შაბათი, ოქტომბერი 26, 2024
26 ოქტომბერი, შაბათი, 2024

ნაწყვეტი რომანიდან

თირთე ბაწაშს ყველაფერზე მეტად კითხვა უყვარდა. მიუხედავად იმისა, რომ გიმნაზიაში სწავლის დროს კარგი მოსწავლე იყო, წიგნს ვერ იტანდა. კითხვა გიმნაზიის დასრულების შემდეგ დაიწყო. ერთხელ, სახლიდან მორიგი გაქცევის დროს, ბედისასთან იყო. ბედისას ოცდაათამდე თუ ორმოცამდე, თავისი საყვარელი წიგნი ჰქონდა თაროებზე ჩამწკრივებული, მაგრამ თირთეს ამ წიგნებისადმი დიდი ინტერესი არასოდეს გამოუხატავს, თეჯი უფრო ეტანებოდა და, პოეზიის გარდა, ყველა მათგანი ჰქონდა წაკითხული. ერთხელ კი, როცა ბედისა და თირთე ნარდს თამაშობდნენ, ბედისამ თამაშის გამწვავება გადაწყვიტა:
– რამეზე ვითამაშოთ.
– მაინც რაზე?!
– თუ წააგებ, ჩემს ამორჩეულ ერთ წიგნს წაიკითხავ და მერე შინაარს მომიყვები.
– და შენ თუ წააგებ?!
– მე თუ წავაგებ… – ჩაფიქრდა ბედისა.
– ჩვენს სახლში მოხვალ. რამდენი წელია, არ ყოფილხარ. – თვალები აუციმციმდა თირთეს.
– მგონი, სულ გააფრინე.
– უბრალოდ, ეზოში შეხვალ და უცებ გამოხვალ უკან.
– გეყოფა, ახლა, ეგეთებს არ ვართ. – გაეღიმა ბედისას, მაგრამ ეტყობოდა, ცოტა მიწოლაღა უნდოდა.
– მაშინ საერთოდ არ ვითამაშებ! – გაჯიუტდა თირთე.
– რა ხარ შენ! კარგი, მასე იყოს!
თირთეს წიგნის წაკითხვის პერსპექტივა ტანში ზარავდა, მაგრამ ბედისას მხრიდან თამასა ისე მაღლა იყო აწეული, რომ უკან დახევა არაფრით შეიძლებოდა. დათქმული ექვსი ხელი ითამაშეს და თირთემ წააგო. ბედისამ დიდი ფიქრის შემდეგ “მადამ ბოვარი” გადმოიღო თაროდან და ძმისშვილს მისცა, სამ დღეში უნდა დაესრულებინა. თირთე ფეხს ითრევდა, მთელი იმ საღამოს და მეორე დღის განმავლობაში რას არ აკეთებდა, რომ საწოლთან, სკამზე დადებული წიგნი არ გადაეშალა, ისეთ რამეებსაც აკეთებდა, რასაც ადრე ვერ იტანდა, სკიდან ფიჭის ამოღებაშიც კი დაეხმარა ბედისას. ტყუილად დებ მაგ საქმეს, მაინც მოგიწევს წაკითხვა, რაც უფრო მალე დაიწყებ, უფრო მალე დაამთავრებო, გააფრთხილა მამიდამ. თირთეს სხვა გზა არ ჰქონდა, ამიტომ საღამოს, ლამფის შუქზე, წიგნი გადაშალა და კითხვამ ისე შეიყოლა, რომ ვერც გაიგო, როგორ გადავიდა შუაღამე. მეორე დღეს თვალის გახელისთანავე გააგრძელა კითხვა, საუზმე ლოგინში მოუტანა ბედისამ. “მადამ ბოვარის” წაკითხვის შემდეგ მიხვდა, რამხელა რაღაცას იკლებდა მთელი იმ დროის განმავლობაში. სოფლის მოსაწყენ ერთფეროვნებასთან საბრძოლველად საოცარი საშუალება აღმოაჩინა. ბედისას ყველა წიგნი წაიკითხა და მერე დაბის ბიბლიოთეკიდან დაიწყო წიგნების გამოტანა. რამე ფულს თუ მოიგდებდა ხელში, მაღაზიაში ან ბუკინისტებში ყიდულობდა წიგნებს და რამდენიმე წლის განმავლობაში საკმაოდ ბევრი მოუგროვდა. ჭკუიდან იშლებოდა, როცა ვამეხი და ვაჩე პარავდნენ ხოლმე წიგნებს და ყდას – მასრის საცობად, ფურცლებს კი ორთქლის ძრავის ღუმელის დასანთებად იყენებდნენ სამხერხაო-სახელოსნოში. ყოველთვის ხვდებოდა, როცა წიგნი აკლდებოდა მის ბიბლიოთეკას. მგონი, ყოველ დილით ითვლის ეს შობელძაღლიო, თავს აქნევდა ვამეხი.
