შაბათი, თებერვალი 22, 2025
22 თებერვალი, შაბათი, 2025

 იასამნების შესაქმე

ლია სტურუას კრებულზე „შიგადაშიგ პროვოკაციული ლექსები“

მერაბ მამარდაშვილის აზრის ვარიაციით, თუკი სიცოცხლე დროში ძალისხმევაა, მაშინ შესაძლოა, პოეზია გავიაზროთ, როგორც ძალისხმევა ენაში.

ენა ყოფიერების სახლია, მთავარი ქრონოტოპოსია, რომელშიც, ხანგრძლივი ხეტიალის შემდეგ, უძღები შვილივით ბრუნდება ხოლმე პოეზია. აი, ეს დაბრუნების აქტია ის ძალისხმევა, რაც ენას საბოლოოდ ამთლიანებს სამყაროს ჰარმონიასთან, კოსმიურ წესრიგთან. ეს კრავს მარადისობის წრეს და მასში ჭეშმარიტების ვარსკვლავს გამოაშუქებს.

ამიტომ, დიდი მისია აკისრიათ პოეტებს. შესაძლოა დღეს, ტოტალური დესაკრალიზაციის და ტექნოლოგიური ზეკაცის ეპოქაში ეს მისია დამცრობილი და უგულვებელყოფილიცაა, მაგრამ ღვთის წყალობით, მაინც ჩნდებიან ჩვენს პლანეტაზე პოეტები (და არა ავტორები ან მეტექსტეები), რომლებიც გრძნობენ, შესაქმეს შუაგულში რომ არიან და მათზე, როგორც განდობილებზე, ენის ძალისხმევაა დაშვებული.

ლია სტურუა ამგვარი პოეტია და მისი რჩეულობის საიდუმლოც სწორედ ენაშია,  უზარმაზარ პოეტურ ძალისხმევაში, შექმნას ორიგინალური, უცხო და  ზედმიწევნით თვითმყოფადი ენობრივი სამყარო, შექმნას პოეზია, რომელიც ერთდროულად ქართულიცაა და გლობალურიც.

ლია სტურუას პოეზია ერთგვარი სინკრეტული აქტია – მასში მუსიკაცაა, მხატვრობაც, კინოც და თეატრიც. ის ამ მრავალშრიან სამყაროში დირიჟორიცაა და ვოკალისტიც. ალბათ ამიტომაა ერთი შეხედვით ძალიან რთული (ძნელი), თუმცა მასთან სულ უფრო მეტად მიახლოვებისას უცნაური თანაგანცდაც გეუფლება – ამ ბასრ, სიურეალისტურ თუ გეომეტრიულ ვარიაციებში საკუთარი სუნთქვაც გესმის, ღელვისაგან გახშირებული და მოლოდინით დამუხტული; გესმის, როგორ იღვრება შენში სიმშვიდის ჭავლი – ტკივილითა ტკივილის გამყუჩებელი…

წინ ლია სტურუას კრებული მიდევს – „შიგადაშიგ პროვოკაციული ლექსები“. წიგნი 2023 წელს გამომცემლობა „ინტელექტმა“ დასტამბა. პირველი, რაც ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ გიპყრობს, გაკვირვებაა – პოეტის მუდმივი განახლებით, მუდამ აქტუალურად და ახალგაზრდად ყოფნით გამოწვეული. ლია სტურუას ყოველი კრებული წინასგან რაღაცით ნამემკვიდრევია, თუმცა მაინც მკაფიოა მოულოდნელობა – პოეტის ერთგვარი სამარკო ნიშანი.

„შიგადაშიგ პროვოკაციული ლექსებიც“ მოულოდნელი კრებულია. ეს სათაურშივე ცნაურდება.

თუმცა, პროვოკაცია არასდროსაა ლია სტურუას ამოცანა. მისი პოეზიის ხარისხს ესაც განსაზღვრავს – ის ამ „ფართო და მარტივი“ გზების მიღმა ხეტიალობს, მისი გზა ვიწროა და როგორც კირკეგორი იტყოდა, თავად სივიწროვეა ლია სტურუას პოეზიის გზა.

„დგახარ და უყურებ

მანქანაში ჩაწყობილ კმაყოფილ სახეებს,

ეგზალტირებულ პოეტებს, სისხლით

დაკვნეტილი ფრჩხილების ძირში.

ნეტა, რამდენი ყაყაჩოს მერე

იწყება ექსტაზი?“

ლია სტურუას ენობრივი სამყაროს მთავარი ინსტრუმენტი სინტაქსია („იალბუზით გაოცებული სინტაქსი“). მოულოდნელობის განცდას უპირველესად, სწორედ ის ქმნის.  პროვოკაციაც ამ მოულოდნელობის მეინსტრიმული პერიფრაზია. დღეს ასე ჰქვია იმას, რასაც ლია სტურუას დარი პოეტები მოულოდნელობაში გულისხმობენ. რასაც ნამდვილი პოეზია გულისხმობს ამ საკრალურ მდგომარეობაში, სულიერ პროცესში, ღვთაებრივ დინამიკაში.

