აღიარებული ფაქტია, რომ ენა და ტექსტი ყოფიერების უფრო ღრმა და საინტერესო შრეებს ინახავს, ვიდრე არქეოლოგია, ისტორიოგრაფია ან ნებისმიერი სხვა დარგი.
ქართული სამართლის ენის კვლევის საჭიროებამ მოიტანა და ამას წინათ ძველი განჩინებების კრებულებს ჩავუჯექი. ერთ-ერთი კრებულის გადათვალიერებისთანავე თვალში მომხვდა პატარა ამბავი, რომელიც, ენობრივის გარდა, ბევრი რამითაა საინტერესო.
განჩინება, რომლის თქვენთვის გაზიარებაც მინდა, საქართველოში სამართალწარმოების რუსულ ენაზე გადასვლამდეა დაწერილი და დაცულია ქუთაისის ეროვნულ მუზეუმში. გამოქვეყნებულია 1977 წელს, აკადემიკოს ისიდორე დოლიძის საერთო რედაქციით, მეცნიერებათა აკადემიის მიერ გამოცემულ „XVII-XIX საუკუნეების ქართული სამართლის ძეგლების“ მე-6 ტომში.
წინამდებარე სტატიაში წარმოვადგენთ განჩინების მთელ, არცთუ ისე ვრცელ ტექსტს:
განჩინება გაბრიელ და მახარობელ[1] ჩხაიძეების[2] საქონლის საქმეზე
ჩყიჱ-სა, აგვისტოს იჱ-სა
[1818 წლის 18 აგვისტო]
გ ა ბ რ ი ე ლ ჩ ხ ა ი ძ ე[3] და მ ა ხ ა რ ო ბ ე ლ ი ჩ ხ ა ი ძ ე გავაბჭვეთ[4]
გ ა ბ რ ი ე ლ უ ჩ ი ვ ლ ა: ერთი ხარი მყავდა ჩემი მარჩენალი და წამართვა ამ კაცმა და რას მემართლებოდა, არ ვიცი.
მ ა ხ ა რ ო ბ ე ლ მ ა უპასუხა: ჩემს ყანაში მოეჩვია ამისი ხარი და დავითხოვე ერთჯელ, ორჯელ და მრავალჯელ[5], მაგრამ არ დამეთხუა[6]. მერმეთ, მარიობას[7], შინ მივედი, რუსის სამსახურზედ ვიყავი[8] და საღამოს ჩემი ყანის გვერდში ვნახე ამისი ხარი და უთხარი: ამეღამ კიდევ წავა და დამაფსებს[9] და ნუ მიზამ მეთქინ და არ გამიგონა; და იმ ღამეს ჩასულიყო ჩემს ყანაშიდ და სუნთლად წაეხთინა და შეეჭამა; და ქალს დაეჭირა ყანაში და მე წავიყვანე, საცაუში[10] რომ მოვა[11], მივსცემ მეთქინ: აღარ მოვიდა, მიმიხთა[12] შინ, ცოლი და შვილი გამილახა და შვილიც წამართვა[13], მომთხარა და რას მემართლებოდა, არ ვიცი.
გ ა ბ რ ი ე ლ ა შ ო რ ო[14] უ თ ხ რ ა.
ჩვენ ასე გავაჩინეთ[15]: წარმოდგეს თვითან გაბრიელ და თერთმეტი კაცი თან დაიტანოს[16] და ასე დაუფიცოს: „არც დამეთხოვნო[17] და არც ჩემი ხარი შენს ყანაში და კანაფში[18] ჩასულიყოს და არც რამე წაეხთინოს და არც შენ მოგხთომოდე და არც უკადრისი მეკადრებიოს და არც შვილი წამერთმიოს“.
თუმც ასე უფიცოს[19], ხარზე ხარი დაუდვას[20]. და თუმც ვერ უფიცოს, შინ მიხთენია[21] და შინ მიხთომის სისხლი მისცეს[22] და შვილის წართმევის საუპატიო[23] მისცეს. ან ხარს რაც ეწყინოს[24], მახარობელმა აჯით[25] შეატყობინოს და გაბრიელმა გარდაუხადოს.
მ ა ხ ა რ ო ბ ე ლ მ ა უ ჩ ი ვ ლ ა: მოყვარე[26] მყავდა, შვილი მომაბარა გასაზდელათ[27], და ნახევარს ზროხას მაძლევდა გაზდაში, ჩემსას მოვიდა, შენ გარდამბირე[28] , მოყვარეც დამიკარგე და ის ზროხაც დამიკარგე და მათხოვარი ვარ.
გ ა ბ რ ი ე ლ ა შ ო რ ო უ თ ხ რ ა.
