უდავოა, რომ მიხეილ ჯავახიშვილის მეორე რომანი „ჯაყოს ხიზნები“ (პირველი იყო 1924 წელს გამოცემული მისი სატირული ნაწარმოები „კვაჭი კვაჭანტირაძე“) ქართული პროზის ყველაზე სკანდალური, ღრმად ემოციური, დამაფიქრებელი და ცოცხალი ტექსტია, რომელიც აქტუალობას დღემდე არ კარგავს. რომანის სიუჟეტის გადმოსაცემად ალბათ ერთი ვრცელი მოთხრობაც კი საკმარისი იქნებოდა, მაგრამ მწერალმა საგანგებო ფსიქოლოგიური წიაღსვლებით დატვირთა და გაამდიდრა სიუჟეტური ხაზი, რომ მკითხველზე მეტი ემოციური ზემოქმედება მოეხდინა. რომანის გროტესკული სახეები უკვდავ არქეტიპებად იქცნენ. სამივე მხატვრული სახე: თეიმურაზ ხევისთავი, მისი მეუღლე მარგო ყაფლანიშვილი და ხევისთავების მოურავად ქცეული მენახირე ჯაყო ჯივაშვილი განზოგადებული სახეები არიან. ჯაყოობა და თეიმურაზობა სოციალურ მოვლენად იქცა.
მიხეილ ჯავახიშვილი ქართული პროზის ყველა დროის კაშკაშა ვარსკვლავია, მისი თხრობისა და სახეების ძერწვის მანერა განუმეორებელი და აბსოლუტურად უნიკალურია. ის ექვსი ვრცელტანიანი რომანისა და ორმოცამდე მოთხრობის ავტორია. მოდერნიზმის ზეობის ეპოქაში მიხეილ ჯავახიშვილმა შეინარჩუნა თავისი ორიგინალური, რეალისტური ხელწერა და ყველა დროის მკითხველის საყვარელ მთხრობელად იქცა. მისი ენა სადა და ექსპრესიულია, მისი ქართული – ლაღი, მსუყე და მდიდარი.
მიხეილ ჯავახიშვილის შემოქმედებით მრავალი მკვლევარი დაინტერესებულა და ბევრი დაწერილა მისი პროზის გარშემო. ყოველთვის უდიდეს ინტერესს იწვევს “ჯაყოს ხიზნების” სახეების დეკოდირება. რომანის სათაური, რომელიც ცოლ-ქმარს დაწყვილებულად წარმოადგენს, თავისთავად მიუთითებს, რომ ორივე სახე ღრმა დატვირთვის მატარებელია.
ცხადია, რომ ეს რომანი მეოცე საუკუნის პირველ მეოთხედში იყო ქართველი ხალხის გაფრთხილება სამაჩაბლოში მოსალოდნელი ეთნოკონფლიქტისა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ღვივდებოდა და მეოცე საუკუნის მიწურულს აგიზგიზდა, ჩვენი სახელმწიფოსთვის დამანგრეველი სახე მიიღო და დასრულდა ეთნოწმენდით, ასი ათასობით ქართველის გამორეკვით მშობლიური სახლებიდან, რუსული ოკუპაციითა და საქართველოს იუსრისდიქციიდან მისი ისტორიული ტერიტორიის დე ფაქტო გამიჯვნით. ამ მოვლენებს ყველა ძალიან განვიცდით. გავიდა სამ ათეულ წელზე მეტი და დღემდე მოუშუშებელია ჭრილობები, გადაუწყვეტელია რეგიონის სტატუსის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, ეთნოწმენდის მსხვერპლ მოქალაქეთა მიმართ საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ვალდებულებები.
ვფიქრობ, ნაშინდარი, თეიმურაზ ხევისთავის მამული, სიმბოლურ-ალეგორიული ხატია საქართველოსი. ეს მიკროკოსმოსი მთელ საქართველოს განასახიერებს. სახელის სემანტიკაშიც ჩადებულია იდეა. ნა-არ პრეფიქს სუფიქსებით რამდენიმე სიტყვა აწარმოა ავტორმა: ნა-კაც-არი, ნა-თავად-არი, ნა-მამულ-ევი, ნა-მოღვაწ-არი და ნა-ვექილ-არი. ამ რომანით ავტორს სურს გვითხრას, რომ ჩვენი ყურადღების მოდუნება, ჩვენი მამულების უყურადღებოდ მიგდება საბედისწერო და მომაკვდინებელი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის.
