არ არსებობს დედამიწის ზურგზე ორი ისეთი ადამიანიც კი, რომლებსაც თითის ერთნაირი ანაბეჭდი აქვთ. შესაბამისად, ადამიანებიც ისევე განსხვავდებიან ერთმანეთისაგან შესაძლებლობებით, ინტერესებით, როგორც მათი თითების ანაბეჭდი. მასწავლებლის პროფესიის სირთულე სწორედაც რომ ეს არის, შევქმნათ სწავლის თანაბარი შესაძლებლობა ყველა ინდივიდისთვის, მიუხედავად მათ შორის არსებული განსხვავებებისა. თუ ამას ახერხებ, ესე იგი, შენი სწავლების პრინციპები უნივერსალურ დიზაინს უტოლდება. შედეგის მომტანია ყველასთვის და არა ერთეულებისთვის.
- მოსწავლეებისთვის ცოდნის, ინფორმაციის მიწოდების მრავალფეროვანი გზები,
- მოზარდის მხრიდან ცოდნის დემონსტრირების, გამოხატვის მრავალფეროვანი საშუალებები,
- მოტივაციის მრავალფეროვნება –
ეს ის ძირითადი კომპონენტებია, რომლებიც საშუალებას გვაძლევს – სასწავლო პროცესი გავხადოთ სასურველი. თეორიულად ეს ყველაფერი იდეალურად და სრულყოფილად ჟღერს, მაგრამ პრაქტიკაში განხორციელებას დიდი ძალისხმევა, კომპეტენცია, მოქნილობა, შრომა, რესურსი, სასკოლო თემის მზაობა სჭირდება. ამიტომაც, ჩვენ ხშირად ვართ შეშინებულიც, იმედგაცრუებულიც, დაეჭვებულიც. ის, რასაც ვაკეთებთ, არის კი უნივერსალური? იშვიათია ამ პროცესში კმაყოფილების განცდა. თუმცა, ეს ეჭვი, დაკვირვება, ძიება, კვლევა, ქმნის საბოლოო ჯამში გამოცდილებასა და ცოდნას, რომლებიც გვეხმარება, გავყვეთ უნივერსალური დიზაინის პრინციპებით სწავლების გზას.
ჩვენ გვსურს, გაგიზიაროთ საგაკვეთილო პრაქტიკა. გთავაზობთ კონკრეტულ აქტივობებსა და რესურსებს, ერთი ტექსტის შესწავლის ფარგლებში დაგეგმილს და განხორციელებულს, ზემოთ ხსენებული პრინციპების გათვალისწინებით.
არჩილ სულაკაურის „ბიჭი და ძაღლი“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტექსტია თავისი მრავალფეროვანი თემატიკით ქართულ ენასა და ლიტერატურაში. თუმცა, ამ ტექსტის თემატიკა არანაკლებ ეხმიანება სამოქალაქო განათლებასა და „მე და საზოგადოებაში“ შესასწავლ საკითხებს.
ქართულ ენასა და ლიტერატურაში ამ ტექსტის სწავლებისას ჩვენი ძირითადი სამიზნე ცნებები და ქვეცნებები იყო:
- ტექსტი (მხატვრული ჟანრები, მულტიმედიური ტექსტი, თემა, მთავარი იდეა, სიუჟეტი, პერსონაჟი, ხედვის კუთხე, ლექსიკა);
- სიტყვა, წინადადება, ტექსტი (სიტყვიდან ტექსტამდე); (თხრობა, აღწერა, შედარება, დასაბუთება).
მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა გააღვივოს ბავშვის ინტერესი. ამიტომ, ჩვენ ტექსტის შესწავლამდე ბავშვებს შევთავაზეთ ფოტოგალერეა. შევარჩიეთ ისეთი ფოტოები, რომლებიც მიიქცევდა მათ ყურადღებას და გაუჩენდა სხვადასხვა ასოციაციას. შემდეგ დავყავით ჯგუფებად, ვთხოვეთ, აერჩიათ სასურველი ფოტო და შეექმნათ ამ ფოტოს მიხედვით პატარა ამბავი, რომელსაც ზეპირად, წერილობით ან კომიქსის სახით წარმოადგენდნენ. ამბავს უნდა ჰქონოდა სათაური, შესავალი, ძირითადი ნაწილი და დასასრული.