– ხელი არ დააკაროთ ჩემს წიგნებს, თქვე უწიგნურებო! თქვენთვის წიგნს და შალაშინს ერთი ფასი აქვს! – ისტერიკაში ვარდებოდა თირთე. ბოლოს ბოქლომი იყიდა და ჩაკეტა თავისი და თავისი დის (მაშინ თეჯი ჯერ კიდევ არ იყო გათხოვილი) ოთახის კარი. გასაღები გულზე ეკიდა. ბოქლომს მეორე გასაღებიც მოჰყვებოდა, მაგრამ თეჯის არ მისცა, ბოთე ხარ, ან გამოგტყუებენ ან მოგპარავენო. ამიტომ, როცა ოთახში შესვლა უნდოდა თეჯის, თირთესთვის უწევდა გასაღების თხოვნა. ამის გამოც სულ ჩხუბი ჰქონდათ:
– რა ვქნა, გადავიდე ამ სახლიდან?! მარტომ იცხოვრე მაგ ოთახში ბარემ! – უყვიროდა თეჯი, მაგრამ თირთე პოზიციების დათმობას არ აპირებდა. ზოგჯერ, როცა ვამეხი და ვაჩე სანადიროდ დააპირებდნენ წასვლას და ვაზნები იყო დასატენი, რატის მიუგზავნიდნენ ხოლმე თირთეს, იქნებ რამე სქელყდიანი წიგნი ჰქონდეს, რომელიც არ ჭირდებაო.
– ყველა წიგნი მჭირდება! – არ ტყდებოდა თირთე.
– ამდენი რაში გჭირდება?! – თვალს ააყოლებდა ხოლმე გაკვირვებული რატი თავის აწყობილ თაროებზე ჩამწკრივებულ წიგნებს. – ყდა მაინც შემოვაცალოთ, ყდა რაღათ უნდა.
– ბიჭო, გამასწარი ახლა აქედან! – ძმისკენ იწევდა თირთე.
ზოგჯერ რატი რომელიმე სქელტანიან წიგნს გადმოიღებდა თაროდან და დას ჰკითხავდა, ეს თუ გაქვს წაკითხულიო. კიო, ეუბნებოდა თირთე. კი, აბა, მაგას დაგიჯერებ, რომ ამხელა წიგნი წაიკითხეო, ეჭვით აქნევდა თავს რატი და ხელით წონიდა უშველებელ წიგნს. დადე ეგ წიგნი თავის ადგილზეო, ეღიმებოდა თირთეს. ზოგჯერ, დალაგების დროს, ქეთევანიც ახედავდა ხოლმე თაროებს, იცოდა, მის უმცროს ქალიშვილს ყველა წიგნი რომ ჰქონდა წაკითხული და თავისთვის ჩაილაპარაკებდა, შვილო, ამდენი წიგნი როგორ გეტევა მაგ თავშიო. ქეთევანი, თავისი დისგან განსხვავებით, წიგნთან ვერ მეგობრობდა. მისი და ცნობილი ქალი იყო – მწერალი და ქალთა უფლებების დამცველი. გოგოობაში ქეთევანზე უფრო დამყოლი გახლდათ, ქეთევანის გათხოვების მერე მამამ ისიც გარიგებით გაათხოვა. კითხვა ქმრის სახლში ისწავლა და მერე წიგნიდან თავი არ აუღია (მამამთილს, რომელიც მასწავლებელი იყო, დიდი ბიბლიოთეკა ჰქონდა), ინტელექტთან ერთად სითამამეც ემატებოდა და რამდენიმე წელიწადში სრულიად სხვა ადამიანი გახდა, მისი სიმორცხვე და დამყოლი ხასიათი სადღაც გაქრა. ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციის ჟურნალი ჰქონდა გამოწერილი და იქიდან ამოკითხული იდეებით დაიწყო ცხოვრება, საოჯახო საქმეებს თავი მიანება, მეზობელ ქალებსაც იმავეს ჩასჩიჩინებდა და ზოგიერთი მათგანი აიყოლია კიდეც. ქალების ქმრებმა მის ქმარს შესჩივლეს, ცოლი აზრზე მოიყვანეო, ქმარმაც მისი ჟურნალების დაწვა სცადა და წინააღმდეგობას რომ წააწყდა, თმაში ჩაავლო ხელი და მთელ ეზოში ათრია. ქალი მამამთილის თანადგომას ელოდა, რადგან ის იყო ერთადერთი, ვინც მას უგებდა, თუმცა მანაც ზურგი შეაქცია, ამიტომ მესამე დღეს, კარგად ნაცემი, გაიპარა და თავის სახლში დაბრუნდა. იმავე საღამოს ყვირილით და გინებით