„რა ჩემი საქმეა დალაგებული ფრაზები,

მათი ნელთბილი კომფორტი?“

ან,

„ჩემი ხმოვნები ისეთი მდუღარე ფერებით

ყვირიან, ვინ ჩააქრობს?

პასტელის მოყვარულები

რევოლუციონერები ვერ იქნებიან.“

ხოლო ვიდრე მოულოდნელობა გაჩნდებოდეს, ჯერ ყველაფერი უნდა თავდაპირველ სიჩუმემდე დაიწრიტოს. ეს კრებული ამ სიჩუმის მოხელთებაცაა. შესაძლოა, სწორედ ისაა ენის სამშობლო, ღვთაებრივი წიაღი – მისი უდიდებულესობა სიჩუმე, რომელიც შესაქმეს პროცესში ხელმწიფობს – მასში მწიფდება ბგერაც და სიტყვაც, მას გამოეყოფა ენის ბნელიც და ნათელიც. ლია სტურუას პოეზიის არისტოკრატიზმი, მისი „ცისფერი სისხლი“ ამ სიჩუმის მემკვიდრეობაა – ენის თავდაპირველი მეუფების, რომელსაც ის ვნებით ერთგულობს და გამოწვევადაც იღებს. ერთგულებას „ანაქრონიზმით“ ნიღბავს („ცდუნება მაქვს მივიდე, დავჯდე, ლიტერატურის ისტორიიდან ამოვიღო თმაგაცვენილი ქართული თავები და დაშაქრული პარიკები“…), გამოწვევას კი პროვოკაციით („ქარი ჩემი არაა, ლექსისაა, მაგრამ მე და ჩემი ქარი რამ გაგვყო?“).

ეს შინაგანი არისტოკრატიზმი დროის შრეებთან პოეტის მიდგომაშიც ცნაურდება – რამდენადაც მარადიულია ის სათქმელი, რასაც ლია სტურუა უტრიალებს, იმდენად თანამედროვეა და პირიქით. ის ერთდროულად გასაგებიცაა და გაუგებარიც, ახალიც და ძველიც. ის თანამედროვე ადამიანის ხმასაც გამოსცემს და იმ უხსოვარის, უშორეულესის ხმასაც, საიდანაც, საერთოდ, იწყება ადამიანი. თანამედროვეობის სული ამ პოეზიის ფორმასაც განსაზღვრავს: ის ატონალური, არაკონვენციური და დესტრუქციულია, იმ უდაბნოს ჰგავს, ხშირად მირაჟულს და განსულიერებულს, რადაც დღეის სამყაროა ქცეული. სამყარო სიმართლისა და სიყვარულის შემდეგ. სამყაროული დრო, როცა არაფერი აღარაა კარგად („ყველაფერი არის ძლიერ კარგად, ყველაფერი ძლიერ ცუდად არის“  – გალაკტიონ ტაბიძე) და როცა ყველა საგანი დაძრულია თავისი თავდაპირველი მნიშვნელობიდან.

„შიგადაშიგ პროვოკაციული ლექსები“ დროსთან მიმართებაშიც პოლიფონიურია – ზოგჯერ სენტიმენტალური (თუმცა აქაც აღსანიშნავია ლია სტურუას ბასრი სენტიმენტალიზმი, უკიდურესად ცივი ტონების ნამსხვრევებში გამოჟონილი ადამიანური სითბო, როგორც სახარებისეული „მარილი წუთისოფლისა“, ან ერთი წვეთი გრაალის თასიდან), ზოგჯერ კი გროტესკული. ამ უკანასკნელს, როგორც თეატრალურ გრიმასს თუ მუსიკალურ ტონალობას, განსაკუთრებული ვნებით იმორჩილებს. დიახ, იმორჩილებს – ლია სტურუასთვის გროტესკზე წერაც გროტესკის ნაწილია, იმ მისტიკური ღიმილის ნაწილი, რომელიც მთელ ამ კაცობრიულ კარნავალს, როგორც თანამდევი სული, ისე დასცქერის.

„ჰარმონია გროტესკში გადაიყვანე,

რომელიც, თითქმის, სამშობლოა!“

 

ამ ღიმილის შუქში ლღვება ლია სტურუას ელეგია – გარდასულთან გამოთხოვების მუსიკა. ის ყოველთვის იყო ერთ-ერთი მთავარი მოტივი, გამონაკლისი არც ეს კრებულია. ხაზგასმული სიფაქიზე და ამავდროულად სინამდვილის დაუნდობლად შიშველი აღქმა ქმნის სწორედ ამ ატონალურ, შორეულ მუსიკას.

„… ჩვენც ამ ოთახის არა ვართ?!

