კვირა, თებერვალი 23, 2025
23 თებერვალი, კვირა, 2025

25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული დღეა

“I see my death before me, and I know there is no escape. I will be murdered, and yet no one will listen to my warnings.” /Aeschylus/

მკლავენ, მაგრამ მიშლიან, ვუსმინო საკუთარ ხმას,
ჩემს ტანჯვას წინასწარ ვხედავ, მაგრამ ვერ გავექცევ —  ეს კასანდრას ხმაა, ესქილეს „აგამემნონიდან“, ხმა, რომელიც პირად თუ საზოგადოებრივ კონტექსტში ხაზს უსვამს ქალთა ტანჯვას, რაც ხშირად სულისძემძვრელ შედეგებამდე მიდის.   იფიგენია? მისი მსხვერპლშეწირვა და კოცონზე დაწვა ხომ მამამ მოიწადინა, ოღონდ კი განრისხებულ არტემისს ბერძენთა ლაშქრისთვის ტროასკენ გამგზავრების ნება მიეცა?  და როგორ ატყუებს მეფე თავის ასულს სახელოვან აქილევსზე დაქორწინების საბაბით, შემდეგ კი  საქორწინო ზეიმის ნაცვლად აქაველებს მისთვის სამსხვერპლო კოცონს ამზადებინებს?

ძველი თუ ახალი ლიტერატურიდან შეიძლება დაძებნა სხვა არაერთი მაგალითისა, რომელიც ამტკიცებს, რომ  ეს მოვლენა არახალია, ძველია და რომ ჯერ კიდევ ბერძნული ტრაგედიები ხშირად ასახავენ ქალებზე ფიზიკურსა თუ მორალურ ძალადობას, რაც იმდროინდელი საზოგადოებრივი და კულტურული რეალობის ანარეკლად შეიძლება მოიაზრებოდეს.

ზოგადადაც ცნობილია, ქალთა მიმართ ძალადობა მასშტაბური და კომპლექსური პრობლემაა არამხოლოდ საქართველოში. ბოლო წლებში  უფრო  და უფრო დიდი ყურადღება ექცევა მასთან ბრძოლას, მუშავდება საკანონმდებლო  აქტები, რატიფიცირდება კონვენციები, როგორებიცაა: საქართველოს კანონი „ოჯახში ძალადობის აღკვეთის,  ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“, „ევროპის საბჭოს კონვენცია ქალთა წინააღმდეგ ძალადობის, ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის შესახებ“ (სტამბოლის კონვენცია), კანონი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“, გაეროს კონვენცია „ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ და სხვა.

არსებობს ძალადობის ბევრი განმარტება. სამოქალაქო ენციკლოპედიის მიხედვით,  ძალადობაა ყოველგვარი ქმედება ან სიტყვა, რომელსაც შეუძლია ადამიანი შეურაცხჰყოს, ზიანი მოუტანოს მას ან შეულახოს კანონით მინიჭებელი ულებები. ძალადობის დროს ითრგუნება ადამიანის ნება, შელახულია მისი ხელშეუხებლობა, ღირსება, და თავისუფლება. ესენი კი ადამიანის განუყოფელი უფლებებიაშეიძლება ძალადობდეს ერთი ადამიანი, ადამიანთა ჯგუფი ან მთელი საზოგადოება. მათი ძალადობრივი ქცევა შეიძლება ეხებოდეს მეორე ადამიანს ან სხვა ჯგუფს. ადამიანის უფლებების თვალსაზრისით, ყოველგვარი ძალადობა დაუშვებელია. მას კრძალავს და სჯის კანონი (Civil ენციკლოპედიური ლექსიკონი, 2014).

მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციის (World Health Organization) მიერ ძალადობა განიმარტება, როგორც ფიზიკური ძალის ან ძალაუფლების გამოყენება ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის წინააღმდეგ, რომელსაც შედეგად მოსდევს ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზიანი, გარდაცვალება, განვითარების შეფერხება ან საერთო რესურსებისადმი ხელმისაწვდომობის შეზღუდვა. ძალადობა შესაძლოა იყოს ინტერპერსონალური, საკუთარი თავის მიმართ ჩადენილი (სუიციდი და სხვა სახის თვითდესტრუქციული ქცევა) ან კოლექტიური (ომი).[1]

არსებობს ძალადობის შემდეგი ფორმები: ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური, ეკონომიკური,  იძულება და უგულებელყოფა. თითოეული მათგანი მოძალადის მიერ მსხვერპლზე ზემოქმედების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია.

ფიზიკური ძალადობა  —  ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედებაა, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს ოჯახის წევრის ჯანმრთელობის დაზიანებს ან სიკვდილს;

ფსიქოლოგიური ძალადობა  —  შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივის და ღირსების შელახვას;

სექსუალური ძალადობა —  სექსუალური კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან მსხვერპლის უმწეობის გამოყენებით; სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება ან გარყვნილი ქმედება არასრულწლოვნის მიმართ;

ეკონომიკური ძალადობა — ქმედება, რომელიც იწვევს საკვებით, საცხოვრებლით და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის, საკუთრების და შრომის უფლებების განხორციელების, აგრეთვე თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლების შეზღუდვას;

იძულება — ადამინის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება, შაესრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება;

უგულებელყოფა  — მშობლის ან/და კანონიერი წარმომადგენლის მიერ ბავშვის ფიზიკური, ფსიქოლოგიური საჭიროებების დაუკმაყოფილებლობა, საბაზისო განათლების უფლების შეზღუდვა, საფრთხისაგან დაუცველობა, დაბადების რეგისტრაციის, სამედიცინო და სხვა მომსახურებით სარგებლობისათვის აუცილებელი მოქმედებების განუხორციელებლობა მაშინ, როდესაც მშობელს ან/და კანონიერ წარმომადგენელს აქვს სათანადო ინფორმაცია, შესაძლებლობა და ხელიც მიუწვდება შესაბამის მომსახურებაზე.“ (საქართველოს პარლამენტი, 2006)

ცნობილია, რომ მთელ მსოფლიოში, ოჯახში ძალადობის მსხვერპლნი უმეტესად ქალები არიან და ქალები, როგორც წესი, განიცდიან ძალადობის უფრო მძიმე ფორმებს. ქალთა და გოგონების მიმართ ძალადობა ადამიანის უფლებების დარღვევაა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) შეფასებით, ყოველი მესამე ქალიდან ერთი ექვემდებარება ოჯახურ ძალადობას ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე. ზოგიერთ ქვეყანაში, ოჯახში ძალადობა შეიძლება ჩაითვალოს გამართლებულად ან კანონიერად დაშვებულად, განსაკუთრებით ქალის მხრიდან ფაქტობრივი ან საეჭვო ღალატის შემთხვევაში. კვლევამ დაადგინა, რომ არსებობს პირდაპირი და მნიშვნელოვანი კავშირი ქვეყანაში გენდერული უთანასწორობის დონესა და ოჯახში ძალადობის მაჩვენებლებს შორის, ნაკლები გენდერული თანასწორობის მქონე ქვეყნები განიცდიან ოჯახში ძალადობის უფრო მაღალ მაჩვენებლებს. (WHO, 2024)

ოჯახური  ხშირად ძალადობენ მაშინ, როდესაც მოძალადე თვლის, რომ მას ამის უფლება აქვს, ან რომ ეს მისაღებია, გამართლებული ან ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამის შესახებსაუხს მოსთხოვენ. ამან შეიძლება გამოიწვიოს ძალადობის თაობათაშორისი ციკლი ბავშვებსა და ოჯახის სხვა წევრებში, რომლებსაც შეუძლიათ იგრძნონ, რომ ასეთი ძალადობა მისაღებია. ბევრი ადამიანი არ ცნობს თავს მოძალადედ ან მსხვერპლად, რადგან მათ შეუძლიათ თავიანთი გამოცდილება განიხილონ, როგორც ოჯახური კონფლიქტები, რომლებიც უკონტროლოა. ოჯახური ძალადობის ინფორმირებულობა, აღქმა, განმარტება და დოკუმენტაცია ყველა ქვეყანაში მნიშვნელოვნად განსხვავებულია. გარდა ამისა, ოჯახში ძალადობა ხშირია იძულებითი ან ბავშვთა ქორწინების კონტექსტში. (ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნო, 2016). ბავშვთა ქორწინება, როგორც წესი, არის დასასრული გოგოს განათლების, მოწოდების და ცხოვრებისეული არჩევანის გაკეთების უფლებისა. კვლევები ადასტურებს, რომ გოგონები, რომლებიც ბავშვობაში ქორწინდებიან, ინტიმური პარტნიორის მხრიდან უფრო მეტი ძალადობის რისკის ქვეშ არიან, ვიდრე იმავე ასაკის გოგონები, რომლებიც მოგვიანებით ქორწინდებიან (UN Women, 2021).

ლენორ ე. უოკერმა წარმოადგინა ძალადობის ციკლის მოდელი, რომელიც შედგება ოთხი ფაზისგან. უპირველეს ყოვლისა, ძალადობაა, როდესაც დაძაბულობა იზრდება, სანამ არ მოხდება ოჯახური ძალადობის ინციდენტი. შერიგების ეტაპზე მოძალადე შეიძლება იყოს კეთილი და მოსიყვარულე და შემდეგ დადგება სიმშვიდის პერიოდი. როდესაც სიტუაცია მშვიდია, ძალადობის ქვეშ მყოფი ადამიანი შეიძლება იმედოვნებდეს, რომ სიტუაცია შეიცვლება. შემდეგ იწყება დაძაბულობა და ციკლი ისევ იწყება. ბავშვები, რომლებიც იზრდებიან ოჯახებში, რომლებშიც ძალადობაა, შეიძლება განიცადონ ქცევითი და ემოციური დარღვევები. ეს ასევე შეიძლება ასოცირებული იყოს ძალადობის ჩადენასთან შემდგომ ცხოვრებაში. ინტიმური პარტნიორისა და სექსუალური ძალადობის სოციალური და ეკონომიკური ხარჯები კი უზარმაზარია და აქვს ტალღოვანი ეფექტი მთელ საზოგადოებაში. ქალები შეიძლება განიცდიან იზოლაციას, შრომის უუნარობას, ხელფასების დაკარგვას, რეგულარულ საქმიანობაში მონაწილეობის ნაკლებობას და საკუთარ თავსა და შვილებზე ზრუნვის შეზღუდულ უნარს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული შეფასებები მიუთითებს, რომ გლობალურად ქალთა 3-დან 1 (30%) მთელს მსოფლიოში განიცდიდა ფიზიკურ და/ან სექსუალურ ძალადობას ინტიმური პარტნიორის ან არაპარტნიორის სექსუალური ძალადობის მსხვერპლი (WHO, 2024).  ამ ძალადობის უმეტესი ნაწილი ინტიმური პარტნიორის ძალადობაა. მსოფლიო მასშტაბით, 15-49 წლის ქალების თითქმის მესამედი (27%), რომლებიც ურთიერთობაში იმყოფებოდნენ, აღნიშნავენ, რომ ისინი განიცდიდნენ რაიმე სახის ფიზიკურ და/ან სექსუალურ ძალადობას ინტიმური პარტნიორის მიერ (WHO, 2024). ძალადობამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ქალების ფიზიკურ, გონებრივ, სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე და შესაძლოა გაზარდოს აივ ინფექციის რისკი ზოგიერთ გარემოში. თუმცა ქალთა მიმართ ძალადობის პრევენცია შესაძლებელია. ჯანდაცვის სექტორს აქვს მნიშვნელოვანი როლი ძალადობის ქვეშ მყოფი ქალების ყოვლისმომცველი ჯანდაცვის უზრუნველსაყოფად და როგორც შესვლის პუნქტი ქალების სხვა დამხმარე სერვისებზე გადასაყვანად, რომლებიც მათ შეიძლება დასჭირდეთ  (WHO, 2024)[2].

ძვირფასო მკითხველო, თუკი გაქვს ფუფუნება, რომ მოზარდ-ახალგაზრდობას ასწავლო, ამ კვირეულთან დაკავშირებით მაინც დაგეგმე აქტივობა,

  • დაიწყე ენობრივი ძალადობის ფორმებით, რადგან ენის ფარდობითობის თეორიის თანახმად, ენა განსაზრვრავს და აყალიბებს ადამიანების აზროვნების და, სესაბამისა, მოქმედების ტიპს.
  • მოიპოვე, შეკრიბე, აღწერე და დაახარისხე ქალების მიმართ გინების გამოხატვები
  • დაიხმარე ლიტერატურა, Chart GPT, პროფესიონალი ფსიქოლოგები და ნუ მოგერიდება, ღიად ისაუბრე მოზარდებთან გინების ფსიქოლოგიური წანამძღვრების შესახებ.
  • და ერთად, თუნდაც საჯარო სივრცეებში დაგმეთ ქართულ ენაში ასე სულისშემძვრელად გავრცელებული გინების ფაქტები.
  • მოწაფეებს მოაკვლევინე, შემდეგ კი მიმოიხილე ძალადობის შემთხვევები.

სულ ბოლოს კი განსაჯე, გაითამაშე,  შეაფასე,  რათა მართებულად იფიქრონ და სამართლიანი აზრი ჩამოუყალიბდეთ თითოეულ ფაქტთან დაკავშირებით.

ეს ყველაფერი ახლა ჰაერივით გვჭირდება!

 

[1] გუნია, ა. (2011). ლექსიკონიცნობარი სოციალურ მეცნიერებებში. http://dictionary.css.ge/content/violence

 

[2] გიორგი კვირიკაშვილი, ოჯახში ძალადობის თანამედროვე სტატისტიკური ტენდენციები საქართველოში, სამაგისტრო ნაშრომი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2024.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“