კითხვების დასმის წუთები გაკვეთილზე საინტერესო პრაქტიკაა.
კითხვების დროა – ვუცხადებ მოსწავლეებს. დამისვით კითხვები.
თუ კითხვები გიჩნდებათ, ნიშნავს, რომ გიფიქრიათ.
რაღაც იმაზე მეტი აღმოცენებულა გონებაში, რაც მხოლოდ საჭიროებითაა განპირობებული.
მიმიღია ისეთი საინტერესო და მოულოდნელი კითხვები, რომლებზე პასუხები ჩემთვისაც აღმოჩენა იყო.
ყოფილა პასუხგაუცემელი კითხვები.
ასეთები მიყვარს:
„არ ვიცი, მაგრამ შემიძლია მომავალი გაკვეთილისთვის მოვიძიო“; „დავუკავშირდები სპეციალისტებს და გავარკვევ“;
„ერთად მოვიძიოთ პასუხი“; „იქნებ გახვიდე ბიბლიოთეკაში და ინტერნეტის დახმარებით თავადვე დააზუსტო. მერე ამობრუნდი და ჩვენც გაგვაგებინე“; „ორთოგრაფიულშია გადასამოწმებელი…“.
ყოფილა ჩამჭრელი და უხერხული კითხვები, მიზანი, რომ ემოციის გამოწვევა უფრო გახლდათ, ვიდრე ცოდნის მიღება. ესეც რა საინტერესოა. რამდენს მეუბნება ჩემზე, კითხვის დამსმელზე… მიწვრთნის რეაქციას, თმენას, ნებას. მადლიერი ვარ.
ერთი სიტყვით, „დამისვით კითხვები“ ჩემს გაკვეთილებზე ხშირად ისმის. ზოგჯერ აზუსტებენ „პირადი შეიძლება?“.
რასაკვირველია, შეიძლება. საზღვრების დაცვას ვისწავლი.
ზოგჯერ – თემას არ ეხება, მაგრამ თქვენი აზრი მაინტერესებს… და რამე განყენებული, ზოგადსაკაცობრიო, ეგზისტენციალური, ღრმა.
ფიქრის სიამოვნებას ის კმაყოფილებაც ემატება, რომ „აზრი აინტერესებთ“.
ამ წერილში გალაკტიონის გენიალური მემკვიდრეობის შესწავლისას მოსმენილ კითხვებს მოვუყარე თავი.
„კლასში დასმული კითხვები“ – ამ სათაურით კი კარგა გვარიანი წიგნიც დაიწერება. იქნებ შევძლო ოდესმე.
პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი – რატომ გალა-კ-ტიონი?
თავად გვიპასუხოს:
(ვახტანგ ჯავახაძის წერილიდან „უცნობი – აპოლოგია გალაკტიონ ტაბიძისა“, ჟურნალი „განთიადი“, 1990 წ.)
„ჩემი აზრით, ეს ჩემი უფლებაა, მინდა სახელს მოვაწერ, მინდა არა… მე ასე ვაწერდი ჯერ ისევ 1917 წელს“, – უპასუხა გალატკიონმა დამტუქსველებს.
უთხრეს – „ამ სამამულო ომის დროს უხერხულია გალაკტიონის ხელის მოწერაო…“.
დაამუნათეს – „რომ მხოლოდ „გალაკტიონი“ ეწეროს – ეს დასავლეთისადმი თაყვანისცემა იქნებოდაო… აბსურდია: შოთა, ილია, ვაჟა…“.
გალაკტიონის პასუხი ნახეთ. როგორი მისეულია:
„დავწერე გალაკტიონი და ეს ჩემი, ავტორის უფლებაა. თუ ასე არ იქნება, მე ლექსს ამოვიღებ“.
ახლა დავა იმაზე დაუწყეს – გალაკტიონი თუ გალაქტიონიო.
„რატომ კ და არა ქ?“
მისი პასუხი:
„იმიტომ, რომ ბავშვობიდანვე ეგრე ვაწერ ხელს. ყველა ჩემი წიგნის ავტორია: გალაკტიონ ტაბიძე. ავტორს უფლება აქვს მოაწეროს თავისი სახელი და გვარი ისე, როგორც სურს“.