მიაკითხა ქმარმა, მაგრამ ქეთევანის დამ ფანჯრიდან თოფი დაუშინა, ქმარი და მისი თანმხლებნი ამას არ ელოდნენ და უკანმოუხედავად გაიქცნენ, ქმარი მერე აღარ მოსულა, კაცი გამოუგზავნა, დაბრუნდიო, თუმცა ქეთევანის დამ ისიც უარით გაისტუმრა. ამის შემდეგ გადაფერდებული და თითქმის დაქცეული სახლი რამდენიმე ნათესავს გაამაგრებინა, შეძლებისდაგვარად გაამართინა და იქ ცხოვრობდა მარტო რამდენიმე წლის მანძილზე. თირთეს უყვარდა დეიდასთან სტუმრობა. ქეთევანი ვამეხს ატყუებდა ხოლმე, მოხუცი მამიდის სანახავად მივდივარო, სინამდვილეში კი თავის დასთან მიდიოდა და თირთე და თეჯიც მიჰყავდა. ვამეხს გულზე არ ეხატებოდა ცოლისდა, ცოლისდასაც ეზიზღებოდა ვამეხი, რადგან მშვენივრად იცოდა, როგორ ექცეოდა ქეთევანს. ერთხელ თეჯის წამოცდა, რომ წინა დღით დეიდასთან იყვნენ და ვამეხმა ქეთევანი ცემა:
– რომ გენდობი, ასე მიხდი სამაგიეროს, არა?! – ყვიროდა ვამეხი. – მაგ ბოზმა ბავშვებს კარგი რა უნდა ასწავლოს! გინდა, შენი შვილებიც მასეთი არანორმალურები გაიზარდონ?!
– უმცროსი დაა ჩემი, რა ვქნა, მარტო როგორ მივაგდო… – კნაოდა ქეთევანი.
– მერე შენ იარე, ბავშვები სად დაგყავს ან მე რას მატყუებ! – თმით ეჭირა ვამეხს ძირს დავარდნილი ცოლი და შეჰყვიროდა სახეში.
– ბავშვებიც მისი სისხლი და ხორცი არიან… – უჩვეულო სიმტკიცეს იჩენდა ქეთევანი.
– შენ რამდენს ლაპარაკობ! ახლა გაჩვენებ სისხლს! – იყვირა ვამეხმა და მარჯვენა მუშტი ორჯერ ჩაარტყა სახეში, ქეთევანს ცხვირიდან შადრევანივით წასკდა სისხლი. ვამეხი მიხვდა, რომ საკმარისი იყო, წამოდგა და მუცელში ჩააზილა წიხლი, მერე კი კართან მდგარ, აკივლებულ თირთეს და თეჯის აუარა გვერდი და გარეთ გავიდა. მამა გასული ნახეს თუ არა, ბავშვები დედასთან მიცვივდნენ და ჩაეხუტნენ. სახეგასისხლიანებული ქეთევანი ძლივს წამოიმართა, სკამზე დაგდებულ მოსასხამს მიწვდა და თავისი შარდის გუბეს დააფარა (ყოველი ცემის დროს ასე ემართებოდა, შარდს ვერ იკავებდა), არ უნდოდა, ბავშვებს ენახათ. სისხლის გუბეს არაუშავდა, მაგრამ შარდი არ უნდა ენახათ. არადა, შემდეგ, როცა თირთე წამოიზარდა და ახსენდებოდა ხოლმე, როგორ სცემდა მამა დედას, ერთმანეთში არეული შარდის და სისხლის გუბეები ედგა თვალწინ სულ. ქეთევანი იატაკზე იწვა და ტირილის თავიც არ ჰქონდა, ერთადერთი, რასაც ახერხებდა, ის იყო, რომ აკივლებული ბავშვები ჰყავდა მკერდში ჩახუტებული და ჩურჩულებდა, დაწყნარდით, კარგად ვარ, დედიკო კარგადააო. საკმაო ხანს იწვნენ ასე, ბავშვები გაჩუმდნენ და ტირილით დაღლილებს, ლამის იყო, ჩასძინებოდათ, ძლივს ახელდნენ თვალებს, ახლაღა იგრძნეს სისხლის და შარდის სუნი, მაგრამ ისე ტკბილად ედოთ თავები დედის მკერდზე, რომ აღარაფერს ჰქონდა მნიშვნელობა. ერთმანეთს შესცქეროდნენ სახეში. თეჯიმ დაინახა, უცებ როგორ გაუფართოვდა თირთეს დაწვრილებული თვალები და როგორ აევსო ბრაზით, როგორ აიღო თავი დედის მკერდიდან და მას დააჩერდა ზევიდან:
– შენი ბრალია! შენი ბრალია! რატომ ჩაუშვი დედა?!
