: „დამიწერე გეგმა ესესთვის“ – ეს დამხმარე ინსტრუმენტია.
  • თუ მოსწავლემ გამოიყენა AI, მან დავალების ბოლოს უნდა მიუთითოს: „გამოვიყენე AI იდეების გენერირებისთვის, თუმცა ტექსტი თავად შევქმენი“.

შიში, რომ AI “მოკლავს” შემოქმედებითობას, საფუძველს მოკლებული არ გახლავთ, რეალურია, თუმცა შეგვიძლია ის “თანაავტორად” ვაქციოთ.  შეგვიძლია მოსწავლეებს მივცეთ  დავალება, პირობითი სახელით “კრიტიკული რედაქტორი”.  დავაწერინოთ ტექსტი AI-ს და შემდეგ ვთხოვოთ მოსწავლეებს, იპოვონ ტექსტში ლოგიკური შეცდომები, არადამაჯერებელი არგუმენტები და შეცვალონ  ისე, რომ ტექსტს ჰქონდეს “ადამიანური ემოცია”.

მასწავლებლის როლი პრაქტიკაში

როლი პრაქტიკული მაგალითი
ეთიკური მოდელი მასწავლებელი ამბობს: „ეს სლაიდები AI-ს დახმარებით მოვამზადე, რათა დრო დამეზოგა დიზაინზე“.
ფასილიტატორი კითხვის დასმა: „რამდენად სამართლიანია AI-ს გამოყენება საკონკურსო ნაშრომის წერისას?“
პასუხისმგებლობის განმავითარებელი ასწავლის ინფორმაციის გადამოწმებას და ფაქტობრივი სიზუსტის მნიშვნელობას.
ტექნოლოგიური მეგზური ეხმარება მოსწავლეებს  შესაფერისი ხელსაწყოების შერჩევაში.

 

ახლა უკვე, როცა მოსწავლეს შეუძლია წამებში შექმნას გამართული ტექსტი, მასწავლებელმა ყურადღება უნდა მიაქციოს,  როგორ მივიდა მოსწავლე ამ შედეგამდე. შეფასებისას აქცენტი უნდა გაკეთდეს არა მხოლოდ შინაარსზე, არამედ AI-სთან ურთიერთობის ხარისხზე.

შეფასების რუბრიკის ნიმუში

 

კრიტერიუმი დაბალი დონე საშუალო დონე მაღალი დონე
ინსტრუქციის ხარისხი ერთი მარტივი ბრძანება („დამიწერე ესე“). არ ჩანს მიზანი ან კონტექსტი. ინსტრუქცია დეტალურია, თუმცა ერთჯერადი; არ ჩანს დაზუსტება ან შემდგომი დიალოგი. მრავალეტაპიანი დიალოგი; მოსწავლე აზუსტებს მოთხოვნას, ითხოვს არგუმენტების გაძლიერებას, სთხოვს ალტერნატიულ ხედვებს და კრიტიკას.
კრიტიკული გადამუშავება ტექსტი პრაქტიკულად უცვლელად არის გადმოტანილი (Copy–Paste). ტექსტი ნაწილობრივ რედაქტირებულია, მაგრამ სტილი ხელოვნურია და არ იკვეთება ავტორის ხმა. AI მასალა გამოყენებულია როგორც საწყისი რესურსი; ტექსტში ჩანს ინდივიდუალური სტილი, დამატებულია არგუმენტები, მაგალითები და ემოციური/კონცეპტუალური სიღრმე.
ფაქტობრივი ვალიდაცია ფაქტები არ არის გადამოწმებული; გვხვდება შეცდომები. ფაქტები გადამოწმებულია ნაწილობრივ; წყაროები არ არის მითითებული ან ფორმალურადაა მოყვანილი. ყველა მნიშვნელოვანი ფაქტი გადამოწმებულია; გამოყენებულია სანდო აკადემიური წყაროები; მითითებულია ციტირების ფორმატი.
ეთიკური გამჭვირვალობა AI-ის გამოყენება არ არის მითითებული. ზოგადად აღნიშნავს, რომ გამოიყენა AI, მაგრამ არ აკონკრეტებს რისთვის. მკაფიოდ განმარტავს, კონკრეტულად რა ეტაპზე და რა მიზნით გამოიყენა AI (იდეების გენერირება, სტრუქტურა, კონცეფციის დაზუსტება და სხვ.).
რეფლექსია და მეტაკოგნიცია ვერ ხსნის AI-ის გამოყენების მიზანს ან შეზღუდვებს. აღწერს პროცესს ზედაპირულად („დამეხმარა თემის სწრაფად დაწერაში“). სიღრმისეულად აანალიზებს AI-ის ძლიერ და სუსტ მხარეებს, საკუთარ როლს და მიღებულ ცოდნას.
ციფრული უსაფრთხოება პირადი მონაცემები ან მესამე პირის ინფორმაცია დაუფიქრებლადაა გამოყენებული. ზოგადად იცის უსაფრთხოების წესები, თუმცა არ ასაბუთებს პრაქტიკაში. იცავს მონაცემთა დაცვის პრინციპებს; არ აზიარებს იდენტიფიცირებად ინფორმაციას; აცნობიერებს ციფრული კვალის მნიშვნელობას.

