ხუთშაბათი, იანვარი 29, 2026
29 იანვარი, ხუთშაბათი, 2026

მეტაფორულ-იგავური აზროვნების განვითარებისთვის

გიფიქრიათ, როგორ შეიძლება განვუვითაროთ მოსწავლეებს იგავურ-მეტაფორული აზროვნება? ერთია, ასწავლო მათ იგავის მახასიათებლები ან ამოაცნობინო მეტაფორა, მეორეა, თავად შექმნან ის.

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ნინო ლომიძემ, ვფიქრობ, შესანიშნავად ახსნა, რას გულისხმობს ტროპული მეტყველების ეს საკმაოდ რთული სახე (იხ. ბმული), ამიტომ მასზე ვრცელ თეორიულ მსჯელობასა და უხვი მაგალითების მოხმობას აღარ მოვყვები.

ყოველთვის, როდესაც მხატვრული ხერხების ახსნაზე მიდგებოდა ხოლმე ჯერი, მოსწავლეებს არისტოტელეს მოსაზრებას ვაცნობდი. ფილოსოფოსის თვალთახედვით, ისტორიკოსს აინტერესებს ფაქტები – ის, თუ რა მოხდა, ხოლო პოეტისთვის მნიშვნელოვანია, რა შეიძლება მომხდარიყო. ამიტომაც მიიჩნევს ის პოეზიას უფრო ფილოსოფიურად (არისტოტელე, 1979: 161). ჩემი მხრივ, იმასაც ვამატებ ხოლმე, რომ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, როგორ გადმოიცა ეს ამბავი.

საკითხზე საუბარს აუცილებლად მოჰყვება თხოვნა, დაფიქრდნენ იმაზე, რომ კაცობრიობის ისტორიაში ამდენი მხატვრული ნაწარმოები დაიწერა, წიგნი კი (არა საგანი, არამედ მხატვრული სიტყვა) ისევ გვაღელვებს. კი მაგრამ, სიყვარულზე არ წერს ყველა? სამშობლოზე არ წერს? მეგობრობაზე? ღალატზე? ერთგულებაზე? ბოლოს და ბოლოს, ერთმა დიდმა წიგნმა, ბიბლიას რომ ვუწოდებთ, ისეთი ამბები შემოინახა, ძმის მკვლელობით (კაენი და აბელი) დაწყებული და მეგობრის ღალატით (პეტრეს მიერ იესოს გაცემა) დამთავრებული, რომ, წესით, სათქმელი აღარაფერი უნდა დარჩენილიყო. მაშ, რას ვეძებთ, რით ვეღარ ამოვწურეთ ეს საკითხები ან მწერლებმა, ან მკითხველებმა?

პასუხი ერთი უნდა იყოს: ცხადია, თემები მეორდება, ალბათ, სათქმელიც იგივეა, მაგრამ როგორ არის გადმოცემული ეს სათქმელი – აი, რა გვხიბლავს მკითხველებს. ე.ი. როგორობაა მნიშვნელოვანი. აბა, დავუკვირდეთ: მე, არაპოეტი, ვიტყვი, რომ დაღამდა. არაფერია ამაში განსაკუთრებული. მაგრამ ვაჟა ამას, იცით, როგორ გადმოგვცემს? –

„დღემ დაიხურა პირბადე,

მთებმა დახუჭეს თვალები“ (ვაჟა-ფშაველა, 1892)

ჯერ ხომ გაპიროვნებას გამოიყენებს (რანაირად დაიხურავს დღე პირბადეს ან მთები როგორ დახუჭავენ თვალებს, – ეს ხომ გასულიერების მაგალითებია), მაგრამ,  გარდა ამ ხერხისა, კიდევ უნდა ვიგულვოთ რაღაც ამგვარ ნათქვამში. მაშ, როგორ გავიგოთ ეს ტაეპები? დღემ თუ პირბადე დაიხურა, რა მოხდა? – რა მოხდა და დაღამდა. მეტიც: ვაჟას ღამე ქალია. პირბადე დაიხურა.

