სამშაბათი, მაისი 20, 2025
20 მაისი, სამშაბათი, 2025

„მე არავინ მიცნობს!“

(ელზა მორანტეს „არტუროს კუნძული“)

 

იტალიელი მწერლის ამ არაჩვეულებრივმა რომანმა ადრეული ბავშვობიდან წიგნით ტკბობის გოლეულივით უცხო არომატი გამახსენა, დიდ ლიტერატურასთან განშორების უფაქიზესი სევდა. თუმცა ასეთ წიგნებთან ბრუნდებიან კიდეც, როგორც ბავშვობის ნეტარ „კუნძულთან“, რომელსაც წიგნის ბოლოს მთავარი გმირი არ ემშვიდობება…

 

„კუნძული, შენ რომ დედამიწის ერთ პატარა წერტილად თვლიდი, სამყარო იყო“(5). იდეაში, სამყაროა ადამიანიც, მისი „აღთქმული მიწებიცა და წარმოდგენებიც“ და კუნძული პროჩიდაც, რომელსაც „არტუროს კუნძულს“ უწოდებს ავტორი, როგორც მის მიწიერ თუ შემდგომ ზეციურ სამყოფელს, ანდა, ზღვარს ამ ორ შორის, „რომელსაც მტერი ვერასდროს გადალახავს“… რეალურად, ანუ სხვათათვის, ეს არის ღარიბი მეთევზეებისა და გლეხების დასახლება. თხრობაც, პერსონაჟებიც, ბევრი სხვა რამ, მწერლის წარმოსახვის მომხიბვლელი ნაყოფია, ისევე, როგორც მთავარი გმირი არტურო ჯერაჩე, რომელსაც ყველა ვარსკვლავზე სწრაფისა და კაშკაშას სახელი ჰქვია. ავტორი არც შემცდარა: ყოველი ჩვენგანის ცხოვრება, განა, ვარსკვლავივით არ გაიბრწყინებს წუთისოფლის ცის კაბადონზე, სანამ ჩაქრება?! რაც არ უნდა უბადრუკი იყოს ეს ცხოვრება, მაინც მნიშვნელოვანია რომელიღაცა ასპექტით, რომელიღაცა პრიზმით დანახული, რომელიღაცა, თუნდაც ავი, მაგრამ ჯადოსნური თავგადასავლებით.

 

არტურო ცხოვრობს თავისი ბიჭური თავისუფლებით, ამაღლებული, იდუმალი წარმოდგენებით ძველ, ციხე-კოშკის მსგავს სახლში, რომლის ეზოში, მშვენიერი სიცილიური კერატის ძირში, მარხია მისი წმინდა გერმანული სისხლის ნაგაზი იმაკოლატელა და მისი ბავშვობის „ბედნიერი ქვეყნის აბსოლუტური მონარქია“ მამამისი, ვილჰელმ ჯერაჩე. ჩვენ წინ იშლება მამაშვილობის მითოსი თუ მისტერია, ბიჭი მამას რეალურ ადამიანად არ აღიქვამს: „რას რატომ აკეთებდა, მხოლოდ მისი საიდუმლო იყო. მისი სიჩუმის, სიხარულის, ზიზღის, ტანჯვის ახსნა არ მიცდია. ჩემთვის ისინი საეკლესიო საიდუმლოებებივით იყო: დიდი და სერიოზული, ნებისმიერი მიწიერი საზომის და ყოველგვარი ამაოების მიღმა“(41); – ასე ფიქრობს იდეალებით მცხოვრები პოეტი ბიჭი არტურო, რომლისთვისაც მამის ავადმყოფობაც კი რიტუალური მისტერიის მნიშვნელობის მატარებელია.

 

