სიტყვა „თავისუფლება“ უმნიშვნელოვანესია ყოველი ადამიანისთვის, როგორც არა მხოლოდ თეორიული გაგება, არამედ პრაქტიკულად განსახორციელებელი მოცემულობაც, ზრუნვის საგანი – ეს უკანასკნელი ჩვენი იდეალების, ოცნებების, მისწრაფებების ხორცშესხმას უკავშირდება, ანუ სწორედ ესაა მისი ყოფნა-არყოფნის საკითხი, განხორციელება. ჩვენი სასიცოცხლო ინტერესი ხომ ჩვენივე უნიკალური ინდივიდუალობის დამკვიდრებაა და ეს ჩაქსოვილია სწორედ ჩვენს თავისუფლებასა და მის მიღწევაში, ესაა ადამიანის ღირსებისა თუ სიძლიერის მაჩვენებელი. ბევრი რამ ფასდება ამ საზომით: თუნდაც საზოგადოებრივი გარემო (დადებითია, თუ უზრუნველყოფს ადამიანის თავისუფლების მაქსიმალური, ჰარმონიული გამოვლენის საშუალებას, პირობებს).
თავისუფლების პრობლემა, ცხადია, არ შეიძლება იყოს მშვიდი, გულგრილი განსჯის საგანი და გამუდმებით იწვევს ვნებათაღელვას, ინტერესთა შეჯახებას, კონფლიქტს, ანტაგონიზმს, ტრაგიზმსა და სიხარულს, პესიმიზმსა თუ ოპტიმიზმს.
ჩვენმა ქვეყანამ გადაიტანა ოქტომბრის რევოლუციის თუ სამოქალაქო ომის წლები, დიქტატურა, მასობრივი რეპრესიები, დესპოტიზმი, მოგვიანებით უძრაობა და კორუფციონიზმი, თვითნებობა და ყოვლისდაშვებულობა, რომლებისგანაც დღემდე ვერ გავთავისუფლდით, თუმცა უდიდესი ძალისხმევით, ტანჯვა-წვალებით, ასე თუ ისე, მოვიპოვეთ პიროვნების თავისუფლება, კანონის უზენაესობა. დღემდე აქტუალურია სამართლებრივი სახელმწიფოს ფორმირება, რომელმაც უნდა მიგვაღწევინოს საზოგადოების დემოკრატიზაციამდე. ეს უკანასკნელი გულისხმობს საჯაროობას, ტოლერანტობას განსხვავებული აზროვნებისადმი, აზრის, კრიტიკის, მოქმედების თავისუფლებას ნებისმიერ საკითხზე.
მოკლედ, პიროვნების რეალური თავისუფლების მოპოვება, დამკვიდრება და დაცვის გარანტია მომავლის საქმეა.
ადამიანური ყოფიერება და თავისუფლების პრობლემა
თავისუფლება განსხვავებული სპექტრის ცნებაა. ის შეიძლება გამოვიყენოთ ისეთი მოვლენების მიმართ, რომლებსაც, თითქოს, არც ახასიათებთ ის ან, პირიქით, სულ თავისუფალნი არიან, ვერავინ წარსტაცებთ მას („მდინარე მიედინება“, „გალიის ჩიტს უნდა თავისუფლება“). თავისუფლება უფრო სულიერი გაგებაა, მაღალცნობიერი მოცემულობა. თავისუფლება სიმბოლური, პირობითი გაგებაცაა. პატიმარს, გვგონია, არ შეიძლება ჰქონდეს ის, თუმცა ეს ფიზიკურად; მაგრამ დატყვევებული ადამიანის სულმა შეიძლება დაამსხვრიოს სხეულის ბორკილებიც კი (შუშანიკი, მერაბ კოსტავა).
