ამ ზაფხულს, 25 ივნისს კახეთს გაუგონარი სტიქია დაატყდა თავს – ქარბორბალამ ალავერდის ტაძარს გადაუარა. მძაფრსიუჟეტიანი ფილმის კადრებს ჰგავდა ინტერნეტში გავრცელებული ვიდეო – როგორ მისრიალებს გველეშაპის კუდივით დაგრაგნილი ცუნამი ტაძრის გუმბათისკენ, როგორ შემოეხვევა, შემოაფცქვნის კრამიტს, მოაძრობს ჯვარს, ააფრიალებს ჰაერში და ცაზე შავი ელვით დატენილ ბილიკს დაკიდებს…
შემზარავი და შემაძრწუნებელი იყო ეს ყველაფერი. არარეალურიც გეგონებოდა, რომ არა თვითმხილველთა და მონასტრის წევრთა კომენტარები, მათი წუხილი ზარალის გამო, რომელიც ჯერ კიდევ დაუთვლელი იყო და იგრძნობოდა, რომ იმაზე ბევრად დიდი იქნებოდა, ვიდრე ეს ხილულად ჩანდა…
ალავერდი განსაკუთრებული ტაძარია – ისტორიულ კონტექსტზე რომ აღარაფერი ვთქვათ, მას სამი კულტუროლოგიური შრე გამოარჩევს – ხუროთმოძღვრული, ლიტერატურული და კინემატოგრაფიული. ცამეტთაგან ერთ-ერთი ასურელი მამის – იოსების ხელდასხმულმა ღვთის სახლმა შუა საუკუნეებში მთელს საქართველოში გაიბრწყინა, გასული საუკუნის 60-იან წლებში კი, 26 წლის გენიალური მწერლის, გურამ რჩეულიშვილის საკულტო მოთხრობაში იშვა ხელახლა. ეს მოთხრობა რეჟისორმა გიორგი შენგელაიამ კინოდ აქცია და სამუდამო ძეგლი დაუდგა 60-იანელთა თაობის ჰუმანისტურ, თავისუფლების ენერგიით დამუხტულ იდეას.
ალავერდობის დღესასწაულზე მოხვედრილი მწერლის დაუოკებელი ვნება, გააკეთოს რაღაც, „რაც წამით მაინც შეცვლის“ უსაქმურებისა და ლოთების უმიზნო ღრეობად ქცეულ სინამდვილეს, თავდაუზოგავი სიმამაცისკენ უბიძგებს მას – ლეკ-თუშებს ცხენს აართმევს, მთვრალ მედღესასწაულეებს ხმაურით შეაფხიზლებს, გახელებულ მდევარს უკან მოიტოვებს და გუმბათის ყელზე აიჭრება, ტაძრის ეზოში ცერებზე შემდგარი მოცეკვავე შეასწრებს თვალს და გაშეშდება, სხვებიც შეამჩნევენ, წამით დროც ჩერდება – ყველა დაინახავს ალავერდის გუმბათის ხარაჩოზე გასულ მხედარს, რომელმაც რამდენიმე წამის წინ მათთან ერთად გააღვიძა უსაზღვრო ვნებად ქცეული უსახელო სურვილი.
„ალავერდობის“ ეს სიუჟეტი დღემდე მათრობელი ძალით ზემოქმედებს მკითხველზე. დღემდე იზიდავს და შეუცნობი ცეცხლით აღანთებს ყველას. და მაინც, უფრო მეტად ახალგაზრდულ ჰიმნად მიიჩნევა იგი, ყმაწვილური მეამბოხე სულის გამოძახილად, იმ განსაკუთრებული ძალის სიმბოლოდ, რომელიც მხოლოდ ახალგაზრდულ თავდავიწყებას მოითხოვს, მაქსიმალისტურ/უკიდურეს ვნებათაღელვას და უპირობო სულისკვეთებას. ალბათ ამიტომაა, რომ დღესაც იმოწმებენ ხოლმე ამ ტექსტს ამბოხის სულით შეპყრობილნი და საკუთარ თავსაც ხედავენ მოთხრობის მთავარ გმირში – გურამში.
იმ ეპოქაში, როცა „ალავერდობა“ დაიწერა, არავინ დგამდა პერფორმანსებს. უფრო სწორად, ეს ძალიან იშვიათი რამ იყო, ძირითადად დასჯადი და შესაბამისად, გმირობის, სამოქალაქო სიმამაცის ტოლფასი. დღეს პერფორმანსების ეპოქაა და მეამბოხეობის/პროტესტის მრავალსახეობებიც თვალსაჩინოა. „ალავერდობის“ გურამი – ცხადია, მეამბოხეა, მის მიერ ჩადენილი აქტიც პროტესტია, ლამაზი, ვაჟკაცური და არქაულიც კი (ცხენი, მხედარი, გზა, გუმბათი), მაგრამ, ჩემი ფიქრით, მისი ეს აქტი უფრო ანტიპერფორმანსია – ყველაზე მეტყველიც და ყველაზე უტყვიც – ესაა საკუთარი თავის ძიება, წამიერი გამოფხიზლების და მერე ამ სიფხიზლის ნგრევის, რათა უფრო დიდ სიმართლეში შეიყვანოს საკუთარი თავიც და სხვაც. „ალავერდობის“ გურამის აქტი უკიდურესი ეგოს გამოხმობისა და მასზე გამარჯვების გზაა – ერთი მხრივ, წამლეკავი სურვილი „რაღაცის შეცვლისა“, რომელიც მიღწევისთანავე ქრება, ნადგურდება და მის ადგილს იკავებს შეცნობილი ჭეშმარიტება, „რაღაც განუსაზღვრელად ახლობელი და წონიანი“. ის გულში იღვრება, როგორც მადლი. როგორც ახლად შობილი, ჩვილი სინათლე.