არტუროს დედა არ ჰყავს და სწორედ ესაა წინაპირობა მისი გაჩენისთანავე დაწყებული საბედისწერო მარტოობისა. დედა მისთვის სირინოზია. ნელსურნელებით სავსე, ზღაპრული, მიწასა და ცას შორის გაკიდული კარვის კანარის ოქროს ჩიტი… არტურო დახეტიალობს კუნძულზე, თავის ნებაზე მიშვებული, სკოლაშიც კი არ აიძულებენ სიარულს, თვითონ ნათლდება, კითხულობს საგმირო წიგნებს და ყოველთვის ბრუნდება შინ, რადგან ამ უკანასკნელის სიტკბო ვარდის თაფლივითაა, ხოლო „ყველა ვარდს შორის უპირველესი ღმერთია“(96)… და, აი, მის ცხოვრებაში ჩნდება დედინაცვალი ნუნციატელა („როგორც მამაჩემის ცოლი, ეგ ქალი ჩემთვის წმინდა ადამიანი იყო“), რომელსაც მისი იმაკოლატელასავით გამოხედვა აქვს, როგორც სასწაულმოქმედ ღვთაებას. არტუროს, რომელიც მთელი ცხოვრება მარტოა, დროის ზღაპრულ სივრცეებში, წუთთა დინებას დაწაფებული, როგორც ზღვის იდუმალ სიღრმეებში, მოგზაურობს, ნუნციატელა შეუყვარდება, დიდი, ბიჭურ-ბავშვური სიყვარულით. „ამ სამყაროს რა დაიჭერს?“ კითხულობს მწერალი? არც არაფერი, როცა ის ისეთი უკიდეგანოა, როგორც ბავშვის გული. მისი მამის, ოქროსთმიანი და მეკობრესავით მოგზაური, მუდამ ფრჩხილებმოუწერიგებელი ვილჰელმ ჯერაძესი არ იყოს, მთელი რომანის უბადლო მხატვრულობით სავსე თხრობის განმავლობაში, მკითხველი სულ სვამს კითხვას: ვინაა არტურო? ასეთი ბავშვურად სუფთა, ამაყი, შეუცნობელი? უფლისწული? თუ მათხოვარი?

 

„იქნებ, სიკვდილი იმიტომ მოიგონეს, მეტისმეტი მოწყენილობა რომ გაეწონასწორებინათ… ჰა, არტურო?“ – ეკითხება ბიჭს ქალთმოძულე მამა. ამ კითხვაზე პასუხი არტუროს ნაწარმოების ბოლოს ეცოდინება, თუმცა მანამდე ის მარტოობისგან უნუგეშოდ წალეკილი, უცხო განგაშისა და ბედისწერის უცოდინარობის ზაფრითაა გარშემოხვეული, გარე სამყაროსგან განცალკევებული, რაც ერთგვარი კომფორტიცაა, ყველა დამეთანხმება…

 

მამა დადის, დამოგზაურობს და არტუროს კი ჯერ კიდევ ჰგონია, რომ „უცხო ქვეყნები სხვა არაფერი იყო, თუ არა ერთი დიდი, მყუდრო ბაღნარი“ (267). ჩნდება არტუროს პატარა ძმა, ბიჭიც „ცოცხალ საყვედურად“ იქცევა და ეჭვიანობს მასზე; „ჰოდა, ვგეგმავდი, რამე ისეთი გრანდიოზული საქმე ჩამედინა, რომ ის, უნდოდა თუ არა, აღფრთოვანებულიყო და ჩემით დაინტერესებულიყო. მაგალითად, შევერთებოდი პოლუსზე მიმავალ საჰაერო ექსპედიციას… ან ისეთი ამაღლებული პოემა დამეწერა, ამერიკამდე გამეთქვა სახელი, ისეთი სახელი, რომ ნეაპოლელებს გადაეწყვიტათ, ნავსადგურის მოედანზე ჩემი ძეგლი დაედგათ…“ (344)  – საქმე ნეაპოლს იმიტომ ეხება, რომ დედინაცვალი ნეაპოლელია; მორწმუნე, არტუროს ასაკისა, დაახლოებით, თმახუჭუჭა, ჯერ კიდევ გოგონას მოუქნელი, მოტლანქო სხეულით; არტურომ იცის მშვენიერების (და არა მხოლოდ სილამაზის) ზღაპრული სიბრძნე: „მაგრამ გქონდეს ულამაზო სხეული, მეტიც, უშნო და საცოდავი, ტლანქი ნაკვთები, შავი თმა, შავი თვალები; ფეხზე ჯღანები გეცვას, ტანზე – ძონძები და ამავე დროს, იყო ქალღმერთივით ლამაზი, ვარდივით ლამაზი! აი, ესაა ის, რითაც ჭეშმარიტი სილამაზე იწონებს თავს! და ასეთ სილამაზეს ლექსში ვერ აღწერ, სიტყვით ვერ გადმოსცემ“ (345).

