თანამედროვე პედაგოგიკის ამოცანაა, ბავშვის აღქმაში გააერთიანოს, დააკავშიროს ცალკეულ საგნებში მიღებული ცოდნა, დაეხმაროს მას, შეიქმნას ერთიანი, მთლიანი, ფართო წარმოდგენა სამყაროზე, ბუნებაზე, საზოგადოებაზე და საკუთარ ადგილზე ამ სამყაროში. სწორეს ამიტომ საგანთაშორისი კავშირები სწავლების უმნიშვნელოვანესი პრინციპია თანამედროვე სკოლაში. ის სწავლების უმაღლესი დონეა.
ამავე დროს ინტეგრაცია და მისი შესაძლებლობები: ინტეგრირებული სწავლება, ინტეგრირებული გაკვეთილები და ინტეგრირებული დავალება ხელს უწყობს არამარტო საგნობრივი ცოდნის ამაღლებას, არამედ მთლიანი სასწავლო პროცესის ოპტიმიზაციას სწავლების ყველა დონეზე.
მათგან ძირეული მნიშვნელობა აქვს ინტეგირებულ გაკვეთილს. ის ცოდნის სინთეზის შესაძლებლობაა, ანალიტიკური აზროვნებისა და განზოგადების უნარის განვითარების სივრცეა. ინტეგრირებული გაკვეთილები აძლევს ბიგძს მოსწავლეს სხვადასხვა საგნიდან მიღებული ინფორმაცია გამოიყენოს და მოვლენები სრულიად ახლებურად გაიაზროს.
ზოგადად, ინტეგრირებული გაკვეთილი გულისხმობს სხვადასხვა საგნობრივი სფეროს შერწყმას ერთ მთლიან საგანმანათლებლო პროცესში, რაც ხელს უწყობს:
- ცოდნის მრავალმხრივ გააზრებას;
- კავშირების დანახვას ისტორიულ, გეოგრაფიულ და სოციალურ კონტექსტებს შორის;
- მოსწავლეთა კვლევითი, კრეატიული და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებას.
მაგრამ ინტეგრირებულ გაკვეთილზე აღნიშნული მიზნები თავისთავად არ მიიღწევა. მის მომზადებას და ეფექტიანად ჩატარებას განსაზღვრული პირობების დაცვა სჭირდება, როგორიცაა:
- ინტეგრირებულ გაკვეთილს, როგორც წესი, ატარებს სხვადასხვა საგნის ორი ან ორზე მეტი მასწავლებელი. თუმცა ასეთი გაკვეთილი შეიძლება ჩაატაროს ერთმა პედაგოგმაც, რომელსაც აქვს საბაზისო ცოდნა და მომზადება შესაბამის საგნებში;
- იმ პედაგოგებს შორის, რომლებიც ერთად ამზადებენ და შემდეგ ატარებენ ინტეგრირებულ გაკვეთილს, აუცილებლად უნდა არსებობდეს ფსიქოლოგიური თავსებადობა. ურთიერთგაგებისა და მხარდაჭერის გარეშე ასეთი გაკვეთილი ეფექტიანი ვერ იქნება;
- ინტეგრირებული გაკვეთილის ჩატარება უფრო მიზანშეწონილია მაშინ, როცა განსაზღვრული მოცულობის სასწავლო მასალა უკვე ათვისებულია იმ საგნებში, რომელთა ინტეგრირებასაც ვაპირებთ. უმჯობესია, ასეთი გაკვეთილის ჩატარება სასწავლო წლის ბოლო პერიოდისთვის დაიგეგმოს;
- ინტეგრირებული გაკვეთილის მომზადებისა და ჩატარების პროცესში თითოეული მასწავლებლის მონაწილეობის წილი დამოკიდებულია სასწავლო მასალის შინაარსზე, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანია, ყოველი მათგანი ამ პროცესში თანაბრად იყოს ჩართული. მიუხედავად ამისა, ერთ-ერთ მასწავლებელს აუცილებლად მოუწევს წამყვანის როლის შესრულება;
- ინტეგრირებულ გაკვეთილზე მოსწავლეები სასწავლო პროცესის აქტიური მონაწილეები არიან, ცდილობენ, თავად გააანალიზონ ინფორმაცია გაკვეთილის მომზადებისა და ჩატარების დროს, გამოყოფენ პრობლემას, შეიმუშავებენ დასახული ამოცანების გადაწყვეტის შესაძლო გზებს. იქიდან გამომდინარე, რომ ინტეგრაცია აფართოებს შესასწავლი მასალის თემატიკას, იწვევს მოვლენების უფრო ღრმა ანალიზისა და განზოგადების აუცილებლობას, მოსწავლის დამოუკიდებლად მუშაობის როლის ამაღლება ინტეგრირებული გაკვეთილის მიმართ ერთ-ერთი აუცილებელი და ძირითადი მოთხოვნაა;
