შაბათი, თებერვალი 22, 2025
22 თებერვალი, შაბათი, 2025

დემოგრაფიული პოლიტიკა საქართველოში: გამოწვევები და უსაზღვრო შესაძლებლობები

სტატიის თანაავტორები რობერ შუმანის ევროპული სასწავლებლის X კლასის მოსწავლეები ბარბარე სოზიაშვილი და ბარბარე მორჩაძე

აქტიური სწავლება სწავლა-სწავლების ერთ-ერთ საუკეთესო მიდგომად მიიჩნევა. ეს არის ფართო ცნება, რომელიც აერთიანებს სწავლის მრავალ განსხვავებულ ფორმას, მათ შორის – თამაშზე, თანამშრომლობასა და კვლევაზე დაფუძნებულ მიდგომებს. ამ სტატიის წინაპირობა სამივე მიმართულებას აკმაყოფილებს. მოსწავლეებმა, საკვლევი კითხვიდან გამომდინარე, დაამუშავეს სახელმძღვანელოში მოცემული საკითხი, გაკვეთილებზე თანამშრომლობით, საკითხის ერთობლივი განხილვის შემდეგ, დამოუკიდებლად შექმნეს წარმოსახვითი სამოქმედო გეგმა და წარადგინეს. ორივე ძალიან კარგი პრეზენტატორია, მაგრამ დრო რომ მოგვეგო, შევთავაზე, ერთად წარედგინათ, ერთმანეთის მოსაზრებები შეევსოთ. გაამართლა – პრეზენტაცია ძალიან საინტერესოდ წარიმართა.

– კი მაგრამ, ეს ყველაფერი საიდან იცით? – აღმოხდა დათის, რომელმაც რამდენიმე გაკვეთილი გააცდინა.

სახელმძღვანელოშია ყველაფერიო, უპასუხეს გოგონებმა. ახლა დათის ველოდებით –  ვნახოთ, როგორი იქნება მისი წარმოსახვითი გეგმა.

გთავაზობთ სტატიის მოკლე ვერსიას.

 

დემოგრაფიული პოლიტიკის განხორციელებისთვის მსოფლიოს ქვეყნები სხვადასხვა გზას მიმართავენ.

ვიდრე საქართველოს მაგალითის განხილვასა და შეფასებას დავიწყებდეთ, განვიხილოთ ფაქტორები, რომლებიც დემოგრაფიულ პრობლემებს განაპირობებს.

დემოგრაფიული პოლიტიკის წარმოსახვითი გეგმა;

განვითარებული vs განვითარებადი ქვეყნები

 

თვალსაჩინოებისთვის ერთმანეთს შევადაროთ განვითარებული და განვითარებადი ქვეყნები სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ დონეზე. განსხვავებები ძირითადად შეეხება მოსახლეობის რაოდენობას, შობადობისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლებს, ჯანმრთელობის, განათლების, სამუშაო ძალის ბაზარს, პოლიტიკურ სტაბილურობასა და გარემოს დაცვის პოლიტიკას.

განვითარებულ ქვეყნებში მოსახლეობის ზრდა შედარებით დაბალია, რადგან დაბალია შობადობა, ხოლო სიცოცხლის ხანგრძლივობა – უფრო მაღალი. ასეთ ქვეყნებში მოსახლეობა დემოგრაფიულად სტაბილურია, თუმცა მკაფიოა დაბერების ტენდენცია. განვითარებულ ქვეყნებში გენდერული თანასწორობა უფრო დაცულია, სამუშაო ბაზარზე ქალებისა და კაცების უფლებები თანაბარია, ხოლო ეკონომიკური სისტემა – ძლიერი. ჯანმრთელობისა და განათლების სისტემები კარგად განვითარებულია და მოსახლეობას მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებასა და განათლებაზე მიუწვდება ხელი.

პოლიტიკურ დონეზე განვითარებული ქვეყნები დემოკრატიული ინსტიტუტებითა და თავისუფალი არჩევნებით გამოირჩევა, რაც სტაბილურობას ქმნის. რაც შეეხება სოციალურ უზრუნველყოფას, ასეთ ქვეყნებში მოქმედებს სოციალური დაცვის ძლიერი სისტემები, რაც მოქალაქეების კეთილდღეობას განაპირობებს.

 

განვითარებადი ქვეყნებისთვის, პირიქით, დამახასიათებელია მოსახლეობის სწრაფი ზრდა, მაღალი შობადობა და სიკვდილიანობა. ამ ქვეყნებში შეზღუდულია ჯანდაცვისა და განათლების ხელმისაწვდომობა, რაც ხელს უშლის მოსახლეობის სრულფასოვან განვითარებას. უმუშევრობის დონე მაღალია, შრომის ბაზარი – ნაკლებად დივერსიფიცირებული, ხოლო პოლიტიკური სისტემა ხშირად არასტაბილურია.

ძლიერი გამოწვევებია გენდერული უთანასწორობა და სოციალური სიღარიბე.

განვითარებად ქვეყნებში დაბალია ეკონომიკური დონე და დიდია სოციალური უთანასწორობა, თუმცა განსაზღვრულ სექტორებში, მაგალითად, სოფლის მეურნეობაში ან მრეწველობაში, შესაძლოა ზრდა შეინიშნებოდეს.

იმავდროულად, სოციალური დახმარებისა და პენსიის სისტემები ნაკლებად განვითარებულია, რაც იწვევს მოსახლეობის გაუსაძლის სიღარიბეს და სოციალურ დაუცველობას.

აშკარაა, რომ განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებს განსხვავებული სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკურ-დემოგრაფიული გამოწვევები აქვთ, რაც განსაზღვრავს მათ პოლიტიკას, განვითარების სტრატეგიებს და დახმარების საჭიროებას.

 

რა ზოგადი დემოგრაფიული პრობლემების პირისპირ დგას საქართველო და რა არის ამ პრობლემების მიზეზები? ამ საკითხების ანალიზი დემოგრაფიული რეფორმების განხორციელებაში დაგვეხმარება.

 

საქართველოს დემოგრაფიული პოლიტიკა და გამოწვევები

 

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, 25 წლის განმავლობაში, საქართველოს მოსახლეობა ერთი მეხუთედით შემცირდა, რაც განპირობებული იყო კონფლიქტებით, ომებით, სოციალურ-ეკონომიკური კრიზისით და ემიგრაციის მაღალი მაჩვენებლით. მკვეთრად იკლო შობადობამ, იმატა სიკვდილიანობამ და საბოლოოდ ქვეყანა მძიმე დემოგრაფიულ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

საქართველო დემოგრაფიული გადასვლის მეოთხე ფაზაში იმყოფება.

ამ ფაზაში მოსახლეობა იკლებს, საშუალო ასაკის ადამიანთა წილი მოსახლეობაში იზრდება. ადამიანები ფოკუსირებას იწყებენ კარიერასა და განვითარებაზე, იმატებს დასაქმებული ქალების რაოდენობა, აქედან გამომდინარე, ოჯახები სჯერდებიან საშუალოდ 1-2 ბავშვის ყოლას. შობადობა იწყებს კლებას.

სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა საქართველოში 70 წელზე მეტია. მოსახლეობის დაბერებას სერიოზული შედეგები მოჰყვება: იცვლება დემოგრაფიული და მოსახლეობის დასაქმების სტრუქტურა, წარმოება და მოხმარება, საზოგადოებრივი ფენების მდგომარეობა. მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება საზოგადოების ცნობიერებაში, იცვლება ღირებულებები და ფასეულობითი ორიენტირები, თავად ხანდაზმული ადამიანების ფუნქციები და ადგილი საზოგადოებაში.

ჩნდება კითხვა: როგორია საქართველოს დემოგრაფიული სტატისტიკა და წარმართავს თუ არა სახელმწიფო ვითარების გამოსასწორებლად მიზანმიმართულ და გონივრულ დემოგრაფიულ პოლიტიკას?

დღესდღეობით დემოგრაფიული სტატისტიკა საქართველოში უარესდება. საჭიროა სახელმწიფოს ჩართულობა, რათა ვითარება უკეთესობისკენ შეიცვალოს.

საქართველოს დემოგრაფიული პოლიტიკა ძირითადად ორიენტირებულია მოსახლეობის ზრდის სტიმულირებასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე. მისი მიმართულებებია:

  1. შობადობის ხელშეწყობა

სახელმწიფოს დემოგრაფიული პოლიტიკა ემსახურება შობადობის ხელშეწყობას, რათა შეამციროს მოსახლეობის კლება. პოლიტიკა მოიცავს პერინატალური [1]ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებას, მშობლებისთვის ფინანსური სტიმულირების პროგრამებს და ბავშვების აღზრდის პირობების გაუმჯობესებას.

  1. მოსახლეობის დაბერების პრობლემის მართვა

ასაკოვანი მოსახლეობის რაოდენობის ზრდა საქართველოსთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. ქვეყნაში მიმდინარეობს პენსიების სისტემის რეფორმა და ჯანდაცვის სფეროში გრძელვადიანი პროგრამების დანერგვა, რათა გაუმჯობესდეს ასაკოვანი მოქალაქეების ცხოვრების პირობები.

  1. ბავშვთა დახმარება და ოჯახებისთვის ტვირთის შემსუბუქება

საქართველოს მთავრობა მხარს უჭერს ოჯახებს ბავშვთა დახმარების პროგრამების საშუალებით, რომელთა მიზანი ოჯახის ხარჯების შემცირება და ბავშვების აღზრდის პირობების გაუმჯობესებაა. მაგალითად, ოჯახებისთვის გაიცემა სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება, ისეთი, როგორიცაა საოჯახო პარკი და სხვადასხვა საბაჟო შეღავათი.

  1. დასაქმების მხარდაჭერა მშობლებისთვის

სახელმწიფოს მიზანია, სათანადო შრომითი პირობები შეუქმნას ოჯახებს, კერძოდ, ხელი შეუწყოს მშობლების მიერ სამუშაოსა და საოჯახო საქმეების შეთავსებას, რათა მათ დარჩეთ ბავშვის აღზრდისთვის საჭირო დრო.

ოჯახის მხარდაჭერის ერთ-ერთ გზაა სახელმწიფოს მიერ ოჯახისა და სამუშაოს შეთავსებისათვის სათანადო შრომითი გარემოს ხელშეწყობა. დამქირავებელი დაქირავებულს სთავაზობს დეკრეტული შვებულების ან ბავშვის მოვლისთვის საჭირო შვებულების სათანადო პირობებს, ასევე ეხმარება ბავშვის აღზრდაში სამსახურში დაბრუნების შემდეგ.

 

შეჯამება

აუცილებელია ეკონომიკური ღიაობა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, რომლებიც პირდაპირ გავლენას ახდენს მოსახლეობის მატებაზე – იზრდება შრომისუნარიანი ასაკის ადამიანების რაოდენობა, რაც ეკონომიკური აღმავლობის წინაპირობაა. მნიშვნელოვანია, ხაზი გაესვას, რომ მიზანია არა მხოლოდ ქვეყნის დემოგრაფიული კრიზისიდან გამოყვანა, არამედ ოჯახების მორალურად გაძლიერება, ოჯახური აზროვნების მხარდაჭერა და ოჯახზე ორიენტირებული ქართული თემების დაცვა, რადგან ჩვენ გვიხდება ცხოვრება სამყაროში, რომელიც სულ უფრო მეტად უარყოფს ან ამცირებს ტრადიციულ ღირებულებებს.

 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. ლელა მენაბდიშვილი. დემოგრაფიული კრიზისი საქართველოში და მოსახლეობის თვალსაზრისი მისი დაძლევის გზების შესახებ.
  2. გეოგრაფია, მე-10 კლასი, ნაწილი I. მაია ბლიაძე, მანანა სეხნიაშვილი. საკითხები 5 და 6.

[1] (ბერძნ. peri ირგვლივ, ლათ. natus დაბადება) – ის, რაც ეხება დაბადებიდან 7 წლის პერიოდს. იწყება ჩასახვიდან 28 კვირის შემდეგ

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“