დედა მასწავლებლის ფიქრები.
მოდი გამოვტყდები, მე ქართულის მასწავლებელი ვარ და ჩემი შვილი ქართულს ვერ იტანს. ამის აღიარება, მართალი გითხრათ, ძალიან გამიჭირდა და შეიძლება ითქვას წლები დამჭირდა. დედები და ალბათ მამებიც, ხშირად ვადანაშაულებთ საკუთარ თავს, რომ ვერ ვართ იდეალური მშობელი, რომ ყველაფერი ისე ვერ გამოგვდის, როგორც წარმოგვიდგენია. რომ ჩვენი შვილი არ არის საკმარისად კარგი, საკმარისად ბეჯითი და აკადემიურად მაღალი მოსწრების მქონე. ბარემ ისიც ვთქვათ, რომ მასწავლებლებს შვილებისთვის დრო თითქმის არ გვრჩება, ჩვენ მთელ ენერგიას და რესურსს სკოლაში ვტოვებთ, ბოლომდე ვიხარჯებით გაკვეთილებზე, თითოეული მოსწავლის წარმატებას თუ წარუმატებლობას საოცრად განვიცდით, გვიხარია, გვწყინს – დაუმსახურებელი თუ დამსახურებული შენიშვნები, მასწავლებლები ხომ სცენის შუაგულში ვდგავართ და მთელი “პუბლიკის“ მზერა ჩვენზეა მომართული, რომ არაფერი შეგვეშალოს, არ დაგვავიწყდეს, არ გამოგვრჩეს, თითოეულ მოსწავლეს სათანადო ყურადღება მივაქციოთ, ვიღაც არ დაგვეჩაგროს, ვიღაც არ დაგვავიწყდეს, მოკლედ – ვშრომობთ, არა მხოლოდ გონებრივად, უფრო მეტს – ემოციურად. და მოვდივართ სახლებში, გამოფიტულები, დაღლილები. ჰოდა, შვილს დახმარება რომ სჭირდება, ქართულის თემა აქვს დასაწერი, რაღაც ვერ გაიგო, რომ უამრავი კითხვა აქვთ, რომ სჭირდებათ უბრალოდ დედა გვერდით, რომელიც დაუჯდება, მოუსმენს, აუხსნის, საკუთარ პროფესიას ახლა შვილთან გამოიყენებს, ახლა შვილთან იქნება დედა-მასწავლებელი, თან უფრო მეტადაც, რომ აი, ყველაზე მეტად ხომ შვილს სჭირდები, მაგრამ ვერ გამოდის, შეუძლებელია მთელი დღე მომართული იყო, შეუძლებელია მთელი დღე ასწავლო, მთელი დღე ახსნა, მთელი დღე ისაუბრო, დააწერინო, გამოათვლევინო, წააკითხო, მოაძებნინო. ვერ გამოდის, სადღაც უნდა გაჩერდე, დაჯდე, ამოისუნთქო. სადღაც უნდა იპოვო თავისუფალი სივრცე, სადაც უბრალოდ რაღაცების დაზარებას შეძლებ, გადადებ, უბრალოდ დაჯდები, ტელეფონს ასქროლავ, თან ველურ ბუნებაზე დოკუმენტურ ფილმს უყურებ მონოტონური გახმოვანებით, უბრალოდ არაფერზე აღარ იფიქრებ, ყველაფერი მოსწრებული გაქვს, ჟურნალი შევსებულია, დავალებები ატვირთული და შვილი? შვილი მოიცდის, მერე რაა, აი, ხვალ დაუჯდები, შაბათ-კვირა მოდის, მომავალ კვირას მაინც აუცილებლად. ამასობაში გადის წლები და ერთხელაც აღმოაჩენ, რომ შენს შვილს თურმე თემების წერა უჭირს, თურმე ძალიან მნიშვნელოვანი ლიტერატურა გამოუტოვებია, ინანიშვილი არ წაუკითხავს, არ მოგწონს, როგორ წერს, არ იცავს გრამატიკულ წესებს, შეებმები ამ მოცემულობას, შეასკდები და პირში მოხლილ სიმართლესაც კარგად შეირგებ: შენ ჩემთვის არასდროს გეცალა, შენი მოსწავლეები უფრო გიყვარს, ისინი უფრო მნიშვნელოვნები არიან! გაბრაზდები, ჯერ სკოლაზე, მერე შენი შვილის მასწავლებლებზე, ინანებ, რომ სკოლას მიენდე, მაგრამ საბოლოოდ მაინც აღიარებ, რომ შენი მოსწავლეების განათლება გინაცვალებია შვილის განათლებისთვის, რას იზამ, ეს ასეა, გინდ მარცხნიდან მოვაბათ ქოთანს ყური და გინდ მარჯვნიდან, უბრალოდ რეალობაა.
წელს დავიწყე ამაზე ხმამაღლა ლაპარაკი, ალბათ იმიტომ, რომ სხვა მასწავლებლებმაც გამანდეს, რომ ჩვენც ასე ვართო! ჩემი მეგობარი უცხო ენებს ასწავლის და მის შვილს იმდენად უჭირს, რომ სხვა მასწავლებელთან მიიყვანა სამეცადინოდ, მე ესეც ვერ შევძელი, ალბათ უფრო არ, იმიტომ, რომ მეგონა, ჩემნაირად ვერავინ ვერ ასწავლიდა, მე კი არასდროს არ მეცალა. როდესაც ჩემს კლასში მასწავლებლის შვილებს აღმოვაჩენ ხოლმე, ვცდილობ, განსაკუთრებით ყურადღებით მათ მიმართ ვიყო, განსაკუთრებით შევუწყო ხელი, დავალებების არქონაც ვაპატიო. არა იმიტომ, რომ ბავშვებს ვარჩევ და ისინი მეტად მიყვარს, არა, უბრალოდ მათი დედები თუ მამები მასწავლებლები არიან, ეს კი იმას ნიშნავს, რომ შვილებისთვის უბრალოდ ენერგია, ემოცია აღარ რჩებათ და ეს გასაგებია, ძალიან გასაგები და ალბათ ძალიან ადამიანური, მასწავლებლური.