თეჯიც გამოფხიზლდა, ახლაღა გააცნობიერა თავისი დანაშაული.
– გაჩუმდი, გოგო! მისი ბრალი არ არის! – ძლივს ამოთქვა ქეთევანმა.
– კი, მისი ბრალია. მას რომ არ ეთქვა, მამა საიდან მიხვდებოდა, სად ვიყავით?!
– არ არის მეთქი მისი ბრალი!
თეჯი კარგად ხვდებოდა, რომ მისი ბრალი იყო და დედის თანადგომამ ისე აუჩუყა გული, ტირილი მოუნდა, მაგრამ წეღან იმდენი იტირა, ერთი წვეთი ცრემლიც არ გადმოუვიდა, მხოლოდ დამანჭულ სახეს მალავდა დედის მკერდში. სანამ ქეთევანი კიდევ ამოთქვამდა რამეს, თირთემ დას თმაში ჩაავლო ხელი და თავისკენ გადაათრია:
– ჩამშვებო! მოღალატე! ნაგავო! – კიოდა და სახეში ურტყამდა გაშლილ ხელებს. მიუხედავად იმისა, რომ თეჯი თირთეზე უფროსი და ტანითაც უფრო დიდი იყო, თირთე ყოველთვის ერეოდა მოუქნელ და მშიშარა უფროს დას. ერთადერთი, რაც ჩხუბის დროს თეჯის შეეძლო, მოკუნტვა იყო, ისე იკუნტებოდა, ლამის ბარძაყებს შორის ჰქონდა თავი ჩარგული, და სახეზე იფარებდა ხელებს. არადა, ერთი მკლავი რომ მოექნია, კედელზე მიანარცხებდა უმცროს დას, მაგრამ სად ჰქონდა მაგისი გამბედაობა. მერეც, დიდობაში, როცა ხუმრობით დაეჭიდებოდნენ ერთმანეთს, გამხდარი თირთე ისე მარტივად წააქცევდა ხოლმე ძვალმსხვილ თეჯის, საყურებლად სასაცილოც კი იყო. თეჯი ახლაც მოკუნტული იწვა, ზურგით დედის ბარძაყს იყო მიკრული და დანაშაულის გრძნობა ხმის ამოღების საშუალებასაც არ აძლევდა. ქეთევანი რაღაცას ჩურჩულებდა და უღონო მკლავებით ამაოდ ცდილობდა, უმცროსი ქალიშვილი უფროსისთვის მოეშორებინა. ვერაფერი რომ ვერ გააწყო, ისევ იატაკზე დაწვა, რაც კი ძალა ჰქონდა შემორჩენილი, მოიკრიბა და იკივლა:
– გაჩერდი!
თეჯი უცებ მოეგო გონს, დის ცემა შეწყვიტა და დედას შეხედა, რომელსაც უცებ ისტერიული ტირილი აუვარდა. როცა ვამეხი ცემდა, არასოდეს არ ტიროდა ხოლმე, არც წეღან უტირია, ამ ყველაფერს იმის გამო კი არ აკეთებდა, ქმრისთვის ენახებინა, რა მაგარი ვარო, არა, უბრალოდ, არ ეტირებოდა ხოლმე. ახლა კი, რაც შიგნით ჰქონდა დაგუბებული, ერთ წამოკივლებას ამოაყოლა. ტიროდა მთელი არსებით და დაბეგვილი გვერდები ტკიოდა, ცრემლმა გახეთქილი ტუჩი აუწვა. ვერაფრით ჩერდებოდა.
– დე, ნუ ტირი, გთხოვ! – ეხვეწებოდნენ ბავშვები და თმაზე ეფერებოდნენ.
– ნახე, შევრიგდით, აღარ ვეჩხუბები. ნახე, როგორ ვეფერები. – ეუბნებოდა თირთე, თეჯის სახეზე უსვამდა ხელს და ეხუტებოდა. ქეთევანს კი მათი ბავშვური დამშვიდება კიდევ უფრო ატირებდა. ბოლოს, როგორც იქნა, ძლივს დამშვიდდა.