ვახტანგ ჯავახაძე თავის „უცნობში“ წერს:
„ხელთ გვაქვს პოეტის დედის წერილები, რომლებიც ყოველთვის ასე იწყება: ჩემო ძვირფასო და ყოველ წუთში მოსაგონარო გალაკტიონ“… მამამისი ცოცხალი აღარ იყო, სახელი დაარქვა დედამ და ჩვენ გვგონია, დედის მიერ დარქმეული სახელის შეცვლის უფლება ჩვენ არ გვაქვს“.
1947 წელს საგანგებოდ ამისთვის გამოყოფილ ბლოკნოტში გალაკტიონი 13 არგუმენტს ჩამოწერს და ასე ასათაურებს „ბრძოლა გალაქტიონსა და გალაკტიონს შორის და რით გათავდა ეს ომი“.
ცხადი, ხდება, რომ მისივე სიცოცხლეში ეს „პრობლემა“ გულის გამაწვრილებელ კამათად ქცეულა. მისთვის ჩვეული სკრუპულოზურობით იმოწმებს მეტრიკულ ამონაწერს, დედის წერილებს, ადრეულ პუბლიკაციებს, ცალკეულ გამოცემებს, მოძღვნილ ლექსებს, ჰაგიოგრაფიულ თხზულებებში პიროვნებათა მხოლოდ სახელით მოხსენიების მაგალითებს და სალ კლდესავით მტკიცე საბოლოო არგუმენტად მოჰყავს ქაღალდის, მელნისა და წარმოთქმის დროის ეკონომიაც. „თვალის ჯანმრთელობასაც“ ახსენებს შეღონებული.
ომი დასრულებულია.
კ – გამარჯვებული.
ამიტომ – გალაკტიონი.
რატომ წერდა პროლეტარულ, ლოზუნგურ, ბელადების საქებარ ლექსებს?
1928 წლიდან გალაკტიონის შემოქმედებაში ისმის ახლებური ხმა. შიშისა და აღშფოთების მიჩქმალვის, „ახალი გაგების“ სათქმელის, დროის შესატყვისი ლოზუნგების ხმა. ამას თავად პოეტი მტკივნეულად განიცდის. გამაოგნებელია, თუ რამხელა უფსკრულია ამ პერიოდში დაწერილი ლექსებისა და დღიურებში ჩანაწერების სტილსა და განწყობას შორის.
ჯავახაძე წერს: „საკმარისია ამ წლებში გამოქვეყნებული ლექსების უაღრესად აღტაცებული სულისკვეთება და გულახდილი დღიურების მძიმე განწყობილება ერთმანეთს შევუპირისპიროთ, რომ გაორებული კაცის გულისტკივილი ვიგრძნოთ“.
მივყვეთ ამ „კვალს“. საინტერესო იქნება, მოსწავლეებს მივცეთ ამ შედარების საშუალება. რამდენიმე პასაჟს აქვე მოგაწვდით:
რას წერს დღიურებში?
„ეჰ, გული სხვას ფიქრობს და კალამი სხვას სწერს!“.
„საერთო მდგომარეობა კატასტროფულია. არსაიდან ჯერჯერობით იმედი არ მაქვს!“…
„ბარაბანის დროს ტრაგიკული განცდა არსებობს. არა ლირიკა!“.
„საქმეს უსაქმობა სჯობს
და გმირობას – ლაჩრობა,
პოეზიის სუნთქვას სპობს
პოეზიით ვაჭრობა“.
იქვე ჩაწერილი ეს პარალელი რად ღირს:
– „მიწისძვრა გორში მოხდა 20 თებერვ.1920 წ.
– ბოლშევიკები საქართველოში შემოვიდნენ 20 თებერვ.1921 წ.“.
ლექსებში:
„მთავარსარდლის შორსმჭვრეტელო მზერავ,
ველს ბრძოლისას თუ ტყეების ჩრდილოს
გამარჯვების ფერადებით ფერავ,
ვით მხატვარი თვალუწვდენელ ტილოს“.
„სივრცენი ველთა და კლდეთა ქიმნი,
ბუნება სახე ყოველი ტანის,
ეს არის ჰიმნი, ეს არის ჰიმნი,
ვუმღეროთ ჰიმნი ჩვენს ძვირფას სტალინს!“…
„აი, რა არის თავი და თავი!
