მოსწავლეთა მშობლების მრავალფეროვან საზოგადოებაში არცთუ იშვიათად შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც გამუდმებით ცდილობენ, თვალში მოხვდნენ მასწავლებელს და სხვებთან შედარებით უპირატესობა მოიპოვონ. ზოგიერთი მშობლისთვის ეს იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მიზნის მისაღწევად მაამებლობის სტრატეგიასაც კი იყენებენ. გამუდმებით პირად კავშირზე არიან პედაგოგთან, თუმცა არა ყოველთვის შვილის კეთილდღეობისთვის; მზად არიან, გაუზიარონ მათთვის ცნობილი ნებისმიერი ინფორმაცია, განურჩევლად იმისა, რას დააზიანებენ ამით; გაანებივრონ, მოიმადლიერონ საჩუქრებით და ა.შ.
პედაგოგისა და სკოლის ადმინისტრაციის კმაყოფილება ასეთი მშობლებისთვის შესაძლოა მეტად მნიშვნელოვანიც კი იყოს, ვიდრე მოსწავლეზე ორიენტირებული გარემო, ამიტომ ისინი თითქმის არასოდეს ერთვებიან ხარვეზების გამოსასწორებლად მუშაობაში, არასოდეს ელაპარაკებიან მასწავლებელს ან დირექციას სკოლაში არსებულ პრობლემებზე, მაგრამ პირველები აქტიურდებიან, როცა სკოლას მშობლების პოზიტიური ჩართულობა სჭირდება, საექსკურსიო ადგილის შერჩევა იქნება ეს, რაიმე ღონისძიების საორგანიზაციო საკითხების მოგვარება, საჩუქრებისთვის თანხის მობილიზება, ბანკეტის დეტალების გადაწყვეტა თუ სხვა.
ცხადია, ეს ყველაფერი ცუდი არ არის. ცუდია ის, რომ პრივილეგიების მაძიებელი მშობელი ერთპიროვნულად ადგენს მოქმედების წესებს ყველასთვის.
პრივილეგირებული მშობლები, წესისამებრ, ლიდერობენ კლასში და მცდელობას არ აკლებენ, რომ ისეთი გადაწყვეტილება მიაღებინონ დანარჩენებს, რომელიც სკოლის ადმინისტრაციისთვის ყველაზე მოსაწონი იქნება.
რა ამოძრავებთ პრივილეგიების მაძიებელ მშობლებს?
- სურთ, მათი შვილები არ დაიჩაგრონ, ყურადღების მიღმა არ დარჩნენ და, რაც მთავარია, ბავშვების აკადემიური მოსწრება მაღალი ქულებით ფასდებოდეს.
- სურთ, არაფერი გამორჩეთ, ყველაფერში ყოველთვის პირველები და გამორჩეულები იყვნენ.
- სურთ, საჭირონი იყვნენ მასწავლებლებისთვის, რათა მუდმივად შეეძლოთ გავლენის შენარჩუნება.
- სურთ, სასკოლო ავტორიტეტების თვალში მათთან ურთიერთობა ყოველთვის სასიამოვნო ემოციასთან ასოცირდებოდეს.
რა საფრთხე ახლავს კლასში ასეთი მშობლის ყოფნას და რა შეიძლება მოხდეს, თუ მას ბოლომდე მიეცა გასაქანი?
პრივილეგიების მაძიებელი მშობლები ნაკლებად უსმენენ შვილს, მის თანაკლასელებს, სხვა მშობლებს. ისინი ნაკლებად მგრძნობიარები არიან სხვა მშობლების საჭიროებებისა თუ მოსაზრებების მიმართ.
- ასეთ შემთხვევაში თითქმის გარდაუვალია კონფლიქტი მშობლებს შორის, რომელიც შესაძლოა სკოლის შენობის გარეთ მოხდეს, თუმცა შეუძლია, მნიშვნელოვნად გააუარესოს ბავშვების ურთიერთობა საკლასო ოთახში.
