ოთხშაბათი, იანვარი 28, 2026
28 იანვარი, ოთხშაბათი, 2026

მშობელთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში

ყოველდღიურ საქმიანობაში ხშირად გვესმის, რომ ბავშვების წარმატება დიდწილად დამოკიდებულია ოჯახისა და სკოლის თანამშრომლობაზე. როდესაც ისინი თანამშრომლობენ, ბავშვი გრძნობს დაცულობასა და მხარდაჭერას, უმაღლდება მოტივაცია და თვითრწმენა.

მინდა, გაგიზიაროთ გამოცდილება სკოლაში მშობელთა ჩართულობასთან დაკავშირებით, კონკრეტულად – 1 კლასში განხორციელებული პროექტის მაგალითზე, სახელწოდებით „მშობლები და შვილები“.

პროექტის თავდაპირველი იდეა იყო მშობლების სასკოლო ცხოვრებაში ჩართვა ისე, რომ ეს არ ყოფილიყო ფორმალური ვიზიტი, არამედ შინაარსიანი, ემოციური და ინტეგრირებული პროცესი. მინდოდა, შემექმნა გარემო, სადაც ბავშვები იქნებოდნენ ბედნიერები და აღიარებულები მშობლების, მეგობრებისა და მასწავლებლის მხრიდან.

გაგაცნობთ, როგორ წარიმართა ეს მხიარული გაკვეთილები, რომლებიც დამატებითი მეცადინეობის სახით ტარდებოდა.

2024 წელს I კლასში დავიწყე ჩემ მიერ წამოწყებული ინიციატივის განხორციელება, რომლის მიზანი იყო მშობლების აქტიური ჩართულობით ბავშვებისთვის უსაფრთხო, მოტივაციური და მეგობრული გარემოს შექმნა.

პროექტის ფარგლებში მოვიწვიე მშობლები — დედიკოები და მამიკოები — რომლებსაც კონკრეტული მისია ჰქონდათ:

 

  • თითოეულ მშობელს უნდა მოეფიქრებინა პატარებისთვის საინტერესო და სახალისო აქტივობა.
  • პირველ რიგში, უნდა ესაუბრათ თავიანთ შვილებზე: როგორები არიან ისინი სკოლის გარეთ, რა უყვართ, რაში არიან გამორჩეული და ა.შ.
  • ასევე, მშობლებს უნდა ესაუბრათ საკუთარ საქმიანობაზე და გაეზიარებინათ ბავშვებისთვის თავიანთი პროფესიული გამოცდილება.

პროექტის მიზნები იყო:

  • ბავშვების თვითშეფასების ამაღლება — როდესაც მშობელი საჯაროდ საუბრობს თავის შვილზე, აღნიშნავს მის გამორჩეულ თვისებებს, პატარას უჩნდება ღირსების განცდა და თავდაჯერებულობა;
  • კლასის ემოციური შეკავშირება — ბავშვები ერთმანეთს უკეთ გაიცნობენ, კარგად გაიაზრებენ მეგობრებისა და საკუთარი თავის უნიკალურობას;
  • კლასში პოზიტიური გარემოს შექმნა – ერთმანეთის უკეთ გაცნობა-დამეგობრება, რაც საბოლოოდ, ჩემი აზრით, აისახება აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებაზეც.
  • სხვადასხვა პროფესიისა და პროფესიული საქმიანობის გაცნობა – თვალსაწიერის გაფართოება.

შედეგებმა მოლოდინს გადააჭარბა:

  1. ბავშვების მოტივაცია მკვეთრად გაიზარდა – მათ გაუჩნდათ სურვილი, მეტი ეთქვათ თანაკლასელებისთვის საკუთარი თავისა და ოჯახის შესახებ. შთამბეჭდავი სანახავი იყო, განსაკუთრებით, იმ ბავშვების ბედნიერი სახე, რომელთა მშობლებიც სტუმრად იმყოფებოდა. მათთვის ეს იყო ემოციური გამოცდილება. ბავშვები ამაყობდნენ, რომ მშობელი კლასში მოვიდა, მათი შესახებ ისაუბრა, მეგობრებს რაღაც განსაკუთრებული მოუყვა. ეს ბევრად უფრო ღირებული გამოდგა, ვიდრე უბრალოდ სტუმრობა.