როცა გრიგალი მოეჩვენება
სხვა რომელიმეს, უქმად მოვლენილს,
ზოგს შიშით სძინავს, ზოგს მართლა სძინავს!
ბევრს სძინავს, მაგრამ არ სძინავს ლენინს!
ჩვენ გავიმარჯვებთ, რადგან ჩვენა ვართ
მებრძოლი მასა,
მშრომელი მასა!“.
მნიშვნელოვანი დეტალი: დღიურებში ერთგან წერს: უნდა დაიწეროს 45 ახალი ლექსი ახალი გაგებით.
ჯავახაძე შენიშნავს:
„ახალი გაგებით, ანუ დროის დაკვეთით შთაგონებულებს გულუხვად აქვეყნებდა. რაოდენობასაც წინასწარ გეგმავდა…“.
„აშკარად შეიმჩნევა მისი შემოქმედებითი და მსოფლმხედველობრივი პრინციპების მკვეთრი ფერისცვალება. უაღრესად აქტუალური თემატიკა ჩაგრავს ოსტატს, რაოდენობა – ხარისხს“.
ცნობილია, რომ 1921 წლის 20 აპრილს გალაკტიონმა თავისი პირადი არქივი დაწვა და დაიტირა კიდეც. აქ იყო ჩანაწერები, დღიურები, წერილები, ლექსების ავტოგრაფები.
1927 წლის კრებულში დაბეჭდილ ესკიზში „მიმავალი საქართველო“ ხატოვნად, მხატვრულად აქვს გადმოცემული პასუხი კითხვაზე „რატომ წერდა პანეგირიკებს“.
ესკიზში დასაფლავების სცენა აქვს აღწერილი (მოცემულია შემოკლებით ნ.ლ.):
„მარხავდნენ სხვანაირი დამარხვით. პროცესია შევიდა ხეებით დაბურულ სასაფლაოში. ქვებზე ჩამომსხდარი შავებში მოსილი ქალები მუხლმოყრილნი ქვითინებდნენ… მოვიდნენ სასაფლაოზე ბავშვები. მათ მოიტანეს ყვავილები.
– შევურიგდეთ ყოველივე ამას?
– ეს ხომ მხოლოდ კოშმარია?
– უნდა შევურიგდეთ კოშმარს.
– მაშ სიმართლე? სადაა სიმართლე?
– აი, სიმართლე, – მიუთითა ქალმა მიცვალებულისკენ.
– კარგი სიმართლე კია.
ეხლა არავის აშინებს ასეთი სიმართლე, – მხრების აწევით სთქვა ქალმა და შავებში მოსილი ქალებისკენ მიიხედა…“.
თვალნათელია – ან მკვდარი სიმართლის მთქმელი ხარ, გასაფლავებენ, მიწას გაყრიან, ან – ურიგდები კოშმარს.
შერიგებაცაა და შერიგებაც…
გალაკტიონი მორჩილ, მოდრეკილ მონა-მორჩილად ძნელი წარმოსადგენია.
50-იანი წლების ჩანაწერებში შეუპოვრად ირწმუნება:
„გალაკტიონს ვერავინ ვერ იყიდის!
რწმენა ჩემი სიმართლისა ჩემთანაა.
მე ვიცი, რომ გავიმარჯვებ, ვინაიდან სიმართლე ჩემს მხარეზეა.
ეშვება ფერი ბინდის,
ზღვა შლის წვიმების ფანტელს,
მივყევარ მხოლოდ სინდისს,
მხოლოდ სიმართლის კანდელს“.
კიდევ:
„ახალგაზრდობის გამო ჩადენილ
შეცდომებს ჩემსას – უახლოესი
ჩასციებიან მოღალატენი,
როგორც ყორნები ედგარ პოესი“.
კითხვები და პასუხები, პასუხების მოძიება ან ვერპოვნა, უპასუხო კითხვების ლაღი შლეიფი, პასუხგაცემული კითხვებისგან მოგვრილი კმაყოფილება, კითხვების აღძვრის სურვილი და მათი დასმის სითამამე – მნიშვნელოვანი „სამიზნე ცნებებია“.
ყოველ გაკვეთილზე მიზნად დასასახი.
თქვენთვის რა კითხვები დაუსვამთ მოსწავლეებს?