სამშაბათი, ივნისი 24, 2025
24 ივნისი, სამშაბათი, 2025

საზაფხულო რჩევები ჩემს მოსწავლეებსა და მათ თანატოლებს

ზაფხული დასვენების, ძალების აღდგენის, თავისუფლებით ტკბობის, აღმოჩენების დროა. სიტყვა „დავალება“ ვალდებულებას მოიაზრებს, სწორედ ამიტომ, საზაფხულო რჩევა უფრო შესაბამისი მგონია.  „მე გირჩევთ და თუ თქვენ სურვილი გექნებათ, გაითვალისწინეთ“. – ამგვარი შეთანხმება ბავშვის მოტივაციაზე დადებითად მოქმედებს.  ჩემს მოსწავლეებზე ფიქრისას, ვცდილობ, თავი მათ ადგილას წარმოვიდგინო. სწორედ ამიტომ საზაფხულო რჩევებისთვის ჩემს ბავშვობას მივაკითხე. გავიხსენე, მათ ასაკში რას ვკითხულობდი, როგორ ვატარებდი დროს ზაფხულში. საბედნიეროდ, ყველა დღიური, პირადი წერილი თუ ფოტო შენახული მაქვს, თითქოს თავიდანვე განსაზღვრული იყო ჩემი პროფესია. პირადი მაგალითი კვლავ ყველაზე ძლიერ მოქმედებს ბავშვის მოტივაციაზე, ჩემი დღიურები თვალსაჩინოებად, ერთგვარ სასწავლო რესურსად, გამოვიყენე და წლის ბოლო გაკვეთილისთვის საზაფხულო რჩევები ამგვარი გამოვიდა:

  • სამი წიგნი 12 წლის ლელა მასწავლებლის დღიურიდან;
  • დღიურის წერა;
  • ჰერბარიუმი;
  • კლასის საკითხავი წიგნი.

სკოლაში მივიტანე ჩემი დღიურები. მეექვსე კლასისთვის განვსაზღვრე რვეული, რომელიც 1998 წლის ზაფხულის არდადეგების დასაწყისში დღიურად შემირჩევია. ამ დღიურში მეც, ჩემი მოსწავლეების მსგავსად, 12 წლის ვარ. დაფაზე დავწერე მათემატიკური მაგალითი: 2025-1998=  და მოსწავლეებს გამოანგარიშება ვთხოვე. 27 წლის წინანდელი დღიური ხელში რომ მეჭირა, ამ ფაქტმა მაგნიტივით მიიზიდა ბავშვების ყურადღება. ცნობისმოყვარეობის აღძვრის შემდეგი ეტაპი დღიურის ჩანაწერების შინაარსის გაგება აღმოჩნდა. მათი თხოვნით, კითხვა დავიწყე და ვეღარ გავჩერდით. სამი ფურცელი მალე ჩათავდა და სინანული გამოვხატე, ნეტავ, კიდევ მეტი დამეწერა-მეთქი.

პირველი დღიურში 1998 წელია. 28 მაისიდან ვიწყებ წერას და 14 ივნისს ვასრულებ. რადგან სასწავლო წლის ბოლო გაკვეთილი 13 ივნისს დაემთხვა, მოვძებნე ამ დღის ჩანაწერი და აი, 12 წლის გოგოს რა დამიწერია:

13 ივნისი. შაბათი. 1998 წელი. დღეს ეთერი ბიცოლამ დაგვირეკა და გვითხრა, რომ დღეს ლენა ბებოს ორმოცი იყო და შევთანხმდით, სად უნდა შევხვედრილიყავით. მე, მამა და დედა წავედით და თავისუფლების მეტროსთან ამოვედით. იქ სერგო ბიძია თავისი ოჯახით და „მარშუტკით“ დაგვხვდა და წაგვიყვანა ვასო პაპასთან. საღამოს დედამ და მამამ გადაწყვიტეს, რომ მარნეულში უნდა წავსულიყავით და ჩვენც გავემზადეთ. იმ საღამოსვე გადაწყდა და მაიაც დაგვთანხმდა მარნეულში წამოსვლაზე“.

ბოლო წინადადებაში მაიას ვახსენებ, ჩემი ბავშვობის მეგობარს. მეექვსეკლასელებს ვუთხარი, მაია სწორედ ის გოგოა, სპექტაკლზე დასასწრებად რომ გვესტუმრა თავის 9 წლის მართასთან ერთად-მეთქი.

ამ ფაქტმა დაგვაფიქრა ბავშვობის მეგობრების როლზე ჩვენს ცხოვრებაში და მათ მიერ გამოხატულ თანადგომაზე. ისე ხდება ხოლმე, რომ ჩემი მეგობრები, ოჯახის წევრები ჩემთან ერთად არიან ჩაბმულნი  მოსწავლეებისთვის გამართულ ღონისძიებებში და ზუსტად ვიცი, რომ მათ კეთილგანწყობასა და თანადგომას ბავშვებიც ამჩნევენ და იმახსოვრებენ.

