ოთხშაბათი, ივნისი 11, 2025
11 ივნისი, ოთხშაბათი, 2025

რატომ ვკარგავთ ბავშვის ნდობას

 

ნდობის როლი და მნიშვნელობა ადამიანთა ურთიერთობაში შეუფასებელია. უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს ის ბავშვთან ურთიერთობისას. ნდობა და სიყვარული ბავშვს კომფორტის, უსაფრთხოებისა და დაცულობის განცდას უჩენს. სითბოთი და სიყვარულით გარემოცული პატარა საკუთარი შესაძლებლობების რწმენას იძენს, მშვიდად იზრდება და ვითარდება, შეიმეცნებს სამყაროს. როცა ვხედავთ ბავშვის ნათელ მზერას, მის სიხარულით გამოწვეულ გულწრფელ ღიმილს, კარგად ვგრძნობთ, თუ როგორ გვენდობა ის ჩვენ. მაგრამ, რა ხდება, როცა ბავშვის მზერაში სინათლე ქრება, ღიმილი სულ უფრო და უფრო იშვიათად ჩნდება მის სახეზე. უფროსებისა და ცხოვრებისადმი ნდობით სავსე ბავშვი მოულოდნელად ხდება პირქუში, უკმაყოფილო, აგრესიული, რაც ბუნებრივია, ჩვენში ერთგვარ დაბნეულობას, ბრაზსა და განაწყენებას იწვევს. ბედნიერება თითქოს სადღაც ქრება. განაჩენს ჰგავს იმის გაცნობიერება, რომ ბავშვი აღარ გვენდობა. ნდობის დაკარგვა შფოთვის, წუხილის, გაუგებრობის, მომავალში კი უძილო ღამეების, ჩხუბის, კონფლიქტების, კომუნიკაციის დარღვევის მნიშვნელოვან წინაპირობად შეიძლება იქცეს. ყოველივე აღნიშნული კი სერიოზულად დააზარალებს ბავშვთან ჩვენს ურთიერთობას. სამწუხაროდ, ჩვენ არ ვაფასებთ იმას, რაც გვაქვს და, როცა ვკარგავთ, მოვთქვამთ და ვტირით. გავითვალისწინოთ, რომ ნდობის დაკარგვა ძალიან ადვილია, მაგრამ მისი აღდგენა კი – უკიდურესად რთული.

ალბათ, საინტერესო იქნება იმის გაანალიზება, რა იწვევს ნდობის დაკარგვას და რა შეიძლება გავაკეთოთ იმისათვის, რომ მისი შენარჩუნება მოვახერხოთ.

 ნდობის დაკარგვის ხელშემწყობი ფაქტორები:

  • აღზრდის ავტორიტარული სტილი. როდესაც საქმე ეხება აღზრდის მეთოდს, რომელიც ბავშვთან მიმართებაში ბრძანებებს გულისხმობს, ბავშვთან ნდობით განმსჭვალულ ურთიერთობებზე შეიძლება მხოლოდ ვიოცნებოთ. ბრძანებების გაცემით და ამ ბრძანებების სიტყვაშეუბრუნებლად, მკაცრად დაცვის მოთხოვნით ჩვენ უარვყოფთ ბავშვის განცდების მნიშვნელობას, მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ ამ განცდებს ვაუფასურებთ. ისეთი ფრაზები, როგორიცაა: „შენ ბევრი რამ გინდა, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს“, ან „მე ვის ვუთხარი, მოდი აქ!“, – ნათლად გვიჩვენებს აღზრდის ზემოაღნიშნული სტრატეგიის შინაარსს. არანაირ ნდობაზე არ შეიძლება საუბარი, როდესაც ერთი ადამიანი საკუთარ განცდებს, აზრებსა და გრძნობებს სხვის გრძნობებზე და განცდებზე მნიშვნელოვნად მიიჩნევს. ოჯახები, სადაც აღზრდის ავტორიტარული სტილი გამოიყენება, როგორც წესი, ბავშვები ან ეგუებიან იმ ფაქტს, რომ ყველაფერი გადაწყვეტილია და მათზე უკვე აღარაფერია დამოკიდებული, ან აპროტესტებენ და ამბოხს აწყობენ, რაც, თავის მხრივ, სერიოზულად აზიანებს ბავშვთან ურთიერთობას. თუ პატარა სიტყვაშეუბრუნებლად ემორჩილება ბრძანებებს და დისკომფორტს არ განიცდის, ის იზრდება ისეთ პიროვნებად, რომელსაც არ შეუძლია გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება და საკუთარი აზრიც კი არ გააჩნია. ამბოხისას კი ბავშვი წყვეტს მშობლების მორჩილებას, რომლებიც მასზე მბრძანებლობენ, რაც საბოლოოდ ნდობის დაკარგვასა და ურთიერთობების დაზიანებას იწვევს. მათი აღდგენის ალბათობა კი საკმაოდ მცირეა;
  • ხშირად მშობლები მიიჩნევენ, რომ ბავშვი მათი საკუთრებაა და როგორც სურთ, ისე მოექცევიან. ასეთ მიდგომას ასევე მივყავართ ნდობის დაკარგვამდე. ბავშვი ენდობა იმას, ვინც უსმენს. თუ მუდმივად ვუყვირით ბავშვს და ვმბრძანებლობთ მასზე, არ ვაძლევთ საშუალებას, გამოთქვას საკუთარი აზრი და გააკეთოს რაიმე ისე, როგორც თავად თვლის საჭიროდ, ცხადი ხდება, რომ ჩვენ მას არ ვენდობით. ეს კი, თავის მხრივ, ბავშვსაც უკარგავს ნდობას ჩვენ მიმართ;
  • ბავშვის ნდობას ვკარგავთ მაშინაც, როცა ჩვენ არ გვჯერა მისი და არასაკმარისად ვაფასებთ მის შესაძლებლობებს;
  • თუ ჩვენ არ გვჯერა სიკეთის, ჩვენი სასოწარკვეთილება და ნეგატივი გადაეცემა ბავშვს ცხოვრებით უკმაყოფილების, ადამიანებისა და ზოგადად ცხოვრებისადმი უნდობლობის სახით. ძნელია ცხოვრება, როდესაც ირგვლივ ყველაფერი ნაცრისფერი, უღიმღამო და მოსაწყენია, როდესაც ვერავის ვენდობით, არავინაა სანდო;
  • გულწრფელობის ნაკლებობა უფროსებში ასევე შეიძლება ბავშვის ნდობის დაკარგვის მიზეზი გახდეს. თუ ჩვენ არ ვართ გულწრფელები, პირველ რიგში, საკუთარ თავთან, არ ვაღიარებთ საკუთარ შეცდომებს, საკუთარ ნაკლოვანებებს, ბავშვები ამ ყველაფერს ხედავენ და ჩვენგან სწავლობენ სიმართლის დამალვას. როცა ჩვენ არ ვართ გულწრფელი ადამიანებთან ურთიერთობაში – ვუღიმით შეხვედრის, საუბრის დროს, განშორების ან ტელეფონის გათიშვის შემდეგ კი ვიცვლით ტონს და განვიკითხავთ მას, ბავშვი წყვეტს ჩვენს ნდობას და შედეგად შეიძლება საერთოდ დავკარგოთ ის;
  • ბავშვის ნდობის დაკარგვის მიზეზი შეიძლება გახდეს მისი შედარება სხვა ბავშვებთან. ეს ერთგვარი ღალატია ჩვენი მხრიდან, რადგან ჩვენ არ გვინდა მივიღოთ ბავშვი ისეთი, როგორიც არის. ბავშვისთვის ამის გაცნობიერება ძალიან სამწუხარო და გულსატკენია.

რეკომენდაციები – როგორ შევინარჩუნოთ ბავშვის ნდობა, როგორ ავაწყოთ ჩვენი ურთიერთობა მასთან ისე, რომ ის არ დავკარგოთ:

  • მივიღოთ ბავშვი ისეთი, როგორიც არის. პატივი ვცეთ მას და მის პირად სივრცეს; მოვერიდოთ ბავშვისა და მისი გრძნობების განსჯას; „მივცეთ უფლება“ ჰქონდეს საკუთარი აზრები, შეხედულებები, ემოციები, სურვილები. ბრძანებების გაცემა ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე ახსნა, განხილვა, კომპრომისების ძიება და საზღვრების დაცვა. თუ ჩვენ ბავშვთან ურთიერთობას დავიწყებთ როგორც პიროვნებასთან, რომელსაც აქვს საკუთარი აზრები, საკუთარი სურვილები, ვისწავლით გადაწყვეტილების ერთად მიღებას, კომპრომისების ძიებას და ერთმანეთისათვის დათმობას, გაცილებით მეტი ნდობა იქნება ჩვენ შორის, ვიდრე იმ შემთხვევაში, როცა რაიმე მოქმედების სასარგებლოდ ჩვენი მთავარი არგუმენტია – „მე ასე ვთქვი“!;
  • ბავშვს მოთხოვნები წავუყენოთ მისი ასაკისა და შესაძლებლობების შესაბამისად. არ იქნება სამართლიანი მოვთხოვოთ ბავშვს იმაზე მეტი, რის მიღწევაც მას შეუძლია. ბავშვები იმედგაცრუებას და წუხილს განიცდიან, როცა მათ სთავაზობენ მათთვის დაუძლეველ დავალებებს, რომლებიც მათ შესაძლებლობებს აღემატება. ისინი სტრესულ მდგომარეობაში ვარდებიან, შეიძლება დაეწყოთ თავის ტკივილები, გაღიზიანება. ბავშვისთვის ძნელია ისეთ ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებიც მისგან იმაზე მეტს მოითხოვენ, რის გაკეთებაც მას შეუძლია. მხარი დავუჭიროთ ბავშვს წარმატებებში და ვიყოთ მის გვერდით წარუმატებლობის შემთხვევაში;
  • ვიყოთ გულწრფელი საკუთარი თავისა და გარშემომყოფების მიმართ – ასეთ დროს ჩვენ უკეთესად ვიგრძნობთ თავს, ბავშვს კი უფრო მეტი ნდობა ექნება ჩვენ მიმართ;
  • ვიყოთ ერთგული ბავშვის მიმართ, ყურადღება გამოვიჩინოთ, დავინტერესდეთ მისი ცხოვრებით, მონაწილეობა მივიღოთ მის ცხოვრებაში, მოვუსმინოთ, გავუგოთ, მხარი დავუჭიროთ. თუ ბავშვები ახერხებენ უფროსის ხელმძღვანელობით რაღაცის გაკეთებას, მათ უჩნდებათ ნდობა უფროსების მიმართ, მათი ცხოვრებისეული გამოცდილების მიმართ. ისინი დარწმუნებული იქნებიან, რომ უფროსები მათ არ მიატოვებენ, ყოველთვის დაეხმარებიან და მხარს დაუჭერენ;
  • დავუკმაყოფილოთ ბავშვს ურთიერთობის მოთხოვნილება. ბავშვთან ურთიერთობის მზაობა კიდევ ერთი გზაა მისი ნდობის მოსაპოვებლად. ბავშვი თავს დაცულად და უსაფრთხოდ გრძნობს, როცა იცის, რომ ყოველთვის შეუძლია, მიმართოს გვერდით მყოფ უფროსებს ნებისმიერი შეკითხვით, საკუთარი განცდების, გრძნობების, ემოციების გასაზიარებლად და შიშის, შფოთვის დასაძლევად. მნიშვნელოვანია, ბავშვმა იგრძნოს, რომ მის გვერდით არის ადამიანი, ვისაც შეუძლია დაეყრდნოს, რომ საჭირო მომენტში მასთან ახლოს იქნება ადამიანი, რომელსაც შეეძლება ნებისმიერი ინფორმაციის გაგება და მიღება, დახმარება რჩევების მიცემით, მხარდაჭერით;
  • ვიყოთ ბავშვისთვის „პროგნოზირებადი“. ადამიანის „პროგნოზირებადობა“, ანუ მისი უნარი, მოიქცეს ისე, როგორც ამას მისგან მოელიან, უკვე თავისთავად ნდობას იწვევს. თუ ბავშვმა იცის, როგორი რეაქცია ექნებათ მასთან ურთიერთობაში მყოფ უფროსებს კონკრეტულ სიტუაციაში, მას შეუძლია წინასწარ განსაზღვროს თავისი სხვადასხვა ქმედების შესაძლო შედეგი და შესაბამისად შეცვალოს საკუთარი ქცევა. და, პირიქით, როდესაც ბავშვს არ შეუძლია წინასწარ განჭვრიტოს თავისი ქცევის შედეგი, საფრთხის ქვეშ დგება არა მხოლოდ მისი ნდობა უფროსების მიმართ, არამედ მისი ფსიქიკური ჯანმრთელობაც;
  • შევეცადოთ ყოველთვის შევასრულოთ ჩვენი დაპირება. ნდობის მოპოვების გზაზე უფრო დიდი დაბრკოლება არ არსებობს, ვიდრე დაპირების დარღვევაა. გავითვალისწინოთ, რომ ბავშვისთვის ძალიან რთულია დარღვეულ დაპირებასთან დაკავშირებული ახსნა-განმარტებების გაგება და მიღება, რაც არ უნდა ობიექტური იყოს ისინი;
  • ნუ განვსჯით და ვუსაყვედურებთ ბავშვს უცხო ადამიანების თანდასწრებით. პატივი ვცეთ მის გრძნობებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ბავშვის ნდობას ჩვენ მიმართ სერიოზული საფრთხის წინაშე დავაყენებთ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნდობა ისეთი რამეა, რაც ნებისმიერ ფასად უნდა შევინარჩუნოთ. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს სიყვარული და ნდობა ჩავუნერგოთ მანამ, სანამ ის ჯერ კიდევ ძალიან პატარაა. თუმცა, არასოდეს არის გვიან ბავშვის გულის მოგების გზას დავადგეთ. ამისკენ მიმართული ძალისხმევა დაგვეხმარება განვითარებისა და ქცევის შესაძლო პრობლემების თავიდან აცილებაში და სასიკეთო გავლენას მოახდენს ბავშვის პიროვნებაზე. გავითვალისწინოთ, რომ, თუ ბავშვი გვიზიარებს თავის განცდებს, მოგვმართავს რჩევისთვის, შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ, რადგან ის ჩვენ გვენდობა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“