 

სხვას რომ ვერაფერს მოიფიქრებს, ბიჭი თავის მოკატუნებას დააპირებს და თვითმკვლელობას გაითამაშებს, ბოროტ ძილს, როგორც თვითონ ამბობს, დალევს საძილე წამლის ჭარბ დოზას. არ ვარაუდობს, მაგრამ, მართლაც, ძლივს გადარჩება: „მეჩვენებოდა, რომ ბარბაროსთა დროინდელი ამ მონეტებით უკანასკნელი აბსურდული საზღვრის გასავლელად დაწესებული ბაჟი უნდა გადამეხადა“ (350). ეს საქციელიც, ისევ და ისევ, მცდელობაა მამის დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემისა და ეს კითხვა, რომელსაც უპასუხებს მოგვიანებით, „სიცოცხლის ბაჟად“ ექცევა, საბოლოო ჯამში, როცა გაიგებს, რას გვიქადის მოჯადოებული სიჩუმე ჰორიზონტს იქით, როცა გაიგებს ცხოვრების ტკბილ-მწარე გემოს…

 

ჯოჯოხეთიც სიკვდილსა და სიმარტოვესთან ასოცირდება არტუროსთვის: „შეიძლება, მკვდრების მარადიული სატანჯველი ისაა, რომ ბორძიკით მიიწევენ ერთმანეთის საძებნელად, მაგრამ ვერასოდეს ხვდებიან“ (356). სიკვდილი მისტიფიცირებულია პატარა ბიჭისთვის, „კრუიზი“ მისი ზღუდისკენ, „სიკვდილი, რომელსაც ვერავინ ასცდება, შესაძლებელია, მრავალთაგან ერთ-ერთი ზღაპარი იყოს, და თუ ადამიანი, იმის მაგივრად, შიშით ელოდებოდეს და ლაჩრულად ცახცახებდეს, მის გამოკვლევას გადაწყვეტს, იქნებ აღმოაჩინოს კიდეც, რომ სიცრუეა…“ (364).

 

ნაწარმოები გვხიბლავს დახვეწილი, ინტელექტუალური იუმორით, არაჩვეულებრივი ფსიქოლოგიზმებით ასეთი ინდივიდი-მოზარდის ცხოვრების აღწერისას, რომლის განცდები ძალიან ჰგავს, თითქოს, ალუზიაა,  16 წლის  ჰოლდენ კოლფილდის შეგრძნებებს ცხოვრებისა, რომელიც არაჩვეულებრივი სარკასტულობითა და ოსტატობითაა გადმოცემული ბავშვის მდიდარი და იდუმალი წარმოსახვით; დიდი ოსტატობითაა შექმნილი თხრობის მეტაფორისტიკა, ტროპულობა: „ვრცელი თეატრი,  სადაც ჩემი თვითმკვლელობის ეპიზოდი გათამაშდა, მხიარული და კეთილი გაკვირვებით შემეგება, თითქოს იქ ტრაგიკული პანტომიმა წარმოვადგინე, მერე კი ჯანმრთელი და გალანტური, ისევ ავანსცენას დავუბრუნდი. მაგრამ შემდეგ, მზე რომ ამოვიდა, იმ ცნობილმა პანტომიმამ თანდათან სულ უფრო ძველ დროს, ლამის სამყაროს ბავშვობას დაუთმო ადგილი“, – აქაა პრეისტორიული არქაიკაც და თანამედროვე, დროებითი უცვლელობაც წუთისოფლის დროის წრებრუნვისა; როგორ „მიდის“ ის და როგორ „დგას“, საათივით, რომ მარად დაგიმტკიცოს მარტივი ჭეშმარიტება: „ბებერ“ სამყაროში არაფერი იცვლება, მიუხედავად დაუსრულებელი ორომტრიალისა. სწორედ ეს დინამიკა აღგვაქმევინებს ბევრჯერ აღიარებულს – სწორედ მოძრაობაა (სულიერი, ფიზიკური) ფარული აზრი სიცოცხლისა და ეს მოძრაობა „აჩერებს წამსაც“, რომ განგაცდევინოს, შეგანელებინოს ყოფიერების ხშირად მივიწყებული მშვენიერება…

 

„აკრძალული ხილის“ უცხო არომატი თითქოს სწორედ იმას შეგვაგრძნობინებს, რასაც ადამი და ევა განიცდიდნენ სამოთხიდან წუთისოფელში გამოძევების წინ – აქედან „დაედო გემო“ ცხოვრებასაც; მწარე სიტკბო სიცოცხლისა, რომელსაც სისხლის პირველყოფილი ჟანგი დაჰკრავს, ხოლო „სინდისი ამ უცნაურ თამაშში ისე ტრიალებს, როგორც უცხო ადამიანი ბალ-მასკარადზე ღვინის ოხშივარში“ (374). – ეს შედარება-შედევრები კიდევ ბევრგან გვხდება: – „ვიმეორებდი საამურად, მსუბუქად, თუმცა თავზეხელაღებულად, თითქოს მოღალატე მეგობარს საიდუმლოს ვანდობდი“ (378);