- ინტეგრირებული გაკვეთილი არ გულისხმობს ორი ან მეტი საგნის სასწავლო მასალის მექანიკურ გაერთიანებას. აქ უბრალოდ ახალ ცოდნას კი არ უნდა იღებდეს ბავშვი, არამედ უკვე არსებული ცოდნის ახალ სიტუაციებში გამოყენების შესაძლებლობა უნდა ეძლეოდეს. ინტეგრირებულ გაკვეთილზე მან უნდა შეძლოს სამყაროს წარმოდგენა ერთ მთლიანობად, რომელშიც ყველა ელემენტი ურთიერთდაკავშირებულია;
- ინტეგრირებული გაკვეთილის ეფექტიანად ჩასატარებლად აუცილებელია განსახილველი და შესასწავლი ობიექტის სწორად განსაზღვრა და გაკვეთილის შინაარსის გულდასმით შერჩევა;
- პედაგოგის მაღალი დონის პროფესიული თვისებები და უნარ-ჩვევები, რომლებიც უზრუნველყოფს მასწავლებელთა და მოსწავლეთა შემოქმედებით თანამშრომლობას გაკვეთილის მომზადებისა და ჩატარების პროცესში, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ინტეგრირებული გაკვეთილის ეფექტიანობისთვის;
- მოსწავლეთა ასაკობრივი და ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინების გარეშე ნებისმიერი გაკვეთილის, მით უმეტეს – ინტეგრირებულის, ეფექტიანად ჩატარების ალბათობა საკმაოდ მცირეა;
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, განსაზღვრული პრინციპების დაცვით მომზადებული და ჩატარებული ინტეგრირებული გაკვეთილი დიდი სარგებლობის მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს, როგორც მოსწავლეებისა და მაწავლებლებისთვის, ისე მთელი სასწავლო პროცესისთვისაც.
„ჩვენი საქართველო“ არის ინტეგრირებული საგანი, რომელიც აერთიანებს ისტორიის, გეოგრაფიის, სამოქალაქო განათლებისა და ეთნოკულტურული მემკვიდრეობის კომპონენტებს. „ჩვენი საქართველოს“ სწავლების ფორმატში ინტეგრაციის უპირატესობებია:
- თემატური სწავლება: მაგალითად, მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლებს თემას – „მეგობრული თანაცხოვრება“, რომელიც შეიძლება მოიცავდეს როგორც საქართველოს ეთნიკური მრავალფეროვნების შესწავლას (ისტორია), ასევე ეთნოსების განაწილებას რუკაზე (გეოგრაფია) და ტოლერანტობის შესახებ დისკუსიას (სამოქალაქო განათლება);
- პროექტებზე დაფუძნებული სწავლება: მოსწავლეები ქმნიან მაკეტებს, პრეზენტაციებს, მოკლემეტრაჟიან ფილმებს, რაც აერთიანებს სხვადასხვა დისციპლინის კომპეტენციებს;
- სამოქმედო და სიტუაციური სწავლება: რეალური ცხოვრების მაგალითებით გაძლიერებული გაკვეთილები აყალიბებს ღირებულებებს და გააზრებულ დამოკიდებულებებს;
- კულტურულ მემკვიდრეობაზე ორიენტირებული სწავლება: ისტორიული ძეგლების, ტრადიციების და ფოლკლორის კვლევა აერთიანებს როგორც ტექსტურ, ისე ვიზუალურ, ციფრულ და პრაქტიკულ კომპონენტებს.
„ჩვენი საქართველოს“ ფარგლებში ტიპურ ინტეგრირებულ გაკვეთილად ითვლება ნებისმიერი ის გაკვეთილი, რომელიც ეხმარება მოსწავლეებს ცოდნის სისტემურ გააზრებაში და სამოქალაქო ღირებულებების განვითარებაში.
