(ნიკოლაი ბერდიაევის „პოლიტიკის გზათა შესახებ“ და მიხაილ ბულგაკოვის „მორფი“)
ყველა პოლიტიკის მსხვერპლი ვართ. ის დამნაშავეა ზოგადადამიანურ თუ პიროვნულ ტკივილებში. ის ობობასავით გვახვევს თავის ქსელში, რომ საცეცები ბოლო ამოსუნთქვამდე შემოგვიჭიროს. არ გვინდა, მაგრამ მაინც მასთან ვართ, ისე, რომ – პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით – ცაში ახედვაც კი გვავიწყდება.
ბევრს უფიქრია ამაზე. ერთი მათგანია ნიკოლაი ბერდიაევი.
ნიკოლაი ბერდიაევი იმ გამოჩენილ მოღვაწეთა შორის იყო, რომლებიც 1922 წელს „ზემდგომი ორგანოების“ ბრძანებით სამშობლოდან გააძევეს და ასე გამოხატეს ახალი რეჟიმის დამოკიდებულება აზრის თავისუფლების, ადამიანის უფლებების მიმართ. ბერდიაევი ცნობილი იყო როგორც ორიგინალური რელიგიურ-ფილოსოფიური მოძღვრების შემქნელი, შეურიგებელი მტერი ძალადობისა, პიროვნების თავისუფლების შელახვისა. იგი კიევში დაიბადა 1874 წელს. იქვე დაამთავრა უნივერსიტეტი, მონაწილეობდა სტუდენტურ მოძრაობაში, ამისთვის დააპატიმრეს კიდეც და ვოლოგდაში გადაასახლეს. თავისი ფილოსოფიური მოღვაწეობის დასაწყისში ბერდიაევმა ერთგვარი ხარკი გადაუხადა მარქსიზმს, თუმცა შემდგომ დაშორდა ამ იდეოლოგიას (რომელსაც იდეალისტური ფილოსოფიის დებულებებთან აკავშირებდა) და რელიგიური ფილოსოფიის მიმართულება აირჩია. მისი საკვლევი თემები იყო ადამიანის რაობა, მისი მიმართება ღმერთთან, თავისუფლება, შემოქმედება, პიროვნება, ისტორია. ბერდიაევის ფილოსოფიური მრწამსი ებრძოდა ადამიანურ გაუცხოებას, მის მკვდარ ობიექტად გადაქცევას, ადამიანში ღვთიურის, უნიკალურის, პიროვნულის, გონით-სულიერის დათრგუნვას.
1922 წლის ზაფხულში ბერდიაევი, მოსკოვის უნივერსიტეტის პროფესორი, ციხეში აღმოჩნდა. მას ექსორია ელოდა.
ემიგრაციაში ის თავდაპირველად – 1924 წლამდე – ბერლინში მოღვაწეობდა, შემდგომ – პარიზში. მისი თხზულებები მსოფლიოს მრავალ ენაზეა თარგმნილი.
მოდი, ვისაუბროთ მის ნაშრომზე „პოლიტიკის გზათა შესახებ“.
თანამედროვე ცივილიზაციის ინტერესები არ არსებობდა გუშინ და ხვალაც სახეცვლილი იქნება ანუ აღარ იარსებებს, ამიტომ პრიორიტეტულია ის, რაც ერთნაირად მნიშვნელოვანია ყველა დროისთვის. აი, რას წერს ფილოსოფოსი, იქნებ გვენიშნოს ჩვენც:
„რელიგიის უარმყოფელნი დღეს მართალნი არიან – ამას ვამბობ, რადგან რელიგიის ამჟამინდელი მდგომარეობა თვითონვეა მიზეზი უარყოფისა“ (133). ეს არის ის, რაც მარადიულია, მაგრამ აქვს პოლტიკას კავშირი მარადიულთან? „არც ისე დიდი ხნის წინათ ჩვენთან თითქმის განუყოფლად ბატონობდნენ „ინტელექტუალური“ ბარბაროსები, „პოზიტივისტი“ ველურები, რომლებიც ფანატიზმით აღვსილნი ებრძოდნენ რელიგიას“ (134-135). დღესაც არ არის ცოტა ისეთი ადამიანი, ვინც კრძალავს რელიგიური განცდების დღის სინათლეზე გამოტანას და მათ „სიბნელეს“, ცრუმორწმუნეობას უწოდებს. ისინი გვირჩევენ, სამყაროსა და ადამიანის თანაცხოვრება სხვაგვარ, არარელიგიურ, პოზიტივისტურ საწყისებზე ავაგოთ.