 

შეფასებისთვის, ასევე, კარგი პრაქტიკული რჩევაა, მივაგნოთ  AI-ის კვალს მოსწავლის ნაშრომში:

სთხოვეთ მოსწავლეებს, დავალებას დაურთონ ე.წ. “მუშაობის ისტორია”:

სასაუბროს ბმული ან ე.წ. „სქრინშოთები“. როგორ მივიდა დავალების  საბოლოო ვარიანტამდე. პირველადი ვერსია (AI-ს მიერ მოწოდებული), საბოლოო ვერსია (მოსწავლის მიერ რედაქტირებული). ეს მეთოდი მასწავლებელს საშუალებას აძლევს, შეაფასოს მოსწავლის კრიტიკული აზროვნება და რედაქტირების უნარი.

ასეთი შეფასების მოდელი მოსწავლეს აჩვენებს, რომ ფასდება არა მხოლოდ შედეგი, არამედ აზროვნების პროცესი.

მოსწავლეებისთვის ერთგვარი ეთიკური ვალდებულება უნდა იყოს, რომ თუ დავალების შესრულებისას გამოიყენა AI, ყოველთვის მიუთითოს, კონკრეტულად რაში დაგეხმარა ის (მაგ: გეგმის შედგენა, იდეების ძიება და ა.შ,).

ხელოვნურ ინტელექტს ჯერ-ჯერობით მაინც  არ შეუძლია ჩაანაცვლოს  მასწავლებელი, რადგან ეთიკა, ემპათია და ღირებულებითი მსჯელობა მხოლოდ ადამიანური ფენომენია. ჩვენი როლი დღეს არის არა ტექნოლოგიური პროგრესის შეჩერება, არამედ მოსწავლეებისთვის იმ მორალური კომპასის მიცემა, რომელიც მათ ამ ციფრულ ლაბირინთებში  სწორ გზას აპოვნინებს.

ხელოვნური ინტელექტი არ არის განათლების დასასრული, ეს არის ახლის დასაწყისი, სადაც ადამიანური თვისებები -ეთიკა, კრიტიკული ანალიზი, ემპათია და შემოქმედებითობა კიდევ უფრო დაფასდება.  მასწავლებელი, რომელიც AI-ს ეთიკურად იყენებს, არ არის  მხოლოდ საგნის მასწავლებელი; ის  მოსწავლეებს, ციფრულ სამყაროში, მომავლის მოქალაქეობას ასწავლის.

გამოყენებული ლიტერატურა:

Guidance for generative AI in education and research (2023)

Recommendation on the Ethics of Artificial Intelligence (2021)

Ethical guidelines on the use of AI and data in teaching and learning for educators (2022).

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური – რეკომენდაციები

https://pdps.ge/ka/content/984/RECOMMENDATIONS

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“