ჩვენ ასე გავაჩინეთ: წამოაყენოს გაბრიელმა ერთი კაცი და ასე შეაფიცოს: „არც შენის მტერობით და ქიშპობით მე ის ზროხა გამომერთმიოს“.
თუმც ასე უფიცოს, არას ემართლება. და თუმც ვერ უფიცოს, მისი გადაბირებით ზროხა დაკარგვია და გარდაუხადოს გაბრიელმა მახარობელს.
* * *
საანალიზო ტექსტში საგანმანათლებლო თვალსაზრისით სწორედ ეს ბოლო ფრაზა და ბოლო სამი აბზაცია საინტერესო. აქ იკვეთება საგანმანათლებლო ტრადიციაც – დაახლოებით რა ტიპის „ჩრდილოვანი“ განათლების ფორმა არსებობდა იმდროინდელ საქართველოში ან რა ტიპის საზღაურის გადახდა იყო მიღებული ამისთვის.
განჩინებაში ატიანთ-მოძღვარი/სამსჯავროს მწერალი, როგორც სასამართლო გუნდის წარმომადგენელი (ტექსტის I აქტორი), ირიბად მოგვითხრობს გაბრიელ და მახარობელ ჩხაიძეების განბჭობის (გასამართლების, მორიგების) ამბავს, რომელიც იწყება გაბრიელ ჩხაიძის (II აქტორის) საჩივრით. იგი უჩივის მახარობელ ჩხაიძეს, რომელმაც ერთადერთი მარჩენალი ხარი წაართვა.
აქვეა მახარობლის (III აქტორის) პასუხი, რომლიდანაც ირკვევა, როგორ შეეჩვია მის ყანას გაბრიელის ხარი და, ბევრი გაფრთხილების მიუხედავად, ვერ მოიშორა, მარიამობის საღამოს კი ყანა სულ გაუნადგურა. ქალის მიერ დაჭერილი ხარი მახარობელმა „საცაუში“ – სამწყვდევში[29] წაიყვანა იმ იმედით, რომ გაბრიელს დაუბრუნებდა, მაგრამ ის გაბრაზებული მიუვარდა[30] შინ, ცოლ-შვილი გაულახა, „შვილიც“ წაართვა, გააუბედურა და უკვირს, აქეთ რომ ემართლება. გაბრიელი უარყოფს ბრალდებას (კვლავ „აშორო-ს“ ეუბნება).
განჩინების მომდევნო აბზაცში იკვეთება საქმესთან დაკავშირებული პირველი სასამართლო გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, თუ გაბრიელი თერთმეტი კაცის წინაშე დაიფიცებს, რომ მისი ხარი მახარობლის „ყანასა და კანაფში“ არ ჩასულა, არც მივარდნია, უკადრისიც არ უკადრებია და არც შვილი წაურთმევია, მაშინ მახარობელმა „ხარზე ხარი (უნდა) დაუდვას“, ანუ ორი ხარი უნდა მისცეს[31]; თუ ვერ დაიფიცებს, მაშინ შინ „მიხთომის“ (მივარდნის) სისხლთან ერთად, შვილის წართმევის საუპატიოც უნდა მისცეს. ამავდროულად, ხარის მიერ მიყენებული ზარალის შესახებ (ხარს რაც ეწყინოს)[32] მახარობელმა აჯით[33] უნდა შეატყობინოს, გაბრიელმა კი დანაკარგი აუნაზღაუროს.
განჩინების მომდევნო ნაწილში გაბრიელისადმი კვლავ მახარობლის საჩივარია. ამჯერად ის მას მოწაფის (მოყვრის შვილის) წართმევისა და საზღაურის (ნახევარი ძროხის) დაკარგვისთვის უჩივის. გაბრიელი კვლავ „აშოროს“ ამბობს – უარყოფს ბრალს.
განჩინების ბოლო ორ აბზაცში იკვეთება სასამართლოს მეორე გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, გაბრიელმა ერთი კაცის თანდასწრებით უნდა შეჰფიცოს, რომ მისი „მტერობით ის ზროხა არ გამოურთმევია“, ხოლო თუ ვერ დაუფიცებს, გაბრიელმა მახარობელს, მოწაფის მშობლის გადაბირების გამო, ძროხაც უნდა გადაუხადოს.
* * *
საანალიზო ტექსტში გამოყენებული სამართლებრივი ტერმინების შესახებ ვრცელი მსჯელობა დასაბეჭდად სამეცნიერო ჟურნალში უკვე გაგზავნილია, ამ სტატიაში კი მხოლოდ ერთ ცნება-ტერმინზე შევაჩერებთ ყურადღებას.
როგორ უნდა გავიგოთ „შვილის წართმევის საუპატიო მისცეს“?
