კვირა, აპრილი 28, 2024
28 აპრილი, კვირა, 2024

ჩემი ლამაზი და გამბედავი გოგო

როდესაც მე ვიყავი ჟორჟის სტუდენტი, მან მითხრა, ფრანგები ამბობენ, ქალი უნდა იყოს ლამაზი  და ჩუმადო. ახლა ისინი არიან ჩემი სტუდენტები და ზედმიწევნით აკმაყოფილებენ ამ მოთხოვნებს _ თითქმის ყველა ძალიან ლამაზია და თითქმის ყველა ერთთავად ჩუმად ზის, თუმცა ისინი სულაც არ არიან ფრანგები, ისინი აზერბაიჯანელი გოგონები არიან, დადიან ჯგუფებად, ზოგი მეტისმეტად სადაა, ზოგიც _ ზედმეტად გამოპრანჭული; ერთმანეთთან ხანდახან საუბრობენ და ჩუმად კისკისებენ, მაგრამ როგორც კი სემინარი დაიწყება, უხმოდ სხდებიან და დაძაბული მისმენენ, შუბლის შეჭმუხვნაზე ვატყობ, რომ საშინაო დავალები არსი ვერ გაიგეს, მაგრამ მაინც არაფერს მეკითხებიან; ,,მოდით ჩემთან!” ვეძახი ზარის დარეკვისთანავე და ყველაფერს დაწვრილებით ვუხსნი _ ,,გაიგეთ?”_ ვეკითხები ბოლოს. თავს მიქნევენ. შემდეგ კვირას კი ზოგი ხელცარიელი მოდის, ზოგს სხვა რამ აქვს მოტანილი _ რაც ინტერნეტში იპოვა ან ქართველ მეგობარს გამოართვა; ზოგი, განსაკუთრებით კეთილსინდისიერი და მონდომებული, წერს ისე, როგორც შეუძლია _ მე მათ ქულას ვუწერ, ძალიან აინტერესებთ რა მიიღეს, ყელყელაობენ, რომ თვალი მოჰკრან ჩემს ბლოკნოტში მოხაზულ ციფრს, ვერ ხედავენ, მაგრამ მაინც არაფერს მეკითხებიან. გადის სემესტრი და მე ვერაფერს ვიგებ მათ შესახებ, ერთი ეს ვიცი, თუ მავანმა ქრისტიანმა სტუდენტმა საბოლოო პრეზენტაციების წარდგენისას ისლამის რომელიმე წესის არასწორი ინტეპრეტაცია მოახდინა, მათი უკმაყოფილო ზუზუნი გადაუვლის ხოლმე მთელ აუდიტორიას _ ესაა და ეს. ასრულებენ  სემესტრს და ჩვენ ერთმანეთს ვივიწყებთ _ ისინი მე და მე _ მათ. რა თქმა უნდა, დროდადრო გამონაკლისებიც მხვდებიან _ შედარებით თვალშისაცემები, ბეჯითები და მიზანდასახულები. ბოლოს ისიც გამოჩნდა _ დოჩანაშვილი მასზე იტყოდა ,,სამოთხრობეაო”, მე მაგდენი არ შემიძლია, ამიტომ ,,სასტატიედ” ვაქციე…

საიდა, როგორც ყველა შემდეგ სემინარზე, პირველადაც დაგვიანებით შემოვიდა. ყველა იქ მყოფზე ერთი თავით მაღალი იყო და ასე გულამოვარდნილი და ხმამაღლა მსუნთქავი განსაკუთრებით ძლიერი ჩანდა.  ზარის დარეკვისთანავე მომიახლოვდა და არა მხოლოდ იმდღევანდელი დავალება ამახსნევინა  საგულდაგულოდ, არამედ კიდევ უამრავი რამ მკითხა საგანთან დაკავშირებით, კბილიც მომისინჯა, რამდენად იოლად დავუწერდი ნიშანს სემესტრის ბოლოს. იჯდა და კითხვას კითხვაზე მისვამდა, აშკარად საუბრის გაგრძელება სურდა, მე კი უკვე ექვსი სემინარი მქონდა ჩატარებული და ერთი სული მქონდა, სახლში, შვილთან, წავსულიყავი. 

მეორე კვირას სემინარი ჩამაბარა, გამართული ქართულით ჩაწიკწიკებული, აშკარად საიდანღაც გადმოწერილი. 