 

„მოქნილი“ იდიომები: „იმედი ზოგჯერ სინდისსაც ისე ასუსტებს, როგორც ბიწიერება“;

 

ეპითეტ/მეტაფორები: დედინაცვლის თვალები – „ორი საბრალო და დიდებული ვარსკვლავის ცეცხლოვან ნათებას ჰგავდა“ (413);

 

ასე და ამგვარად, გრძელდება ბიჭის უმოწყალო მარტოობა, გრძნობითი ილუზიები: „ზოგჯერ ჩვენი გრძნობები, რომელთაც დიდებულად ან ზეადამიანურად მივიჩნევთ, სინამდვილეში უგემო გრძნობებია; მხოლოდ ადამიანურ ტკივილს, ალბათ სასტიკს, შეუძლია, მარილივით, მისტიკური გემო შესძინოს მათ სიღრმისეულ რაობას!“(476).

 

დგება დროც „ვარდისფერი სათვალის“ მოხსნისა. 16 წლის არტუროს ბავშვობა მთავრდება, მეტიც, იმსხვრევა მისი ოცნებები, ფაქიზი წარმოდგენები თუნდაც მამაზე. მიუხედავად იმისა, რომ მისი ასაკი მძაფრად აღიქვამს ასეთ იმედგაცრუებებს, ეს მაინც უდიდესი განსაცდელია. განსაცდელი ჩვენი თანდაყოლილი მარტოობის მისტერიასთან კვლავ და კვლავ თანაზიარობისა, ტკივილებით, სულის იარებით, რომლებიც ძნელად იკურნება წუთისოფელში. ამხელა ვარ და აღმოვაჩინე ჩემი მსგავსება არტუროსთან: იგივე უკომპრომისობა იდეალების სამყაროსთან მიმართებით, იგივე მედიდური, ბავშვური სიამაყე, იგივე უპატიებლობა იმისი, რის პატიებაც შეუძლებელია: იღებ, ეჩვევი, მაგრამ არ ეგუები არასდროს!… როცა ბანალობით იბურება ის, რაც მარადიული გეგონა, ბავშვობაც მთავრდება, მაგრამ არ კვდება. ის სულის უშორეს კუნჭულში გადაინაცვლებს, შორს ბნელი ვნებებისგან, გულგოროზობისა და მრისხანებისგან, რომ სწორედ მაშინ, როცა ძალიან გაგვიჭირდება, გამოვიხმოთ, დავისვათ გვერდით, მოვუსმინოთ; თუნდაც მხოლოდ ის გვითხრას, რაც ერთხელ, ცუდად ყოფნისას, პატარა იოანემ მითხრა:

– წყალი დალიე!

ამ „წყალმა“ მოგცეს ძალა იმ „მოძრავ ავანსცენაზე“, როგორც არტუროს წარმოსახვაშია, რომელიც ხან სამყაროს ცენტრში გვამყოფებს და ხანაც მის მივარდნილ, ყველასგან მივიწყებულ, უკაცრიელ კუნძულებზე…

 

„მამაშენი პაროდიაა“ – ეუბნება ავაზაკი ტონინო სტელა სულის სიღრმემდე შეძრულ არტუროს, რომელიც მალევე ხვდება, რომ ვილჰელმ ჯერაჩესთვის წმინდა და შეურყვნელი არაფერია: არც კაცური სიტყვა, არც დაპირება, არც მეგობრობის ფიცი, ის, ბოშასავით, ლეგიონერივით მაწანწალა, მოხეტიალე, ჩვეულებრივი მოღალატეა, რადგან მან უღალატა საკუთარ თავს არტუროს იდეალებში. თუმცა, როგორც სისხლით ნათესაობას სჩვევია, მამის ერთგული მაინც რჩება ბიჭი: „მიუხედავად იმისა, რომ უკვე გავიზარდე, მაინც იმ ადამიანად ვრჩებოდი, რომლის წყალობითაც გავჩნდი“(487).