ეს ცნება ხშირად იხმარება კლასის, ერის, სახელმწიფოს მიმართ. ამ ჩამონათვალში თუ ჩაგვრა, ექსპლუატაცია იგულისხმება, მაშინ ვამბობთ დამონებული ან დაჩაგრული კლასი, ერი, სახელმწიფო და მათი თავისუფლებაც ამ ჩაგვრის „საკვრელთაგან“ გათავისუფლებას გულისხმობს, ანუ ერის სუვერენიტეტს, მის დამოუკიდებლობას. თავისუფლება ყოველი ერის ბუნებრივი, ნორმალური განვითარების აუცილებელი პირობაა. ამიტომ როცა ხალხი იბრძვის ეროვნული დამოუკიდებლობისთვის, ეს სრულიად კანონზომიერი მოვლენაა. ეს მიემართება სახელმწიფოსაც.
თავისუფლება ავტონომიური, გარეგანი პირობებისგან დამოუკიდებელი ქცევაა და იგი მხოლოდ ადამიანს ახასიათებს. ეს ნიშნავს, რომ მარტო ადამიანს აქვს ნება, რომელიც ამ სპეციფიკურ ქცევას განსაზღვრავს, რომელშიც აპრიორია არა გარეგანი ფაქტორები, არამედ ხანდახან მათ საპირისპიროდაც – საკუთარი სურვილი. ამიტომ თავისუფლება ადამიანის ნების თავისუფლების პრობლემაა.
ადამიანი და პიროვნება
ადამიანის ცნება სხვაა, პიროვნებისა კიდევ სხვა. თავისუფლების ცნებაც სხვადასხვაგვარი ეტიმოლოგიით დაისმის მათ მიმართ.
ადამიანის ცნება მისი არსებობის ამსახველია და ყოველ ინდივიდზე ვრცელდება. ამ სიტყვით ვახასიათებთ ადამიანს, როგორც გარკვეულ ტიპს, სახეობას, რომელიც საკუთარი ბუნებით განსხვავდება ყოველი სხვა ცოცხალი არსებისგან. ანუ ეს ცნება იმ არსებითის, ზოგადისა და აუცილებლის გამომხატველია, რაც მოცემული ცნების ყოველი განსხეულების, კლასის ყოველი წარმომადგენლისთვისაა დამახასიათებელი.
სხვადასხვაა ბუნებრივი თუ სოციალური გარემო, რომელშიც გვიხდება ცხოვრება თუ მოღვაწეობა. ისტორიული ეპოქებიც განსხვავებულ პირობებს ქმნის საქმიანობისთვის. სხვადასხვაა სოციალური ფენა, სარწმუნოება, ტრადიცია, რომლებიც დიდ გავლენას ახდენს მათი ცხოვრების თავისებურებაზე. ადამიანის ცნება კი გამოხატავს არა ამ განსხვავებებს, არამედ – ს ა ე რ თ ო ს, რადგან ის ზოგადი კატეგორიაა, სწორედაც ეროვნული, სოციალური თუ ისტორიული განსხვავებების უგულებელმყოფელი. ეს ცნება ადამიანს ანთროპოლოგიურ-ეგზისტენციალურად ახასიათებს.
ადამიანს განსაზღვრავენ იმის გათვალისწინებით, რას მიიჩნევენ მის არსებად. ზოგი გონებას მიიჩნევს განმსაზღვრელად და კაცს გონიერ ცხოველს უწოდებს (homo sapiens); სხვა წარმოებით საქმიანობას ანიჭებს უპირატესობას და ადამიანს მწარმოებელ არსებად მიიჩნევს (homo faber); ზოგი კი მას მორალურ არსებად განიხილავს (homo moralis). არისტოტელე ადამიანის არსებად სახელმწიფოში ცხოვრებას მიიჩნევდა და მას „პოლიტიკურ ცხოველს“ უწოდებდა. თომა აკვინელმა იგი განსაზღვრა, როგორც „საზოგადოებრივი ცხოველი“. კ. მარქსი კი ეთანხმებოდა ფრანკლინს, რომელმაც ადამიანს „იარაღის მკეთებელი ცხოველი“ უწოდა. კასირერი ადამიანს ცნობდა სიმბოლოების შემქმნელ არსებად (homo simbolicum). ამ ტრადიციას გავაგრძელებთ, თუ ადამიანს ვუწოდებთ თავისუფალ არსებას (homo liber).
