თანამედროვე ცხოვრება, სამეცნიერო და ტექნოლოგიური პროგრესის ეპოქაში სულ უფრო მრავალფეროვანი და რთული ხდება, რაც მოითხოვს ადამიანისგან არა ჩვეულ მოქმედებებს, არამედ აზროვნების მოქნილობას, სწრაფ ორიენტაციასა და ადაპტაციას. მნიშვნელოვანია, ადამიანი ფლობდეს შემოქმედებით უნარებს, შეეძლოს არასტანდარტული გადაწყვეტილებების მიღება.
შემოქმედებითობა უმთავრესი აზროვნებითი ინსტრუმენტია და არა სასწავლო საგანი. შემოქმედებით აზროვნებას სჭირდება ვარჯიში, ის ვითარდება დროთა განმავლობაში, პიროვნებასა და გარემოსთან კავშირში. ამ უნარის განვითარების აუცილებლობაზე მიუთითებენ ფსიქოლოგებიც და აღნიშნავენ, რომ ეს არის ადამიანის შესაძლებლობა, ააგოს თავისი სამყარო, გამოხატოს დამოკიდებულება და წარმოაჩინოს თავი ამ სამყაროში.
სწავლებისთვის მნიშვნელოვანია ანალიზის უნარი და მისი სხვებისთვის მიწოდება. იზრდება სკოლის როლი აქტიური, ინიციატივის მქონე და კრეატიული ადამიანის ჩამოყალიბებაში. ბოლო წლებში სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული კვლევების შედარებითმა ანალიზმა ნათლად აჩვენა საგანმანათლებლო სისტემის გავლენა შემოქმედებითი აზროვნების განვითარებაზე. ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით მოსწავლეთა მაღალი სააზროვნო უნარების განვითარების ხელშეწყობა უმთავრესი მოთხოვნაა და მის განვითარებას გარკვეული ძალისხმევა სჭირდება. ერთ-ერთი მიმართულება, რომელზეც სასწავლო პროცესში ყურადღება უნდა გამახვილდეს, შემოქმედებითი აზროვნების უნარის განვითარებაა.
ფსიქოლოგიაში კრეატიულობა ხშირად შემოქმედებითი აზროვნების სინონიმად გამოიყენება, ტერმინი კრეატიულობა მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან creation, რაც ნიშნავს „რაიმეს შექმნას“. კრეატიულობა გულისხმობს ადამიანის შესაძლებლობას, შექმნას ახალი, ორიგინალური პროდუქტი თავისი საქმიანობის სფეროში, ეს არის აზროვნება, რომლის წყალობითაც პიროვნებას შეუძლია თითქოს ჩვეულებრივი და გასაგები სამყაროს მოვლენებში რაღაც უჩვეულო დაინახოს.
„არსებობს თუ არა თვისებები, რომლებიც კრეატიულ ადამიანებს გამოარჩევს? განსხვავება, რომლითაც ისინი სხვა ადამიანებისგან განსხვავდებიან ერთი სიტყვით, ალბათ სიტყვა „კომპლექსურობით“ გამოიხატება. ამაში ვგულისხმობ იმას, რომ ისინი აზროვნებისა და ქმედების ისეთ ტენდენციებს ავლენენ, რომლებიც სხვა ადამიანებს არ გააჩნიათ“. (მიჰაია ჩიქსენტმიჰაი, 2012:48). კრეატიულობასთან დაკავშირებული პიროვნული თავისებურებების შესახებ ჩატარებული კვლევების შედეგები თითქმის ერთნაირია. გამოიყოფა ზოგიერთი პიროვნული ნიშანი. ასეთი ადამიანები მიისწრაფვიან თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმალური რეალიზების, რისკიანი მოქმედებებისა და თავიანთი უნარების შემოწმებისაკენ.