გურამის სულიერი აქტი ორ პოლუსზე დგას – ალავერდის ეზოში და ალავერდის გუმბათზე – მიწისა და ზეცის პოლუსებზე. მან ორივე წერტილიდან უნდა იხილოს ცხოვრება, უკიდურესი ფსკერიდანაც (ღრეობაში გადაზრდილი რელიგიური დღესასწაული, ღმერთდაკარგული და ფრუსტრირებული საზოგადოება) და უკიდურესი მწვერვალიდანაც („მთელი ამ ხედვის უზარმაზარ სივრცეში არ არის არცერთი გოჯი, რომელსაც არ სწყალობდეს შემოქმედის დალოცვა; არ არის არცერთი წერტილი, სადაც ადამიანს, ისტორიის სიღრმიდან დღემდე, მადლობა არ გადაეხადოს მისთვის და არ შეექმნას თავისი შრომით მატერიალურად თუ სულიერად ძლიერი და ღირსეული რამ“).
დღეს ეგოცენტრიზმში ჩაფლული კაცობრიობისათვის სწორედ რომ მისწრებაა ამგვარი სულიერი აქტის გააზრება. პარადოქსია, მაგრამ ეგოცენტრიზმი ინდივიდუალობას სპობს. დღეს, თითქოს ყველა ესწრაფვის, იყოს განსხვავებული, „საკუთარი თავის უკეთესი ვერსია“, თუმცა ხშირად სულიერი ენერგია არ ჰყოფნის, ჭეშმარიტების წყურვილს კი სუროგატული სურვილებით ანაცვლებს; შედეგად, ყბადაღებული მრავალფეროვნებაც მხოლოდ ამ უკანასკნელის სიმულაციაა, სიცოცხლის საზრისებისგან დაცლილი და ფუყე.
„ალავერდობის“ გურამის გზა კი სწორედ ინდივიდის გზაა, პირადი სულიერი გამოცდილებაა. ეს ჭეშმარიტი რწმენის გზაა, ვნებიანი ექსტაზიდან დაწყებული და ახალ, კანონზომიერ და უცნობ ძალად გადაქცეული. სხვასაც შეუძლია იგივე განიცადოს, თუკი ჭეშმარიტების შეცნობის გზას ბოლომდე გაივლის, „საკუთარი“ გუმბათის ყელზე შემდგარი კი თვალს გაუსწორებს ერთადერთ და მარადიულ სინამდვილეს – „ვნების სიმძაფრე შენებაშია და არა აშენებულით ტკბობაში“. ამგვარი აქტის შედეგად იბადება ნამდვილი, დაუეჭვებელი რწმენაც და სიყვარულიც.
25 ივნისს ალავერდის გუმბათს დაძგერებული სტიქია ბევრ მეტაფორად გასკდა ადამიანთა ცნობიერებაში. ზოგი შეაშინა, ზოგი შეაძრწუნა, ცოდვა გაახსენა, ათასი ფიქრი აუშალა… მეც თვალწინ მედგა ეს შავად შემოგრაგნილი ქარბორბალა და ვფიქრობდი, რომ მასში ჩვენი ამდენი წლის აგრესია, შური, სიძულვილი, ზიზღი, გინება, ფარისევლობა, მომხვეჭელობა, გულგრილობა, უმეცრება და უმადურობა იყო ჩახვეული… ვფიქრობდი, რომ არაფერი ხდება შემთხვევით და არც ეს შეიძლებოდა მომხდარიყო, თანაც სად – ალავერდში – „ჭალიდან გამოვარდნილი გედივით თეთრ ალავერდში“, წმინდა გიორგის შუქით მოჩრდილულსა და ისტორიის ქვითკირით გამტკიცულში!.. ვფიქრობდი მონასტრის მსახურებსა და მლოცველებზე, მონასტრის ეზოს ვენახსა და ზეთისხილზე, ფუსფუსსა და მუშაკობაზე, რაც ეს წლებია, კახური მრავალჟამიერივით ბარაქიანად ეფინება ალავერდის გარეშემოს; ვფიქრობდი – რისთვისაა ეს ყველაფერი? სიფხიზლისთვის? გამოღვიძებისთვის?.. თუ რაღაც უფრო მეტისთვის?..
და ამ ფიქრებმა „ალავერდობიდან“ ალავერდამდე ღონიერი ძაფი გაჭიმა. ამ ძაფზე კი, როგორც კარგმა მუშაითმა, სიხარულმა გამოიარა. გული და გონება გაანათა აზრმა იმის შესახებ, რომ ეს ქარბორბალაც ცხენ-მხედრის ის წამიერი ჯახია, რომელიც კი არ სპობს, არამედ ახალ ძალას გამოტყორცნის ნანგრევებიდან, ახალ სინათლეს გამოგლეჯს ჩვენი სულიერების უღრანიდან.
ეს ის ჯახია, რომელსაც ალავერდმა გუმბათი დაუთმო, ხოლო ჩვენ კი შეგვიძლია საკუთარი გული დავუთმოთ, რათა უფრო მეტად შეგვეხოს და გაგვაღვიძოს, უფრო მეტად გაგვაერთიანოს, ჩაგვრთოს საერთო სუნთქვაში, ერთად შენების ვნებაში.
28 სექტემბერი ახლოვდება – ალავერდობა. დღე-სიმბოლო ჩვენს სულიერ თავგადასავალში.
ალავერდის მადლმა დაიფაროს მთელი ქვეყანა, როგორც ერთი კაცი – სიმართლის მაძიებელი და სიყვარულის აღმომჩენელი.