ხუთშაბათი, ოქტომბერი 31, 2024
31 ოქტომბერი, ხუთშაბათი, 2024

იმიტაციები

მაინც ვინ არის დიდი პოეტი?! – დიდი პოეტი ისაა, ვინც ქმნის თავის საავტორო მეტრულ-რიტმულ სისტემას ან ძველ ფორმებს ღრმად ინდივიდუალურ ინტონაციურ აკუსტიკას სძენს. ერთი სიტყვით, დიდი პოეტი ისაა, ვისი პოეტიკის იმიტირება, პაროდირება ან პასტიში შესაძლებელია. დანარჩენები, უბრალოდ, კარგი ან მაგარი პოეტები არიან.

პოეზია, ჯერ კიდევ ანტიკური პერიოდიდან მოყოლებული, იცნობს თავშესაქცევ პოეტურ მიმართულებას, რომელსაც ცენტონი ჰქვია და, რომელიც ერთი ან რამდენიმე პოეტის ტაეპთა კომპილაციით ლექსის აწყობას გულისხმობს. ცენტონი შეიძლება, ნებისმიერი პოეტის (თუნდაც საშუალო დონის პოეტის) ლექსებიდან აიკინძოს, თუმცა ინტონაციურ-ფორმობრივი იმიტაცია-პაროდია-პასტიში მხოლოდ დიდ პოეტთან არის შესაძებელი, რადგან იმ ხარისხის ინდივიდუალიზმი, რომლის მიბაძვაც შეიძლება, მხოლოდ დიდ პოეტს გააჩნია.

ქართულ პოეზიაში მხოლოდ გივი ალხაზიშვილი იყო ის პოეტი, რომელსაც ვერსიფიკაცია იმ დონეზე ჰქონდა ათვისებული, რომ დიდი ქართველი პოეტების პოეტიკების იმიტირება (უმაღლესი ხარისხით) შეეძლო და აქვს კიდეც ასეთი ციკლი.

ქვემოთ მოხმობილ ლექსებში, თავშესაქცევად, მეც ვცადე იმავეს გაკეთება, ავიღე ყბადაღებული და მარტივი თემა – “პირველი თოვლი” – და რამდენიმე დიდი ქართველი პოეტის (რომელთა პოეზიაშიც აღნიშნული თემა ერთ-ერთი პრევალენტურია) პოეტიკების იმიტაციით დავწერე ლექსები. მე მხოლოდ ოთხი პოეტით შემოვიფარგლე, თორემ, ცხადია, თავისუფლად შეიძლებოდა კიდევ რამდენიმე პოეტის დამატება. იმიტაციის ობიექტებს არ დავასახელებ, იმედი მაქვს, მკითხველი ისედაც მარტივად მიხვდება.

***
თოვს და ეს თოვლი არ არი თითქოს
(რაც არ არსებობს, არა აქვს კიდე),
ვდგავართ ამ თოვლში და სუნთქვით გითბობ
გათოშილ მაჯებს, პეშვებს და თითებს.

თოვლი მიწაზეც გაჩნდება მალე –
შეკავებული რისხვით თუ ბრაზით…
გვაცვივა თოვლი, პირველი თოვლი…
მიჰყვება ქუჩას ტრამვაის ხაზი.

***
სად, სად შეიმალნენ
საწყალი ბეღურები,
სად, სად აფარებენ,
მითხარი, თავს?
პირველი თოვლია,
ხომ არ ეხუმრები!!!
ცოტაც და, ცოტაც და
დაფარავს გზას.

მოცვივა ფიფქები,
ფიფქების ქორწილია,
ეული ნათურა
ანათებს შორს.
ფიფქები, ფიფქები
რარიგად მოცვივიან,
შეხედე, თუ ძმა ხარ –
ზღაპრულად თოვს!

***
ამ სითეთრეში თოვლისაში
ჩასთვლემს ქალაქი,
მაქვს დილიხორი
პირველ თოვლში
გარონიების,
სურვილი ესე
მე აღმიტანს
სულით და ხორცით,
სურვილი –
ყოვლად კანონიერი.

ჩაიტკარცალეს
გათქვირულმა ქალიშვილებმა,
ვაჟნი გზისპირა ფანჯრებიდან
იწვდიან კისრებს…
დიდ სითეთრეში თოვლისაში
ჩაწვა ქალაქი,
როგორაც ბალღი საბანში, ისე.

***
ეცემა თოვლი საფლავის ლოდებს
და ეს არ არის რაღაც მისნობა,
ჩამოდის თოვლი, ჩამოდის ციდან
და თან ჩამოაქვს მარადისობა.

სადღაც დგას ქალი ჩუმი იერით
და დამზრალი აქვს სველი თითები.
დღეს მე ეს თოვლი მაბედნიერებს,
დღეს მე ამ თოვლში გარდავიცვლები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“