როგორც შემოქმედებითი აზროვნების ერთ-ერთი გამოჩენილი მკვლევარი ედუარდ დე ბონო მიიჩნევს, არ არის აუცილებელი, შემოქმედებითი პროცესი კოლექტიურ შრომად გადავაქციოთ. „შესაბამისი გარემოს შექმნითა და კარგად შერჩეული მეთოდების გამოყენებით ინდივიდი შეიძლება ბევრად უფრო ეფექტიან შემოქმედებით ნატურად ვაქციოთ, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოავლენს ამ უნარს“ (ე. ბონო, 2005:245). ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მეცნიერთა დიდი ნაწილი აზროვნებას ინდივიდის პიროვნულ თვისებად რაცხდა და მის გაუმჯობესებას შეუძლებლად მიიჩნევდა. კვლევების შედეგად დადგინდა, რომ შესაძლებელია კრეატიულობის განვითარება, გაძლიერება და ხელშეწყობა ერთი ადამიანის ან ჯგუფური გარემოს საშუალებით.
ხშირად შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნება ერთმანეთში ერევათ, რადგან ორივე უნარი პრობლემური სიტუაციების გადაჭრისთვის არის აუცილებელი. კრიტიკული აზროვნება მოითხოვს შესაბამისი ან საუკეთესო პასუხის მოძებნას, ახსნას, ლოგიკურ დასაბუთებას. შემოქმედებითი აზროვნების დროს დასაშვებია ერთზე მეტი პასუხის არსებობა, იგი მოითხოვს წარმოსახვის გააქტიურებას.
შემოქმედებითი აზროვნება არის რთული სააზროვნო უნარ-ჩვევა, არაშაბლონური აზროვნება, რომელიც გვეხმარება პრობლემის არასტანდარტული, ორიგინალური გზებით მოგვარებაში. ის ხასიათდება იდეების სიმრავლით, მრავალფეროვნებით, პრობლემური საკითხების მყისიერი მოგვარებით. მისი წყალობით პიროვნებას შეუძლია თითქოს ჩვეულებრივ და გასაგებ სამყაროს მოვლენებში რაღაც უჩვეულოს დანახვა. შემოქმედებითობა ვითარდება დროთა განმავალობაში, პიროვნებისა და გარემოს ერთმანეთთან კავშირში. შემოქმედ ადამიანებს აქვთ უნარი, მოერგონ თითქმის ყველა სიტუაციას და მათ ხელს არსებული მწირი რესურსებით სასურველ მიზანს მიაღწიონ.
სწავლების პროცესში მოსწავლის წარმოსახვის ჩართვა აუცილებელი კომპონენტია. ის მოსწავლის აზრს სძენს მოქნილობასა და კრეატიულობას. შემოქმედებითი აზროვნების კვლევისას ითვალისწინებენ არა მხოლოდ აზროვნების პროცესსა და პროდუქტს, არამედ თავად პიროვნებას, რადგან სწორედ ის ახორციელებს შემოქმედებით აქტს. შემოქმედებითი აზროვნებისას ადამიანი აზროვნებას ერთი კონკრეტული საკითხით იწყებს, მაგრამ კვლევა-ძიების პროცესში სხვადასხვა მიმართულებით ვითარდება, რის შედეგადაც წარმოიშობა მრავალფეროვანი, ფართო, საინტერესო არჩევანი. ეს ნიშნავს რაიმეს ახალი გზით კეთებას ან დანახვას, რაც ხასიათდება იდეების სიმრავლით, მრავალფეროვნებით, სიახლითა და გარდაქმნის უნარით.
რა შემთხვევაში არის აუცილებელი მასწავლებელმა დაგეგმოს შემოქმედებითი აზროვნების განვითარებისთვის აუცილებელი ინტერვენციები?
კვლევების თანახმად, თუ მოსწავლეებისთვის უმთავრესია სახელმძღვანელოში მოცემული მასალის დამახსოვრება, მათ უჭირთ პრობლემის გამოკვეთა და ამ პრობლემის გადაჭრა, როდესაც დავალება იძლევა სხვადასხვა ალტერნატიული ხერხით შესრულების საშუალებას ან არსებობს პასუხის რამდენიმე ვარიანტი, საიდანაც მოსწავლეს მოეთხოვება, მისი გადაჭრის ორიგინალური გზის მოფიქრება. მათთვის რთულია პრობლემის იდენტიფიცირება, მისი გადაჭრის რამდენიმე გზის განხილვა, პასუხში გარკვეული სუბიექტურობის ელემენტის დაშვება, ოპტიმალური ვარიანტის შერჩევა და შეფასება, შედეგის გაუმჯობესება. საყურადღებოა კიდევ ერთი ფაქტი, მოსწავლეები ჯგუფებში მუშაობისას კრეატიულ მოსაზრებებს გამოთქვამენ, მაგრამ მოკრძალებას იჩენენ საკუთარი აზრის ჩამოყალიბების დროს, გარკვეული ნაწილი კი საერთოდ არ იღებს მონაწილეობას დისკუსიაში.