ხედავთ? ლამაზია! შთამბეჭდავია! მე მომწონს. პოეტი ამიტომაცაა პოეტი,  თორემ „დაღამდას“ ხომ ყველა იტყვის.

მოკლედ, ეს მეტაფორაა. ერთი საგნისა თუ მოვლენის ნიშანი მეორე საგანზე გადაიტანა ავტორმა, მაგრამ ისე, რომ პირველ ეტაპზე შეადარა ისინი ერთმანეთს, მაგრამ შედარების გამომხატველი ფორმები აღარ ასახა (როგორც, თითქოს, ჰგავს, ვით,-ებრ და სხვ.).

 

* * *

დაწყებით საფეხურზე, მე-6 კლასში, მოსწავლეები სწავლობენ ქართულ ზღაპარს – „სოლომონ მეფე და ბერიკაცი“ (როდონაია, 2018: 76-78). ზღაპრის პირველი ნაწილი, ერთი შეხედვით, საკმაოდ ბუნდოვანია და, ცხადია, მისი გადმოცემაც გაგიჭირდება, თუ მეორე ნაწილი არ წაიკითხე. შესაძლოა, რაღაც თვალსაზრისით, მეთოდოლოგიურად გაუმართლებლად მიიჩნეოდეს ამგვარი ქმედება, მაგრამ ამ დაფარული ენის შესახებ ბავშვებისთვის არა მითქვამს რა. კომენტირებული კითხვის მეთოდით ავხსენით გაკვეთილი, იქვე შემხვედრი იდიომის კვალობაზე, ფრაზეოლოგიზმების მნიშვნელობაც გამოვკვეთეთ,  მეტაფორასა და იდიომს შორის განმასხვავებელი და საერთო ნიშნებიც გამოვავლინეთ და ტექსტის პირველი ნაწილი – მოსაყოლად, ხოლო იდიომი – გააზრებით სასწავლად მივეცი.

მეორე დღეს ზოგმა დაიჩივლა – მაას, ვერაფერიც ვერ გავიგეთო! ზოგმა – აუ, მაგას რა უნდოდაო! სხვამ – გამიადვილდა, იმიტომ, რომ მეორე ნაწილიც წავიკითხეო.

საბოლოოდ, ტექსტის მეორე ნაწილიც ავხსენით, გამოვარკვიეთ, რომელ პერსონაჟს რა ახასიათებდა და სპონტანურად პატარა აქტივობაც დავგეგმეთ.

მიცემული დავალება მოსწავლეებს 8 წუთში უნდა შეესრულებინათ მეწყვილესთან ერთად: ერთ-ერთს (თავად უნდა შეთანხმებულიყვნენ, რომელს) მოეფიქრებინა მარტივი დიალოგის (თითოწინადადებიანი კითხვა-პასუხის) მაგალითი ისე, რომ მეწყვილესთვის არ ეცნობებინა, რომელ სიტყვაში რას გულისხმობდა და რა შინაარსი იდო მოფიქრებულ წინადადებაში.

თავდაპირველად ცოტა დაიბნენ. თითქოს საკუთარ თავზეც მომივიდა გული, უფრო მკაფიოდ რატომ არ დავგეგმე ეს აქტივობა-მეთქი და მაშინვე გამოსავალზე დავიწყე ფიქრი. ცხადია, მათივე დახმარებით. – მაას, მაგალითად, როგორო? – როგორ და, აი, ზღაპარში ხომ ერთს გულისხმობენ და მეორეს ამბობენ, თქვენც მასე-მეთქი.

შემიმჩნევია: როგორც კი მოსწავლედ წარმოიდგენ თავს, ყველაფერი საუკეთესოდ გამოგდის, სწავლებაც და აღზრდაც.

– ახლავე გეტყვით, მეგობრებო! უცებ რაც მომაფიქრდა, აი, ესაა: „რქიანმა ყუთმა რაოო? აღარავის ვჭირდები და მოვიწყინეო“. აბა, რა გითხარით?

