საგანთა ინტეგრირებული სწავლება თანამედროვე განათლების მნიშვნელოვანი კომპონენტია. სწავლის პროცესში მასწავლებლის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, მოსწავლემ შეძლოს მიღებული ცოდნის სხვა სფეროში გადატანა. ამ პროცესს „ცოდნის ტრანსფერი“ ეწოდება. ინტეგრირებული გაკვეთილები მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, საგნებს შორის კავშირები დაინახონ, გააზრებულად იფიქრონ და ცოდნა პრაქტიკულად გამოიყენონ. დაწყებით საფეხურზე, სადაც პედაგოგი სხვადასხვა საგანს ასწავლის, საგნებს შორის კავშირების დამყარება უფრო ადვილი და ბუნებრივია.
ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე შევარჩიე თემა „როგორ ჩნდება ჩრდილი“, რომელიც ხშირად ძნელი გასაგებია დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის. გაკვეთილის მიზანი იყო, ბავშვებს გაეგოთ, როგორ წარმოიქმნება ჩრდილი სინათლის წყაროსა და საგნის ურთიერთქმედებისას და როგორი გავლენა აქვს მათ განლაგებას ჩრდილის სიგრძეზე. გადავწყვიტე, ეს თემა ქართულის გაკვეთილზე შემეტანა და შემოქმედებითად გვემუშავა ჩრდილების თეატრის გამოყენებით. ეს ხერხი საშუალებას აძლევს მოსწავლეს, ერთდროულად განივითაროს შემეცნებითი, ემოციური და სოციალური უნარები.
გაკვეთილის მიმდინარეობა
ბუნების გაკვეთილზე მოსწავლეებს დავუსვი კითხვები:
- შეუმჩნევიათ თუ არა ჩრდილი?
- როგორ ფიქრობენ, როგორ ჩნდება ის?
- გაუგონიათ თუ არა ჩრდილების თეატრის შესახებ?
თემის გასაცნობად გამოვიყენე ფარანი, ბურთი და კედელი. მოსწავლეების დახმარებით ვიზუალურად ავხსენი, როგორ ჩნდება ჩრდილი და როგორ იცვლება მისი სიგრძე. შემდეგ ეზოში გამოვცადეთ, როგორ მოქმედებს მზის მდებარეობა ჩრდილზე. ქართულის გაკვეთილზე, სადაც ჩვენი მიზანი იყო წაკითხული ტექსტის გააზრება და მხატვრულად გადმოცემა, ჩრდილების თეატრი იდეალურად მოერგო პროცესს. შევარჩიეთ შესწავლილი ტექსტები და მოსწავლეებმა თავად გაინაწილეს როლები:
- პერსონაჟები;
- მთხრობელები.
ხელოვნების გაკვეთილზე მათ მასწავლებელთან ერთად დაამზადეს თოჯინები შავი მუყაოსგან. სცენაზე გავჭიმეთ პერგამენტის ქაღალდი, მის უკან კი სანათი დავამაგრეთ. როდესაც სპექტაკლის დღე დადგა, მოსწავლეებმა დამოუკიდებლად შეძლეს განათებისა და თოჯინების მართვა, ჩრდილის წარმოქმნა, გაზრდა და დაპატარავება ბუნების გაკვეთილზე მიღებული ცოდნის გამოყენებით.
შედეგები და ტრანსფერი
სპექტაკლმა წარმატებით ჩაიარა. მოწვეული გვყავდა პარალელური კლასის მოსწავლეებიც. ბავშვებმა, რომლებმაც სპექტაკლი წარმოადგინეს, თანატოლებისგან დადებითი უკუკავშირი მიიღეს, რამაც კიდევ უფრო გაზარდა მათი მოტივაცია და თავდაჯერება.
ჩემი მოსწავლეები მიღებულ ცოდნას ეფექტურად იყენებდნენ ახალ კონტექსტში, რაც ცოდნის ტრანსფერის ცოცხალი მაგალითია.
მოსწავლეებმა განივითარეს:
- საგნობრივი (მეცნიერული და ლიტერატურული) უნარები;
- მეტყველებისა და კითხვის უნარი;
- სოციალური და შემოქმედებითი კომპეტენციები.
ეს გამოცდილება კიდევ ერთხელ ადასტურებს საგანთაშორისი ინტეგრაციისა და ცოდნის ტრანსფერის ძალას. ბავშვებმა არა მხოლოდ ისწავლეს ჩრდილის წარმოქმნის პრინციპი, არამედ დამოუკიდებლადაც გამოიყენეს ეს ცოდნა სრულიად სხვა კონტექსტში. როგორც დავით უზნაძე აღნიშნავდა, აზროვნებას „გადატანის უნარი“ ახასიათებს. სწორედ ეს უნარი გამოვლინდა ამ პროექტში. ჩემი პატარა მოსწავლეების მიერ განხორციელებული ტრანსფერი ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი და ღირებული გამოცდილება იყო პედაგოგიურ საქმიანობაში.