როგორც ცნობილია, აზროვნება იწყება იქ, სადაც ჩნდება პრობლემა. პრობლემის გადაჭრა მოითხოვს აზროვნების ისეთ კომპლექსურ უნარებს, როგორებიცაა: ანალიტიკური, შემოქმედებითი, კრიტიკული აზროვნება. კვლევების მიხედვით, სტანდარტული ამოცანები იდეების გენერირებას, უფრო აფერხებენ, ვიდრე სტიმულს აძლევენ კრეატიული. როდესაც რაიმე პრობლემის გადაჭრის გზებს განვიხილავთ, ჩნდება ახალი იდეები ისეთ გარემოში, სადაც არ არის ნეგატიური და კრიტიკული კომენტარები, არ აქვთ შიში არასწორი შეფასებების.
არაპირდაპირი სწავლების მეთოდების გამოყენება, განსაკუთრებით უწყობს ხელს აღნიშნული უნარის განვითარებას:
საკლასო დისკუსია;
როლური თამაშები;
გონებრივი იერიში;
პროექტებით სწავლება;
პრობლემაზე ორიენტირებული სწავლება.
გაგაცნობთ ჩემს ერთ-ერთ სასწავლო პროექტს, რომელმაც ხელი შეუწყო თეორიული ცოდნის სხვა სიტუაციაში გამოყენებას და ახალი, კრეატიული იდეებისთვის სტიმულის გამომწვევი აღმოჩნდა.
იმ პერიოდში მე-9 კლასთან ვმუშაობდი თემაზე „წრე და წრეწირი“, წრეწირთან დაკავშირებული კუთხეებისა და მონაკვეთების თვისებების გამოყენება ამ პრაქტიკული ხასიათის ამოცანაში მათემატიკური მოდელირება, პრობლემის შემოქმედებითად გადაწყვეტა, ძალიან დამეხმარა მოსწავლეებისთვის მისი აქტუალურობის დამტკიცებაში.
პრობლემა – გაეცანით სპორტული თამაშის – რაგბის წესებს. წრეწირთან დაკავშირებული კუთხეების (ჩახაზული კუთხე, მკვეთი კუთხე) თვისებების გამოყენებით, ახსენით: რატომ ცდილობს რაგბისტი ლელოს კარის ცენტრის ახლოს გატანას?
მოსწავლეები დიდი ინტერესით გაეცნენ ერთ-ერთი ულამაზესი და ვაჟკაცური სპორტული თამაშის – რაგბის წესებს. კლასში რამდენიმე ბიჭი იყო დაკავებული სპორტის ამ სახეობით. ინიციატივა ერთ-ერთმა აიღო. ის აკადემიურად დაბალი მოსწრების იყო და ინტერესს საგნისადმი არ ამჟღავნებდა, თუმცა პროექტს დიდი ენთუზიაზმით გაუკეთა ორგანიზება. თანაკლასელებს დაათვალიერებინა რაგბის მოედანი, აუხსნა თამაშის წესები, ესაუბრა ცნობილ ქართველ მორაგბეებზე, მათ წარმატებებზე. მსოფლიო რაგბის სიახლეებზე, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ლელოს დადებაზე, რომელიც 5 ქულის მომტანია, გარდასახვის რეალიზება კი 2 ქულაა. გარდასახვა ლელოს დადების ხაზიდან სრულდება. დამრტყმელს სურვილისამებრ შეუძლია ბურთის წინ ან უკან გაწევა. მთავარი პრინციპია – ლელოს დადებისას მოთამაშემ ბურთზე კონტროლი არ დაკარგოს.