ჩვენ, მასწავლებლები, ზედმეტად გულჩვილი ხალხი ვართ, ადვილად გვწყინს და ადვილად გვიხარია, ადვილად გვადგება თვალზე ცრემლი, გულიანად გვიტირია კიდეც და გულიანად გვიცინია სულ პატარა შენიშვნაზე, უსამართლო საყვედურზე და უბრალოდ კარგ სიტყვაზე.
ჩვენ მასწავლებლები სანამ კლასში შევალთ, პალტოსავით ვიხდით ჩვენს ცხოვრებას, ჩვენს ყოველდღიურობას, ჩვენს პრობლემებს, ვიცვამთ ემოციურ აბჯარს და გავდივართ სცენაზე, სადაც ჩვენი ფიქრებით, აზრებით, გონებით ვძერწავთ კარგ მოქალაქეებს, პატრიოტ და უბრალოდ კარგ ადამიანებს, ყოველ შემთხვევაში, ვცდილობთ და ესაა ჩვენი მიზანი, როგორ გამოგვდის ამას დრო გვიჩვენებს.
ჩვენ, მასწავლებლები, უამრავი ადამიანის წინაშე ვართ პასუხისმგებლები, პირველ რიგში კი ჩვენი მოსწავლეების წინაშე. უზარმაზარი პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული და ვცდილობთ, არაფერი არ შეგვეშალოს, არ დაგვავიწყდეს, არ გამოგვრჩეს, ვიყოთ იდეალურები. ალბათ ყველაზე მეტი პერფექციონისტი სამყაროს მასწავლებლებს შორის ჰყავს, იმიტომ, რომ ჩვენ მიმართ ყველაზე დიდი მოთხოვნებია, იმიტომ, რომ შეცდომები ძნელად ან არ გვეპატიება. იმიტომ, რომ მასწავლებლები ვართ და აბა, როგორ!
გვეშინია, ძალიან გვეშინია, რომ ეს ჩვენი მონდომება, შეიძლება ითქვას, თავგანწირვაც კი უბრალოდ ვიღაცის ერთმა დაუფიქრებელმა ფრაზამ წყალში არ ჩაგვიყაროს, არ დაგვიწუნონ მასწავლებლობა, ამიტომ ვართ ასეთი გაფაციცებულები, ასეთი დაძაბულები, ამიტომაა, რომ სახლში მისულებს ენერგიის წვეთიც აღარ გვაქვს შერჩენილი და ამიტომაა, შვილებთან აღარ გამოგვდის სწავლება.
გვინდა, რომ გვენდონ, გვინდა, რომ დაგვიჯერონ, გვინდა, რომ ჩვენი მოსწავლეების სწავლება ჩვენ დავგეგმოთ, ჩვენ წარვმართოთ ჩვენი სწავლების პროცესი. გვინდა, რომ სპონტანურები ვიყოთ და როცა გარეთ გავიხედავთ და შემოდგომის პეიზაჟი დაგვაფიქრებს, ბავშვებს პოეზიაზე ვისაუბროთ, ან უბრალოდ დავხატოთ წვიმაში მდგომი შიშველი ხე, რომელიც გაზაფხულზე ოცნებობდა.
ჰო, ჩვენ შვილებს ვერ ვასწავლეთ. ჩემი შვილი ხშირად იგონებს ბავშვობის ამბებს, როგორ მთხოვდა დახმარებას, როგორ უჭირდა ქართული და დედას არ ეცალა, დაღლილი იყო, ვერ ეხმარებოდა. როგორ რცხვენოდა, რომ სწორად ქართული არ გამოსდიოდა საუკეთესოდ. თუმცა, ალბათ, გადავლახეთ ეს ამბავიც, რადგან საუბარი დავიწყეთ და რაზეც საუბრობ, ის უკვე გადახარშულია, ასე ამბობენ.
ჰოდა, მოვუფრთხილდეთ თავებს, შევიყვაროთ და გვეყოს დადანაშაულება, შეცდომების დაშვება ჩვეულებრივი ამბავია, ამაში ტრაგიკული არაფერია, რომ ერთი გულწრფელი აღიარება მოსწავლეებთან ყველაფერს თავის ადგილას დააყენებს, რომ ჩვენ ადამიანები ვართ და არა რობოტები, რომ საკუთარი თავები ცოტათი მაინც გადავინახოთ შვილებისთვის მაინც, რომ აბა ვკითხოთ კოლეგას ერთხელ, გულწრფელად, როგორ ხარ?
ვოცნებობ, ისეთი სივრცის შექმნაზე, სადაც შევიკრიბებით მასწავლებლები, ხალიჩაზე დავსხდებით წრეზე (როგორც ჩვენი მოსწავლეები), ჩავჭიდებთ ხელებს, მოვიკრებთ ძალებს და როგორც იქნა დავიწყებთ:
გამარჯობა, მე ვარ მასწავლებელი და მე არ ვარ იდეალური!