 

იქნებ სამყაროც, რომელიც გვგონია, ჩვენ გარშემო ბრუნავს, როგორც ჩვენი საკუთარი „ავანსცენა“ ცხოვრების თეატრში, ჩვენი განცდები თუ აღმაფრენები ნაფოტივით რომ აბრუნებს, მართლაც, ერთი მიყრუებული კუნძულია, რომლის უკაცრიელ კუნჭულში გადავმალავთ ხოლმე ჩვენს გულსაკლავ მარტოობას, არტუროსავით, თავი მოხეტიალე ყარიბი რომ ჰგონია? „მერჩივნა, უმამო დავბადებულიყავი. და უდედო და უარავისო“…

 

ბავშვობა რა ბავშვობაა დიადი მიზნების გარეშე?! – „პატარაობიდან ერთი მიზანი მქონდა – სიკვდილი დამემარცხებინა. ზოგ ბიჭს სიბნელე აშინებს, მე კი სიკვდილი მაშინებდა, და მხოლოდ სიკვდილი! ეს დამპალი სიკვდილი სიცოცხლის რწმენას მიწამლავდა. და სანამ მის წინაშე უდარდელობას არ ვისწავლიდი, ვერ გავიგებდი: გავიზარდე თუ არა. კიდევ უარესი: ვერ გავიგებდი, მამაცი ვიყავი თუ ლაჩარი“ (529). არტურო ომში გადაწყვეტს წასვლას და ასე შეაბიჯებს უკვე ნამდვილ ცხოვრებაში. არა წარმოსახვით, ამაღლებული წარმოდგენებით სავსე, ლამაზ, ზღვის ნაპირზე ქვიშის მსუბუქი სიმძიმით  აკოკოლავებულ ციხე-კოშკად ქმნილ, არამედ ნამდვილ, ხანდახან პროჩიდის მზეშიც მსუსხავ ცხოვრებაში; ცხოვრებაში, რომელიც, ბავშვობასავით, ყველა ნაკვალევს შლის ხანდახან… ჰოდა, ზაფხულში „…ამ უსაყვარლეს დღესასწაულზე არავინ, ერთი ბეღურაც კი, ან ციცქნა ჭიანჭველა, ან ზღვაში ერთი ლიფსიტაც არ დაიჩივლებდა ასეთ უსამართლობაზე: კუნძულზე ზაფხული დაბრუნდა არტუროს გარეშე! …თითქოს აქ ვინმე არტურო ჯერაჩეს არც არასდროს გაუვლია!“ (538).

 

არტურო, რომელიც თვითონ იგონებდა მთელ თავის იდუმალ ცხოვრებას, აღმოაჩენს ჩვენსავით, მკითხველებივით, რომ ყველაზე დიდი იდუმალება თვითონაა. „მეტისმეტად მიყვარდა შეყვარებულობა: აი, მუდამ ეს იყო ჩემი ნამდვილი გატაცება“ (539). ის მიემგზავრება თავისი უსაყვარლესი, სეხნია კუნძულიდან; როგორც ჩვენ მივემგზავრებით თუ დავდივართ დედამიწაზე, დედამიწა ცალკე ტრიალებს მზის ორბიტაზე, მაგრამ ყოველივე ეს მაინც დიდი, უმოძრაო დაბრუნებაა „შინ“, საკუთარ თავთან, საკუთარ „კუნძულთან“, საკუთარ, მშობლიურ წიაღში… ჩვენ „ვიცით, რომ არ ვიცით“ ეს, მაგრამ ყველაფერი, ცხადია, ასეა!… სიბერე მიგვახვედრებს, რომ მიუხედავად გადატანილი „ქარტეხილებისა“, მაინც არსად წავსულვართ ჩვენი ბავშვობის სამყოფლიდან.

 

მერე? მერე ბევრი ზაფხული მოვა, მაგრამ ოდესმე ჩვენ გარეშე…

 

აქ კი ცხოვრების „მაგიისა თუ ალქიმიის“ იტალიელ კლასიკოს მწერალ ელზა მორანტეზე არანაკლებ მცოდნე, ცოცხალ კლასიკოს ბესიკ ხარანაულს მოვიხმობ:

 

„როცა ეს ყველაფერი არყოფნაში გადაინაცვლებს,

როცა გაყვავილდება ცხოვრება და ჩვენ აღარ ვიქნებით,

გახსოვდეთ, რომ ყველაფერი ნამდვილად იყო!“.

 

 

ციტატები წიგნიდან – ელზა მორანტე „არტუროს კუნძული“, გამომცემლობა „ინტელექტი“, 2024

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“