ყოველი ზემოთქმული განსაზღვრება ადამიანს ცალმხრივად ახასიათებს და არა მთლიანად. მაგრამ მთავარია, რომ მათში ადამიანი ანთროპოლოგიურ-ეგზისტენციალურადაა განხილული, ანუ ზოგადად, იმის მიხედვით, რა არის მიჩნეული მისი ბუნებისა და ყოფიერების წესის ადეკვატურ შესატყვისად.
აი, მოვედით პ ი რ ო ვ ნ ე ბ ი ს ცნებამდეც. მას უკვე განსხვავებული შინაარსი აქვს – ესაა ადამიანური ინდივიდი, რომელსაც გაცნობიერებული აქვს საკუთარი მეობა, ინტერესები და მოთხოვნილებები, მიზნები, სურვილები და საკუთარი შესაძლებლობების საფუძველზე ცდილობს მათ რეალიზაციასა თუ დამკვიდრებას. პიროვნების ცნება შეიძლება სამი ნიშნით დავახასიათოთ:
- ინდივიდუალობა, სხვისგან გამორჩეულობა, განსხვავებულობა;
ყოველი ჩვენგანი ინდივიდია, საკუთარი უნარებითა და მიდრეკილებებით, განვსხვავდებით ჩვენი ნიჭიერების, სურვილების და ა.შ. მიხედვით. ამიტომ ყველას ჩვენი პიროვნული ხასიათი თუ ტემპერამენტი გვაქვს.
- ინდივიდუალურობის გაცნობიერება;
ინდივიდუალიზმი სამყაროს ნებისმიერი მოვლენის მახასიათებელია. არ არსებობს ორი იდენტური ფოთოლი თუნდაც. მგლების ხროვაში, მაგალითად, ყოველი მგელი ინდივიდია, სხვისგან განსხვავებული. მაგრამ მხოლოდ ამის გამო რომელიმე მათგანი პიროვნებად მივიჩნიოთ, აბსურდია; ე.ი. ცხოველი ინდივიდია, მაგრამ არა პიროვნება. ეს ნიშნავს, რომ პიროვნებად ყოფნის აუცილებელი ნიშანი კი არის ინდივიდუალობა, მაგრამ ეს საკმარისი არაა. პიროვნული ყოფის მეორე აუცილებელი ნიშანი საკუთარი ინდივიდუალობის გაცნობიერებაცაა. ეს კი ნიშნავს თ ვ ი თ ც ნ ო ბ ი ე რ ე ბ ი ს ქონას. ანუ ადამიანი-ინდივიდი მხოლოდ თვიცნობიერებით შეიძლება იყოს პიროვნება. ასეთი ვერ იქნება ფსიქიკურად დეფექტური ადამიანი, რომელსაც დარღვეული აქვს ცნობიერება (თვითცნობიერების არმქონეცაა, თავისთავად); აგრეთვე, ბავშვი, რომელიც ჯერ არაა ამაღლებული თვითცნობიერებამდე, რაც გარკვეული ასაკიდან იწყება, იგივე პატარის პიროვნებად ფორმირების პროცესი.
- აქტიური მოქმედება საკუთარი მეს განსახორციელებლად, დასამკვიდრებლად;
თვითდამკვიდრება საკუთარი პოზიციისა თუ მრწამსისა სწორედ პიროვნებისთვისაა დამახასიათებელი.
მოკლედ, პიროვნება ასე შეიძლება განვსაზღვროთ: ეს არის თვითცნობიერების მქონე ადამიანური ინდივიდი, რომელიც აქტიურად მოქმედებს თავისი ინდივიდუალობის გამოვლენისა და დამკვიდრებისთვის.
