ხუთშაბათი, მაისი 22, 2025
22 მაისი, ხუთშაბათი, 2025

ფაქტი თუ მოსაზრება?

დაწყებით კლასებში მნიშვნელოვანია ფაქტისა და მოსაზრების განსხვავების სწავლება, რადგან ის ხელს უწყობს კრიტიკული აზროვნების განვითარებას.

ამ ასაკის ბავშვებისთვის სწავლება უნდა იყოს სახალისო, ინტერაქციული და მათთვის გასაგები. უპირველეს ყოვლისა, მოსწავლეებს მარტივად უნდა ავუხსნათ, რომ:

ფაქტი არის ინფორმაცია, ნამდვილად მომხდარი ამბავი, მოვლენა, შემთხვევა. ყველამ იცის, რომ სიმართლეა (მაგ., „მზე ანათებს დღისით“).

მოსაზრება არის სუბიექტური აზრი, რომელიც დამოკიდებულია ადამიანის შეხედულებაზე. შეიძლება, შენ რაღაც მოგწონდეს ან არ მოგწონდეს და სხვა ადამიანი სხვანაირად ფიქრობდეს (მაგ., „მზე ყველაზე ლამაზი ვარსკვლავია“).

გთავაზობთ სახალისო პრაქტიკულ სავარჯიშოებს, რომელთაც სურვილისამებრ გამოიყენებთ.

  1. ფაქტი თუ მოსაზრება?“ (მოსწავლეები განსაზღვრავენ, წინადადება ფაქტია თუ მოსაზრება)

აღწერა:

  • 10-15 წინადადება (ფაქტები და მოსაზრებები) დავწეროთ ბარათებზე.
  • გავყოთ მოსწავლეები ჯგუფებად.
  • თითოეულ ჯგუფს მივცეთ ბარათები, რომ განსაზღვრონ, რომელია ფაქტი და რომელი მოსაზრება.
  • მოსწავლეებს ვთხოვოთ, ახსნან/დაასაბუთონ, რატომ მიიჩნევენ წინადადებას ფაქტად ან მოსაზრებად.

 მაგალითები:

  • „ძაღლი ოთხ ფეხზე დადის“ (ფაქტი).
  • „ძაღლები ყველაზე საყვარელი ცხოველები არიან“ (მოსაზრება).
  • „წყალი 100°C-ზე დუღს“ (ფაქტი).
  • „შოკოლადის ნაყინი ყველაზე გემრიელია“ (მოსაზრება).

 

  1. შექმენი შენი წინადადება“ (მოსწავლეები თავად ქმნიან ფაქტებსა და მოსაზრებებს)

აღწერა:

  • მოსწავლეებმა დაწერონ ერთი ფაქტი და ერთი მოსაზრება თემაზე, მაგ., „სკოლა“ ან „ცხოველები“.
  • წინადადებები წაიკითხონ ხმამაღლა.
  • თანაკლასელებმა განსაზღვრონ, რომელია ფაქტი და რომელი მოსაზრება.

მაგალითები:

„სკოლაში ვსწავლობთ მათემატიკას“ (ფაქტი).

„მათემატიკა ყველაზე სახალისო საგანია“ (მოსაზრება).

  1. ფაქტის დადასტურება“ (მოსწავლეები სწავლობენ ფაქტების შემოწმებას)

აღწერა:

  • მოსწავლეებს მივცეთ წინადადებები, მაგ., „დღეში 24 საათია“ ან „მთვარე დედამიწის თანამგზავრია“.
  • ვთხოვოთ, იფიქრონ, როგორ შეიძლება ამ ფაქტის დადასტურება (მაგ., წიგნში ნახვა, ინტერნეტში ძიება, მასწავლებელთან გადამოწმება).
  • შეადარონ მოსაზრებასთან, მაგ., „მთვარე ყველაზე ლამაზია“ – ავუხსნათ, რომ ამის დადასტურება შეუძლებელია, რადგან ეს სუბიექტური აზრია.
  1. ფაქტისა და მოსაზრების თამაში“ (ინტერაქციული თამაში)

აღწერა:

  • ოთახში გავაკეთოთ ორი ზონა „ფაქტი“ და „მოსაზრება“.
  • წავიკითხოთ წინადადებები, მაგ., „კატები ძაღლებზე უკეთ ნადირობენ“ (მოსაზრება) ან „კატებს ოთხი ფეხი აქვთ“ (ფაქტი).
  • მოსწავლეებმა უნდა გადაინაცვლონ შესაბამის ზონაში.
  • ვთხოვოთ, ახსნან/დაასაბუთონ თავიანთი არჩევანი.
  1. რეკლამის ანალიზი

აღწერა:

  • ვაჩვენოთ მარტივი რეკლამა (მაგ., საბავშვო პროდუქტის).
  • ვთხოვოთ, გამოყონ ფაქტები (მაგ., „ეს სათამაშო მუშაობს ბატარეით“) და მოსაზრებები (მაგ., „ეს სათამაშო ყველაზე სახალისოა“).

იმისათვის, რომ ბავშვებმა სიღრმისეულად გაიაზრონ ცნებები ,,ფაქტი’’ და ,,მოსაზრება’’, სწავლების პროცესი უნდა იყოს სახალისო, ინტერაქციული და მათთვის ნაცნობ თემებზე დაფუძნებული.

სავარჯიშოები/თამაშები დავუკავშიროთ ყოველდღიურ ცხოვრებას. მოსწავლეებმა განიხილონ ფაქტები და მოსაზრებები თამაშებთან, ცხოველებთან, საჭმელთან მიმართებით.

გამოვიყენოთ ხელმისაწვდომი რესურსები – საბავშვო წიგნები, ენციკლოპედია, ჟურნალები, ონლაინპლატფორმები.

გამოყენებული რესურსი:

https://www.teachstarter.com

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“