ამის შემდეგ დასთან კარგა ხანს არ წასულა. გულში დას ადანაშაულებდა, დატეულიყო ქმართან, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდაო, თითქოს, ისე აკლდა ცემა-ტყება. ბოლოს მაინც დაიწყო დასთან სიარული, ოღონდ ბავშვები აღარ დაჰყავდა. მთელი იმ დროის მანძილზე, რაც ქმარს გაშორდა და სახლში დაბრუნდა, ქეთევანის და ერთხელაც არ მისულა მშობლების საფლავზე, მიზეზი მამა იყო, თორემ დედას არაფერს ერჩოდა, მაგრამ დედის საფლავზე თუ მივიდოდა, ეს მამის საფლავზე მისვლასაც ნიშნავდა, ამიტომ ერჩივნა, საერთოდ არ მისულიყო. მამაა მაინც, შენი მშობელიაო, ეუბნებოდა ქეთევანი.
– მამა კი არა, ეგოისტი ნაბიჭვარი იყო! ნივთებივით გაგვაჩუქა ორივე!
– ეგ ჩვენს სასიკეთოდ გააკეთა. – მამის გამართლებას ცდილობდა ქეთევანი, თუმცა მშვენივრად იცოდა, რომ უმცროსი და სიმართლეს ამბობდა.
– შენ რა, სულელი ხარ?! რომელს გაგვიკეთა მაგით სიკეთე?! – ბრაზობდა უმცროსი და, გახედვაც არ უნდოდა იქითკენ, სადაც სასაფლაო იყო. რამდენიმე წლიანი მარტო ცხოვრების შემდეგ ქეთევანს მოეთათბირა, სახლი და საფართობე ყანა გაყიდა და საგუბერნიო ქალაქში გადავიდა საცხოვრებლად (აღებული ფულიდან ქეთევანსაც ეკუთვნოდა წილი, მაგრამ არ გამოურთმევია). ქალაქში წასვლის წინა საღამოს ორი მნიშვნელოვანი რამ გააკეთა: პირველი ის იყო, რომ მშობლების საფლავზე მივიდა, რადგან იცოდა, იქ აღარასოდეს დაბრუნდებოდა და, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც მოიხადა შვილის ვალი. როცა იქაურობას ასუფთავებდა, ძალიან ეცადა, არ ეტირა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა, ჩაიცუცქა, შუბლი მუხლებზე დაწყობილ მკლავებზე ჩამოდო და კარგა ხანს ტიროდა უხმოდ. მერე საკუთარ თავზე გაბრზადა სისუსტის გამოვლენისთვის, უცებ მიხვდა, რომ, რაც არ უნდა ძლიერი ქალის როლი ეთამაშა, შინაგანად მაინც გულჩვილი და სუსტი იყო, ამ აღმოჩენამ გააცოფა და სწორედ ამის საკომპენსაციოდ გააკეთა ის მეორე რამ, თორემ არც ჰქონდა გეგმაში. სახლში დაბრუნდა, დანა აიღო, მეზობლისგან ნათხოვარ ცხენზე შეჯდა და ყოფილი ქმრის სახლისკენ გაუდგა გზას. გასულ წელს მისმა ყოფილმა ქმარმა სხვა ცოლი მოიყვანა. ეს რომ გაიგო, შვებით ამოისუნთქა, საბოლოოდ მოვიშორეო. ორი კვირის წინ კი დაბაში შორიდან ნახა ყოფილი ქმარი, მისი ცოლი და მათი შვილი, რომელიც ცოლს ეჭირა ხელში. გულში მწარედ ჩაწყდა რაღაც, რადგან ყოველთვის ეგონა, მისი ქმარი იყო უნაყოფო და სწორედ ამიტომ არ უჩნდებოდათ ბავშვი, სინამდვილე კი სულ სხვა აღმოჩნდა. ახლაც ამის გამო უფრო გახლდათ გაბრაზებული, მაგრამ თავს ირწმუნებდა, შურისძიების მიზეზი ეგაა, რომ მცემაო. როცა ყოფილი ქმრის სახლამდე მიაღწია, ცხენი მოშორებით მიაბა ხეზე, თვითონ კი ეზოში ჩუმად შეიპარა, ეზოში ორი სახლი იდგა – ოდა და პატარა სახლი, სადაც ცხოვრობდნენ. პატარა სახლის ლაფაროს ამოეფარა და ფანჯარაში შეიხედა, მთელი ოჯახი მაგიდასთან იჯდა და ვახშმობდა. იმ სოფლამდე, დაბასთან სიახლოვის გამო, ელექტროენერგია მოყვანილი იყო, და განათებულ ოთახში კარგად ჩანდა სუფრასთან მსხდომთა სახეები, ყოფილი დედამთილი და მამამთილი საგრძნობლად მობერებულიყვნენ, მას შემდეგ არ უნახავს, რაც იქიდან წავიდა. დედამთილ-მამამთილთან (უფრო – მამამთილთან) ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, მაგრამ ახლა ყველა მათგანი ეზიზღებოდა, ვინც სუფრასთან იჯდა, პატარა ბავშვიც კი, დედამისს რომ ეჭირა ხელში და აჭმევდა. მაშინ, დაბაში, ყოფილი ქმრის ცოლის სახე კარგად ვერ შეათვალიერა, ბავშვის ნახვამ ისე იმოქმედა მასზე, რომ არაფრის თავი არ ჰქონდა, ახლა კი შეეძლო, ენახა, როგორი იყო. შეუხედავი არ ეთქმოდა, მაგრამ სილამაზით მისი ნახევარიც არ გახლდათ და ამან ცოტა გამოუკეთა ხასიათი. ყოფილმა მამამთილმა დოქიდან წყალი დაისხა და მერე დოქი, ალბათ – ცარიელი, თავის ვაჟიშვილს გაუწოდა. ეს უკანასკნელი ადგა და კარისკენ წამოვიდა. ქეთევანის და ისევ ლაფაროს ამოეფარა და სახლის კიდიდან უყურებდა, დერეფანში გამოსულმა მისმა ყოფილმა ქმარმა როგორ აანთო შუქი, მერე დერეფნის გვერდითა კედელზე მიდგმულ ძელსკამზე ჩამწკრივებული სათლებიდან ერთ-ერთი აიღო და დოქის ავსება დაიწყო წყლით. წინ იყო გადახრილი, მის ზურგს და უკანალს ხედავდა, ძალიან ხელსაყრელი დრო იყო და გადადგა კიდეც ნაბიჯი, მაგრამ რაღაცამ შეაყოვნა, ამასობაში კაცმა სათლი ისევ ძელსკამზე დადო, დოქი აიღო და შინ შევიდა. ქეთევანის დამ ქვედა ტუჩზე მაგრად იკბინა წეღანდელი ორჭოფობის გამო, არც იცოდა, ასეთი შანსი ხელმეორედ მიეცემოდა თუ არა. ერთი პირობა, სახლში წასვლაც კი დააპირა, მაგრამ მერე დარჩენა არჩია. იცოდა, იმ ოჯახში ვახშმობა ხანგრძლივი რიტუალი იყო და კარგა ხანს მოუწევდა ლოდინი, სანამ მორჩებოდნენ. გადაწყვეტილი ჰქონდა, ვისთან ერთადაც არ უნდა გამოსულიყო გარეთ მისი ქმარი, გასაკეთებელი მაინც გაეკეთებინა. ამობრუნებულ, ძირგატეხილ ქვაბზე ჩამოჯდა, რომელიც ლაფაროში ეგდო, და ეზოს გახედა, მთვარიანი ღამე იყო. ეზოში შემოსვლისთანავე შეამჩნია, რომ მისი საყვავილე ბოსტნისთვის მიეერთებინათ, სადღა იყო მისი ნალოლიავები ყვავილები. ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციის ჟურნალის დამატება ყვავილების ჯიშებს და მათი მოვლა-გახარების წესებს ეთმობოდა, მითითებული იყო ასევე მაღაზიის მისამართი, საიდანაც თესლების გამოწერა შეიძლებოდა. ქეთევანის დამ უამრავი ყვავილის თესლი გამოიწერა და მშვენიერი ყვავილნარი მოაწყო, რომელიც სახლიდან ჭიშკრამდე გასდევდა ბოსტნის ღობეს. როცა აქ გადმოვიდა საცხოვრებლად, თავიდან შვება იგრძნო, რადგან ნორმალურ სახლში მაინც ცხოვრობდა და, არც საჭმელი აკლდა, თავის სახლში კი ხშირად მშიერი იყო. მარტო დარჩენილ მამას ნათესავი ქალი უვლიდა და ყოველ კვირა მათაც უგზავნიდა სამყოფ საჭმელს. მერე, როცა წიგნების და ჟურნალის კითხვა დაიწყო, ის შვება სადღაც გაქრა, ახლა უკვე აღარ მოსწონდა აქ ყოფნა, გააცნობიერა, მისდა