რელიგიაში ორგანული სისრულე უტოპია არ უნდა იყოსო, წერს ნიკოლაი ბერდიაევი, რადგან სამყაროს დაკარგულ ჰარმონიასთან, სრულ, მთლიან ყოფიერებასთან დაბრუნება-გაერთიანების წყურვილი რელიგიურია და მისი დაკმაყოფილება მხოლოდ ცოცხალი მისტიკით შეიძლებაო.
რა არის მარადიული საზრისი დროებითისა და წარმავალისა? აი, რას წერს იგი პოლიტიზებულობის სენზე: „ვინც მხოლოდ პოლიტიკას მიიჩნევს ჭეშმარიტ ყოფიერებად, მხოლოდ პოლიტიკაში ხედავს ხსნას, ის თვითკმარ პოლიტიკასთან აიგივებს „ცხოვრებას“, ხოლო ყველაფერ დანარჩენს, ცხოვრების მთელ უსაზღვრო სისრულეს, „ცხოვრებად“ არც ცნობს, მას „განყენებულს“ უწოდებს, თუმცა ამ „განყენებულობაში“ ყველაზე მეტად თვითონ არის დამნაშავე“ (136). ბერდიაევის თქმით, ასევე განყენებულია ერთადერთი მხსნელი მორალი, რომელიც გვიმონებს, რადგან სარგებლობს ცხოვრების დაქსაქსულობითა და სულის გათიშულობით. ასე ყალიბდება ფსევდოზნეობა ტოტალიტარულ საზოგადოებაში. პოლიტიკაც „მხსნელია“, გვწყვეტს ცხოვრების რელიგიური ცენტრიდან და ძალაუფლების ნებასა და ვნებას ამკვიდრებს.
„არსებობს არა მარტო თავდაპირველი ბოროტება, რომლის წინააღმდეგაც წარმოებს გამათავისუფლებელი ბრძოლა, არამედ, აგრეთვე, ბოროტება უკანასკნელი, რომელსაც კი არ ძლევს, არამედ ავლენს პროგრესი. ესაა სწორედ მსოფლიო ისტორიის ტრაგედია და მისი წმინდა ადამიანური გადაწყვეტის შეუძლებლობა. მხოლოდ ადამიანური, რაციონალური გზებით შეუძლებელია, სამყარო სრულვყოთ იმნაირად, რომ მასში გაქრეს სამყაროსეული ბოროტება (საუბარია არა მორალურ, არამედ რელიგიურ-მეტაფიზიკურ ბოროტებაზე), რომ ის სრულყოფილი სახით სამუდამოდ განმტკიცდეს“ (138).
რევოლუციას მოაქვს იძულებითი ბედნიერების იდეალები, რომელთათვისაც თავისუფლება და მარადიულობა იყიდება. თუმცა ამ თავისუფლებისკენ სწრაფვაში, ადამიანის უფლებათა დეკლარაციაში რელიგიური ფესვებია. და მაინც, ეს ჯერ არ არის რელიგიური პოლიტიკა.
ბერდიაევი წერს რუსეთის თვითმპყრობელობის კავშირზე, მკრეხელურ გაერთიანებაზე მართლმადიდებლობასთან, გარეგნულად მიღებულ რელიგიურ სანქციაზე: „ეს აბსოლუტური ცეზარიზმი არაქრისტიანული წარმოშობისაა, ის ისტორიული მემკვიდრეობით არის მიღებული წარმართი რომისგან, ბიზანტიის მეშვეობით, პირველყოფილი წარმართი რუსეთის მიერ და რელიგიურად შეურიგებელია ქრისტიანობასთან“ (139). მისი თქმით, რუსული მოძალადე სახელმწიფოებრიობა არის ორგანიზებული ბოროტმოქმედება ღვთაებრივი, ადამიანური კანონების წინააღმდეგ, რადგან მასში ადამიანი მონად, ჭანჭიკად, საშუალებად, იარაღადაა აღიარებული. ჩაკლა რა ეკლესიის სიწმინდე, ამოართვა მას სული და ყველა ღირებულება დაუქვემდებარა პოლიტიკას, ეს უკანასკნელი აქცია ცვილის ბომონად, ხოლო ადამიანს დაუსახა მხეცად გადაქცევის გზა, სილამაზე წარტაცა პოლიტიკური ბოღმით დამახინჯებულ სახეებს.
პოლიტიკა არ არის ცხოვრების ცენტრი, ყოვლად გაუმართლებელია პოლიტიკური ძალაუფლებისა და ბატონობის ჟინი, თანამედროვე სახელწიფოებრივ ძალებს რომ ათრობს.