დამატებითი ინფორმაციისთვის, მოსწავლეები გაეცნენ ელექტრონულ რესურსებს:: https://www.youtube.com/watch?v=WqG4YZNF0ys
https://liberali.ge/articles/view/35565/ragbis-tsesebi–is-rats-unda-vitsodet
https://www.world.rugby/the-game/laws/law/1
https://www.nbcolympics.com/news/rugby-101-olympic-rules-and-regulations
„ციფრული აბორიგენები“, რა თქმა უნდა, ხელოვნურ ინტელექტსაც დაუკავშირდნენ. ტერმინი „ციფრული აბორიგენი“ (Digital Natives) ამერიკელ პროფესორს, მარკ პრენსკის ეკუთვნის. მან ტერმინი ტექნოლოგიური პროგრესის ეპოქაში დაბადებული და გაზრდილი ადამიანების მისამართით გამოიყენა.
Chat GPT – ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ხელოვნური ინტელექტის მოდელია. შემქმნელებმა ყველაფერი ასწავლეს, რაც საჯაროდ მოიპოვება ინტერნეტსივრცეში. ეს არის განუსაზღვრელი ინფორმაცია, რაც მას საშუალებას აძლევს, ამოცანის გადაჭრისას გააანალიზოს მილიარდობით სხვადასხვა ვარიანტი და აირჩიოს საუკეთესო. Chat GPT-ის IQ დღესდღეობით არის 155, აინშტაინის იყო 160. ადამიანის IQ-ს მაქსიმუმი 210 იყო. მისი ახალი ვერსია 10-ჯერ ჭკვიანია წინა ვერსიაზე, რაც მიუთითებს მისი განვითარების სისწრაფეზე.
Chat GPT-ს პასუხი – „რაგბიში ლელოს გატანა კარის ძელთა ცენტრთან აადვილებს გარდასახვის დარტყმას. ლელოს გატანისას გუნდს აქვს შესაძლებლობა, დაამატოს დამატებითი ქულები გარდასახვის დარტყმით, რომელიც აღებულია ლელოს გატანილი პერპენდიკულარული ადგილიდან.
თუ ლელო დატანილია ცენტრთან ახლოს, დარტყმა შეიძლება შესრულდეს უფრო პირდაპირი პოზიციიდან, რაც ამცირებს დარტყმის კუთხესა და მანძილს. ცენტრალური პოზიცია დამრტყმელს უკეთეს შანსს აძლევს, ზუსტად დაარტყას ბურთი ძელსა და ძელს შორის, რაც ზრდის ლელოს დამატებით ქულებად გარდაქმნის ალბათობას“.
დასკვნა, რაგბი კომპლექსური თამაშია და მისი რეგულირებისთვის არაერთი წესი არსებობს, ერთ-ერთი წესის მიხედვით, გარდასახვისა და ლელოს დადების წერტილები უნდა მდებარეობდეს ერთ წრფეზე. ხოლო იმის დადგენა, რამდენი მეტრით დაშორებული იქნება გარდასახვის წერტილი კარის ხაზიდან, რაგბისტის გადასწყვეტია. რაგბისტები თავიანთი გამოცდილებით ადგენენ საუკეთესო დაშორებას კარის ხაზიდან და ზრდიან გარდასახვის განხორციელების ალბათობას. ჩვენ კი ამ ყველაფერს მათემატიკურ ახსნას მოვუძებნით.
განვიხილოთ სხვადასხვა შემთხვევა.
შემთხვევა 1.
ლელოს წერტილი მდებარეობს კარებს შორის.
CD – კარების სიგრძე (6 მეტრი)
AB – მანძილი ლელოს წერტილიდან გარდასახვის წერტილამდე
გამოვთვალოთ ის კუთხე, რომლის ფარგლებში რაგბისტს შეუძლია, გარდასახვის შესრულება. რაც დიდია კუთხე, მით მეტია გარდასახვის შესრულების ალბათობა.
ტანგენსი (tg) არის მოპირდაპირე და მიმდებარე კათეტების შეფარდება. ტანგენსის რიცხვითი მნიშვნელობის გარკვევის შემდეგ შესაძლებელია მისი საშუალებით შესაბამისი კუთხის ზომის დადგენა.
ჩვენ გვაინტერესებს კუთხე CBD. BC=BD, სამკუთხედი CBD ტოლფერდაა, აქედან გამომდინარე AB სიმაღლეცაა, ბისექტრისაც და მედიანაც. ამიტომ კუთხე CBD ორჯერ დიდია კუთხე CBA-ზე და კუთხე ABD-ზე.
