კვირა, ივლისი 6, 2025
6 ივლისი, კვირა, 2025

ვინ დაიხუჭება?!

მღერენ რომანსეროებს… რა დროს რომანსეროა?“

 გალაკტიონი

…წუთისოფელთან თამაში ვისწავლე; მაგალითად, „დახუჭობანა“… როცა ის იხუჭება, ისე ვიმალები, რომ ხანდახან ვერ მპოულობს ხოლმე.მე კი „ვიცინი, ვიცინი, ვკვდები სიცილით“, რადგან წუთისოფელს ეს მართლა სიცილი ჰგონია.

მოკლედ, ბავშვები გენიოსები არიან თამაშის ამბავში. გგონიათ, მათ არ იციან, რომ მავანი „მგელი“ არაა?! მაგრამ ვითომ ეშინიათ და ასე ერთობიან: შიშის, სიყვარულის, ქარიშხლისა თუ ორომტრიალის გამოგონებით; მათ „იციან“, რომ იმ წიაღში, რომელშიც ისინი ჯერ კიდევ იმყოფებიან, ცხოვრების გამოგონება სახალისოა და არ იციან, რომ როცა გამოგონილი რეალობად იქცევა, ამით თავს ვეღარ შეიქცევენ.

მათ არ იციან, რომ ძველებურად ვეღარ დაიმალებიან; ხომ იცით, პატარები ან ფისოები როგორ ეფარებიან მაგიდის ფეხს და ჰგონიათ, არ ჩანან? მათ არ იციან, რომ ცხოვრებამ სწორედ სუსტებისა და უსუსურების ამოღება იცის მიზანში – თავმდაბლების, სულგრძელების, პატიოსნების, იდეალისტების, რომანტიკოსების, ამაღლებულების, ერთგულების, მოსიყვარულეების, უკომპრომისოების, პრინციპულების, უღალატოების, ღირსეულების, მეოცნებეების, ფაქიზების, მყიფეების, მოწყვლადების, მგრძნობიარეების… აღარ გავაგრძელებ.

ცხოვრება აღარაა შოუ მათთვისაც კი, ვინც ცდილობს ის შოუდ აქციოს. ცხოვრება მხოლოდ მსხვერპლობას ანიჭებს სიდიადეს და მისით ზომავს კაცის სულის ძალას. ფიზიკური ძალისა და ფულის კულტი სრული „ბლეფია“ უნიჭო ტრილერებისა და დეტექტივების მოყვარულთათვის. ბოლოს მაინც მიწაა ყველაფერი სხეულებრივი. მაგრამ ყველაზე ცუდი მაინც ისაა, რომ ამას ჩვენ ან სიკვდილის წინ, ან სიკვდილის შემდეგ ვხვდებით, როცა სრასახლეები თუ ფულის ტომრები ოხრად გვრჩება და სულ სხვა „საგზალს“ ითხოვენ, რომელიც თურმე უნდა დაგვეგროვებინა, ვით „ზეთი განუპარველი“.

ჩვენ… რას ვაკეთებთ ჩვენ? პატარებს ვბაძავთ თამაშში და თუ ისინი ჩვენ გვბაძავდნენ და იგონებდნენ ცხოვრებას, ჩვენ უკვე ნამდვილ ცხოვრებას „ვთამაშობთ“, ნამდვილ „სცენაზე“. რეჟისორი ანონიმია, ცხადია და ჩვენც „სადავეები გვაქვს მოშვებული“. ჩვენი „რაშები“, უმეტესწილად, ჯაგლაგები აღმოჩნდებიან ხოლმე ასაკის მატებასთან ერთად. ჩვენ ამ ჯაგლაგებით ხან ვლახავთ ბედის სამზღვარს, ხან – ვეწირებით გარემოებებს და „მკვდარ კაცებად“ ვიქცევით. მერე უნდა მოვიდეს ვინმე და როგორც ზღაპარშია, „ჯადოსნური ჯოხით“ გაგვაცოცხლოს. კარგია, თუ ეს წუთისოფელშივე მოხდება… და არა უკვე „თამაშგარე“ მდგომარეობაში.

