ათწლეულების წინ, საბჭოთა გამონაგონით თავბრუდახვეული, ჯერ კიდევ მეორე თუ მესამე კლასში, ჯიუტად ვცდილობდი იმის წარმოდგენას, რასაც გარდაუვალ მომავლად გვისახავდნენ. საეჭვო ის იყო, რომ მიახლოებითაც ვერ ამბობდნენ, რამდენი ხნის შემდეგ დავინახავდით პირველ ნიშნებს. ერთი მასწავლებელი ვარაუდობდა, თქვენი თაობა მოესწრებაო, მეორე კი თავს უიმედოდ გააქნევდა ხოლმე. თუ სურათის აღწერას ვთხოვდით, ისეთ დამაბნეველ პასუხებს ვიღებდით, გონებაში აშენებული ყველა კოშკი გვენგრეოდა. კოშკიც და პაწაწინა ფარდულიც, ფანჯრებში გამწკრივებული სათამაშოებით, მოწყენილობის წუთებში თავშესაფრად რომ აგვეგო.
ნიკიტა ხრუშჩოვის ვაჟს, სერგეისაც უცდია მსგავსი კვლევის ჩატარება, მაგრამ უშედეგოდ. „ვცდილობდი და არ გამომდიოდა, გამეგო, ზუსტად რა იყო კომუნიზმი… – იხსენებს ის, – ვცადე მამაჩემის იძულება, შუქი მოეფინა კომუნიზმის ბუნებისთვის, მაგრამ მაშინაც ვერანაირი აზრიანი პასუხი ვერ მივიღე. მივხვდი, რომ მანაც არ იცოდა ეს კარგად“. ვიღაცის მოტყუებას ალბათ მაინც ახერხებდნენ – მმართველობის სხვადასხვა ეტაპზე განსხვავებული ხარისხით, საზოგადოების დიდი ნაწილი კი თავს ისე აჩვენებდა, ვითომ სწამდა, ვითომ თაყვანისცემის რიტუალს გულწრფელად ასრულებდა.
წიგნში, რომელშიც სერგეი ხრუშჩოვის ეს სიტყვები ამოვიკითხე, სხვაც ბევრია საყურადღებო და დასამახსოვრებელი. რიჩარდ პაიპსის „კომუნიზმი“ მასწავლებლის მაგიდაზეც უნდა იდოს-მეთქი, ვფიქრობდი, როცა ამერიკელი ისტორიკოსის ამ შესანიშნავ ნაშრომს ვკითხულობდი. მეტი უნდა შევიტყოთ გაუგონარ ექსპერიმენტზე, რომელმაც მილიონობით ადამიანი შეიწირა და გადარჩენილები, მრავალგვარ სატანჯველში გამოტარებულები, ჯოჯოხეთურ პირობებში აცხოვრა; ტერორზე, რომელიც ლენინის მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდებისთანავე დაიწყო და სტალინის ეპოქაში უფრო და უფრო თავზარდამცემი ფორმებით გამოვლინდა; ადამიანის ბუნების გარდაქმნის საშიშ იდეაზე, აზროვნების მახინჯ წესზე.
საბჭოთა გენერალმა, დიმიტრი ვოლკოგონოვმა „არქივში ოცდაათი სია აღმოაჩინა, რომელიც ერთ დღეს, 1938 წლის 12 დეკემბერს იყო შედგენილი. ამ სიებში დაახლოებით 5000 ადამიანის სახელი ეწერა, რომელთა სიკვდილის განაჩენს სტალინმა მათ ფორმალურ დაკითხვამდე მოაწერა ხელი, რის შემდეგაც ის კრემლის კინოთეატრში ორი ფილმის სანახავად წავიდა. მათ შორის ერთ-ერთი იყო კომედია, სახელად „მხიარული ბიჭები“. ეს მაგალითიც კი საკმარისი უნდა იყოს იმის მისახვედრად, რამდენად სასტიკი და საზარელი ექსპერიმენტის მონაწილეებად იქცნენ ისინი, ვისაც თანასწორობაზე, უკლასო სამყაროზე, ზეადამიანთა იდეალებზე საუბრით უხვევდნენ თვალებს.
„საბჭოთა კულტურა ფანტასტიკურმა ერთფეროვნებამ მოიცვა, – ვკითხულობთ რიჩარდ პაიპსის წიგნში, – 1932 წელს „სოციალისტური რეალიზმი“ ოფიციალური ესთეტიკური დოქტრინა გახდა. ის მწერლებისა და მხატვრებისგან მოითხოვდა, რომ აწმყოს ისე მოჰქცეოდნენ, „თითქოს ის არ არსებობდა“ და მომავალს – ისე, „თითქოს ის უკვე დამდგარიყო“. შედეგად, იმას, რასაც ბეჭდავდნენ, დგამდნენ, იღებდნენ ან რადიოთი გადმოსცემდნენ, არაფერი ჰქონდა საერთო რეალობასთან: ის სიურრეალისტური იყო. ხალხი ამას გონებისა და პიროვნების გახლეჩის შედეგად შეეჩვია, რამაც ერთგვარი შიზოფრენიული მდგომარეობა შექმნა“.
ამ სინამდვილეში თაობები დაიბადნენ და გაიზარდნენ, აზროვნება დაიწყეს, ზნეობის შესახებ წარმოდგენა ჩამოუყალიბდათ, სამყაროში საკუთარი ადგილის განსაზღვრა და მთავარ კითხვებზე პასუხების პოვნა მოუნდათ. ვიღაცამ სწორადაც დაინახა დასანახი, უმრავლესობამ კი საბჭოთა ადამიანის მეტ-ნაკლებად გამართლებულ მიზნად კეთილმოწყობილ საცხოვრებელზე ზრუნვა მიიჩნია. სახელმწიფოს ხარჯზე მოგზაურობა და დასვენება. სახელმწიფოს ზომიერად ჯიჯგნა.
ბოლოს კი ცხადი გახდა, რომ ექსპერიმენტი მარცხისთვის იყო განწირული. „კომუნიზმის მარცხი „ადამიანური შეცდომის ბრალი იყო თუ უშუალოდ მის ბუნებაში არსებული წუნისა?“ – კითხვას სვამს რიჩარდ პაიპსი და ერთმნიშვნელოვან პასუხსაც გვაძლევს: „ისტორიული მტკიცებულებები გვაიძულებენ დავასკვნათ, რომ საქმე ამ უკანასკნელთან გვაქვს. კომუნიზმი არ იყო კარგი იდეა, რომელიც არასწორად განვითარდა. ის ცუდი იდეა იყო“.
იმთავითვე სახიფათო. გადასახაზი.