გოდერძი ჩოხელის პროზაში სიკვდილი ერთ-ერთი მთავარი მეტაფორაა. კრიტიკოსი ლევან ბრეგაძე მიიჩნევს, რომ სიკვდილის შესახებ ყველაზე მეტს და ყველაზე თამამად ქართულ ლიტერატურაში გოდერძი ჩოხელი წერს: „გოდერძი ჩოხელის დამოკიდებულება სიკვდილ-სიცოცხლის პრობლემასთან წააგავს ვაჟა-ფშაველას დამოკიდებულებას: „ღმერთმა გიშველოს, სიკვდილო, სიცოცხლე შვენობს შენითა“ (ბრეგაძე 2012, 282).
სიკვდილისადმი მწერლის დამოკიდებულება განსაზღვრა გუდამაყრის სოფლების რეალობამ. მაგალითად, გოდერძი ჩოხელის ბებიას რვა ჩვილი გარდასცვლია. ამგვარ მოცემულობაში ცხოვრებამ სიკვდილის მიმღებლობა განაპირობა. სიკვდილის გასულიერება ასახულია ქართულ ზეპირსიტყვიერებაშიც, თითქოს ამ გზით სიკვდილის მოშინაურებას ცდილობენ:
„ხალხურ ლექსებში სიკვდილი ხშირად პერსონიფიცირებულადაა წარმოდგენილი. მისი არსი ქართველ გლეხკაცს ფილოსოფიურად აქვს მოაზრებული“ (ალიბეგაშვილი 1992, 173).
რომანში „წითელი მგელი“ სიკვდილი პირველივე გვერდებიდან ჩნდება – სტუდქალაქის საცხოვრებელ კორპუსში დაბინავებული ლუკას თვალწინ კვდება სამხედროს მასწავლებელი. საავადმყოფოში ლუკა კვლავ შეესწრება ორი ადამიანის სიკვდილს. ეს პირქუში განწყობა რომანს თავიდან ბოლომდე გასდევს.
მართალია, რომანში პერსონაჟები ხშირად იხოცებიან, მაგრამ სხვადასხვანაირია სიკვდილის განცდა. მაგალითად, განსაკუთრებული სიმძაფრით ჩნდება სიკვდილი თევდორეს მონათხრობში, როდესაც იგი მგლების მიერ დახოცილ ადამიანებსა თუ ცხოველებზე ჰყვება. სიკვდილი ამ დროს დაუნდობელია. ის არ არჩევს შეყვარებულ გოგოს, ყინულში ჩარჩენილი გარდაცვლილი შვილის ნაფეხურებს დაკონებულ დედას, ჯარჯის დას, რომელსაც, მოხუცი მამამთილის ნებით სალოცავში მიმავალს, დაესხმებიან თავს მშიერი მგლები, წისქვილში მყოფ პატარძალივით მორთულ დედაბერს… სიკვდილი მარცხდება მამაცი გარსიას ლანდად ქცევით და თანდილას აყვავებით.
რომანში გვხვდება ქართული ხალხური ზღაპრების მოტივებიც. მაგალითად, იმქვეყნად მოგზაურობისას მოხუც ანუელს ეტყვიან სამ სიტყვას, რომელთა დავიწყებაც სიკვდილს იწვევს. მამაც ჯარჯის კუდიანი ქალი დორაისხეველებისგან დაიხსნის და გააფრთხილებს, როგორც კი დორაისხევში ნანახს ვინმეს გაუმხელ, მოკვდებიო. დაუტეველი დარდის დედისთვის გამხელას, საიდუმლოს განდობას ჯარჯის სიკვდილი მოჰყვება.