„ისე დავდივარ სახლში, თითქოს მას გამჭვირვალე კედლები ჰქონდეს“ – ამბობდა ჩემი ლექტორი ლეილა კაჭარავა. დიახ, არა მარტო შემოქმედება, ჩვენი ცხოვრებაც მოითხოვს მსმენელს, მკითხველს, გამგებს, შემფარებელს, დამყვავებელს, მიმსალბუნებელს, ოღონდ ადამიანებს ვგულისხმობ ამჯერად, რადგან ღმერთი არ ჩანს ხოლმე, რომ თვალებში ჩახედო…

ხან შარი იქცევა ხეირად, ხან მეგობარი – დაუძინებელ მტრად, ხან მშობელი მშობლისნაცვლად, მაგრამ იპოვა კი ვინმემ სადმე სულის სავანე?! „მიიდრიკა კი თავი“ ვინმეს სულმა ცხოვრებაშივე?!

რა სიჩუმეა…

სიჩუმე ყოველთვის არაა თანხმობის ნიშანი, არა? არც ოქროა სიჩუმე ყოველთვის. ჩვენ „სცენაზე“ ვართ და აქ სიტყვა უნდა იყოს მესაჭე; სწორი სიტყვა, რომელიც ფანდმა ჩაანაცვლა, გაცვეთილმა ლავირებამ და ურთიერთობებმა.

გიღიმით?

ეს თამაშია.

ცრემლის გამხატვრულებაც შეიძლება, რომ არ შეწუხდეს მავანი ხისტი ნატურალიზმით.
თავის გაცურებაც შეიძლება, რა ცოცხალი ვარო!

ცელი დროს უჭირავს და არა სიკვდილს. ეს უკანასკნელი ყველაფერს საკუთარ სახელს, სახეს და არსს უბრუნებს, სასტიკად და ბრძნულად.

მანამდე კი ვიღაცის ბრძოლა წუთისოფელთან, ბედისწერასთან, უცვლელთანაც კი, ჯერ არ დამთავრებულა; ვიღაცა თავდაცვამ გააძლიერა და აღარავის ეჩაგვრინება; ვიღაცა განცხრომაშია და არევია „ანი“ და „ჰოე“.

„ვაგონი, თუ ხომალდი, თუ დირიჟაბლი, თუ ლურჯი სახლი, დედამიწა მიქრის“;
აბა, სცენაზე გვეძახიან!

კარგად, კარგად მოვუსმინოთ ერთმანეთის სიტყვასა თუ სიჩუმეს, თვალის სევდასა თუ გულის ბაგაბუგს, ტკივილსა თუ ბედნიერებას… მხოლოდ გაგების შემთხვევაში გვერქმევა ადამიანები. მხოლოდ გაგების შემთხვევაში გადავრჩებით… მხოლოდ გაგების შემთხვევაში დავიბადებით გარდაცვალებით ცხადიდან სიზმარში თუ სიზმრიდან ცხადში.

ჰეი, თქვენ, ადამიანებოოო…..

 

…..სიამოვნება მიყვარს, როგორ არა… იმედია, ტრაფარეტული არ ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ უფრო სულიერი, ვიდრე ხორციელი.

მიყვარს ჩაცმა, ვერ უარვყოფ, მაგრამ არასდროს ვიყიდი ძალიან მდიდრულ სამოსს, თუნდაც მქონდეს საშუალება და ვერ გავივლი მათხოვრებით სავსე ქუჩებში;
მიყვარს ჭამა, მაგრამ არასდროს მიმყავს ნაყროვანებამდე; არ მიყვარს შემწვარ-მოხრაკულები; მთავარია, იყოს ესთეტიკური, არომატული და ხაჭოსა და თაფლზე გადავალ მთელ დღეს.

მიყვარს კომფორტიც იმდენად, რომ არ შემიძლია ძილი საველე პირობებში, უბრალოდ, ვერ ვიძინებ მიწაზე; თუმცა უდიდეს სიამოვნებას კი მომანიჭებდა ბუნების ნაწილად გახდომა; ვერ ვუძლებ სიცივეს და სრულიად პარალიზებული ვხდები; ანუ სითბო თუ არაა, არ შემიძლია ადეკვატურობა და არანაირი ალპინისტი ჩემგან არ გამოვა, მიუხედავად შეგნებისა, რომ ეს არის დიდებული სწრაფვა თუ ვნება; სიგიჟემდე მიყვარს მთა, მაგრამ ვერ ვიცხოვრებ იქ, თუ არ იქნება ელემენტარული კომფორტი – მე არ ვარ ვაჟა-ფშაველა, რომ ხმელ ლოგინზე ვიწვე და სამყაროს საწყისებზე ვფიქრობდე… თუმცა, ამავე დროს, ვერ წარმომიდგენია მთაში ევრორემონტი ან ჩასაფლობ/ჩასაკარგი დივანი, ან ასფალტიანი გზა. იქ ვიწრო შარა უნდა იყოს, ქვით მოკირწყლული, შუკა-შუკა სასიარულოდ.