ორი სახის პიროვნება არსებობს: გამოჩენილი და ჩვეულებრივი. პიროვნებები არიან დიდი ადამიანები, სხვებისგან გამორჩეულნი ნიჭითა და გამჭრიახობით, მტკიცე ნებითა და მიზანსწრაფვით (აქ აღსანიშნავია გამოჩენილი პიროვნებისა და ხალხის ურთიერთობის პრობლემა; მაგალითად, თუნდაც ქართულ სინამდვილეში: მწერალი და საზოგადოება). ხოლო ჩვეულებრივი ადამიანი-პიროვნება, ყველასგან განსხვავებული მიზნებითა და ზრახვებით (აქ უნდა ითქვას პიროვნებისა და საზოგადოების ურთიერთობის პრობლემაზე). ჩვენ ვსაუბრობთ პიროვნების ამ მეორე სახეზე.
ადამიანი საზოგადოებაში არსებობს და არც შეუძლია მის გარეშე. მისი განმარტოებულად ცხოვრება, განდეგილობა გამონაკლისია და ატიპიური საზოგადოების განვითარებისთვის. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ განდეგილი მთლიანად მოწყვეტილი როდია საზოგადოებას და გარკვეულ შემთხვევებში, ნაწილობრივ, თუნდაც შეზღუდულად, მაინც სარგებლობს საზოგადოებრივი სიკეთეებით. ასე რომ, ადამიანი საზოგადოებრივ-სოციალური არსებაა და საზოგადოებაში ყოფნა, ცხოვრება თუ საქმიანობა მისი ბუნებრივი და ნორმალური არსებობის საფუძველია. ამაზე არავის დავობს, არამედ სულ სხვა რამეზე…
ადამიანს საზოგადოებაში უწევს სხვა ადამიანებთან თანაარსებობა, თანაცხოვრება, თანასაქმიანობა და ამ დროს იგი ეჯახება სხვების ინტერესებსა და მოთხოვნილებებს. ყოველი ადამიანი ამა თუ იმ სახელმწიფოს მოქალაქეა, რომელიმე სოფლისა თუ ქალაქის მცხოვრები, სხვადასხვა დაწესებულებაში საქმიანობს, მიეკუთვნება რომელიმე სოციალურ ფენას და ა.შ. ამიტომ ის ნათლად უნდა აცნობიერებდეს, რომ, საკუთარის გარდა, არსებობს კიდევ სხვათა – დაწესებულების, ქალაქის, სახელმწიფოს ინტერესები და მოთხოვნილებები, ანუ ის საზოგადოებრივი მოცემულობა, რომელსაც ის იძულებულია, ანგარიში გაუწიოს თუ დაემორჩილოს (ან წინ აღუდგეს). ხომ არ გვაქვს საქმე ამ შემთხვევაში (პიროვნულსა და საზოგადოებრივს შორის) ინტერესთა კონფლიქტთან? აი, სადავო საკითხიც.
ერთნი ფიქრობენ, რომ საზოგადოება და მის ინტერესებზე ზრუნვა პიროვნებას კლავს. იგი იზღუდება და აღარ აქვს საშუალება, სრულად გამოავლინოს ინდივიდუალური ძალები; მეორენი კი მიიჩნევენ, რომ მხოლოდ საზოგადოებაში შეუძლია პიროვნებას თავის სრულყოფილად გამოვლენა, თვითდამკვიდრება.
საზოგადოება, რასაკვირველია, გარკვეულწილად, ზღუდავს პიროვნებას და ამ უკანასკნელს არ შეუძლია, ჰქონდეს აბსოლუტური თავისუფლება, აკეთოს ის, რაც მოესურვება. მაგრამ სხვა გამოსავალი არაა: იგი არსებობს საზოგადოებაში და სხვაგან ვერსად შეძლებს თავის გამოვლენას, რეალიზაციასა თუ დამკვიდრებას. მხოლოდ საზოგადოებაა სარბიელი, პიროვნებას თავის გამოხატვის საშუალებას რომ ანიჭებს.
სხვა საკითხია, რომ ყოველი საზოგადოება ვერ უქმნის ერთნაირ პირობებს ინდივიდს, განავითაროს და დაიმკვიდროს თავი, რაშიც მას სჭირდება პირადი თავისუფლება. ასე რომ, ადამიანს სჭირდება გარკვეული უფლებები და მათი შესაბამისი გარანტიები, რომლებიც თავისუფალი აზროვნების საშუალებას მისცემს. მას არ უნდა ავიწროებდნენ: ისტორიულად ვიცით, რომ ადამიანებს სდევნიდნენ, კოცონზეც კი წვავდნენ თავისუფალი, სხვათაგან განსხვავებული აზროვნებისა და მოქმედებისთვის. ამიტომ ზოგი საზოგადოება ადამიანს პიროვნულობას ართმევს, სხვის სათამაშო „ტიკინად“ აქცევს და კლავს კიდეც მას.
გამოდის, პირადი თავისუფლება პიროვნებად არსებობის აუცილებელი პირობაა. ეს პირადი თავისუფლება საზოგადოებაში მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. ერთ-ერთი მთავარია პოლიტიკური სისტემა, მისი სტრუქტურა თუ ხასიათი. ამ სისტემის დომინანტი ელემენტია სახელმწიფო, რომელიც ახორციელებს ხელისუფლებას საგანგებო ორგანოების მეშვეობით – გამოსცემს კანონებს, ხოლო კანონები განსაზღვრავს მოქალაქეთა პირად უფლებებსა და მოვალეობებს. სახელმწიფო ძალას იყენებს, თუ მავანი არ დაემორჩილება კანონის სანქციებს. ამისთვისაა მართლმსაჯულების ორგანოები. ანუ ძალდატანება, მოქალაქეთა მიმართ იძულების გამოყენება ყველა ტიპის სახელმწიფოს აუცილებელი შემადგენელი მომენტია, მის გარეშე ის, უბრალოდ, არ არსებობს. ამიტომ სახელმწიფოს იდეა საკუთარ თავში ყოველთვის მოიაზრებს უარყოფითს, ბოროტ ელემენტებს და ვერცერთი სახელმწიფო ვერ იქნება იდეალური.
ორი განსხვავებული ტიპის პოლიტიკური რეჟიმი არსებობს: დიქტატურა და დემოკრატია. დიქტატურა კანონით შეუზღუდავ ძალაუფლებას ემყარება და ქვეყანას მართავს არა სამართლებრივი ნორმების დაცვით, არამედ მათი გვერდის ავლით, სწორედაც რომ, დარღვევით. დარღვეულია ხოლმე ადამიანთა ელემენტარული უფლებები: უდანაშაულობის პრეზუმფცია, პიროვნების ხელშეუხებლობა, მისი ღირსება და ასე და ამგვარად. ჩვეულებრივი ამბავია, ნორმირებულია ადამიანზე ფიზიკური ზემოქმედება, დაპატიმრება, წამება. მართლმსაჯულების ორგანოები მოქმედებენ არა სახელმწიფოს მიერ შემუშავებული კონსტიტუციის საფუძველზე მიღებული კანონების, არამედ ფარული ინსტრუქციებისა და მითითებების მიხედვით. ანუ დიქტატურა აკანონებს უკანონობას.
დიქტატორული რეჟიმების მრავალი მაგალითი იცის კაცობრიობის ისტორიამ და ამ მხრივ არც ჩვენი თანამედროვეობაა გამონაკლისი. დიქტატურა პიროვნულობის დაუძინებელი მტერია, რადგან ის ადამიანს ართმევს პირად თავისუფლებას. დიქტატურის დროს პიროვნების უფლებები მინიმუმამდეა დაყვანილი: მას წართმეული აქვს აზრის გამოთქმის, პრესის, სინდისის, მოქმედების თავისუფლება; ხოლო დატოვებული – შრომისა და უსიტყვო მორჩილების უფლება. ადამიანს არ შეუძლია, გააკრიტიკოს ოფიციალური აზრი, უნდა მოისმინოს და უსიტყვოდ შეასრულოს ის; მეორეც: არაა დაცული პიროვნების ხელშეუხებლობა, სიცოცხლის უსაფრთხოების გარანტია. მას სულ საფრთხე ემუქრება და უბრალო დაბეზღება თუ დასმენაც მისთვის სერიოზული საფრთხეა უკვე. ასეთ დროს ადამიანი შიშითა და ძრწოლით ცხოვრობს, ცდილობს როგორმე თავის გადარჩენას, გაძლებას, გარემოსთან შეგუებას. იგი ხდება თავკერძა, თავდაცვის უუნარობის გამო – გულგრილი, თავში ჩაკეტილი. სხვისი უბედურება მას უკვე აღარ აწუხებს და კმაყოფილია, რომ უბედურება მას ჯერ არ შეხებია. ანუ ის ხდება ასოციალური, ცხოველს ემსგავსება, კარგავს სახეს, უფერული არსება ხდება, ხმაჩახშობილი და იძულებულია, აკეთოს ის, რაც მისი სინდისის ხმას ეწინააღმდეგება; მისი პიროვნულობაც კვდება და მასაში ითქვიფება.
დიქტატურის საპირისპირო რეჟიმს ქმნის დემოკრატია. ეს მმართველობის ისეთი ფორმაა, კანონებს რომ ემყარება და გულისხმობს კანონით შეზღუდულ ძალაუფლებას. დემოკრატიაც ზღუდავს ადამიანის პირად თავისუფლებას: ამ უკანასკნელს არ შეუძლია ყველაფერი გააკეთოს, რაც მოეპრიანება. იგი შეზღუდულია უკვე ქვეყნის კონსტიტუციით, მის საფუძველზე შემუშავებული სამართლებრივი ნორმებით, კანონმდებლობით. ანუ კაცს მინიჭებული აქვს შეფარდებითი თავისუფლება, რომელიც სათანადოდ გარანტირებულია და დაცული მართლმსაჯულების მიერ. დემოკრატია უზრუნველყოფს ადამიანის ხელშეუხებლობას, დამოუკიდებლობასა და თვითმყოფობას, რაც მას საშუალებას აძლევს, გამოავლინოს და დაიმკვიდროს თავი, თავისი პიროვნულობა. გამოდის, პიროვნებად ჩამოყალიბება მხოლოდ დემოკრატიის ფარგლებშია შესაძლებელი.
დემოკრატიისთვის დამახასიათებელია პლურალიზმი საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში. ადამიანს მინიჭებული აქვს პირადი თავისუფლება ეკონომიკისა თუ პოლიტიკის სფეროებში; მას აქვს აზრის, სიტყვის, რწმენის და მოქმედების თავისუფლება; მას შეუძლია ჰქონდეს ოფიციალურისგან განსხვავებული, საკუთარი აზრი და გამოთქვას ის საზოგადოების ცხოვრების ნებისმიერ საკითხზე. მისთვის არ არსებობს „ჩაკეტილი ზონები“.
დემოკრატია უშვებს სხვაგვარად აზროვნებისა და მოქმედების თავისუფლებას. საჯაროობა და კრიტიკის თავისუფლებაა მისი საფუძველი.
დემოკრატიასაც აქვს თავისი ისტორია: ის წარმოიშვა ჯერ კიდევ ანტიკურ ეპოქაში და მისი მრავალი ნიმუში მოგვცეს ძველმა საბერძნეთმა და რომის რესპუბლიკამ. ეს იყო მონათმფლობელური დემოკრატია, რომელსაც აშკარად შეზღუდული კლასობრივი ხასიათი ჰქონდა, რადგან მეტ-ნაკლებად ვრცელდებოდა თავისუფალ მოქალაქეებზე და არ ეხებოდა მონებს. ფეოდალიზმის ეპოქამ უფრო შეზღუდა დემოკრატიის სფერო, ხოლო კაპიტალიზმმა გაარღვია წინა საზოგადოებათა კლასობრივ-წოდებრივ- პოლიტიკური შეზღუდულობანი და დასაბამიც მისცა დემოკრატიის აღორძინებასა თუ განვითარებას. ის ემყარება თავისუფალ მეწარმეობას, კონკურენციას და სასტიკ, დაუნდობელ ბრძოლას საქონლის წარმოებისა და გასაღების სფეროში. მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესი არის ამ პროცესებისთვის აუცილებელი ფაქტორი.
თუმცა არც კაპიტალიზმს დაუმყარებია სრულყოფილი და ნამდვილი დემოკრატია. კაპიტალისტურმა დემოკრატიამ, რთულ და წინააღმდეგობრივ გზაზე, ვერ გამორიცხა დიქტატურის სისტემის წარმოშობა თავისი განვითარების ამა თუ იმ ეტაპზე. თუნდაც მე-20 საუკუნეში ზოგიერთ კაპიტალისტურ ქვეყანაში გარკვეული დროის განმავლობაში მძვინვარებდა საშინელი დიქტატურა: ფაშისტურ გერმანიასა თუ იტალიაში.
მიუხედავად ზემოთქმულისა, კაპიტალისტური ეკონომიკა, თავისი ბუნებით, მოითხოვს დემოკრატიას – აზრისა და მოქმედების თავისუფლებას. ამიტომ განვითარებული კაპიტალისტური ქვეყნები თანამედროვე ეტაპზე ემყარებიან დემოკრატიულ სისტემას: საჯაროობას, არჩევითობას, მრავალპარტიულობას და ა. შ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ კაპიტალისტური დემოკრატია იდეალური და სრულყოფილია. მას აქვს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები, მაგრამ მისი წარმოქმნა, უდავოდ, წინ გადადგმული ნაბიჯია კაცობრიობის ისტორიაში.
მმართველობის ეს ორი სისტემაა საინტერესო პიროვნებასთან მიმართებით, მისი ამ „პრიზმაში“ შესაფასებლად. დასკვნები შემდეგია: პიროვნების აუცილებელი პირობა პირადი თავისუფლებაა, რომელსაც უზრუნველყოფს დემოკრატია და არა დიქტატურა. შესაბამისად, პიროვნების თავისუფლებაც მხოლოდ დემოკრატიულ საზოგადოებაშია შესაძლებელი, რადგან დიქტატურა მას პრინციპულად გამორიცხავს.
გამოდის, პიროვნების თავისუფლების პრობლემა ისტორიულ-სოციალური საკითხია და დამოკიდებულია საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ სტრუქტურაზე. ხოლო საზოგადოების პოლიტიკური სისტემა – დემოკრატიული თუ დიქტატორული – განაპირობებს მის ყოფნა-არყოფნას, შესაძლებლობა-შეუძლებლობას.
განსხვავება თავისუფლების ორ ასპექტს შორის ნათელია: პრინციპული სხვაობაა ადამიანისა და პიროვნების თავისუფლებას შორის…
ადამიანის თავისუფლების პრობლემა, როგორც ვთქვით, ეგზისტენციალურ-ანთროპოლოგიურია; პიროვნებისა კი ისტორიულ-სოციალური. პირველი ადამიანს ახასიათებს დამოუკიდებლად იმისგან, თუ რომელ საზოგადოებაში ცხოვრობს იგი. თავისუფლება ადამიანის ყოფიერების გაშლის წესის სტრუქტურაში ძევს, ადამიანი თავისუფალი არსებაა და მას მისი მოპოვება არ სჭირდება – იგი მას მუდამ აქვს (თავისუფალი ნება ღვთისგან – მ.ი.). ხოლო მეორე ადამიანს არ ახასიათებს. იგი მან უნდა მოიპოვოს, რათა პიროვნებად იქცეს. ეს კი დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ საზოგადოებაში ცხოვრობს იგი; პიროვნების თავისუფლება განპირობებულია საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკურ-პოლიტიკური სტატუსითა და აგებულებით.