მეთორმეტე კლასში ჩვენი დისკუსიის თემაა მარგო ყაფლანიშვილის სახე. მოსწავლეები სვამენ კითხვას, თუ რამდენად სწორია მარგო ყაფლანიშვილის სახეში ალეგორიის ძიება? რამდენად შეიძლება განვიხილოთ მარგო 20-იანი წლების ურთულეს პოლიტიკურ მოცემულობაში მყოფი საქართველოს სახე-სიმბოლოდ? მოგეხსენებათ, ამ პერსონაჟის სახის მსგავსი წაკითხვა მიღებული და საკმაოდ გავრცელებულია.
ერთხელ, როცა ამ თემაზე ლიტერატურის მკვლევრებს შორის კამათი გაიმართა, ერთმა აღნიშნა, რომ ყოველი დაცემული ადამიანი იმსახურებს თანაგრძნობას, თანადგომას, ხელის გაწოდებას, იმედის ნაპერწკლების ჩუქებას და რომ ავტორს ეცოდება თეიმურაზი და მისი ცოდვილი ცოლი, დასტირის თავის პერსონაჟებს, თანაუგრძნობს, რადგან რაც უფრო ღრმად შევდივართ რომანის სიუჟეტში, მით უფრო გულსაკლავი ხდება ამ ადამიანების ყოფა. ჭაობი უფრო და უფრო ღრმავდება, ადამიანები იხრჩობიან და წარმოუდგენელია, რომ არ გაგიჩნდეს თანაგრძნობა.
ემპათია ადამიანური გრძნობაა, სუბიექტურია და როდის ვის მიმართ გაუჩნდება ადამიანს, არავინ იცის. არავინ დაგვძრახავს იმის გამო, რომ ვინმე შეგვეცოდოს, მაგრამ, ვფიქრობ, მარგოსაც იმდენად (შეიძლება – უფრო მეტადაც) უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა ყველაფერზე, რამდენადაც თეიმურაზს. რატომ? მოდით, ჩავუღრმავდეთ ამ თემას, ვიმსჯელოთ, ვიკამათოთ. თეიმურაზი ხომ თავიდანვე ბრმა, ყრუ და არაადეკვატური იყო და ეს მარგომ ძალიან კარგად იცოდა. მარგო ხომ ყველაფერს ხვდებოდა, საყვედურებს ეუბნებოდა ქმარს, ცდილობდა თვალი აეხილა მისთვის, მაგრამ ამაოდ. წესით, მარგოს თეიმურაზის იმედი არ უნდა ჰქონოდა არც ნაშინდარში ჯაყოს ხიზნებად დაბრუნების შემდეგ, რადგან თბილისში უკვე კარგად ჰყავდა გამოცდილი თეიმურაზი. იცოდა, რომ ამ ადამიანს მისთვის არც სიყვარულის ჩუქება შეეძლო, არც დაცვა, არც მატერიალურად უზრუნველყოფა. რატომ უნდა იყოს მარგო საქართველოს სახე-სიმბოლო? მსგავსი წაკითხვა მკრეხელობად და შეურაცხმყოფლად მიმაჩნია. როდის ყოფილა საქართველო ასე დაჩოქილი და მტერს დანებებული? როდის უცდია მტერთან სულიერად და ხორციელად გაერთიანება? არასდროს! არასდროს! არასდროს!
