შაბათი, აპრილი 12, 2025
12 აპრილი, შაბათი, 2025

დარაბებს მიღმა სიხარულია – სახალისო, სასწავლო რესურსი

ანბანის სწავლება პირველ კლასში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფეხურია, რომელიც განსაზღვრავს ბავშვის დამოკიდებულებას სწავლისადმი. სწორედ ამიტომ, აუცილებელია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ბავშვის ინტერესსა და ემოციას გააერთიანებს. სწავლისადმი მოტივაციის ამაღლება სწორედ ამ ასაკობრივ ჯგუფში იწყება და დიდწილად დამოკიდებულია პედაგოგის კრეატიულობაზე, მიდგომებსა და სასწავლო რესურსზე.

პროექტის კონცეფცია –  სწავლა როგორც სახალისო  პროცესი

პროექტი „ანბანსახლი“ შევიმუშავე იმისთვის, რომ ანბანის შესწავლა პირველკლასელთათვის ყოფილიყო არამხოლოდ საჭიროება, არამედ ემოციური თავგადასავალი. პროექტს საფუძვლად დაედო ინტეგრირებული, ვიზუალურ-სენსორული და თამაშზე დაფუძნებული სწავლების მიდგომები, რომლებიც ეხმიანება დიფერენცირებული სწავლების პრინციპებსა და ჰოვარდ გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორიას.

 საკლასო ოთახში ერთ კედელზე განვათავსე  „ანბანსახლი“ – დიდი ზომის, სახლის ფორმის კედლის პლაკატი, სადაც თითოეულ ასოს თავისი პატარა ფანჯარა ჰქონდა დარაბებით. დარაბების მიღმა იმალებოდა ასო და მასზე ასოცირებული ნახატი. თითოეული ფანჯრის გახსნა ხდებოდა ცერემონიული ფორმით – თან ახლდა მუსიკა, სიხარულის ატმოსფერო და მოლოდინი.

აქტიური მონაწილეობა და პასუხისმგებლობის განცდა

 დარაბის გახსნის პატივი მორიგეობით ეძლეოდათ მოსწავლეებს. ეს არა მხოლოდ პოზიტიური მოტივაციის წახალისების საშუალება იყო, არამედ პასუხისმგებლობისა და თანასწორობის განცდაც, რაც მეტად მნიშვნელოვანია ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის. მოსწავლეები ელოდნენ თავის რიგს, ამაყობდნენ დაკისრებული ამოცანით და კიდევ უფრო აქტიურად ერთვებოდნენ შემდგომ სასწავლო აქტივობებში.

სწავლა ყველა შეგრძნების მეშვეობით

 ფანჯრის გახსნის შემდეგ მოსწავლეები ხედავდნენ ასოს და მის ილუსტრაციას. ვსარგებლობდით შემდეგი აქტივობებით:

  • ასოს მოხაზვა ჰაერში და დაფაზე.

  • ასოზე დაწყებული სიტყვების ძიება გარემოში.

  • მოკლე მოთხრობების მოფიქრება და გახმოვანება.

  • ასოსთან დაკავშირებული სიმღერების ან ლექსების წარდგენა.

  • კონსტრუქციული თამაშები და ხელოვნების ელემენტები.

 ასეთი მიდგომები ეხმიანება „მულტიმოდალურ სწავლებას“ (multimodal learning), რომელიც ითვალისწინებს ვიზუალურ, აუდიტორულ, კინესთეტიკურ  და სენსორული არხების ჩართვას ცოდნის შესათვისებლად.

შედეგები: მოტივაცია, ჩართულობა, პროგრესი

 პროექტმა მნიშვნელოვნად გააძლიერა მოსწავლეების ინტერესი სწავლებისადმი. მათთვის ყოველი ასო ახალი აღმოჩენა და ემოციური გამოცდილება იყო. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის, რომ სხვადასხვა საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის – მათ შორის, ენობრივად შეფერხებული ან მოტივაციის ნაკლებობის მქონე ბავშვებისთვის – ანბანსახლმა გააჩინა სწავლაში ჩართულობის ახალი გზები.

მოსწავლეთა თვითგამოხატვის უნარი, პასუხისმგებლობა და ერთმანეთთან თანამშრომლობა აშკარად განვითარდა. გაკვეთილები ცოცხალი, შინაარსიანი და დასამახსოვრებელი გახდა.

ვიზუალური მაგალითი: როგორ გამოიყურება ანბანსახლი?

 ქვემოთ წარმოდგენილი ფოტოზე ჩანს პირველკლასელებისთვის შექმნილი „ანბანსახლი“ — კედელზე განთავსებული ანბანის სახლი, სადაც თითო ასოს თავისი დარაბებიანი  ფანჯარა  აქვს. ფანჯრის მიღმა იმალება ასოს ილუსტრირებული სიტყვა, რომელიც აღძრავს ბავშვებში ინტერესს, აღქმას და ასოციაციებს.

 

  პროექტი „ანბანსახლი“ წარმოადგენს ინოვაციურ მიდგომას, რომელიც შერწყმულია თანამედროვე პედაგოგიური პრინციპების – დიფერენცირებული სწავლების, სოციალური-ემოციური სწავლების (SEL) და კონსტრუქციონისტური მიდგომების – საუკეთესო პრაქტიკასთან. სწავლების პროცესის ემოციურ ცერემონიად ქცევა ხელს უწყობს არა მხოლოდ ცოდნის ათვისებას, არამედ პოზიტიური განწყობის, ავტონომიისა და თანაგრძნობის განვითარებას.

  ამგვარი პრაქტიკების გაზიარება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ წარმატებული გამოცდილების დასაფიქსირებლად, არამედ იმ დასტურადაც, რომ სკოლა შეიძლება იყოს სივრცე, სადაც სწავლა არის დღესასწაული. სწორად დაგეგმილი სასწავლო გარემო მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სწავლების პროცესზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“