1) AB=10 მ, < CBD=4°
2) AB=20 მ, < CBD=17°
3) AB=30 მ, <CBD=12° 20 ‘
4) AB=40 მ, < CBD=8 ° 40 ‘
შემთხვევა 2.
ლელოს დადების წერტილი დაშორებულია კარიდან 28 და 34 მეტრით.
ჩვენ გვაინტერესებს კუთხე ACB. მისი გამოთვლა შემდეგნაირად არის შესაძლებელი:
<ACB=<DAC – <ABC (რადგან კუთხე DAC სამკუთხედ CAB-ს გარე კუთხეა)
ამ შემთხვევაშიც ჩვენ შეგვიძლია, კუთხეების DAC-ს და ABC-ს ტანგენსის დახმარებით შევასრულოთ გამოთვლა და ვიპოვოთ ჩვენთვის სასურველი კუთხის ზომა. შედეგები შემდეგია:
1) CD=10 მ, < ACB=3°20 ‘
2) CD=20 მ, <ACB=5 °
3) CD=30 მ, < ACB=5° 30’
4) CD=40 მ, < ACB=5° 30 ‘
ამ გამოთვლების დახმარებით ვიგებთ, რატომ ცდილობენ რაგბისტები ლელოს კარებს შორის დადებას, ასევე დადგინდა კანონზომიერება, რომლის მიხედვითაც მანძილის გაზრდით კუთხეც იზრდება, შემდეგ მცირდება ზრდა და თითქმის იგივე რჩება, ბოლოს კი იწყებს კლებას. ეს, რა თქმა უნდა, ორივე შემთხვევაში სხვადასხვანაირად ვლინდება. პირველ შემთხვევაში ყველაფერი სწრაფად ხდება, მეორეში კი შედარებით ნელა.
კუთხე AEB ჩახაზული კუთხეა და გამოითვლება AB რკალის ორზე გაყოფით, ხოლო კუთხე AKB მკვეთი კუთხეა და არის MN და AB რკალების სხვაობის ნახევარი.
ამოცანის ამ კუთხით გადაწყვეტამ, მოსწავლეების დიდი ინტერესი გამოიწვია. დაიწყო კვლევა – კიდევ სად შეიძლება იყოს გამოყენებული ცენტრული, ჩახაზული და მკვეთი კუთხეების თვისებები? იყო ბევრი ვერსია, მათ შორის არასწორი, თუმცა მოსწავლეები თავისუფლად გამოთქვამდნენ მოსაზრებებს. აგებდნენ წრეწირთან დაკავშირებულ კუთხეებს რვეულში, დაფაზე და წარმოსახვით, როგორც აღნიშნეს. ფიქრის, ანალიზის, კამათის, არგუმენტირების, ფანტაზიის, წარმოსახვის შემდეგ გაჩნდა ვარაუდი, რომ შეუძლებელია ეს მშვილდოსნობაში არ იყოს გამოყენებული. მშვილდის ფორმა და დამიზნების კუთხე წრეწირთან დაკავშირებული გეომეტრიული ცნებების გამოყენებას მოითხოვს. გაჩნდა ახალი იდეები, ზუსტი დამიზნებისთვის ცენტრული და ჩახაზული კუთხეების დასადგენი გამოთვლების შესასრულებლად. საქართველოში მშვილდოსნობა ოდითგანვე იყო გავრცელებული, როგორც ნადირობისა და თავდაცვის საშუალება. მოსწავლეებს მისი ისტორიისა და წესების შესწავლის სურვილი გაუჩნდათ, რაც ახალი აქტივობის დაგეგმვის საშუალებას მაძლევდა.
პრობლემის იდენტიფიცირებამ, მისი სხვადასხვა კუთხით შესწავლამ, მრავალფეროვანი იდეებიდან უკეთესი ვარიანტის შერჩევამ, მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას შეუწყო ხელი.
კრეატიულობის შეფასების აბსოლუტურად ობიექტური გზა არ არსებობს. თუმცა, მსგავსი აქტივობები ქმნის გარემოს, სადაც მოსწავლეებს:
შეუძლიათ მოიფიქრონ ახალი იდეები;
დაიცვან თავიანთი იდეები;
ეძიონ პრობლემები ახალ იდეებში;
იფიქრონ მათი გადაჭრის გზებზე;
იღებენ საუკეთესო გადაწყვეტილებას;
დამოუკიდებლად აკეთებენ არჩევანს;
გარემო თავისუფალია კრიტიკისგან;
შეუძლიათ კრეატიული მუშაობა.