გავიხსენოთ ქართველ ქალთა სახეები ისტორიიდან და ჩვენი მწერლობიდან: დედოფალი შუშანიკი, რომელიც მეხუთე საუკუნეში ახერხებს, რომ მოძალადე მეუღლის ანტიქართულ და ანტიქრისტიანულ ტირანიას დაუპირსიპირდეს და მთელი ჰერეთის ერი გვერდით დაიყენოს. გავიხსენოთ ქეთევან დედოფალი, რომელიც შაჰ-აბას პირველს არ დაემორჩილა და საშინელი წამებით მოკლეს. მისმა მსხვერპლშეწირვამ შეძრა მთელი აღმოსავლეთი და ევროპა, მისი ნაწილები ბერებმა მოიპარეს და ინახებოდა ალავერდის ტაძარში, ინდოეთში გოა და-გრასის მონასტერში, რომში, წმინდა პეტრეს ტაძარსა და ბელგიაში, ნამიურის ტაძარში. მისი წამება აღწერეს: დედოფლის შვილმა თეიმურაზ I-მა (პოემა „წამება ქეთევან დედოფლისა“), გრეგორიო ორსინიმ, პიეტრო დელა ვალემ, ჟ. კრუზინსკიმ, კლოდ მალენგრმა და სხვებმა. გერმანელმა მწერალმა ანდრიუს გრიფიუსმა შექმნა ტრაგედია „ქეთევან ქართველი ანუ გაუტეხელი სიმტკიცე“. გავიხსენოთ თამარ მეფე, ჰუმანიზმისა და უმაღლესი სულიერების, პოლიტიკური შორსმჭვრეტელობისა და უტეხი ნებისყოფის სიმბოლო. გავიხსენოთ ოთარაანთ ქვრივი, რომელიც ვერც ახალგაზრდობაში ქმრის სიკვდილმა და თოთო ბავშვით ხელში მარტო დარჩენამ გატეხა და ვერც სოციალურმა ჩაგვრამ. გავიხსენოთ ვაჟას “ბახტრიონის” გმირი ქალები, ქმრისა და შვიდი შვილის დამკარგავი აფხუშოელი სანათა და ვარდივით მშვენიერი ყმაწვილქალი ლელა ბაჩლელი, “დედათ ჯარზეით ამდგარი”, რომელიც ომში მიდის, დაჭრილი მამისა და დახოცილი ძმების ადგილზე დგება. გავიხსენოთ აღაზა ალხასტაისძე, მთელი სამყარო რომ მის წინააღმდეგ ირაზმება და ის მაინც უკან არ იხევს. გავიხსენოთ აკაკის “გამზრდელის” უნაზესი ნაზიბროლა – ძალადობის მსხვერპლი, რომელსაც უახლოესი ადამიანის დაუნდობელმა ძალადობამ ღირსება მაინც ვერ შეულახა. გავიხსენოთ აკაკის “ბაში-აჩუკის” გმირი დები – პირიმზისა და პირმთვარისა, მათი საოცარი სილამაზისა და კდემის მიღმა რა ძლიერი, უტეხი, მამაცი ქალები დგანან. გავიხსენოთ ნიკო ლორთქიფანიძის მოთხრობის “შელოცვა რადიოთი” გმირი ელი გორდელიანი, რომელიც სასტიკმა ეპოქამ “ნაპტკვენი ბუმბულივით” კი გაიტაცა, მაგრამ სახე, ღირსება და იდეალები მაინც შეუბღალავი დარჩა. გავიხსენოთ გოდერძი ჩოხელის მართა ამავე სახელწოდების მოთხრობიდან, რა აღმაფრთოვანებელია მისი სიმამაცე, პატრიოტიზმი და თავგანწირვა. რამდენი ერთი ჩამოვთვალოთ! გარშემო მიმოვიხედოთ: როგორ იბრძვიან ქართველი ქალები ოჯახების, შვილების, სამშობლოსათვის! ჩვენს გვერდით უამრავი მიჩქმალული გმირია. ყოველ მათგანზე წიგნები დაიწერება და ფილმები შეიქმნება. თუ ქმრები და ოჯახის წევრები ვერ ახერხებდნენ ოჯახისა და ქვეყნისთვის ბრძოლას, ქართველი ქალები დგებოდნენ ურყევად, აკეთებდნენ ყველაფერს სამშობლოსა და ძვირფასი ადამიანების გადასარჩენად.