ბავშვებმა მათივე შექმნილი ამბები მოისმინეს, წაიკითხეს, წარადგინეს და დადგა დრო უშუალოდ ტექსტის გაცნობისა. ერთად დავინტერესდით, როგორი ამბავი შექმნა არჩილ სულაკაურმა.
რამდენიმე გაკვეთილი დაეთმო ტექსტის წაკითხვას და გაგება-გააზრებას. ამ გაკვეთილებზე ჩვენ გამოვიყენეთ კითხვის სხვადასხვა სტრატეგია: კითხვა მარკირებით, გაწაფული კითხვა, პაუზებით კითხვა, როლური კითხვა.
გაკვეთილის შემდეგი ეტაპი იყო ლექსიკაზე დაკვირვება. ტექსტის გაცნობისა და გაგება-გააზრებისას უხვად წავაწყდით სიტყვებსა და გამოთქმებს, რომელთა მნიშვნელობა მათთვის ბუნდოვანი იყო. შევაგროვეთ ეს სიტყვები და მივაწოდეთ განმარტებები. ზოგიერთი მათგანი შევთავაზეთ ფოტო/ილუსტრაციის სახით.
ახალი სიტყვები და გამოთქმები:
მეტოქე – მოწინააღმდეგე
ნაგაზი – ძაღლის უძველესი ჯიში
ფორანი – ცხენებშებმული ურემი
ალყა შემოარტყეს – გარს შემოეხვივნენ
ქვაფენილი – ქვის ფილებით დაგებული იატაკი
ფილაქანი -აგურებით დაგებული იატაკი
კუდამოძუებული – სირცხვილნაჭამი, გაწბილებული
ფინია – ეზოს პატარა ძაღლი
გაანჩხლებული – გაავებული
დამრეცი – დახრილი
ვერაგულად – მტრულად
ახმახი – გამხდარი და მაღალი
ლაზათიანი – მოხდენილი
სალტე – რკალი
ფათერაკი – საფრთხე
ჩქერი – სწრაფი დინება ვაკის მდინარის კალაპოტში
მარჯვედ – მოხერხებულად
ძრწოლა – კანკალი შიშით
საგონებელში ჩავარდნა – შეფიქრიანება
მოკირწყლული – მოპირკეთებული
შუშაბანდი – შემინული აივანი
უბე – ადგილი ტანსაცმლის შიგნით, გულმკერდის არესთან
თვალები აუნაპერწკლიანდა – თვალები აუციმციმდა
ქოფაკი – ძაღლის ჯიში
რაზა – კარის ჩამკეტი რკინა, ჩარაზა-ჩაკეტა
სალაფავი – წყალში გახსნილი ქატო
ბოღმა – სიბრაზე, შური, ჯავრი
იალაღი – საზაფხულო მთიანი საძოვარი
გამოტყვრნენ – გამოჩნდნენ და მათი გამოჩენა არ იყო სასიამოვნო
დალანდა – ლანდად შეამჩნია, თვალი მოჰკრა
ფალავანი – მოჭიდავე
აქეზებდნენ – აგულიანებდნენ
სეირი – სანახაობა
უსტაბაში – უფროსი ოსტატი
გახელებული – გაგიჟებული, გადარეული
შოლტი – მათრახი
თუნუქი – ლითონი, რომლისგანაც ამზადებენ სახურავს, ქილებს.
ნირი წაუხდათ – ხასიათი, გამომეტყველება წაუხდათ
შემკრთალი – შეშინებული
იმისთვის, რომ დავკვირვებოდით, რამდენად აითვისეს მოსწავლეებმა ეს სიტყვები და გამოთქმები და რამდენად შეძლებდნენ მათ მრავალფეროვან კონტექსტში გამოყენებას, მათ ლექსიკის გამდიდრებაზე ორიენტირებული აქტივობები შევთავაზეთ:
სიტყვის რუკები, დააბრუნე სიტყვები (მოსწავლეებს ვურიგებთ ტექსტიდან შერეულ აბზაცებს, რომლებშიც ფერადი მარკერებით გადაშლილი გვაქვს კონკრეტული სიტყვები და ვთხოვთ მათ, დააბრუნონ ისინი ტექსტში), ფანტაზიორები და რეალისტები (ფანტაზიორებს უნდა შეედგინათ კონკრეტული სიტყვის გამოყენებით უცნაური, აბსურდული წინადადებები; რეალისტებს – ჩვეულებრივი, რეალური შინაარსის წინადადებები). მოსწავლეებს შეეძლოთ, ჩამოთვლილი აქტივობებიდან შეერჩიათ სასურველი.