ალბათ, ისე, რომ დამნაშავემ დაზარალებულს მოსწავლის წართმევით მიყენებული დანაკარგი უნდა აუნაზღაუროს. ჩვენი მოკვლევით, „საუპატიო“ იყო შეურაცხყოფის განსაკუთრებული საზღაური, პატივის შელახვისთვის დაწესებული ჯარიმა, რომელიც დამნაშავეს დაზარალებულის სასარგებლოდ ეკისრებოდა ძველ საქართველოში. საუპატიო დაკანონებული იყო საკრძალავ ადგილას ჩადენილი დანაშაულისათვის (მაგ., „სადაცა მაცხოვრისა ხატი ესუენოს სამცველოდ ქუეყანისა, საუპატიოდ ოცდაათი გლეხი მართებს“), მოსამართლისადმი „ურიგოს კადრებისთვის“, სხვისი მოახლის „გაწბილებისათვის“ და სხვა. საისტორიო წყაროებში ცოლის „განტევების“, დედის გინების, წვერის დაგლეჯის, „ეზოს გატეხის“ და „კაცის დაჭირვის“ საუპატიოც იხსენიება. საუპატიოს ოდენობა შეურაცხყოფილის „სახდომელი პატივისა“ და დანაშაულის სიმძიმის მიხედვით განისაზღვრებოდა. საჭიროებისას იგი დამნაშავეს ზარალის ანაზღაურებასა და „სისხლთან“ ერთად მიესჯებოდა. ქალს კაცზე მეტი – „ორკეცი საუპატიო“ (სახელდობრ, გინებისათვის დიდგვაროვან „დიაცს“ – 10 000 თეთრი) ეძლეოდა. საუპატიოს ითვალისწინებს ბაგრატ კურაპალატის სამართლის ფრაგმენტი და ვახტანგ VI-ის სამართალი, აგრეთვე მხითარ გოშის სამართლის ქართული ვერსია. ბექას და აღბუღას სამართალში ტერმინი „საუპატიო“ „სასირცხვო სამართლის“ – სანეხვეზე დამნაშავის შიშვლად ჩათრევის, ე. ი. გამაწბილებელი სასჯელის მნიშვნელობით იხმარება (ანალოგიური ვახტანგ VI-ის სამართლის 218 მ.). შეურაცხყოფისთვის ქონებრივ სასჯელად აქ დადგენილია უპატიობის საზღაური, გიორგი ბრწყინვალის სამართალში კი – უარზანგობა[34].
საანალიზო ტექსტში ყურადღებას იმსახურებს „შვილის წართმევა“. განჩინების ერთიანი გააზრებით იკვეთება, რომ „შვილი“[35] მოწაფეა, რომელიც მახარობელს (ნახევარი ძროხის ფასად) აღსაზრდელად მიუყვანა მოყვარემ, გაბრიელმა კი ეს მოყვარე გადაიბირა, მოწაფე მიისაკუთრა და ძროხაც მიითვისა.
მგონია, ეს განჩინება ერთგვარი მიმანიშნებელია, რომ ჩრდილოვანი განათლება მეტ ყურადღებას იმსახურებს განათლების დარგში მომუშავეთაგან. ჩვენში, ისევე როგორც აზიის ბევრ ქვეყანაში, უკვე დიდი ხანია, ჩრდილოვანი განათლება სასკოლო განათლების თვალსაჩინო ნაწილად იქცა. ბოლო წლებში კერძო რეპეტიტორობის ფორმები და ზეგავლენა სისტემურ ხასიათს იძენს, თუმცა საანალიზო განჩინებით მოთხრობილის მსგავსი უსიამოვნებანი ზედაპირზე აღარ ტივტივებს და ალბათ ამ ბოლო წლებში არც სასამართლოს სჯა-პაექრობის საგანი გახდება ამა თუ იმ მოწაფის განათლების ბედი.
[1]აღნიშნული საკუთარი სახელისათვის იხ. პირთა ანოტირებული ლექსიკონი, XI-XVII სს. ქართული ისტორიული საბუთების (III) მიხედვით, მასალები შეკრიბეს და გამოსაცემად მოამზადეს: ანა ბაქრაძემ, ლევან რატიანმა და გიორგი ოთხმეზურმა. ტომი შეადგინეს დარეჯან კლდიაშვილმა და მზია სურგულაძემ, ზაზა ალექსიძის საერთო რედაქციით. შთ. გამომცემლობა „არტანუჯი“, თბილისი, 2004. https://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/150983/5/Pirta_Anotirebuli_Leqsikoni_2004_Gateqstebuli.pdf
[2] მჩხაიძე,— ი. დოლიძის სქოლიო.