_ ეს შენი დაწერილი არაა! _ ვუთხარი.
– ცოტა იქიდან… ცოტა აქიდან… ხომ ხვდებით… _ ეშმაკურად გამიღიმა.
_ მე შენი დაწერილი მინდა.
_ მე ისეთი ქართული არ იცის…
_ როგორი ქართულიც იცი, ისე დამიწერე.

_ ეგრე როგორ შეიძლება, ქართველი მეგობრები გაიცინებენ! _ მტკიცე და შეუვალი კილოთი მითხრა. და მაშინ შევხედე პირველად ყურადღებით. ადამიანები, რომელთაც ღირსება აქვთ, ჩემი სისუსტეა. შევხედე _ იღიმებოდა და უცებ აღმოვაჩინე, რომ არაჩვეულებრივად, დედოფლურად ლამაზი იყო და ისეთი შემართული, მივხვდი, ვერასოდეს მოითმენდა ოდესმე ვინმეს მისთვის ზემოდან გადმოეხედა. იმ დღეს ჯგუფური დავალება მივეცი და ყველაზე გულისხმიერი გოგოს ჯგუფში ჩავსვი, შენ მიხედე და დაეხმარე-მეთქი. სემინარის ბოლოს ისევ მოვიდა:
_ მე რა ვქნა, მასწავლებელო?

_ ანა გეტყვის და ყველაფერში დაგეხმარება.

_ ანააა? _ თვალით აზომდაზომა გულითადად მომღიმარი გოგონა. სახე შეეცვალა იმის გაფიქრებაზე, რომ  უცხოსთვის ტელეფონის ნომერი უნდა გაეცვალა, შეხვედრა დაეთქვა, მასთან ესაუბრა და ემუშავა, მისი დახმარება მიეღო. თვალებით შემევედრა, ეს ყველაფერი მისთვის ამერიდებინა, მაგრამ მზერა ისე არხეინად და უტეხად გავუსწორე, მიხვდა, აღარაფერს შევცვლიდი. ჩემზე არა, საკუთარ მორიდებულობაზე განრისხდა და ბრაზით წამოიძახა:

_ ეს იმის გამოა, კიბისქვეშ რომ ვზივარ!

ერთი წამით წარმოვიდგინე სტუდენტი, რომელიც ეროვნული უმცირესობებით დასახლებული სოფლიდან ჩამოვიდა, კიბის ქვეშ ცხოვრობს, ოღონდ უნივერსიტეტში იაროს და ცოდნის წყაროს… ფიროსმანისეული ლანდები ერთ წუთში გაქრა, მივხვდი, რომ გოგონამ უბრალოდ სიტყვასიტყვით თარგმნა იდიომი, რომელიც მის მშობლიურ ენაზე კარჩაკეტილ ადამიანს ნიშნავს. ამის შემდეგ უფრო მეტი ინტერესი გამიჩნდა მის მიმართ და უკვე ხალისით ველოდები ჩვენს საუბრებს ლექციის შემდეგ.

მას საიდა ჰქვია _ ულამაზესი აღმოსავლური სახელი. ერთადერთი გოგოა თავისი სოფლიდან, რომელიც სწავლობს. ,,კიდევ ერთმა ჩააბარა ჩემთან ერთად, გრანტი აიღო, მაგრამ მოსკოვში გათხოვდა და ასე ჩამოვიდა სოფელში” _ ხელებით მუცელთან დიდ წრეს რკალავს. ,,…ეს, _ ისევ წრეს ხაზავენ მისი გრძელი მკლავები, _ როცა გინდა, მაშინ იქნება, სწავლის შანსი კი ერთხელ”… _ და თვალები ენთება. ,,…ადრე სირცხვილი იყო ქალის სწავლა, ახლა, მე რომ ვსწავლობ, სხვებსაც მოუნდათ ჩემს სოფელში”. ,,…მე ბევრი ვიტირე და ჩემმა ძმამ გამომიშვა, მამა არ მყავს” _ ყოველთვის იოლად უწყლიანდება თვალები და გვერდით იხედება. ,,…ოღონდ შეყვარებული არ უნდა გავიჩინო, მარტო სწავლა!” _ ეშმაკურად იღიმება: სულ არ ენაღვლება, კაცებზე ძალიან ცუდი წარმოდგენისაა. ,,…ჩვენთან ხშირად სცემენ ქალებს, სულ მიწას უნდა უცქირონ, თუ თავი ასწიეს, ურტყამენ”_ მისი სახე მახსენდება, როდესაც იუკადრისა, დამცინებენო და წინასწარ შემეცოდა ის მამაკაცი, რომელიც მომავალში მისგან მორჩილი და დამცირებული ცოლის შექმნას შეეცდებოდა. ,,…ვერ ვიტან კაცებს, არა კაცებს!” _ და თვალებში მტკიცე გადაწყვეტილება აქვს აღბეჭდილი. ,,…მე უკვე ოცი წლის ვარ, სამი წლით გადავცდი ასაკს, მე აღარავინ მითხოვს” _ ქალურად  სწყდება გული _ მეცინება, ვიცი, ვისაც თვალს დაადგამს, მისი იქნება, მაგრამ სხვა რამეზე აქვს თვალი დადგმული: ,,_ახლა ინგლისურს ვისწავლი. მერე ისევ ვისწავლი, სტომატოლოგი უნდა გავხდე, ჩემს სოფელში ვიმუშავებ, ჩემი ფული მექნება, ვერავინ დამჩაგრავს!”