შეიძლება კი პოლიტიკური „მხეცის“ მოთვინიერება? ნეიტრალური ადამიანის გარემოს არსებობა? ბერდიაევს ეს ასე ესახება: „უნდა შევქმნათ არა რელიგიური პოლიტიკური „პარტია“, რაც შინაგანად წინააღმდეგობრივია, არამედ რელიგიური საზოგადოება, მოძრაობა, რელიგიური კულტურა“ (144). პოლიტიკაში იგი მხარს უჭერს დეცენტრალიზებულ, ფედერაციულ ტენდენციებს, ყველაფერს, რაც ასუსტებს ძალაუფლებას და აქცევს სახელმწიფოს საერობო მეურნეობად, თვითმმართველ თემებად, ყველაფერს, რაც პიროვნებას უპირატესობას ანიჭებს სახელწიფოს მიმართ, სახელმწიფოს მიღმა არსებულ ყველა საზოგადოებრივ წარმონაქმნს. იქნებ უტოპიაა, ვინ იცის…
რელიგიური ინდივიდუალიზმი, როცა ის გადადის ისტორიაში, ბერდიაევის სიტყვებით, ქმნის და გარდაქმნის კიდეც საზოგადოებას, აყალიბებს კულტურას. სწორედ ეს უნივერსალიზმამდე ასული სობორული ინდივიდუალიზმი იხსნისო სამყაროს, ასკვნის ფილოსოფოსი. ამგვარი მაგალითები გვქონდა ბერძნულ კულტურაში, ადრეულ იტალიურ რენესანსში და საერთო მისტიკური მგრძნობელობის ყველა პერიოდში. „საჭიროა, გავთავისუფლდეთ ახალი დროის ჰიპნოზისგან, რაციონალიზმის ცრუმორწმუნეობისგან“. ამას უნდა მოჰყვეს რომანტიკული ოცნების უფლებათა აღდგენა, ესაა გარდამავალი მდგომარეობა, რასაც მოსდევს შემოქმედებით, ინდივიდუალურ ეპოქაზე, სობორულ რელეგიურობაზე გადასვლა – ბერდიაევს ეს შესაძლებლად მიაჩნდა არა რელიგიის ძველი ისტორიული ფორმის რესტავრირებით, არამედ „მხოლოდ იმ ახალი რელიგიური ცნობიერების დაფუძნებით, რომელიც მოიცავს თავის ძველ ჭეშმარიტებას და, ამასთანავე, შემოქმედებითად გააგრძელებს მარადიული, უსაზვროდ სრული რელიგიის საქმეს. ახალი უნივერსალიზმი, ახალი რელიგიური სობორულობა დაიბადა ინდივიდუალიზმისგან და გაჰყვება პიროვნებისა და მისი თავსიუფლების გზას“ (149). მას მიაჩნია, რომ პოლიტიკა შეიძლება გახდეს თავისთავად ნაკლებად მომხიბვლელი, მაგრამ მხოლოდ იმისთვის, რომ კვლავ შეიძინოს მომხიბვლელობა როგორც რელიგიური მთლიანობის ნაწილმა.
პოლიტიკის მსხვერპლთა შესახებ ბევრის თქმა შეიძლება, თუმცა ამჯერად მიხაილ ბულგაკოვის „მორფზე“ შევჩერდეთ. ნაწარმოების გმირი უშუალოდ პოლიტიკის გამო არ ხდება მორფინისტი, მაგრამ ჩვენს არცთუ „მსუბუქ“ რეალობაში პოლიტიკის მრავალი მსხვერპლი წამალდამოკიდებულია, სიცოცხლეშივე ცოცხალ მიცვალებულად ქცეული. მათ ხომ ბედნიერება წაართვა სახელმწიფომ! „დიდი ხნის წინ ჭკვიან ხალხს უთქვამს, რომ ბედნიერება ჯანმრთელობასავითაა – როცა იგი შენი ხვედრია, მას ვერც კი ამჩნევ, მაგრამ საკმარისია, დრო გავიდეს და ბედნიერება წლებმა გაიყოლოს, მაშინვე იგრძნობ და გაგახსენდება ის ბედნიერი დღეები, ოჰ, როგორ გაგახსენდება!“ (3) ნაწარმოებში საუბარია ავადმყოფობის „განზომილებაზე“, ძალიან ვერაგი ავადმყოფობისა, როცა აღარც ბედნიერებაა და აღარც ჯანმრთელობა.