განვიხილოთ ინტეგრირებული გაკვეთილის მაგალითი თემაზე: „საქართველოს ისტორიული რეგიონები და მრავალფეროვანი კულტურა“ (ინტეგრირებულია ისტორია, გეოგრაფია და სამოქალაქო განათლება).
კლასი: VI, საგანი: „ჩვენი საქართველო“
გაკვეთილის ტიპი: ინტეგრირებული (კვლევითი ხასიათის)
ინტეგრირებული კომპონენტები: ისტორია: საქართველოს ისტორიული რეგიონების წარმოშობის საფუძველი (მესხეთი, კახეთი, იმერეთი, ლეჩხუმი და სხვ.); გეოგრაფია: რეგიონების მდებარეობა რუკაზე, ბუნებრივი პირობები; სამოქალაქო განათლება: კულტურული მრავალფეროვნება, ტოლერანტობა და თანაცხოვრება.
გაკვეთილის სტრუქტურა:
- გაკვეთილის სტარტერი /შესავალი/ მოტივაცია: მასწავლებელი აჩვენებს ფოტოებს სხვადასხვა რეგიონის ტრადიციული სამოსითა და ბუნებრივი პეიზაჟებით, სვამს შეკითხვას: „რა გვაქვს საერთო და რა გამოგვარჩევს ჩვენ, სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ ქართველებს?“
- მუშაობა ჯგუფებში:
- მოსწავლეები თემატურად დაყოფილ ჯგუფებში იკვლევენ კონკრეტულ რეგიონს: მის ისტორიასა და ისტორიულ მნიშვნელობას;
- გეოგრაფიულ მახასიათებლებს;
- ადგილობრივ ტრადიციებს, ლეგენდებს, რელიგიურ მემკვიდრეობას.
- წარდგენა: თითოეული ჯგუფი აკეთებს მოკლე პრეზენტაციას ან პლაკატს. იყენებენ რუკას, ფოტოებს, შეიძლება, სიმბოლურად, ჩაიცვან რეგიონის ტრადიციული ელემენტები;
- დასკვნა და ღირებულებითი დიალოგი: აქ მიმდინარეობს დისკუსია კითხვაზე: „როგორ ვაძლიერებთ ეროვნულ ერთობას კულტურული განსხვავებების პირობებში?“
- ბოლოს მოსწავლეებს მიეცემათ პროექტული დავალება: შექმნან ელექტრონული რუკა ან პრეზენტაცია თემაზე „ჩემი რეგიონის მემკვიდრეობა“, რომელიც მოიცავს ისტორიულ, გეოგრაფიულ და ეთნოკულტურულ კომპონენტებს.
ინტეგრირებული გაკვეთილის ჩატარების რა კონკრეტული თავისებურებები გამოიკვეთა „ჩვენი საქართველოს“ სწავლებისას მოცემული გაკვეთილის მაგალითზე?
- ესაა ინტგერირებული გაკვეთილის მიზანი და მოტივი;
- ინტეგრეაციის ფორმა;
- მასალას შორის კავშირები;
- მასალის განლაგების სტრუქტურა (თანმიმდევრულობა);
- მიღებული მასალის პრეზენტაციის მეთოდები და ტექნიკა;
- მეთოდები და ტექნოლოგიები მოსწავლეებისათვის ახალი მასალის დასამუშავებლად;
- საგანმანათლებლო მასალის ფართო ვიზუალიზაცია;
- ინტეგრირებული საგნის მასწავლებლებს შორის როლების განაწილება;
- გაკვეთილის ჩაწერისა და ჩატარების ფორმა;
- ასეთ გაკვეთილზე მოსწავლეთა სწავლის მონიტორინგის ფორმები და ტიპები.
ინტეგრირებული გაკვეთილი „ჩვენი საქართველოს“ სწავლების არა მხოლოდ ძირითადი ფორმაა, არამედ, საგნის შინაარსიდან გამომდინარე – აუცილებელი ფორმატიც. ის ემსახურება მოსწავლის როგორც ცოდნის, ასევე ღირებულებითი, მოქალაქეობრივი და კულტურული კომპეტენციების განვითარებას, ამიტომ ფართოდ უნდა ჩავრთოთ სწავლებაში.