- თუ პრივილეგიების მაძიებელი მშობელი საკუთარ სურვილებს არგებს დაგეგმილ ღონისძიებებს და არ ითვალისწინებს სხვა ოჯახების შესაძლებლობებს, შესაძლოა, რომელიმე ბავშვის აუცილებელი საჭიროებები დაუკმაყოფილებელი დარჩეს.
- თუ პრივილეგიების მაძიებელი მშობლის მოქმედების გამო მისი შვილი სარგებლობს უპირატესობით, შესაძლოა, სხვა ბავშვებს გაუჩნდეთ უსამართლობის განცდა, მიიღონ სტრესი, რომელიც მთელი ცხოვრება გაჰყვებათ.
რა უნდა გააკეთოს მასწავლებელმა იმისთვის, რომ ასეთი მშობლებისგან მომავალი საფრთხე შეამციროს და პროცესები ჯანსაღად წარმართოს?
- აქტიურად ჩართოს პრივილეგიების მაძიებელი მშობელი სასკოლო პროექტებში და მისი ენერგია ბავშვების ინტერესების სასარგებლოდ მუშაობისკენ მიმართოს.
სკოლაში უამრავი გამოწვევაა, რომელსაც პედაგოგი ენერგიული მშობლის გარეშე თავს ვერ გაართმევს. სწორედ აქ გვჭირდება ადამიანი, რომელსაც სურს, სკოლასთან ახლოს იყოს. მასწავლებელი უნდა ეცადოს, მშობელი ისეთ აქტივობებში ჩართოს, რომლებიც არა მხოლოდ მის შვილს, არამედ სხვა ბავშვებსაც მოუტანს სარგებლობას. ამავე დროს, აუცილებელია მშობლის წახალისება ჯანსაღი ქმედებებისთვის; აუხსნას, რომ მისი მთავარი უპირატესობა ბევრი ბავშვისთვის სასარგებლო საქმეში მონაწილეობაა.
პრივილეგიების მაძიებელ მშობელთან პირად საუბარში მასწავლებელს შესაძლოა იმის ახსნაც დასჭირდეს, რომ, მშობლის პატივისცემის მიუხედავად, ნიშნის მომატებით დათვურ სამსახურს გაუწევს მის შვილს, რადგან ასე ბავშვი მიეჩვევა დაუმსახურებელ ჯილდოს და ვერ გამოიმუშავებს მიზნისკენ დამოუკიდებლად და სამართლიანი წესებით სწრაფვის უნარს. ამავე დროს, სხვა ბავშვებისთვის ეს შესამჩნევი, ობიექტურად საწყენი და ურთიერთობებისთვის დამაზიანებელი იქნება.
მასწავლებელმა ასეთ მშობელს ისიც უნდა აუხსნას, რომ სასკოლო აქტივობები ცალკეული ოჯახების შესაძლებლობებს ვერ მოერგება, რადგან კლასში სხვადასხვა შეძლების ბავშვები სწავლობენ. უპირატესობა კი უნდა მიენიჭოს არა შთამბეჭდავ სცენარებს, არამედ ისეთ აქტივობებს, რომლებშიც ყველა შეძლებს მონაწილეობას და ასეთ შედეგზე გასასვლელად აუცილებელია მშობლებს შორის თანასწორი დიალოგი.
ცხადია, მასწავლებელი მშობლის ხასიათის თავისებურებებს ვერ შეცვლის, მაგრამ მის რეაქციებზე მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული ჯანსაღი საკლასო კლიმატის შენარჩუნება. თუ პედაგოგი ხელს შეუწყობს ასეთ მშობელს, შესაძლოა, ზემოთ ჩამოთვლილმა ყველა ზიანმა ერთად იჩინოს თავი, რაცონალური მიდგომით კი პედაგოგი შეძლებს, პრივილეგიების მაძიებელი მშობლები აქციოს სკოლის პროგრესის მნიშვნელოვან აქტორებად, რათა მათი ენერგია და პოტენციალი კლასის განვითარებას მოხმარდეს.