– მმ… როგორმა ყუთმა, მას?

– რქიანმა!

– მას, მგონი, ტელევიზორია ყუთი.

– და მაას, რქიანი რატოა?

90-იანი წლების ბავშვს სხვა რა გაახსენდებოდა, თუ არა ანტენიანი ტელევიზორი. მეც ავუხსენი, რომ ნივთი ყველასთვის ასე გაიგებოდა და რაკი საყოველთაო ნიშან-ხატად ითვლებოდა, მარტივი იყო მისი ამოცნობაც.

ერთმა მოსწავლემ მოირბინა და მიჩურჩულა:

– აუ, მაას, ხომ შეიძლება ტელეფონზე ამის თქმა, რკინის ყუთმა მოიწყინაო?

შეიძლება-მეთქი.

უმალვე მეტაფორა ცოტა გავართულეთ და სასრიალო მოედანმა რომ თვალები დახუჭა, ის მაგალითი გაუზიარა მეგობარს. ჩემდა გასაკვირად, მეწყვილემ სენსორებიანი ტელეფონის/პლანშეტის გათიშვა ამოიცნო.

ამას სხვა მაგალითები მოჰყვა:

– მაას, ძალიან თუ დაცხა, შეიძლება, ვთქვა, ყვითელი ყუთი გაბრაზდა-მეთქი?

მოდი, დემეტრე, ყუთის ნაცვლად ბურთი ვთქვათ, რაკი მზე მრგვალია. თუ გინდა, გაართულე და „ყვითელი ბურთი გაწიწმატდა“ უთხარი-მეთქი. „გაწიწმატება“ არ იცოდა, „დაწიწმატდა“ მოესმა და ბოლოს, ისევ „გაბრაზება“ ამჯობინა.

ამასობაში ზარიც დაირეკა და მხოლოდ შინ დაბრუნებისა და თვითრეფლექსიის შემდეგ მივხვდი, რომ ბავშვები გამოცანების წერასაც შეძლებენ, თუ მეტაფორულ და იგავურ მეტყველებას აუღეს ალღო. გამახსენდა, რომ როდესაც პირველად შევედი სკოლაში მასწავლებლად, მეც მათსავით ვასრულებდი ჩემ მიერ მიცემულ დავალებებს. თავად რომ იყო მოსწავლე, როგორ სწავლებას ისურვებდი? – საკმარისია, ეს კითხვა დაუსვა თავს და სწორი გზისკენ სვლას იწყებ, ისეთი გზისკენ, სადაც შენც და მოსწავლეც ერთი მიმართულებით მიდიხართ. ეს კი აღსაზრდელისთვისაც და აღმზრდელისათვისაც საუკეთესო და სანატრელი მდგომარეობაა. ამაში ისეთი მარტივი და მასწავლებლების სათაყვანო რამ დაგარწმუნებს, როგორიც შესვენების ზარის დარეკვის შემდეგ ერთი-ერთი მოსწავლის მიერ გზაში დაწეული ფრაზაა: – აუ, მას, ეგეთი სახლში კიდე უნდა გავაკეთო, ოღონდ დედამიწას რომ უჭირს, იმაზეო.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. არისტოტელე, პოეტიკა. წინასიტყვაობა, თარგმანი და კომენტარები პროფ. ს. დანელიასი. თბილისი, განათლება, 1979
  2. ვაჟა-ფშაველა, „ბახტრიონი“

http://www.nplg.gov.ge/civil/statiebi/saskolo/baxtrioni.htm.

  1. ნინო ლომიძე, „განვმარტოთ მეტაფორა“

https://mastsavlebeli.ge/?p=38269

  1. როდონაია, ნ., ნაკუდაშვილი, ა., არაბული, ა., ქურციკიძე, ე., ხუციშვილი, მ. თბილისი, სწავლანი, 2018

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“