რა ვთქვათ მარგოზე? როცა ის პირველად გახდა ჯაყოს ძალადობის მსხვერპლი, მაშინ მართლაც იყო თანაგრძნობის ღირსი, მაგრამ როცა სახლში მოსულმა აღმოაჩინა, რომ მისმა ქმარმა ვერც მისი ნამტირალევი თვალები შენიშნა, ვერც შემოხეული კაბა და დალურჯებული სხეული, ნაცვლად იმისა, რომ ჯაყოს წინააღმდეგ თუნდაც მარტოს დაეწყო ბრძოლა, ან გვერდით დაეყენებინა ნათესავები, ის ხომ კეთილშობილთა ოჯახიდან იყო? ან ნაშინდრელი მეზობლები, რომლებიც ყოველთვის თანაუგრძნობდნენ ხევისთავების ოჯახს, რა გზა აირჩია მარგომ? ჯაყოს სისტემატურ ძალადობას ის მალევე შეეჩვია, სექსუალური სიამოვნება გაუტკბა და ამის მონა გახდა. “მარგოს რამ არგო?” – უკვირდა თეიმურაზს? ავტორი გვიყვება: “მარგო ერთ თვეში ისე გამოიცვალა, რომ მოუცლელი თეიმურაზიც კი ამჩნევდა და ხანდახან გაკვირვებას ეძლეოდა:- საკ…კკვირველია! საოც…ცცარია! ნეტა ვიცოდე, მარგო, რამ გარგო აგრე რიგად? იდუმალ მიზეზის გამო მარგოს სპილოს ძვალი სისხლით გაიჟღინთა და მზისგან გაირუჯა. მიმქრალ თვალებს ნაკვერცხალის შუქი დაგდო. მაღალ ყელზე ორკეცი ღაბაბი გამოუჩნდა. პირსახე აუღაჟღაჟდა, მიმდნარი ტანი დაუსრულდა, დაშრეტილი მკერდი გაუფუვდა, თეძოებიც გაეწია და მიხვრა-მოხვრას ჯიშიანი კატის სილბილე და გველის მოქნილობა მიეცა”.
იმდენად ამაზრზენია მარგოს მეტამორფოზა, რომ მისადმი თანაგრძნობას სრულიად უკარგავს მკითხველს. ჯაყო გულში იღიმებოდა და ამბობდა: – “ვიცის ჯაყომა, რაც მოუხდა მარგოსა, ვიცის! ჰავა, წამა-სმა და… ჯაყოს მკლავები, მაშ, მაშა! ჯაყომ მარგოს ჯადო გაგიკეთე, უკვდავების წყალი დაგალევინე და მარგოც იმიტომ გაცოცხლდი. მაშ, მაშა! აგრე ვიცის ჯაყომა! ზოგჯერ კი ეშმაკური ღიმილით ხმამაღლა იტყოდა: – დედაკაცი ბაღი ხარ, თუ არ მორწყე, გახმები. და უბირი ჯაყო ხშირ-ხშირად და მოურიდებლად ეტანებოდა მარგოს: ხან ბნელ ოთახში შეუცოცდებოდა, ხან გოდრების უკან მიატანდა, ხან ვენახში მიუსწრებდა და ხანაც ბოსელში შეიმწყვდევდა”.
საკვირველია, ამ სირცხვილისთვის მარგოს როგორ არ შეეცოდა თავისი უბედური, ცვედანი თეიმურაზი? ან ავთანდილ ხევისთავის სახელოვანი ოჯახის ღირსებაზე არ დაფიქრებულა? ან არ რცხვენოდა ნაშინდრელების, რომლებიც გაოცებულნი შეჰყურებდნენ ამაზრზენ სცენებს.
“როცა დაქანცული თეიმურაზი დაბრუნდებოდა, ხშირად გაიგონებდა ხოლმე ჯაყოს ღინცილს და მარგოს მოხდენილ სიცილს. მაგრამ როცა გალაღებული არშიყნი თეიმურაზს დაინახავდნენ, სიცილ-კისკისს დაუკლებდნენ და ერთმანერთს დაშორდებოდნენ”. ერთხელ ჯაყომ მარგოს ისიც გაუბედა, რომ ასეთი ფინთი ოთახი არ შეშვენოდა “და იმავე დღეს დაკეტილიდან გამოიტანა ხალიჩები და ფარდაგები, ნაქსოვი ფარდები და ხავერდის ავეჯი, ლბილი სავარძლები და მოოქროვილი სარკეები, მარმარილოს პირსაბანი და ერთი განიერი ინგლისური ტახტი”. ამ მხეცმა ქალს წინ დაუწყო ხევისთავების ოჯახის ნაძარცვი ქონება და როგორი იყო მარგოს რეაქცია? “მარგო სიხარულით ფეხზე აღარ იდგა. გახარებული ბავშვივით ცქმუტავდა, კისკისებდა, ლაღობდა. ოთახის დალაგება რომ გაათავეს, გულაჩუყებული და მადლიერი მარგო ჯაყოს გაპოხილ კისერზე ჩამოეკიდა: – ჯაყო, ჩემო კარგო!.. ჩემო ჯაყო!”
