პარასკევი, ოქტომბერი 18, 2024
18 ოქტომბერი, პარასკევი, 2024

გზავნილი ბავშვებისთვის – მჯერა შენი, გენდობი და საუკეთესო მოლოდინი მაქვს შენგან

დანიელ პენაკი თავის წიგნში „სკოლის სევდა“ ეპილოგში წერს, თუ როგორ უყურებს მისი თითქმის ასი წლის დედა ფილმს კაცზე, რომელსაც მშვენივრად იცნობს. ეს კაცი თავად დანიელ პენაკია, მწერალი, პარიზში, საკუთარ სახლში, ბიბლიოთეკაში, უამრავი წიგნით გარშემორტყმული. დედა თითქმის მთელი დღის განმავლობაში უყურებს ფილმს საკუთარ შვილზე და ფილმის დასასრულ, ავტორის ძმას, ბერნარს ეკითხება: „შენ ფიქრობ, რომ ამ კაცს როდისმე რამე ეშველება?“.

პენაკი აგრძელებს: „საქმე ისაა, რომ სკოლაში ცუდად ვსწავლობდი და ეს ამბავი დედაჩემს დღემდე აქვს გამოყოლილი. ახლა, როცა მისი გადაბერებული გონება სულ უფრო და უფრო ხშირად ტოვებს აწმყოს ნაპირებს და შორეული არქიპელაგებისკენ გადაადგილდება, გზად შემხვედრი პირველივე რიფები იმ ტკივილსა და სადარდებელს ახსენებს, სკოლაში ჩემი სიარულის პერიოდში ასე რომ გაუშრო სისხლი“, – წერს დანიელ პენაკი დედაზე, რომელსაც მისი თქმით, შვილის მომავალი იმდენად ბუნდოვანი და უიმედო ეჩვენებოდა, რომ მის აწმყოშიც ვერ არის ბოლომდე დარწმუნებული.

„ბოლომდე დედაჩემის დაწყნარება-დაშოშმინება არაფერს შეეძლო: არც ჩემი პროფესიული ცხოვრების სტაბილურობას და არც ლიტერატურული მოღვაწეობის საქვეყნოდ აღიარებას. ვერც სხვების მონაყოლი ჰგვრიდა შვებას და ვერც ის, რასაც თავად კითხულობდა პრესაში. ცხადია, ჩემი წარმატებები ახარებდა, მსჯელობდა მათზე მეგობრებთან და საკუთარ აზრებსაც უხვად აფრქვევდა. იმასაც აღიარებდა, საწყალი მამამისი ამ ყველაფერს რომ მოსწრებოდა, მასზე ბედნიერი კაცი ამქვეყნად მეორე არ იქნებოდა. მაგრამ… მაგრამ მის გულში, სადაც იშვა და სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი იმ უქნარამ და დოყლაპიამ, მოკლედ, იმ ოროსანმა, რომელიც ოდესღაც მე ვიყავი, მაინც ღრმად გაედგა ფესვები შფოთვას. ეს თავისებურად მისი სიყვარულის გამოხატულება იყო.

ბავშვებს უფროსებისგან (მშობლებისგან, მასწავლებლებისგან) სჭირდებათ დასტური და აღიარება იმის დასამტკიცებლად, რომ ჩვენ შეგვიძლია მათი შესაძლებლობების დანახვა და გულწრფელი რწმენა, რომ ისინი ცხოვრებაში ყველაფერს შეძლებენ; რომ საკმარისად კარგები არიან და ჩვენ მათ ყველა წინ გადადგმულ ნაბიჯსა და მცდელობას ვუფასებთ. ჩვენი რწმენები მათ მიმართ არის ძლიერი საყრდენი, რომელზეც მალე თავადაც დააშენებენ საკუთარ ცხოვრებას, გაბედულად და საკუთარი თავის რწმენით. მაგრამ, რა მოხდება, თუ ჩვენ არ ვირწმუნებთ მათ ძალებს, ეჭვი შეგვეპარება მათ სიძლიერეში და მცდელობებსაც არ დავუფასებთ? თუ ჩვენ განუწყვეტლივ ვიშფოთებთ მათ შესაძლებლობებზე და ეჭვის თვალით დავუწყებთ ყურებას?! თუ ისინი ვერასდროს გახდებიან საკმარისად კარგები ჩვენთვის?!…