დაუკითხავად, როგორ გაასხვისეს ნივთივით. მაშინ მამა უკვე გარდაცვლილი იყო, მაგრამ მაინც გრძნობდა აგრესიას მის მიმართ. თავიდან ქმარი შეუყვარდასავით, თუმცა უკვე ისიც სრულიად უცხო გახდა, რაღაც სხვა უნდოდა, არ ხიბლავდა ოჯახის ქალობა, ოღონდ, უნდა ითქვას, რომ ამას დიდად არც არავინ აძალებდა, თვითონ ხატავდა თავის ყოფას ზედმეტად დრამატულად, მეზობლის ქალებთან შედარებით დედოფალივით ცხოვრობდა, მაგრამ მაინც კაცების მსხვერპლად, დამონებულ ქალად მოჰქონდა თავი, ერთადერთი შვება ყვავილების მოვლა იყო. ყვავილნარის გადახურვას და ორანჟერეის გაკეთებას აპირებდა, ქმარიც დაითანხმა, თუმცა არ დასცალდა. თუ ყვავილებს არ უვლიდა, ეზოს კუთხეში მდგარ ფანჩატურში, მეზობლის ქალებს უკითხავდა ჟურნალში დაბეჭდილ სტატიებს და მონდომებით ცდილობდა, მათი თვითშეგნების ამაღლებას. ახლა აღარც ფანჩატური იყო და აღარც – მისი ყვავილნარი. როცა აქედან გაიქცა, ერთადერთი, რაც ენატრებოდა, ყვავილნარი გახლდათ. პირველ თვეებში რამდენჯერმე მოვიდა ჭიშკართან და მალულად გადმოხედა თავის ყვავილებს, მერე თავი აიძულა, რომ ეგენიც დაევიწყებინა, და დაივიწყა კიდეც. მეზობლის ეზოში ძაღლმა დაიყეფა და ფიქრებიდან გამოარკვია, წამოდგა და ისევ ფანჯარაში შეიხედა, ახლაღა შეამჩნია, რომ ისევ ის ძველი, ნაცრისფერი ფარდა ეკიდა, რომელიც სულ ნერვებს უშლიდა, მაგრამ ახლა რა მნიშვნელობა ჰქონდა. ფარდის კუთხიდან ოთახის სიღრმისკენ გაიხედა, ისევ ვახშმობდნენ. ის იყო, ლაფაროში დაბრუნებას აპირებდა, რომ დედის კალთაში მჯდარი ბავშვი მაგიდის კიდეზე დადგმულ დოქს წაეპოტინა და გადმოაგდო. დოქი ნამსხვრევებად იქცა, ბავშვს ხმაურის შეეშინდა და ტირილი დაიწყო, ძლივს დააწყნარეს. დედამთილმა ნამსხვრევები მოგავა, იატაკი მოწმინდა და ისევ მაგიდას მიუჯდა. ყოფილმა ქმარმა კი ახალი დოქი ჩამოიღო თაროდან და ისევ დერეფნისკენ წამოვიდა. ეს უკანასკნელი შანსი იყო, ქეთევანის და ისევ ლაფაროს აეკრა და დანა მაგრად ჩაბღუჯა. კაცმა შუქი აანთო, ჯერ ცოტა წყალი ჩაასხა დოქში, შეანჯღრია და გადმოღვარა, მერე კი სათლი ისევ აიღო და გამოვლებული დოქის ავსებას შეუდგა. ისევ იმ პოზაში იდგა, როგორც წინა გამოსვლის დროს. ქეთევანის და ფეხაკრეფით მიეპარა და დანა ჯერ – ერთ დუნდულში, შემდეგ კი მეორეში გაუყარა. კაცს სათლი გაუვარდა ხელიდან, ტკივილისგან აყვირებულმა ჩაიჩოქა და ძელსკამს ორივე ხელით წაეპოტინა, ძელსკამი გადმოყირავდა და სათლები ჩამოვარდა. სანამ ოჯახის წევრები ყვირილზე და ხმაურზე გარეთ გამოცვივდებოდნენ, ქეთევანის დამ კარი გარეთა რაზით ჩაკეტა და ყოფილ ქმართან დაბრუნდა. ეს ყველაფერი იმაზე მარტივი აღმოჩნდა, ვიდრე მოელოდა. მარცხენა თეძოზე გაწოლილ კაცს ეგონა, კიდევ უპირებდა დანის დარტყმას, ცარიელ სათლს იფარებდა ტანზე და სასაცილოდ აფართხალებდა ფეხებს:
– დღესვე გავუშვებ ცოლს და შენ მოგიყვან, თუ გინდა. ოღონდ არ მომკლა! სულ სხვანაირი ქმარი ვიქნები! – ლუღლუღებდა საცოდავად.
