თინათინ ზარდიაშვილი
ცხოვრება ლეიკემიით
არსებობს დაავადებები, რომელთა სახელის ხსენებაც კი შიშის ზარს გვცემს, დიაგნოზის გაგებისას ვშფოთავთ, კედლებს ვაწყდებით… თუმცა ამ დაავადებებისგან განკურნების შანსი მედიცინის განვითარებასთან ერთად იზრდება.
ლეიკემია დაავადებაა, რომელიც უჯრედებში მიტოზის კონტროლის დარღვევის შედეგად ვითარდება. ეს უცნაური სახელი უჯრედების გაყოფის ერთ-ერთ ფორმას აღნიშნავს. მეცხრე და მეათე კლასის მოსწავლეებმა კარგად უნდა იცოდნენ, რა ხდება ამ დროს, ამიტომ მიტოზის სწავლება ლეიკემიით დაავადებული ადამიანის ცხოვრების გარკვეული პერიოდის აღწერის მაგალითზე საგნის მიმართ ინტერესის აღძვრის კარგი გზაა.
წერილს ერთვის ორი საპრეზენტაციო მასალა: პირველი ბიოლოგიის მასწავლებელმა შეიძლება გამოიყენოს მერვე კლასში სისხლის უჯრედების სწავლებისას, მეორე – მეცხრე და მეათე კლასებში მიტოზისა და ღეროვანი უჯრედების სწავლებისას.
მწვავე ლეიკემია ავთვისებიან სიმსივნეთა 3%-ს შეადგენს. მსოფლიო მასშტაბით ყოველ 100 000 კაცზე 5 შემთხვევა აღინიშნება და მათი 75% მოზრდილების წილად მოდის. საქართველოში 100 000 ზრდასრულზე 2,64 შემთხვევაა აღრიცხული, ქრონიკული ფორმები კი იმავე რაოდენობის მოსახლეობაზე 1,27-ს შეადგენს.
შესავალი: სიმპტომები და პირველი შფოთვა
ცხრა წლის ლაზარე აქტიური ბიჭია, უყვარს ფეხბურთი და ეზოში თამაში. რამდენიმე კვირის განმავლობაში მშობლები ამჩნევდნენ, რომ ბავშვს ძველებური ენერგია აღარ ჰქონდა. ხშირად უჩიოდა დაღლილობას, კანი გაუფერმკრთალდა, მკლავებსა და წვივებზე უჩვეულო ლურჯი ლაქები გაუჩნდა. პერიოდული ცხელება და ცხვირიდან სისხლდენაც დაეწყო. ლაზარეს მშობლებმა შვილის პედიატრთან წაყვანა გადაწყვიტეს.
ვიზიტი ექიმთან
ექიმმა შეაფასა ბავშვის ფიზიკური მდგომარეობა, შეამჩნია გადიდებული ლიმფური ჯირკვლები და ელენთა და რადგან უფრო მძიმე დაავადებას ეჭვობდა, დანიშნა ანალიზები, მათ შორის – სისხლის საერთო ანალიზი. გამოვლინდა ერითროციტების დაბალი დონე, რაც ანემიაზე მიუთითებდა და ლეიკოციტების არანორმალურად მაღალი მაჩვენებელი. ანალიზების საფუძველზე ლაზარე პედიატრ-ონკოლოგთან გაგზავნეს. ონკოლოგი ექიმია, რომელიც სიმსივნეებს იკვლევს და მკურნალობს. უფრო საფუძვლიანმა კვლევებმა გამოავლინა მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია, ლეიკემიის ბავშვებში ყველაზე მეტად გავრცელებული ფორმა.
სურათზე მარჯვენა მხარეს პაციენტის სისხლის საერთო ანალიზის შედეგია:
რა არის ლეიკემია
ლეიკემია სისხლისა და ძვლის ტვინის დაზიანებით გამოწვეული სიმსივნის ფორმაა. ამ დროს ძვლის ტვინი წარმოქმნის უზარმაზარი რაოდენობის სისხლის თეთრ უჯრედებს. ისინი უკონტროლოდ მრავლდებიან და ჯანმრთელ უჯრედებს გამოდევნიან. საბოლოოდ სისხლს ვეღარ მიაქვს უჯრედებამდე საკმარისი რაოდენობის ჟანგბადი, ვეღარ ებრძვის ინფექციის გამომწვევებს და ფერხდება სისხლის შედედების პროცესი.
ლეიკემიის სხვადასხვა ტიპი არსებობს. მწვავე ლიმფობლასტული ლეიკემია უმთავრესად მოუმწიფებელ ლეიკოციტებს აზიანებს. მიუხედავდ ზუსტი მიზეზი უცნობია, მაგრამ გენეტიკამ და გარემო პირობებმა შესაძლოა ხელშემწყობი ფაქტორების როლი შეასრულოს.
ექიმებმა შეიმუშავეს მკურნალობის გეგმა, რომელიც სამ ძირითად ეტაპს მოიცავდა:
1: ქიმიოთერაპია – დაზიანებული უჯრედების დასაშლელად;
- უფრო ძლიერი მედიკამენტებით ფარული სიმსივნური უჯრედების განადგურება;
- შენარჩუნების ფაზა, უფრო სუსტი მედიკამენტებით მკურნალობა ორი წლის განმავლობაში.
მთელი ამ ხნის განმავლობაში ლაზარე დამატებით მხარდაჭერას მიიღებდა ოჯახის წევრებისგან, სკოლის საზოგადოებისგან. ენერგიის დაზოგვით თავიდან იქნებოდა აცილებული ინფექციები და სხვა დაავადებები.
დასკვნა
ლეიკემიასთან ბრძოლა მოითხოვდა გამძლეობასა და თავდადებას ოჯახისა და სამედიცინო გუნდის მხრივ. პედიატრიული ონკოლოგიის მიღწევების წყალობით ლაზარე სრულად გამოჯანმრთელდა.
მკურნალობის დასრულების შემდეგ ლაზარე საყვარელ საქმიანობას დაუბრუნდა, შეძლო ეცხოვრა სრულფასოვნად, აქტიური ცხოვრებით, რაც სხვა პაციენტებისთვის, შთაგონების წყაროდ იქცა.
უპასუხე შეკითხვებს:
- რომელმა სიმპტომებმა მიიქცია მშობლების ყურადღბა?
- რისი ექიმია პედიატრი?
- 3. რა სახის ფიზიკური სიმპტომები ჰქონდა ბიჭს?
- რა არის ანემია?
- როგორ შეიცვალა სისხლში ლეიკოციტების რაოდენობა?
- რისი ექიმია ონკოლოგი?
- რა დიაგნოზი დაუსვეს ლაზარეს?
- რა განსხვავებაა ჯანმრთელი ადამიანისა და ლაზარეს სისხლის შემადგენლობას შორის?
- რა არის ლეიკემია?
- რა გავლენას ახდენს ლეიკემია ორგანიზმზე?
- რას ეფუძნება ქიმიოთერაპია?
- რატომ უნდა გაგრძელდეს თერაპია მას შემდეგაც, რაც სისხლის ანალიზში სიმსივნე აღარ გამოჩნდება?
- რომელი მაჩვენებელი ნარჩუნდება თერაპიის პროცესში?
- რას ნიშნავს რეციდივი?
- ოჯახის წევრებისა და ახლობლებისგან რა სახის დახმარება სჭირდება სიმსივნით დაავადებულ ადამიანს?
წყარო:https://www.biologycorner.com/2025/01/18/case-study-ethans-journey-with-leukemia/