 

  1. გაძლიერდა სკოლასა და ოჯახს შორის კავშირი, რამაც გავლენა იქონია მშობელთა დამოკიდებულებაზე სასკოლო პროცესებისადმი. მშობლებიც ძალიან ამაყები იყვნენ ,,მასწავლებლობით’’. ამავდროულად, უფრო კარგად დაინახეს კლასთან მუშაობის სირთულეები.

 

  1. ბავშვებს შორის ურთიერთობა გაღრმავდა – მოუხშირეს ერთმანეთთან თამაშს და სიხარულით იზიარებდნენ ერთმანეთის წარმატებას. ყველა შეხვედრა კარგად ახსოვდათ და ხშირად საუბრობდნენ მასზე.

 

  1. გაჩნდა დაინტერესება პროფესიული სამყაროთი – მაგალითად, როდესაც მშობლები თავიანთ პროფესიაზე საუბრობდნენ, ბავშვებმა პირველად დაიწყეს ფიქრი პროფესიის არჩევაზე. აღტაცებით შეჰყურებდნენ სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს და ზოგჯერ, ყველაფრის დაუფლება ერთად უნდოდათ. უნდოდათ ყოფილიყვნენ ექიმები, მფრინავები, ბუღალტრები, დაცვის თანამშრომლები და ა.შ. საკმაოდ ბევრი ცოდნა დააგროვეს ამ პროფესიებთან დაკავშირებით. მშობლის პროფესიის გაცნობა ბავშვებისთვის იყო ახალი სამყაროს აღმოჩენა. ამ ასაკში სწორედ ასეთ მაგალითებს შეუძლიათ შთაგონება და ინტერესის გაღვივება.

 

  1. არ შეიძლება, არ აღინიშნოს ერთი შედეგი, რომელიც წინასწარ არ გამიჭვრეტია – მშობლებმა მოიფიქრეს და კლასში მოიტანეს 20 საინტერესო, სახალისო, შემეცნებითი თამაში, რომელთა უმრავლესობა მრავალჯერადი გამოყენების გამოდგა და რესურსებად დაგვრჩა კლასში.

დასკვნის სახით კი მინდა გითხრათ, რომ მშობელთა აქტიური ჩართულობა მხოლოდ დამატებით აქტივობა არ არის — ეს არის სასკოლო ცხოვრების აუცილებელი შემადგენელი ნაწილი. სწორად დაგეგმილი და მიზანმიმართული ჩართულობის სტრატეგიები ხელს უწყობს ბავშვების როგორც აკადემიურ, ისე სოციალურ განვითარებას.

პროექტი „მშობლები და შვილები“ იმის დასტურია – სახალისო ფორმატში განხორციელებული აქტივობები, როგორ გადაიზარდა კარგ საგანმანათლებლო გამოცდილებაში და ისეთი მასშტაბები შეიძინა, როგორსაც თავიდან ალბათ არც კი მოველოდი.

პროექტი შეიძლება განვახორციელოთ სხვა კლასებშიც. მაგ: მეხუთე კლასში, როდესაც საფეხური იცვლება და მასწავლებელს სურს მშობლებისა და ბავშვების უფრო ახლოს გაცნობა. მნიშვნელოვანია, წინასწარი დაგეგმვა და მშობელთა მხარდაჭერა.

იმედი მაქვს, ეს გამოცდილება წაადგება სხვა მასწავლებლების საქმიანობასაც და კიდევ ერთხელ დარწმუნდებიან, რომ მშობელთა ჩართულობა საჭიროა და რეალურად ახდენს გავლენას მოსწავლეთა მოტივაციასა და მათი სხვადასხვა უნარ-ჩვევების განვითარებაზე.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“