საინტერესოა გოდერძი ჩოხელის მოგონება, რომელშიც ასახულია სიკვდილისადმი მისი დამოკიდებულება. მწერალი იხსენებს სოფელ დუმაცხოს თოვლში ჩაფლულ სასაფლაოებს:
„ერთ-ერთ ფოლკლორულ ექსპედიციას სოფელ დუმაცხოში გავყევი. გაზაფხული იდგა, თოვლი ალაგ-ალაგ იყო ჩამდნარი. დუმაცხოს საფლავებზე გავიარეთ. საოცრება ვნახე: თოვლი დნებოდა. საფლავის ქვის ნახატებზე ზოგს თავი ჰქონდა თოვლში ამოშვერილი, ზოგისა მხოლოდ გუთანი ჩანდა… მთელი ეს სასაფლაო ფიროსმანის დიდ ტილოს მოგაგონებდათ. მაშინ გამიჩნდა სურვილი, ეს ყველაფერი ეკრანზე გადამეტანა, შემექმნა მხატვრული ფილმი და სხვებსაც დაენახათ ეს სილამაზე. საფლავებს რომ ვიღებდი, ეპიტაფიებს წავაწყდი. „სხვამ რომ გველი შეგიწვას, შენ კალმახი შეუწვიო“, – მიცვალებულის პირით საუბრობდა ქვა. დამებადა აზრი, რომ ფილმში მიცვალებული ამელაპარაკებინა – სიკეთეზე, სიყვარულზე, სიკვდილ-სიცოცხლეზე. სახარებისეული სიბრძნის, სიკეთისა და სიყვარულის ქადაგება მომინდა მიცვალებულების პირით. ისინი თავისებურად საუბრობენ მცნებებზე, თუ როგორ უნდა იცხოვროს კაცმა ამ ქვეყანაზე“ (ჩოხელი 2012, 106).
დუმაცხოს სასაფლაოების ნახვისას გაჩენილ იდეას გოდერძი ჩოხელი ხორცს შეასხამს ფილმში „აღდგომა“, მერე კი სიკვდილს კიდევ უფრო გამორჩეულ მხატვრულ სახედ აქცევს რომანში „ადამიანთა სევდა“: ხატში შეკრებილ სოფელს ცოცხალი ადამიანის სახით ევლინება სიკვდილი, რომელსაც შემდეგ მოკლავენ და დაიტირებენ.
გაცოცხლებული სიკვდილის მხატვრული სახე გვხვდება გაბრიელ გარსია მარკესის რომანში „პატრიარქის შემოდგომა“, რომლის ბოლო ეპიზოდში პატრიარქს – იმავე გენერალს/პრეზიდენტს – სიკვდლის წინ გაცოცხლებული სიკვდილი ეწვევა:
„ვინ არის, იკითხა შემკრთალმა, რადგან ძილში აშკარად ჩაესმა, ვიღაც ეძახდა სახელით, რომელიც მისი არ იყო. ნიკანორ, მეორედაც, ნიკანორ. ამ ვიღაცას, ეტყობა, შეუძლია, მის ოთახში ისე შევიდეს და გამოვიდეს, საკეტებს ხელი არ ახლოს, პირდაპირ კედლიდან. ბერიკაცმა სიკვდილი დაინახა. ეს თქვენი სიკვდილი იყო, ჩემო გენერალო, მონანიე ცოდვილი კაცის მოსასხამში გახვეული და თავმოკაუჭებული კომბლით ხელში. თავის ქალაზე საფლავის ბალახი შემოვლებოდა, ძვლებს შორის მიწისქვეშა ყვავილებს ამოეყოთ თავი, უძველესი თვალების ფოსოებში გაოცება ჩაჰბუდებოდა, ცხვირის ადგილას ორი პატარა ხვრელი ჩანდა შავად. როცა გენერალმა თავის წინ მთელი ტანით აღმართული სიკვდილი იხილა, მაშინღა მიხვდა, რატომ ეძახდა – ნიკანორ, ნიკანორო (მთარგმნელის შენიშვნა: გამარჯვების მხილველი). ამ სახელით ხომ სიკვდილი იმას უხმობს, ვისი სულის წარტაცებაც აქვს ჩაფიქრებული. მაგრამ ბებერი გენერალი არ გატყდა, ჩემი დრო ჯერ არ დამდგარა, სიკვდილო, მე ძილში მოვკვდები ჩემს ჩამრუმებულ კაბინეტში. ოდესღაც, უხსოვარ დროში, ასე მიწინასწარმეტყველა ერთმა უსინათლო მკითხავმა ქალმა, რომელმაც პირველქმნილ წყალში დაინახა ჩემი სიკვდილი. არა, გენერალო, უპასუხა სიკვდილმა, თქვენ ახლა მოკვდებით, სწორედ აქ მოკვდებით ფეხშიშველი. აი, ასე, ბოგანოსავით ჩაცმული, თუმცა ვინც თქვენს გვამს პირველი იპოვის, ის უსათუოდ ეცდება, ყველა დაარწმუნოს, რომ სწორედ კაბინეტში გიპოვათ მკვდარი“. (მარკესი 2021, 338).