მოვდივართ, მივდივართ, ისე,

თითქოს, მეორე ოთხში გავედით,

უტახტოში…“

 

პოეტი რომ მარტოა, ეს მხოლოდ ლირიკული სენტენცია არაა („გამიზომეთ მანძილი ბალახიდან მარტოობამდე“). ეს, შესაძლოა, ჯვარიცაა და ჯილდოც, თუმცა მარტოობის ის კატეგორია, სადაც ენობრივი სამყაროს ძალისხმევა ამ განზომილებით შემოდის, მხოლოდ რჩეულთათვისაა და მასშიც „ფასია გადახდილი“ („სანამ ჩემი სისხლის ფორმულა ძაღლივით იკბინება“…). ეს მარტოობა სამოთხიდან გამოდევნილი ადამიანის წუხილითაა სავსე, ეჭვებით და შეკითხვებით დაისრული გულის ხმითაა დაძაგრული. მარტოობა პროცესიცაა და გარინდებაც, ზოგჯერ ამ ეჭვების და შეკითხვების ჯახიდან სურნელოვანი ჩვილივით იბადება რწმენა, ზოგჯერ კი, მათ ქვეშ, როგორც წისქვილის დოლაბებქვეშ, იჭყლიტება იგი. პოეტის მარტოობა სხვა სიმართლეა, ახალი რწმენაა, და ამაშიც, როგორც გასხივოსნებამდე დაბნელებულ წიაღში, ჩანათებულია ღვთაებრივი ღიმილი:

 

„დამწვარ ნერვს როგორღა აღიდგენ,

რომელიც სინდისს გამოეყო

და ცალკე ყვავის?“

ამ დინამიკაში კი, წვალებით და ნეტარებით, რაღაც ახალი იბადება – ენა, პოეზია, სიცოცხლე. ლია სტურუასთვის დაბადების ეს პროცესი მშობიარობის ფიზიკურ მდგომარეობას გავს.

„ტვინის წუხილი თუ არ დაემთხვა

ტანის ჟრიალს, ბავშვი არ შედგება!“

რა არის ის ყველაზე მთავარი, რაც მთელ ამ შესაქმეს – სიჩუმე-ღიმილი-მარტოობა-დაბადება – კრავს? ლია სტურუას კრებულში ამ სიტყვას ვერსად ნახავთ, თუმცა მთელი ეს წიგნიც და მთლიანად, ამ პოეტის შემოქმედებაც, ამ სიტყვის ქართულ ენაში დადასტურებაა.

„გავიწყდება, როგორი იყო,

კაცი რომ გამოივლიდა ქუჩაში

და მის დანახვაზე

ძვლები თეთრად გიდნებოდა…

ამისგან არ აკეთებენ იასამანს?..“

სიყვარული ლია სტურუას პოეტური აღმსარებლობის მთავარი პოსტულატია. პავლე მოციქული გავიხსენოთ – „კაცთა და ანგელოზთა ენებზეც რომ ვმეტყველებდე, სიყვარული თუ არა მაქვს, მხოლოდ რვალი ვარ მოჟღრიალე, მხოლოდ წკრიალა წინწილი.“ სიყვარულია ის, რაც ანგრევ(ინებ)ს და აშენებ(ინებ)ს პოეტს; და აქაც, როგორც დროით დასაზღვრული ადამიანის ქრონოსში, წყალგამყოფი საყვარელი კაცის სიკვდილია. ეს მისი პირადი წელთაღრიცხვაა, სამუდამო ტკივილით გამიჯნული, მისი ესქატოლოგიური დრო, აპოკალიფსის თანამდევი განცდით.

„ჩემი მხატვარი წავიდა,

ხომ არ მომკლავდა, დამხატა

და კედელზე დამტოვა“…

სიყვარულის დრო იასამნების სეზონს ემთხვევა – ასეთია ლია სტურუას პოეტური ქრონოსი. რატომ მაინც და მაინც იასამანი? მეტისმეტად გულუბრყვილო იქნებოდა ის პასუხი, რომ ეს, უბრალოდ, პოეტის საყვარელი ყვავილია. იასამნის მეტაფორა ამ კრებულს მკრთალი ქროლვით გადაუვლის. კითხვისას მისი სურნელი თითებზეც გრჩება და თვალებშიც ილექება იისფერი სხივები, კოსმიური ტალღების ხსოვნას რომ ინახავენ. არის ალბათ იასამანშიც რაღაც საიდუმლო, რაც მხოლოდ პოეტმა იცის და რასაც ნიშანივით ტოვებს ენის ზედაპირზე. ჩვენ შეგვიძლია მივყვეთ ამ ნიშნებს, მით უფრო, რომ ისინი პასუხებსაც გვკარნახობენ:

„ნეტა რამდენი ტონა იასამნის შემდეგ

იქცევა მიწა სახლად?“

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“