მეჩვიდმეტესაუკუნეშიძიმითშიმოსახლეგვარი, რომლის შესახებსაინტერესოინფორმაციასმოიცავს 1664 წლის„შეწირულობისწიგნიგიორგიგურიელისაბიჭვინტისსაბუთთაგან“. მასში დგინდებაძიმითშიმოსახლეშემდეგიგვარები: კბილიანისშვილი, ქართველაისშვილი, ნანაძე, კალანდარესშვილი, მჩხაიძედამგელაძე. http://guriismoambe.com/archives/127172;მჩხაიძე (ჩხაიძე) – გვ. 68, 71. [დასავლეთ საქართველოს საეკლესიო საბუთები, წიგნი I] http://www.geogen.ge/ge/treasurege/72/4315/
[3] *გაბრიელეგორისძეჩხეიძე, XVII–XVIII საუკუნეების ქართველი მწიგნობარი, მთარგმნელი. მოღვაწეობდა მოსკოვში. კეკელიძე, ლ., ქართულისაბჭოთაენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 174; რუხაძე, ტ., ქართულ-რუსულილიტერატურულიურთიერთობისისტორიიდან (XV–XVIII) სს.), თბ., 1960.
თუმცა ეს სულ სხვა გაბრიელია .
[4] *განვსაჯეთ, *მოვარიგეთ
[5] მრავალჯერ.
[6] არ გამშორდა.
[7] მარიამობას, ძვ. სტ.-ით — 14 აგვისტოს.
[8] ფრაზა საინტერესოა ისტორ.-ეთნოგრაფ. თვალსაზრისით.
[9] დამაქცევს, ამომაგდებს, გამაღატაკებს.
[10]საცავში (განმარტება ჩვენია, მ.გ.).
[11] + და — ი. დოლიძის სქოლიო.
[12] მომიხდა, მომივარდა შინ.
[13] „შვილის” წართმევის ეპიზოდი საინტერესოა არაერთი თვალსაზრისით, იხ. ქვემორე მსჯელობა.
[14] გაბრიელმა უარყო.
[15] *დავადგინეთ.
[16] ახლდეს.
[17] გაგეფრთხილებინე (განმარტება ჩვენია და ითხოვს დაზუსტებას, მ.გ.).
[18] საინტერესოა, რომ სამსჯავროს მწერალი კანაფს სხვაგან არ ახსნებს.
[19] თუ ასე დაფიცებას შეძლებს (განმარტება ჩვენია, — მ. გ.).
[20] დაუმატოს
[21] მიხდომია, მივარდნია.
[22] ფრაზა იდიომატურია, შეიცავს სამართლებრივ ტერმინს. როგორც ირკვევა, სისხლისშეფასებადასაზღაურისრაოდენობის დადგენა ჯერ კიდევ ადათობრივი სამართლის დროიდან მოდის. მკვლელი სისხლის დანაშაულის ჩადენისათვის ისჯებოდა და გარკვეული „სისხლისა საზღაურიც“ ეკისრებოდა.
[23] ტერმ. საუპატიო — შეურაცხყოფის განსაკუთრებულისაზღაური, პატივისშელახვისათვისდაწესებულიჯარიმა, რაცდამნაშავესდაზარალებულისსასარგებლოდეკისრებოდაძველსაქართველოში.
[24] ხარს რაც ეწყინოს — ხარს თუ რამ დაემართოს (ხაზი ჩვენია, — მ.გ.)
[25] ჩიქობ.: აჯა (აჯისა) თხოვნა, მუდარა, ხვეწნა, ვედრება.
[26]მოყვარე (მოყვრისა) ჩიქობ.: 1. ცოლის ნათესავი ქმრის ნათესავებისათვის და, პირიქით, ქმრის ნათესავი ცოლის ნათესავებისათვის. 2. ახლობელი, კეთილის მდომი, კეთილმოსურნე, მოკეთე.
[27](დიალექტიზმი) გასაზრდელად.
[28] გადაიბირე.
[29] ჩვენი განმარტებაა, ლექსიკონებში მსგავსი სიტყვა არ იძებნება(მ. გ.).
[30] არ ჩანს, როდის.
[31] განმარტება ჩვენია (მ.გ.).
[32] განმარტება ჩვენია. მ.გ.
[33]აჯა — თხოვნა, ვედრება; საქართველოსმეფისადმიმიმართვისფორმა (ქ. ც.)
[34]უარზანგობისოდენობადამოკიდებულიიყო „სისხლის“ ოდენობაზედამის 1/40 ნაწილსშეადგენდა. მაგ., აზნაურთა, ხევისბერთა უარზანგობა 150 თეთრი იყო.
[35]ამ გაგების შემოშველებისთვის მადლობას მოვახსენებთ იურისტ ხათუნა გოგაშვილს.