პარასკევი, ოქტომბერი 18, 2024
18 ოქტომბერი, პარასკევი, 2024

ერთი აუდიოაღწერა სამი მხატვრული ტექსტის გააზრებისთვის, ანუ, რას გვიყვება როკო ირემაშვილის „დავითი“

 

(პირველი ნაწილი)

მარიამ გოდუაძე

კარგი ამბავი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ხელოვნების ეროვნულ მუზეუმს — ცისფერ გალერეას — უცნაური სტუმარი ეწვია. ეს როკო ირემაშვილის დავითია და მისი ხილვა მეორე სართულზე ჯერ კიდევ არის შესაძლებელი. ჩვენი წერილი სწორედ ამ ნაშრომის აუდიოაღწერას მიეძღვნება.

უცხოელი ექსპერტები გვირჩევენ, რომ აუდიოაღწერის შექმნამდე აუცილებელია ვეწვიოთ მუზეუმს, გავესაუბროთ ხელოვნებათმცოდნეს, გავეცნოთ ავტორისა თუ მისი ექსპონატის შესახებ ისტორიას და ასე ჩვენს ნამუშევარს ბევრი საინტერესო დეტალი შევმატოთ. ამ რჩევის კვალობაზე შემდეგ გაგიზიარებთ მონაცემებს ავტორის შესახებ:

როკო ირემაშვილი – მხატვარი, მოქანდაკე, ხელოვანი, შტუტგარტის ხელოვნების სახელმწიფო აკადემიის კურსდამთავრებული (2005-2009) და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პედაგოგია (2010 – 2012). მისი ნამუშევრები, ფორმატისა და მასალისგან დამოუკიდებლად, იქნება ეს ფერწერა, ქანდაკება თუ ვიდეო, სოციალური პროტესტის, სარკაზმის, ამაოებისა და თანაგრძნობის ნაზავს წარმოადგენს. როკო ირემაშვილის ყოველი პროექტი მუდმივი ფიქრისკენ მოგვიწოდებს. მისი პროექტები გამორჩეულია არა მხოლოდ ინდივიდუალიზმითა და უჩვეულო შესრულებით, არამედ ხელოვანის მუდმივი სურვილითაც — იყოს ექსპერიმენტატორი სახვით ხელოვნებაში. ხელოვნება მისთვის დიდაქტიკური ფუნქციების მქონე იზოლირებული სფერო როდია; ხელოვნება როკო ირემაშვილისთვის ყოველდღიურობის ორგანული ნაწილია[1].

ჩვენი სტატიის პირველ ნაწილში როკო ირემაშვილის ზემოთ ხსენებული ქანდაკების აუდიოაღწერას გაგიზიარებთ და ჩვენეული ტექსტით თქვენს გონებაში წარმოსახული სურათი თუ ქმნილების რეალურ მოცემულობას ან სტატიის მეორე ნაწილში წარმოდგენილ ფოტოს დაემთხვევა, ბედნიერი ვიქნებით.

გამეორებასავით მაინც ვიტყვი, რომ სახვითი ხელოვნების აუდიოაღწერა იქმნება უსინათლო პირებისათვის, რათა მისი მეშვეობით უსინათლო პირს მიახლოებითი ან ზუსტი წარმოდგენა შეექმნას ამა თუ იმ სურათზე მოცემული პეიზაჟების, პორტრეტებისა თუ სცენების შესახებ; ასევე ­– ფონის, კონტრასტების, საგანთა განლაგების, კონკრეტული დეტალების აღქმის თვალსაზრისით[2]. აუდიოაღწერა თანამედროვე უნივერსალური დიზაინის და მასზე წვდომის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია.