ამ დროს მახსენდება, რამდენჯერ მდომებია რაღაც, უცხოური სტიპენდია, სწავლა საზღვარგარეთ, პუბლიკაცია, თარგმანის გამოცემა… სულ ბოლო დღისთვის ვდებდი ყველაფერს, ბევრ რამეს გულგრილად ვეკიდებოდი, ბევრ შანსს უდარდელად ვუშვებდი ხელიდან, ბევრ რამეს ვერ მივაღწიე, იმიტომ რომ არც უკან მეგულებოდა საძულველი ჭაობი და არც წინ ველოდი ბრილიანტის ნამსხვრევებით მოსარკულ გზას. მისთვის კი სწავლა, წინსვლა, გადარჩენის შანსია, წუმპედან ამოსვლის ერთადერთი შანსი _ ამიტომ მორბის ყოველდღე თავისი სოფლიდან ლექციებზე გულამოვარდნილი, ამიტომ დაადგება ხოლმე ლექტორებს ფოსფორისფერი მარკერით ხელში, რომ ტექსტში ყველაზე არსებითი მოანიშნინოს, ამიტომ იხდის სახელმძღვანელოების თარგმნაში უკანასკნელ გროშებს, იმიტომ წერს რეფერატებს მისთვის ურთულეს ლიტერატურის თეორიაში, რომ წინ ხსნა ეგულება. თუმცა… ,,…მართალი ყოფილა ჩემი ძმა, ქალაქში ბევრი უწესო ხალხია” _ უკვე წააწყდა პირველ იმედგაცრუებას. ,,ნუ გეშინია, _ ვეუბნები, _ თუ შენ შიგნით კარგი ხარ, ყველგან კარგი იქნები, ვერავინ გაგაუწესოებს”. თავს სწევს, იცის, რომ კარგია, ისევე, როგორც იცის, რომ ლამაზია, როგორც იცის, რომ სხვებს არ ჰგავს…

მაგრამ ის სხვები, ჩუმები და მიყუჟულები, ერთ დღეს თვითონ დაემგვანებიან საიდას. ერთ დღეს აუცილებლად მოუნდებათ მეტი, ვიდრე მიწის ყურება, ლილოში ვაჭრობა და ხელპულტიანი ბრძანებლის მორჩილებაა. ჩვენ მათ ყველანაირად უნდა დავეხმაროთ, ყოველგვარი პათეტიკის გარეშე: დავუმეგობრდეთ, მივცეთ სასწავლო რესურსები, გავუადვილოთ ფეხის მოკიდება, ვასწავლოთ ქართული, არა მხოლოდ ერთწლიან მოსამზადებელ კურსებზე, არამედ უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად, მთელი ოთხი წლის მანძილზე.

_ თუ ჩემზე წერთ, ერთი კითხვა დასვით: კაცებო, რატომ გეშინიათ ჭკვიანი ქალების, რატომ? _ ცხარობს საიდა. მე კი ჟორჟი მახსენდება, დარდიმანდი და გამოწკეპილი ჟორჟი. იქაც კი, სად მოხვედრაზეც საიდა ჯერჯერობით ოცნებასაც ვერ ბედავს, გამოწკეპილი და დარდიმანდი კაცები ნატრობენ, რომ მათი მსოფლიოში ყველაზე დახვეწილი, ჭკვიანი და განვითარებული ქალები ლამაზები იყვნენ და ჩუმად ისხდნენ. ნურას უკაცრავად, მესიე ჟორჟ, ნურას უკაცრავად!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ჩემი „ვანგოგენი“

ეული ყველასთან ერთად

დარდისას გეტყვი

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი