პარასკევი, აპრილი 18, 2025
18 აპრილი, პარასკევი, 2025

იმიტომ, რომ ქალია — ორი და ბევრი მარიტას გამო

 

ვუყურებდი მხიარულ, მზიან ყვავილს და არა მჯეროდა, რომ მარიტა აღარ ამშვენებს დედამიწას! არც ის მეჯერებოდა, რომ ამ მტვერსა და ნაგავში ასეთი ბრწყინვალე ყვავილიანი ხე ამოსულიყო თავისით!

/გიორგი ლეონიძე/

იმიტომ, რომ ქალია — ეს სიტყვები მე არ მეკუთვნის, ქალთა მიმართ გამოვლენილი ძალადობის ამსახველი არაერთი ფაქტით დგინდება, რომ  გენდერის ნიშნით, დისკრიმინაციის მოტივით, მამაკაცის უპირატესი მდგომარეობის წარმოჩენის სურვილით, რადგან თვლიან, რომ ქალებს არ აქვთ ურთიერთობის ცალმხრივად უარყოფის უფლება, ამიტომ უსიტყვოდ უნდა შეასრულონ ნათქვამი და შეათანხმონ  თითოეული ნაბიჯი, ქალებს მიიჩნევენ პირად საკუთრებად,  იმიტომ, რომ ქალები არიან, სისტემატურად ამცირებენ, აკონტროლებენ, ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ძალადობენ მათზე, ტანჯავენ, აუპატიურებენ, სცემენ და დაუნდობლად კლავენ კიდეც… ჩვენდა სამწუხაროდ, არცთუ  იშვიათად.

25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა, თუმცა ამ დღემდეცა და ამ დღის შემდეგაც ყველას გვმართებს დაფიქრება, რა იწვევს ჩვენში ამდენ ძალადობას ან როგორ შეიძლება ამ საშინელებისაგან თავდაცვა და გამოჯანმრთელება.

ქალთა მიმართ განხორციელებული ნებისმიერი სახის ძალადობა მიუღებელია. შემაძრწუნებელია მკვლელობის ყველა შემთხვევა, მაგრამ როდესაც ქალს კლავენ, იმიტომ რომ ქალია, ეს საზოგადოების პრობლემაა.

სახელმწიფოს აქტიურ ჩართულობასთან ერთად გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება განათლებას, კულტურას და საზოგადოებრივ კონსოლიდაციას.

აუცილებელია, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. ძალადობის პრევენციისათვის მნიშვნელოვანია სახელმწიფო, საზოგადოებრივი და მათ შორის, რელიგიური ორგანიზაციების ერთობლივი მუშაობა და ძალისხმევა – აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი[1]. იგივე გზავნილები ჟღერს სახალხო დამცველის ყოველწლიურ მიმართვებსა თუ დასკვნებში.

თუკი მასწავლებელი ხარ, მოიფიქრე, როგორ აქტივობას დაგეგმავ ერთი კონკრეტული შემთხვევის განსახილველად საკლასო ოთახსა თუ აუდიტორიაში. განსახილველი შემთხვა უამრავია: რეალური ფაქტებით დაწყებული, ბერძნული ტრაგედიებით დამთავრებული.  ამწამს Chart GPT-ს დავეკითხე, რომელია ამჟამად საქართველოში ყველაზე გახმაურებული ქალებზე ძალადობის შემთხვევა-მეთქი, მან უცებ სამი გვერდი მოიძია და მიპასუხა, რომ ამჟამად საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემები კვლავ მწვავე საკითხია. ერთერთი მნიშვნელოვანი შემთხვევა ეხება ფემიციდს, რომლის დროსაც ყოფილი პარტნიორები ან ახლობლები ქალებზე ძალადობენ, რაც ხშირად სახელმწიფო ინსტიტუტების არასაკმარისი რეაგირების გამო ხდება. მაგალითად, მსგავსი შემთხვევა 2022 წელს თბილისში მოხდა, როდესაც ყოფილმა მეუღლემ ქალი საჯარო სივრცეში დაჭრა მისი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, რამაც საზოგადოების მძაფრი რეაქცია გამოიწვია. ასეთი შემთხვევები ხშირად გამოწვეულია ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის მექანიზმების არასრულყოფილებით, მათ შორის, პოლიციის და სასამართლოს მხრიდან არასათანადო რეაგირებით. არასამთავრობო ორგანიზაციები მუდმივად მუშაობენ ამ საკითხების გამოსწორებაზე და ცდილობენ ფემიციდის შემთხვევებზე ინფორმაციის გავრცელებასა და შესაბამისი ზომების გატარებას და საკითხის დაკონკრეტებაც შემომთავაზა.

თეორიულ ნაწილში ვეთანხმები, თუმცა რაც შეეხება ფაქტს, ფემიციდის ბევრად უფრო ახალი და შემზარავი ფაქტები გაგვაჩნია. მაგალითად, ამგვარი: ნიკოლოზ ლაჩაშვილმა ყოფილი ცოლი 4 ივნისს, მანქანით წაიყვანა კუკიის სასაფლაოს მიმართულებით და იქ მოკლა. შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით გვამი ავტომანქანის საბარგულში მოათავსა, სხვა ტერიტორიაზე გადაიტანა და ხევში გადააგდო. პროკურორის თქმით, მანქანაში ჯდომის დროს, მსხვერპლს ყელზე შემოახვია თოკი, მოუჭირა და გაგუდა. ამის შემდეგ, მსხვერპლი კვლავ მანქანაში ჰყავს, მოდის კუკიადან, მიდის სახლთან, ეზოსთან, მანქანაში ჰყავს გვამი. შემდეგ სხვა მანქანაში ათავსებს გვამს და აგდებს თბილისის შემოვლითი გზის მეცამეტე კილომეტრზე, ხევში. ეს არის მტკიცებულებათა განადგურების კლასიკური მაგალითი. პასუხისმგებლობის თავიდან აცილების კლასიკური მაგალითი“,  — აი, ასე აღწერს ბრალდებულის მიერ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულს პროკურორი გია შაიშმელაშვილი 7 ივნისს, სასამართლოს დარბაზში. მის სიტყვას მდუმარედ ისმენდა ბრალდებული. დრო და დრო, ცრემლსაც იწმენდდა (ამონარიდი სქოლიოში მითითებული სტატიიდან)[2].

განიხილეთ აღნიშნული სტატია. ერთმანეთს შეადარეთ ორი მარიტას ბედი და იმსჯელეთ. მისწერეთ ღია წერილები დამნაშავეს, სამართალდამცავებს,  დაზარალებულის შვილს, ახლობლებს, ვინ იცის, მათ როგორ სჭირდებათ საზოგადოების მხარდაჭერა! მოიწვიეთ ისინი თქვენს საგანმანათლებლო სივრცეებში და ერთად ისაუბრეთ პრობლემებზე, რომლებმაც მსგავსი დანაშაულები შეიძლება გამოიწვიოს.

[1] რომელიც, ჩვენდა სამარცხვინოდ, თავადაც არაერთხელ გამხდარა ენობრივი თუ ფსიქოლოგიური ძალადობის, საჯარო დამცირებისა და შეურაცხყოფის საგანი.

[2]https://www.radiotavisupleba.ge/a/%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%A5%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9D%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%92%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%97%E1%83%AE%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%93%E1%83%90-15-%E1%83%AC%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%90-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%90-27-%E1%83%AC%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%90-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%90/32449201.html

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“