მიყვარს სილამაზის სიამოვნება, მშვენიერებამდე აყვანილი თუ დაღარული სახისა და ხელების საიდუმლოს შემმეცნებელი; მიყვარს სილამაზე, რომელიც სულიდან მოდის: განათლებაა ეს, შემოქმედება თუ კეთილშობილი ხასიათი, შინაგანი კულტურა; მიყვარს სილამაზე ბუნებაში, ნაღდი, შეურყვნელი და გაურანდავი, სპონტანური და დაუსაზღვრავი; მიყვარს ბუნებრივი და უბრალო ადამიანები, რომ არ ეშინიათ იყვნენ თუნდაც სასაცილონი; რომლებიც არ საუბრობენ დაყენებული სახეებითა და ამა თუ იმ სიტუაციისთვის „საჭირო“ კლიშე-ფრაზებით. ყველაზე დიდ სიამოვნებას ნაღდ და თავმდაბალ პიროვნებებთან ურთიერთობა მანიჭებს. ვერ ვურთიერთობ ბღენძებთან, პატივმოყვარეებსა და ამპარტავნებასთან. ახლოს აღარ ვეკარები, არც ნდობა მაქვს, როცა შევატყობ, რომ კაცი ერთს ფიქრობს, მეორეს ამბობს და მესამეს აკეთებს; ან „ანგარიშობს“, ვის რა და როგორ უთხრას თუ გაუკეთოს. სიალალე ატავიზმი კია, მაგრამ განძია დიდი ამ მომხმარებლურ სამყაროში, რომელშიც უკვე ყველაფერი გამოგონილია, ხელოვნური და ყალბი, სასახლის ეტიკეტივით.

მიყვარს წიგნის რეალობა, კითხვის უმაღლესი სიამოვნება და ბევრჯერ შემიფარებია მისთვის თავი. წიგნმა შემქმნა ადამიანად, შეიძლება ითქვას, მაგრამ „წიგნის ჭია“ არასდროს ვყოფილვარ და არასდროს მიჭირდა წიგნის ფასეულობების ცხოვრებაში დანახვა თუ გატარება.
არასდროს მიანგარიშია ურთიერთობა!

არასდროს მიღალატია მეგობრისთვის და თუ დამთავრებულა მეგობრობა, პირველს მე არ შემიქცევია ზურგი!

ურთიერთობის სიამოვნება ყველაზე მაღლა მდგომი მგონია წუთისოფელში, მაგრამ ადამიანურ გაუგებრობებსა და „ჩიხებს“, გულგრილობასა და ტყუილს, მოჩვენებითობას ამ ასაკში სიმარტოვე მირჩევნია – ეს უკანასკნელიც სევდიანი, მაგრამ სიამოვნებაა.
ვერ ვიტან სნობებს! გონებაშეზღუდულობის უმძიმესი ფორმა მგონია ეს.
სიხარულიც ჩუმი მიყვარს და მწუხარებაც, როცა ისინი დიდია. ზოგადად, დიდი სიამოვნებაა სიჩუმე და დიდი ღირსება, როცა არ „რახრახებ“ ცარიელ ქილასავით. ვინც ჩუმ დიდებულებას ვერ ხედავს, ყველაზე უნიჭოა. ვინც ცხოვრებაში პოეზიას პროზად აქცევს – ისიც.

ღმერთის, ამაღლებულის, იდუმალის შეგრძნება ყველაზე რაფინირებული სიამოვნებაა;
სიცოცხლესთან ერთად, სიკვდილის ფილოსოფიით აღტაცებაც სიყვარულია ყოფიერებისა და ეს სიყვარულია ყველა სიამოვნების დამტევი თუ მტვირთველი.

ადამიანად ყოფნა დიდი, ამაყი სიამოვნებაა, მაგრამ იქნებ წვიმად ყოფნა ბევრად მეტიაო, არა?
არ ვიცი, წვიმა არასდროს ვყოფილვარ…

…მიწა, კი, ბატონო.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“