მაშ, ასე, აუდიოაღწერა:

„დავითი“ (ქანდაკება), როკო ირემაშვილი

ავტორი — როკო ირემაშვილი (დაიბადა 1979 წელს);

ქანდაკების სახელწოდება — „დავითი“;

მასალა — მინა-ბოჭკო, პოლიესტერი, ზეთოვანი საღებავები;

შექმნის თარიღი — 2024 წელი;

ზომა — 185 სმ x110 სმ x 110 სმ;

 ნამუშევარი შვეულია (ვერტიკალური), გამოსახულია, გამხდარი, საშუალოზე მაღალი, 185 სმ. ნატურალური სიმაღლის მამაკაცი, მოკლე, ხვეული, წაბლისფერი თმით. იგი წელს ზემოთ შიშველია; აცვია მუხლს ქვემოთ აკაპიწებული, მუხლს ზემოთ კი ჯიბეებიანი, ღია ფერის შარვალი, დგას ფეხშიშველი. ტერფებიდან დიაფრაგმამდე, ასევე მკლავებზეც, მტვრისაგან შეფერილია თეთრად. მკერდს ზემოთ აქვს კანის ბუნებრივი ფერი, ეტყობა მაისურის ნამზეური. პერსონაჟის თვალები დახუჭულია, წარბები — მომშვილდული, რუხი; ცხვირი — პატარა, სწორი, ზემოთ მცირედაზიდული, ოდნავ ფართო; პირი — ღია; ლოყები — მოვარდისფრო; წარბები შეერთებულია მათ ქვემოთ გამოკვეთილი კანის ნაწიბურით.

მამაკაცს მარჯვენა ხელი უდევს ელექტროხერხზე, რომელიც წვერით სიღრმეშია ჩაშვებული, მის გარშემო კი მიწა რამდენადმე ამობურღულია, თითქოს ბურღვა ახალი დაწყებული აქვს.

მამაკაცს მარცხენა ხელის ცერა თითი  შარვლის ჯიბეში უდევს. ამავე მხარეს, ფეხის წინ, ირიბად დევს ადამიანის გადაჭრილი თავი წვერით, ხვეული თმითა და დახუჭული თვალებით. მარჯვენა ფეხთან მიწის ნარჩენები მიმოფანტულა.

 პერსონა დგას მრგვალ, შემაღლებულ, თეთრი ქვის სადგამზე (პიედესტალზე).

 

ხელოვნებათმცოდნე რუსუდან მერაბიშვილის განმარტებით, როკო ირემაშვილის „დავითი“ ახალგაზრდაა, თანამედროვე შარმით, ე.წ. შევარდნაძის მაისურით, რომელიც მუშაობისას გაიხადა, რადგანაც დასცხა. მას ნამზეური აქვს სახეც და ხელებიც. როკოს დავითი მუშაა, რომელიც ტყეში ხეებს თანამედროვე, ბენზოელექტროხერხით ჭრის, რათა სამუშაო სწრაფად შესრულდეს. წარმოვიდგინოთ, მუშაობისას იგი მოულოდნელად გადაეყრება გოლიათს, რომელსაც თავს ბენზოხერხით კვეთს. მაშასადამე, როკოს ეს პერსონა ბიბლიური დავითის იკონოგრაფიული ტიპია. მოქანდაკემ გაცვეთილი თემა აიღო და ისე კი არ გააახლა, როგორც ამას სანდრო ბოტიჩელი, დონატელო ან ანდრია ბინოკიო აკეთებს, არამედ — ორიგინალურად, ისევე მარტივად და გენიალურად, როგორც მინა-ბოჭკოთი მარმარილოსა და რენესანსის ეფექტი შექმნა.

ლიტერატურულ ტექსტებთან კავშირებს, რომლებსაც როკო ირემაშვილის „დავითი“ ალუზიურად თუ რემისნისცენციულად მიემართება, ჩვენი სტატიის მეორე ნაწილში შემოგთავაზებთ.

 

[1]https://art.gov.ge/ge/event/%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%90%e1%83%99%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%99%e1%83%9d%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%a5%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%90/

[2] მარიამ გოდუაძე, აღწერა და აუდიოაღწერა, როგორც მულტიდისციპლინური საგანმანათლებლო მეთოდი, https://mastsavlebeli.ge/?p=37949.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ზღვის ბალახი

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“