ამაყობენ საკუთარი კრეატიული ნამუშევრებით, ინიციატივებითა და იდეებით.
მოსწავლეებში შემოქმედებითი პოტენციალის, პროდუქტიული აზროვნების გაუმჯობესების, წარმოსახვის გაძლიერებისთვის აუცილებელია, მასწავლებლებმა:
- მოსწავლეებს შესაძლებლობა მივცეთ, გაკვეთილზე გამოავლინონ ფანტაზიის, წარმოსახვის უნარი;
- წავახალისოთ მოსწავლეები ახალი (ორიგინალური) იდეებისთვის;
- ხელი შევუწყოთ დისკუსიებისა და დებატების ხშირ გამოყენებას, მივცეთ მათ თავისუფალი სივრცე საკუთარი აზრის გამოთქმისთვის;
- ხელი შევუწყოთ მოსწავლეებში თვითშეფასების ამაღლებას;
- ხელი შევუწყოთ როლური თამაშების ხშირ გამოყენებას;
- მივცეთ მათ არჩევანის გაკეთების საშუალება პროექტების, დისკუსიის, დებატების თემების განსაზღვრისთვის;
- ცალკეული მეთოდის ან აქტივობის დაგეგმვის წინ გავეცნოთ საჭირო ლიტერატურას;
- ხშირად განვახორციელოთ ისეთი აქტივობები, რომლებიც მოსწავლეებში გაზრდის ჩართულობის ხარისხს სასწავლო პროცესში;
- მივცეთ მოსწავლეებს პრობლემის გადაჭრის რამდენიმე შესაძლებლობის განხილვის საშუალება;
- დავგეგმოთ აქტივობები, რომლებიც ორიენტირებულია ნაპოვნი გადაწყვეტილების გაუმჯობესების შესაძლებლობაზე;
- დავგეგმოთ გაკვეთილები ისე, რომ ის ხელს უწყობდეს იდეების გენერირებას.
ბოლოდროინდელმა კვლევებმა, უარყო აზრი იმის შესახებ, რომ კრეატიულობა თანდაყოლილი ან გენეტიკურია. პირიქით, ახლა მეცნიერები მიიჩნევენ, რომ კრეატიულობა არის უნარი, რომლის განვითარება შესაძლებელია რეგულარული პრაქტიკითა და ვარჯიშით. კრეატიულობის მთავარი ასპექტია, აზროვნების რუტინული შაბლონებისგან თავის დაღწევა, ანუ მოქნილი აზროვნება. კონკრეტულ სფეროში ცოდნის მდიდარი მარაგი კრეატიულობის საწინდარია, მაგრამ ზოგჯერ ეს არ არის საკმარისი. აუცილებელია, ადამიანს ჰქონდეს საკითხის თუ მოვლენის სხვა კუთხით დანახვისა და პრობლემის რესტრუქტურიზების უნარი, რაც პრობლემის არსში ღრმად წვდომის საშუალებას იძლევა.
გამოყენებული ლიტერატურა და ინტერნეტ რესურსები:
- ს.გორგოძე, მ. ბოჭორიშვილი, ნ.ჭიაბრიშვილი, ქ.ჭიაბრიშვილი, გ.გახელაძე „ვისწავლოთ და ვასწავლოთ კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება, წარმოსახვითი განათლება“, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი, თბილისი, 2010 წელი;
- Э. Боно, Серьёзное творческое мышление, 2005, изд. «Белорусский дом печати»;
- კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება, წარმოსახვითი განათლება, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი, თბილისი, 2012;
- ლევან ალფაიძე, საუბარი სერ კენ რობინსონთან – რატომ გახდა შემოქმედებითი აზროვნება ასეთი მნიშვნელოვანი? ge, 24 ნოემბერი, 2015;
- https://mastsavlebeli.ge/?p=11897
- https://plato.stanford.edu/entries/creativity/
- https://99designs.com/blog/creative-thinking/what-is-creativity/