– ვის რად უნდა შენი ცოლობა, შე საცოდავო! – ეცინებოდა ქეთევაის დას. – ეგ იმისთვის, რომ მცემე!
სანამ სახლში მყოფები უკანა კარიდან გამოსვლას მოიფიქრებდნენ, ქეთევანის და ეზოდან გავიდა, ცხენს მოახტა და სახლისკენ გააჭენა. ეს იყო პირველი, ყველაზე გაბედული ნაბიჯი მის ცხოვრებაში, საოცარ სიხარულს გრძნობდა. სულ რამდენიმე საათის წინ თუ ეჭვი ეპარებოდა საკუთარ თავში, ახლა დარწმუნებული იყო, რომ ამიერიდან ვერავინ დაჩაგრავდა. ისიც მშვენივრად იცოდა, რომ ამაზე პასუხს არავინ მოსთხოვდა, რადგან მისი ქმარი, უხერხულ ადგილას დაჭრის გამო, ამ ამბავს არ გაახმაურებდა. უცებ ყვირილი მოუნდა და ბოლო ხმაზე დაიყვირა, ცხენმა უფრო უმატა სირბილს, ფლოქვების ყრუ ხმა ისმოდა ღამის სიბნელეში.
დილით საგუბერნიო ქალაქში გაემგზავრა და სახლ-კარის და საფართობე მიწის გაყიდვიდან აღებული ფულით პატარა სახლი იყიდა. ქეთევანს უნდოდა, თირთეს და თეჯის დეიდასთან ეცხოვრათ, როცა გიმნაზიაში დაიწყეს სწავლა, მაგრამ ვამეხისთვის ამის თქმა მორიგ ჯერზე წიხლქვეშ გაგდებას ნიშნავდა. გოგოები ნათესავებს მიაბარეს, მაგრამ თირთე, ცოტა რომ წამოიზარდა, სულ დეიდასთან დადიოდა ხოლმე. თეჯის დიდად არ უყვარდა დეიდასთან წასვლა, რადგან ეს უკანასკნელი სულ შენიშვნებს აძლევდა თავისი შემგუებლური და დამყოლი ხასიათის გამო, თეჯის ასაკში თვითონაც ეგეთი იყო, ხოდა, მისი ყურება თავის თავს ახსენებდა და ცუდ ხასიათზე დგებოდა ხოლმე. თირთეზე გიჟდებოდა, რადგან ხედავდა, რომ თავს არავის დააჩაგვრინებდა. ნეტავ, მეც ასეთი ვყოფილიყავი ბავშვობიდან, დამცირებაში გატარებულ იმ წლებს ხომ ავიცილებდი თავიდანო, ფიქრობდა თავისთვის. თირთეს კი ეუბნებოდა, ჩემი და მამიდაშენის ხასიათი მხოლოდ შენ დაგვყვა, ეს შენი და ბატია ჩვეულებრივიო. ის და ბედისა დიდ პატივს სცემდნენ ერთმანეთს, მიუხედავად იმისა, რომ სულ რამდენჯერმე იყვნენ შენახვედრი.
– გიჟი გიჟს ცნობს! – ხუმრობდა ხოლმე ვამეხი, რომელმაც კარგად იცოდა თავისი დის და ცოლისდის ურთიერთსიმპათიის შესახებ. როცა ქალიშვილების მოსანახულებლად ჩადიოდა ქალაქში, ნათესავებს თხოვდა, ბავშვები მაგ ქალს არ გააკაროთო. არა, როგორ გეკადრებაო, უარობდა ნათესავი ცოლ-ქმარი, მაგრამ, როცა სტუმარს წასულს დაიგულებდნენ, თირთეს ისევ უშვებდნენ დეიდასთან, რადგან სახლშიც სიწყნარე იყო და, არც საჭმელი ეხარჯებოდათ. დეიდას თირთე დემონსტრაციებზე დაჰყავდა, ხან გენერალ-გუბერნატორის სასახლესთან ითხოვდნენ ქალთა საარჩევნო თუ სხვა უფლებებს, ხან კი დედაქალაქში ჩადიოდნენ და, იქაურ თანამებრძოლებთან ერთად, მეფისნაცვლის სასახლის წინ ითხოვდნენ იმავეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“