წარმოიდგინეთ, სულ პატარა, თვეების ბავშვი, ჩვენგან დაიმედებული, შექებული, როგორ ცდილობს, ისწავლოს ხოხვა და მისწვდეს სასურველ სათამაშოს. თანდათან ის მიხვდება, რომ თავისი სურვილის ასასრულებლად ფეხები უნდა დაიხმაროს, ხელებს მყარად დაეყრდნოს, მუცელი ასწიოს, გაცოცდეს და სათამაშოსაც მისწვდეს. პატარას წარმატების გამოცდილება უკვე აქვს, იცის, რომ ახლა შეუძლია წამოდგეს, უფროსები ცოტას ისევ შევაქებთ, ისევ მივცემთ იმის საშუალებას, რომ საკუთარ ძალებსა და კუნთებს დაეყრდნოს და ნელ-ნელა წამოდგომა შეძლოს. გავამხნევებთ და ისიც წამოდგება. შემდეგ ნელ-ნელა სიარულს შეეცდება. „ყოჩაღ, ყოჩაღ!“ – ისევ გავამხნევებთ, ისევ მოგვწონს, როცა ვხედავთ, როგორ გულწრფელად და თან, საფუძვლიანადაც სჯერა ჩვენი გამხნევების, როგორ იწყებს ძალების მოსინჯვას, ახალი გამოცდილების მიღებას და ვხედავთ, უკვე გამართულად დადის.

განვითარების ყველა ეს ეტაპი, ყველა ეს წინსვლა და მცდელობები საკუთარი თავისა და შესაძლებლობების გამოკვლევის, იმის შედეგია, რომ უფროსებმა ბავშვს შეუქმნეს ისეთი გარემო, რომელიც შემწყნარებლური იყო შეცდომების, წაქცევის, წამოდგომის, მიმართ. ამასთან ერთად გავუჩინეთ იმის განცდაც, რომ ყველაფერი გამოუვა და არ აქვს მნიშვნელობა, ჰქონდა თუ არა უიღბლო პერიოდები. ახლა უკვე მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული გამოცდილებით შეიარაღებული, უფრო მეტად თვითდაჯერებული და ჩვენით დაიმედებული, მეტად გაბედულია, იკვლიოს გარემო და საკუთარი შესაძლებლობები, გამოხატოს საკუთარი თავი, ჰქონდეს მცდელობები, რადგან იცის, რომ არსებობს თვითგამოხატვისთვის უსაფრთხო სივრცე.

კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მშობლების საუკეთესო მოლოდინები განაპირობებს ბავშვის აკადემიურ წინსვლასაც. არსებობს კვლევები, სადაც ნაჩვენებია, თუ როგორ დადებით გავლენას ახდენს მშობელთა მაღალი მოლოდინები შვილების აკადემიურ მიღწევებზე და პირიქით, მშობლებს, რომელსაც არ სწამთ საკუთარი შვილების, როგორ აზიანებს ეს დამოკიდებულება მათი შვილების ცხოვრებას. მჯერა ჩვენს საუკეთესო მოლოდინებს, საუკეთესო წარმოდგენებსა და იმედებს შეუძლია, შეცვალოს ჩვენი შვილების ქცევა, წაახალისოს ისინი და მოტივაცია დაუბრუნოს, ამიტომ უკმაყოფილო ტონით, შეცდომებზე მითითებით, აჯობებს ხშირად ვუთხრათ – „მჯერა შენი, გენდობი და საუკეთესო მოლოდინი მაქვს შენგან“.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ზღვის ბალახი

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“