ქართულ ენაში ზღვის სემანტიკური ველის შესწავლა (როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით) ადასტურებს, რომ ზღვა ჩვენი ბუნების ნაწილია და რომ მისი აღმნიშვნელი სიტყვა უძველეს, არქეტიპულ დონეზე აღდგენილი ლექსემაა. ზღვაოსნობასა და ნაოსნობასთან დაკავშირებული ლექსიკა, მენავეთა იერარქია და თავად ნავის მრვალსახეობა (შესაბამისი ქართული შესატყვისებით) გამოდგება არგუმენტებად, რომ აღნიშნული კონცეპტით გამოხატული ფართო სემიოტიკური ველი ერთგვარი მატრიცაა ქართველის ბუნებისა.
ზღვის მეტაფორას საინტერესოდ ხსნის ზურაბ ქარუმიძე რომანში „ღვინომუქი ზღვა“: „ყველაზე საინტერესო სტიმული ამ წიგნის დაწყებისთვის იყო თბილისის ისტორიის ხუთტომეულის პირველი ტომი. გადაშლი და კითხულობ, რომ თბილისის ტერიტორია გეოლოგიური თვალსაზრისით კაინოზოური ზღვის ფსკერია, რომელიც ჩამოყალიბდა კაინოზოურ ერაში და ა. შ. წარსულის ხედვის ჩვენებური ვარიანტია. მე მომეწონა ეს მეტაფორა. შემდეგ ზღვისა და ქალაქის მეტაფორაა. ეს ახალი არ არის, ჯოისისეულია; აქ იმდენად ქალაქისა და ზღვის მეტაფორა კი არ არის მთავარი, თვითონ ეს წიგნია ზღვა – ღვინომუქი ზღვა. ხატების ასოციაციები, რაღაც უცხოსადმი სწრაფვის, ღიაობის, დამოკიდებულების, ამიტომაც ეს არის გარემოს გარღვევის მცდელობა.
ზღვის მეტაფორა კარგად ნაცნობია მსოფლიო ლიტერატურისთვის. არაერთ შედევრში გაიელვებს მისი ლურჯი სახება, მშვიდი თუ აზვირთებული, გადაცურვისთვის ამგზნები თუ დანთქმის მომქადე“.
ზღვის განსაკუთრებულ სახეებს გვთავაზობს ტიციან ტაბიძე. გასაოცარი ლანდშაფტი იშლება ლექსში „ასე მგონია, თითქო ვხედავდე“. ლექსს ციტრუსის ბაღისა და ზღვისგან მონაბერი ჰაერის ჯადოსნური სურნელი დაჰყვება, ლაჟვარდის ფონზე ღუის ნარინჯი.
„გადაშლილია თვალმიუწვდენი,
უსაზღვრო სივრცის ციტრუსის ბაღი,
ზღვას გადულახავს თავის ზღუდენი
და ცასთან ერთად შეუკრავს თაღი“.
უმშვიდესი ზღვის სახე ელვარებს ლექსში „სენტიმენტალური მოგზაურობა“:
„ზღვა ისე იყო მშვიდი და წყნარი,
რომ აღარც მახსოვს, იყო თუ არა!
ერთად გააღო ცამ შვიდი კარი
და ზღვას სარტყელად გადაუარა“.
მშვიდი ზღვის, თეთრი ზამბახების, თეთრი ვარდების სახეებს უაღრესი სისპეტაკე ახლავს. მწუხარე სინაზეს ქმნის შედარება:
„და ისე ყრია თეთრი ვარდები,
თითქო ათასი აქ გედი მოკლეს“.
მწუხარებას ამძაფრებს ქალის სახება. იქნებ სატრფოსი, რომელიც შორია, იქნებ პოეტის სიყვარულის უარმყოფელი ქალისა, ზოგადად ქალისა, ზოგადად სატრფოსი.
სამოთხის ღია კართან დგომის რცხვენია პოეტს სატრფოს იქ არყოფნის გამო, რადგან უსიყვარულოდ სამოთხესაც კი აკლდება რაღაც, ძალიან კაშკაშა („უსიყვარულოდ არ არსებობს თვით უკვდავებაც“).
პოეტებს სჭირდებათ მუზა, ხშირად – ქალის სახე-ხატი. ტიციანის მეუღლის, ნინო მაყაშვილის მოგონებები გვიდასტურებს, რომ ტიციანი მუდამ იყო ასეთი მუზებით გარემოცული, რაც სავსებით ბუნებრივია.
თავად ტიციანი იტყვის: „საქართველოში ყოველ ჭორფლიან ქალს თავის საკუთარი ჰყავდა პოეტი“.
ზღვას სატრფოს ხატება დაჰყვება ლექსს „ევქსინის პონტი“. აქ მითოსური მედეაა სატრფოთა კრებითი სახე: „მედეას ამბით შენ მომაგონდი და ჟრუანტელმა გული დასიცხა“.
მითოსურ ტრფობას გამოიხმობს პოეტი, მედეასა და იასონის ტრფობას, გველეშაპთა დამტკბობი ორფეოსისას, ევრიდიკესთვის საიქიო რომ მოვლო.
ზღვის მღელვარე, აზვირთებული პეიზაჟით სრულდება ლექსი, ზათქისა და ზანზარის აკუსტიკით. ავის მაცნე, როგორც არგონავტთა განგაშის სიმღერა და ჰორიზონტის მარადი ხაზი, ზღვისა და ზეცის შეერთება, შერწყმის, სრულყოფის მეტაფორა.