1.დააბრუნე სიტყვა
- ფანტაზიორები და რეალისტები
სიტყვა – მეტოქე
რეალისტები – ჩემი მეტოქე ჩემზე ძლიერია.
ფანტაზიორები – დოქი გატყდა და მეტოქე დაიღვარა.
3.სიტყვის რუკა
შევეცადეთ, მოსწავლეებისათვის ინფორმაციის მიწოდების მრავალფეროვანი სტრატეგიები შეგვეთავაზებინა: ცხრილები, გრაფიკული მაორგანიზებლები, ილუსტრაციები, წიგნები, სხვადასხვა აუდიო- თუ ვიდეომასალები. თავად მოსწავლეებმა შექმნეს რადიოსპექტაკლი, რომელიც იმ ბავშვებისთვის, რომლებსაც ვიზუალური თუ სმენითი მეხსიერება უკეთ აქვთ განვითარებული, საინტერესო რესურსი აღმოჩნდა.
ტექსტის შესწავლის, პერსონაჟებზე დაკვირვების, ხედვის კუთხის ცვლილების, სიუჟეტის, თემისა და იდეის დამუშავების შემდეგ მოსწავლეებმა ნაწარმოებში დასმული ძირითადი პრობლემები ჩამოაყალიბეს.
ტექსტში წამოჭრილი მრავალფეროვანი პრობლემების აღმოჩენასა და მათი გადაჭრის გზების ძიებაში დაგვეხმარა აქტივობა „ფორუმ-თეატრი“. ვინაიდან, ის გვაძლევს საშუალებას, მოსწავლეებმა თავად შექმნან შესწავლილი ამბის მსგავსი საკუთარი ვარიანტი, სადაც ისინი ფიქრობენ სავარაუდო სცენარზე, არჩევენ როლებს, დგამენ მინი-სპექტაკლს, გამოკვეთენ პრობლემას, ფიქრობენ პრობლემის გადაჭრის გზებზე, პერსონაჟის ჩანაცვლებით ცდილობენ პრობლემის მოგვარებას.
იმის წარმოსაჩენად, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მხარდაჭერა, მოსწავლეებს შევთავაზეთ აქტივობა „თვალახვეული“.
გთავაზობთ აქტივობის ინსტრუქციას, რადგან მისი გამოყენება მრავალფეროვან კონტექსტში შეგვიძლია:
- აქტივობის დაწყებამდე ვეკითხებით მოსწავლეებს, უფიქრიათ თუ არა, რას ნიშნავს მხარდაჭერა;
- ვისგან გრძნობენ ყველაზე მეტ მხარდაჭერას;
- რა არ შეუძლიათ მხარდაჭერის გარეშე;
- ერთ-ერთ მოსწავლეს ავუხვიოთ თვალები და ვთხოვოთ, ჩააცვას თოჯინას 3 წუთში (წინასწარ მოვამზადოთ თოჯინის რამდენიმე სამოსი: კაბა/შარვალი, მაისური, ქუდი, წინდა, ფეხსაცმელი);
- შემდეგ ვთხოვოთ, იგივე გაიმეოროს, უკვე კლასის მხარდაჭერით. ბავშვებმა მისცენ მითითებები;
- დასრულების შემდეგ ვკითხოთ ბავშვებს, იყო თუ არა ძნელი დავალების შესრულება?
- მიიღეთ თუ არა ჯგუფისგან სასარგებლო მითითებები?
ეს სავარჯიშო დაეხმარება მასწავლებლებს იმის საილუსტრაციოდ, რომ გარკვეული სიძნელეების დაძლევას მეგობრობა, მხარდაჭერა, ერთიანობა სჭირდება.