ნაწარმოების მთავარი გმირი სამაზრო ქალაქის ბავშვთა განყოფილების ექიმი ბომგარდია, მოქმედების დრო – 1918 წელი. ექიმი იღებს წერილს უნივერსიტეტის ამხანისგან, პოლიაკოვისგან („ასე წერენ მხოლოდ რომანებში და არა ექიმისთვის დაწერილ წერილში!..“), რომელიც 25 წლისაა. ეს უკანასკნელი უიმედო მდგომარეობაშია, ამიტომ ბომგარდი გადაწყვეტს, გაემგზავროს მასთან გორელოვოში, თუმცა ქარბუქის გამო ყოვნდება, დილით კი მიუყვანენ პოლიაკოვს, რომელსაც ბრაუნინგით თავის მოკვლა უცდია. მკერდში დაჭრილი ექიმი კვდება და ბომგარდს უტოვებს დღიურებს, რომელშიც ცალკე რეალობისგან და ცალკე ადამიანებისგან სულჩაკლული კაცის სასიკვდილოდ მზარდი ტრაგედიაა. ბოლო მინაწერი ესაა:
„ძვირფასო მეგობარო!
როგორც ჩანს, არ დაგელოდებით. გადავიფიქრე, აღარ მსურს მკურნალობა. აზრი აღარაფერს აქვს, ამდენი ტანჯვა აღარ შემიძლია. საკმაოდ ბევრს ვეცადე. ყველას ვაფრთხილებ: მოერიდეთ 25 წილ წყალში ხსნად თეთრ კრიტალებს, ამან ძალიან გამიტაცა და ამით დავიღუპე… ჩემს სიკვდილში არავის მიუძღვის ბრალი, გთხოვთ, არავინ დაადანაშაულოთ“ (20). ასეა ხშირად, იურიდიულად არავინაა თითქოს დამნაშავე, ხოლო „მკვლელი/ უდანაშაულო-დამნაშავე“ ცხოვრებაა.
პოლიაკოვი მორფის მიღებას ფიზიკური ტკივილის გამო იწყებს, მაგრამ მათთვის, ვისი პროტოტიპიც ისაა, მიზეზები შეიძლება კომპლექსური იყოს, ხოლო მიზანი ერთი და იგივეა – მძიმე რეალობის ფსევდორეალობით, ჯერ ეიფორიულით, მერე კი მახრჩობელათი შეცვლა. ასე დგება საშინელი გაზაფხულები, როცა ეშმაკი კოკაინის ფლაკონში ჩასახლებულა. აღწერილია ნარკომანიის საშინელება – სისხლის დემონთან შერწყმა, რომელიც თავდაპირველად „ანგელოზის“ სახით გევლინება, როგორიც იყო იგი, სანამ ღმერთს განუდგებოდა.
ეს დღიური ავადმყოფობის ისტორიაა ნარკომანიით დაავადებული ექიმისა. ნაწარმოები მოგვიწოდებს: ნარკომანია ავადმყოფობაა! ავადმყოფებთან კი ლმობიერებაა საჭირო. ეს არის ნელი კვდომა ადამიანებისა, რომლებსაც თუნდაც ერთი საათით შეუზღუდეს მორფის მიღება. ერთი სიტყვით, ადამიანი აღარ არსებობს, ცხოვრებისგან გათიშულია, წუხს და იტანჯებაო ლეში, მას აღარაფერი სურს, აღარაფერზე ფიქრობსო, გარდა მორფისა, – სულისშემძვრელი, ტკივილიანი სიმართლით აღგვიწერს მწერალი. ეს მოთხრობაა მარტოობაზე. მაგრამ ეს არ არის ჩვეულებრივი მარტოობა, რომლის დროსაც გიჩნდება მნიშვნელოვანი და საყურადღებო მოსაზრებები, როცა ირგვლივ სიმშვიდე და მყუდროებაა, განჭვრეტა და ბრძნული შეგონებები; ესაა სიკვდილში ცხოვრება, ესაა საზარელი სიმარტოვე, როცა ღვთისკენ გზა დაკარგულია.
„ნეტა, თუ საჭიროა ისინი?“ – კითხულობს მწერალი ამ ჩანაწერების შესახებ. კითხვა რიტორიკულია, ცხადია…
ციტატები წიგნებიდან: ჟურნალი „ლარი“, გამომცემლობა „ხელოვნება“, 1991 წ; მიხაილ ბულგაკოვი „მორფი“, გამომცემლობა „პალიტრა“, 2021 წ.