თეიმურაზი და მარგო იმ დღეს დამთავრდნენ, როცა ჯაყომ მათი ოჯახის ნაძარცვი ურცხვად გამოიტანა და მარგო ამაზე აკისკისდა, ხოლო თეიმურაზმა ხმის ამოღება ვერ გაბედა. მარგომ ჩააჩუმა: – “კარგი, გაჩუმდი! – შეუტია მარგომ. – ხმა არ ამოიღო… სირცხვილია. სტუმრები ვართ, უფასოდ გვასმევენ და გვაჭმევენ. ესეც საკმარისია. თეიმურაზმაც თავი მოიკატუნა, ჯაყოს მადლობა გადაუხადა და არც ნივთეულობის დაკარგვა გაახსენა, არც მისი პოვნა გამოჰკითხა”.
სწორედ აქედან იწყება ჯაყოს დემონად ქცევა. ის მიხვდა, რომ თეიმურაზიცა და მარგოც მისი ხიზნები, მისი ყურმოჭრილი მონები, მისი ტყვეები იყვნენ და შეეძლო, როგორც მოისურვებდა, ისე მოქცეოდა ორივეს. ნაცვლად იმისა, რომ მარგოს ოდესმე მაინც ჰყოფნოდა ნამუსი, ოდესმე მაინც გამოეღვიძებინა საკუთარ თავში ადამიანური ღირსება, ის ბოლომდე ჩაეფლო ჯაყოს ჭაობში, ჯაყოს გაკეთილშობილება სცადა. დაბანა, გაპარსვა, საცვლების გამოცვლა და ჰიგიენა ასწავლა, მაგრამ საშიში მხეცის გაკეთილშობილება განა ამ გზით შესაძლებელია?
ერთი, ერთადერთი მცდელობაც კი არ ჰქონია მარგოს ამ მხეცისგან თავდახსნისა და აბსურდია, რომ მისი სრული დაცემა მხოლოდ თეიმურაზს გადავაბრალოთ. თეიმურაზს ფიზიკურად მაინც არ შეხებია ჯაყოს ძალადობა და მარგოს ფიზიკურად შეეხო. ყოველი ადამიანი, სქესის მიუხედავად, საკუთარ თავზეა პასუხისმგებელი, თავდაცვაზეც და მორალური სახის შენარჩუნებაზეც, რაც მარგომ ვერაფრით მოახერხა და მან ამ მორჩილებით კიდევ უფრო და უფრო გააძლიერა ჯაყო, აქცია ის ყოვლისშემძლე მონსტრად, არა მხოლოდ მისი ოჯახის, არამედ მთელი სოფლის წურბელად, უძლეველ აპოკალიფსურ მხეცად.
იმსახურებენ თუ არა თანაგრძნობას ჯაყოს ხიზნები? ჩემი პასუხი ასეთია: რამდენადაც თეიმურაზს ეკისრება პასუხისმგებლობა ნაშინდარზე, ჯაყოს ძალადობის წინაშე უძლურებასა და მორჩილებაზე, სწორედ და ზუსტად იმდენად – მარგოსაც. ვფიქრობ, ორივე განზოგადებული სახე-სიმბოლოა და მანკიერებებს განასახიერებენ. ისინი არც არიან ადამიანები და არც თანაგრძნობას იმსახურებენ. მანკიერება კი არასდროსაა თანაგრძნობის ღირსი. ღირსეული ადამიანები მის ამოშანთვას ცდილობენ მხოლოდ.