„პატრიარქის შემოდგომა“ სიკვდილის მოლოდინით არის გაჯერებული. გენერალს, რომლის მითოსურ, ზღაპრულ სახეში დიქტატურის ზოგადი სახე აღწერა მარკესმა, მხოლოდ მოულოდნელი სიკვდილის ეშინია და იმ სისასტიკის ფონზე, რომელსაც სჩადის, უეცარი სიკვდილის შიში მის ძალაუფლებას საყრდენს აცლის. საგულისხმოა ჩვენ მიერ აღწერილი გადაკვეთა გოდერძი ჩოხელისა და გაბრიელ გარსია მარკესის რომანებში სიკვდილის მეტაფორის გააზრებისას. ამ ჭრილში ასევე საინტერესოა მექსიკელი მწერლის ხუან რულფოს რომან „პედრო პარამოსა“ და გოდერძი ჩოხელის „წითელ მგელს“ შორის პარალელების გავლება. ამ ორი მწერლის მხატვრული სამყაროებისთვის სიკვდილის მეტაფორა ნიშანდობლივია. რომანში „პედრო პარამო“ მიცვალებულები საფლავებიდან ერთმანეთს ცოცხლებივით ესაუბრებიან, ისინი კვლავ დარდობენ, მარტოობას განიცდიან, სხვებს უსმენენ, მსჯელობენ. „წითელ მგელშიც“ სიკვდილის მეტაფორის გამოყენებით დარღვეულია დრო და სივრცე – პერსონაჟები საიქიოში მოგზაურობენ და ისევ ამქვეყნად ბრუნდებიან. გარისას ლანდი თიბავს, არჩევნებში მონაწილეობს, ლუკას ალყის გარღვევაში ეხმარება.
ამგვარად, სიკვდილის მეტაფორა გოდერძი ჩოხელის რომანში შეგვიძლია მივიჩნიოთ მაგიური რეალიზმის იმგვარ გამომსახველობით ფორმად, როგორადაც მას იყენებენ გაბრიელ გარსია მარკესი და ხუან რულფო, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გოდერძი ჩოხელთან სიკვდილი გამორჩეული ესთეტიზმით ვლინდება. სიკვდილის მეტაფორა მწერლის სუბიექტური პოზიციით არის განპირობებული.
გამოყენებული ლიტერატურა:
- გაბრიელ გარსია მარკესი, პატრიარქის შემოდგომა. რედ. ნატო გორდელაძე. თბილისი, ინტელექტი, 2021
- გოდერძი ჩოხელი, წითელი მგელი. რედ. რუსუდან მოსიძე. თბილისი, ბაკმი, 2007
- გოდერძი ჩოხელი, პროზა, პოეზია, წერილები. რედ. ელენე სარალიძე. თბილისი, პალიტრა L, 2022
- ლევან ბრეგაძე, სამი ეტიუდი გოდერძი ჩოხელზე. გოდერძი ჩოხელი, თხზულებანი 5 ტომად, 2012