ჩემი ბავშვობის დღიურის წაკითხვამ დადებითი მუხტით აგვავსო. 27 წლის წინ 12 წლის გოგო ძალიან ბევრს ვმოგზაურობ, სოფლიდან სოფელში – ფასანაურში, მარნეულში, ტიბაანში – დამატარებენ მშობლები, ვეცნობი ახალ ადამიანებს, მყავს უამრავი მეგობარი, ვუყურებ სერიალებს, რომელთაც იმ დროს მთელი საქართველოს მოსახლეობა უყურებდა, მეგობრის მამებს დავყავარ თბილისის ზღვაზე, ვთამაშობ „რეზინობანას“, საპნის ბუშტებს ვუშვებ სახლის აივნიდან და ვკითხულობ წიგნებს. ერთგან ვწერ, დღეს მთელი დღე დენი იყო, რადგან ბავშვთა დაცვის დღეა-მეთქი. ამის გაგონებისას მეექვსეკლასელებს ეღიმებათ.

მახსოვს, ძალიან დიდ ნებისყოფას მოითხოვდა ჩემგან ყოველი დღის შესახებ წერა და მიჭირდა სიზარმაცის დაძლევა. ახლა მოსწავლეებს ვთხოვ, რომ არ დაიზარონ და ხშირად წერონ, რადგან ამ დღიურებზე ძვირფასი ბავშვობიდან არაფერი მაქვს. ისე გამოვიდა, რომ საკუთარ თავს ვაჩუქე დროში მოგზაურობისთვის ამბები, რომლებიც მხოლოდ დღიურმა გამახსენა. რვეულის ფურცლებზე მამაჩემი და ჩემი ძმა, ბიძაჩემი, ჩემი მეგობრის მამები ცოცხლები არიან. კითხვისას ისეთი განცდა მეუფლება, თითქოს დროის საზღვარი ირღვევა და ისევ იქ ვარ, მამას ფასანაურში მივყავარ თამაზი ბიძიას მანქანით ან ქიზიყის დასათვალიერებლად სიღნაღის აღმართს ძლივს მიარღვევს ჩვენი მოფახფახებული მანქანა „ლურჯა“. კითხვისას იდეა გვებადება, რომ ექსკურსია მოვაწყოთ და სიღნაღში წავიდეთ.

სამი წიგნი

როგორც აღვნიშნე, დღიურში ხშირად ვწერ, რომ ვკითხულობ. მასწავლებელმა 12 წლის საკუთარ თავს მადლობა გადავუხადე ერთი ჩანაწერის გამო, სადაც დაწვრილებით აღვწერ, რომ „სამი მუშკეტერის“ კითხვა დამიწყია და ერთ დღეში 64 გვერდი წამიკითხავს. 2 ივნისს დამიწერია, „რობინზონ კრუზოს“ კითხვა დავასრულე და თავის პატრონს, ჩემს მეზობელ ციცო დეიდას, ავუტანე-მეთქი. მესამე წიგნად კი ჟიულ ვერნის „კაპიტან გრანტის შვილები“ შევარჩიე, რადგან ეს წიგნი 11 წლისამ წავიკითხე და გემის კაპიტნობის დაუძლეველმა სურვილმა შემიპყრო. მაშ ასე, ჩემი ბავშვობის წიგნები შევთავაზე მეექვსეკლასელებს საზაფხულო საკითხავად. სამივე წიგნი თან მქონდა მიტანილი. ნეტავ, ვინ წაიკითხავს სამივე რომანს?

  1. „სამი მუშკეტერი“ – ალექსანდრე დიუმა;
  2. „რობინზონ კრუზო“ – დანიელ დეფო;
  3. „კაპიტან გრანტის შვილები“ – ჟიულ ვერნი.

კლასის საკითხავი წიგნი

საზაფხულო საკითხავის შესახებ აზრის გამოთქმა თავად ბავშვებს ვთხოვე, როგორ ფიქრობთ, მე შეგირჩიოთ საკითხავი ლიტერატურა თუ წიგნებს დამოუკიდებლად აღმოაჩენთ-მეთქი. ამ შეკითხვაზე მიპასუხეს, რომ წიგნების ნაწილი მე შემეთავაზებინა მათთვის, ნაწილს კი თავად შეარჩევდნენ. სასწავლო პროცესის დასრულებამდე ოთხი დღით ადრე სპექტაკლისთვის მზადების გამო სკოლა დაბინდებისას დავტოვეთ. სააქტო დარბაზიდან საკლასო ოთახში რეკვიზიტების ასატანად რომ შევედით, კლასის ბიბლიოთეკასთან მივედი და ასტრიდ ლინდგრენის „ჩვენც სალტკროკელები ვართ“ გადმოვიღე. გადავშალეთ წიგნი და სათაურმა შემოგვანათა „ივნისის ერთ დღეს“. ჩვენთანაც ივნისის ერთი დაუვიწყარი დღე იყო. როგორც წესი, სემესტრში კლასისთვის ერთ წიგნს ვარჩევ ხოლმე. ბავშვებთან საუბარმა და წიგნიდან ამოკითხულმა სათაურმა მიბიძგა, რომ ზაფხულშიც ყველას წაგვეკითხა ერთი წიგნი. მელკერსონების ოჯახის მიერ სალტკროკაზე გატარებული ზაფხულის გაცნობა ყველაზე კარგი შეთავაზება მგონია 12 წლის ბავშვებისთვის.

ჰერბარიუმი

ზაფხულში მცენარეების შეგროვება და წიგნებში გახმობა ყოველი სასწავლო წლის დასრულებისას დღიურის წერასა და წიგნის კითხვასთან ერთად უმთავრეს რჩევად იქცა. ჩემი წიგნები სავსეა შვილებისა და მოსწავლეების ნაჩუქარი ყვავილებით, მაგალითად, „დონ-კიხოტე“ მე და ჩემმაა რაჭველმა მოსწავლეებმა რვა წლის წინ რიგრიგობთ წავიკითხე. წიგნი უკან რომ დამიბრუნებს მარიამმა და თამარმა, ფურცლებს შორის სხვადასხვა გამხმარი ყვავილი და ფოთოლი აღმოვაჩინე. ჩემი ბიბლიოთეკის მრავალ წიგნს შორის ახლაც გამოირჩევა ის წიგნები, რომლებშიც ბავშვების მიერ სათუთად ჩაწყობილი მცენარეები ინახება. თითქოს ამგვარად განსაკუთრებულ ძალას იძენს წიგნი და შემდეგ ჩვეულებრივ დღეებში მზის სხივებივით ამოშუქდება ხოლმე.

მერვე და მეათეკლასელებსაც გავაცანი ჩემი ბავშვობის დღიურები. რამდენიმე ჩანაწერიც წავუკითხე. მერვეკლასელებსაც ჩემი ბავშვობის წიგნების წაკითხვა ვურჩიე:

  1. ვიქტორ ჰიუგოს „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი“;
  2. ჟიულ ვერნის „საიდუმლო კუნძული“;
  3. ალექსანდრე დიუმას „გრაფი მონტე კრისტო“ ან „დედოფალი მარგო“.

მეათეკლასელებისთვის საზაფხულო საკითხავად ქართული ლიტერატურა შევთავაზე, რადგან აბიტურიენტობის პერიოდში ნაკლები დრო ექნებათ არასაპროგრამო ტექსტების წასაკითხად და ამ ზაფხულს რამდენიმე ქართველი ავტორიც რომ გაიცნონ, მშვენიერი იქნება:

  1. გოდერძი ჩოხელის „წითელი მგელი“ და „ადამიანთა სევდა“;
  2. ჯემალ ქარჩხაძის „ზებულონი“;
  3. გურამ დოჩანაშვილის „სამოსელი პირველი“;
  4. ოთარ ჩხეიძის „ბორიაყი“;
  5. ალექსანდრე ყაზბეგის მოთხრობები.

ვაპირებ, რომ ბავშვებისთვის შერჩეული წიგნები თავადაც წავიკითხო. დღიურების წერის მნიშვნელობაზე გამუდმებით ვესაუბრები მოზარდებს. სულ ვფიქრობ, ნეტავ, დღიურებში ბევრი დამეწერა.

„ჩვენ ბარგი ჩავალაგეთ მანქანაში და ფასანაურში წავედით. მე იმ პირობით წავედი, რომ დღეს ბალს მიყიდიან, ხოლო ხვალ ნიკოსთან მაჭმევენ… მამამ მართლაც მიყიდა ბალი, თანაც ძალიან გემრიელი. ერთ საათში სახლში ვიყავით. ვჭამეთ საჭმელი და ლოგინები გავშალეთ. ღამე შუქი რომ გვენთო, ჩვენთან გულწითელა შემოფრინდა. მე და მამამ ბევრი ვილაპარაკეთ და დავიძინეთ“. – ასე სრულდება 1999 წლის 5 ივნისის ჩანაწერი. კითხვისას თითქოს ფილმს ვუყურებ, საკუთარ ბავშვობას ვუღიმი და ყველა შეგრძნებას სხეულში ვაცოცხლებ.

ვიცი, რომ ჩემი მოსწავლეებისთვის მძაფრ შთაბეჭდილებად აისახება ჩემი დღიურის ჩანაწერები.

ასე რომ, მე და ჩემი მოსწავლეები ვწერთ დღიურს და ვკითხულობთ ჩემი ბავშვობის დღიურებში ნაპოვნ კლასიკურ ლიტერატურას. გამიზიარეთ, თქვენ რას აპირებთ.

საზაფხულო რჩევების შესახებ ჩემი Youtube-არხისთვის ვიდეოს ჩავწერე, რადგან ბოლო გაკვეთილს ყველა ბავშვი არ ესწრებოდა და ამგვარად შევეცადე, თითოეული მოსწავლისთვის მიმეწვდინა ხმა. ამასთანავე, შესაძლოა, საზაფხულო რჩევები ჩემი მოსწავლეების თანატოლებისთვისაც საინტერესო აღმოჩნდეს.

ვიდეოჩანაწერებს თქვენც გიზიარებთ:

 

https://www.youtube.com/watch?v=gEPlpwG3chI

 

https://www.youtube.com/watch?v=jxP6DPWdgE4

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“