კვირა, სექტემბერი 1, 2024
1 სექტემბერი, კვირა, 2024

ტერმინი ,,რემედიაცია“ — ამოქაჩვა თუ ვატერ(პო)ლოოს აღდგენითი სამუშაოები?!

აჯობებს გაბედულად თქმა იმისა, რომ ტერმინი „რემედიაცია“ ქართულისთვის ახალი და თავსმოხვეული ნასესხობაა. იგი ინგლისური remediation-ის პირდაპირი შესატყვისია და აღდგენას ნიშნავს. ტერმინი ქართულ საგანმანათლებლო ლექსიკაში ახალი შემოსულია და ახლა ჩვენზეა დამოკიდებული, „ინკლუზიისა“ არ იყოს, კვლავ ახალ უცხოურ ბარბარიზმს დავამკვიდრებთ თუ მშობლიური ქართულით უფრო მარტივად და მიმღებლურად ვიტყვით, მაგალითად: ცოდნის „აღდგენას“, ბავშვის „ამოქაჩვას“  ჩართულობის გზით, თანაც იმ იმედით, რომ თუ ნასესხებმა სიტყვა  „ინკლუზიურმა“, ნაცვლად კარგისა, უარყოფითი სემანტიკური  პრიმიტივები შემოიწება, ასე არ იქნება „აღდგენის“, როგორც საგანმანათლებლო ტერმინის დამკვიდრების შემთხვევაში, და ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში კვლავ  უმნიშვნელოვანეს საკითხად განიხილება იმ მოსწავლეთა დახმარება, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით სათანადოდ ვერ ივითარებენ ფუნდამენტურ აკადემიურ უნარებს. სხვათა შორის, ე. წ. რემედიაციის პროგრამა ინდივიდუალური გეგმით მოსარგებლე ბავშვებისთვის არ განსაზღვრულა, ზემოთ დასახელებული ორივე ტერმინიც კვლავ აქტუალური და ურთიერთმკვეთია, რამდენადაც თუ მოსწავლემ ამა თუ იმ წინააღმდეგობის (ავადმყოფობის, სხეულის დაზიანების, სოციალური თუ ეკონომიკური პირობების, ორენოვნების, არასაკმარისი სასკოლო მზაობის, დეკოდირების პრობლემის, წაკითხულის გააზრების და სხვ.) გამო ჩამორჩენა ვერ დაძლია, ვერც სასწავლო პროცესს ჩაერთვება და აჰყვება კლასსა თუ მასწავლებელს სრულფასოვნად.

,,აღდგენა“ იმთავითვე გამოტოვებული მასალის, დავიწყებული, მაგრამ საჭირო ცოდნის აღდგენას გულისხმობს სასიამოვნოდ დაგეგმილი სასწავლო პროცესისა და კლასის შიგნით თუ გარეთ მიზნობრივი აქტივობების საშუალებით, ისე, რომ არსებული პრობლემა შემცირდეს ან სრულად გადაიჭრას, თან იმგვარად, რომ არც მშობელს უხდებოდეს დამატებითი გადასახადის ხდა და არც ბავშვი დაიტრავმოს. ხომ ვიცით, არასწორი დამოკიდებულებები როგორი დამანგრეველი და დამღუპველია!

ყველას გვახსოვს გურამ დოჩანაშვილის არაჩვეულებრივი ნოველა – ,,ვატერ(პო)ლოო ანუ აღდგენითი სამუშაოები”, რომელიც ავტორმა, ვინძლო პროტესტის ნიშნად უძღვნა თავის თანამედროვე, ბურუსითმოცულ საგანმანათლებლო პოლიტიკას, რომელსაც უთხრა, აღზრდისადმი დამახინჯებული, დიქტატორული დამოკიდებულებები ისეთივე ჩიხია, როგორი ჩიხიც აღმოჩნდა ნაპოლეონისთვის ვატერლოოს ბრძოლა, რაგინდ ფიზიკური სიჯანსაღის ნიღბით არ შევფუთოთ იგი და თუნდაც „ვატერპოლო“ დავარქვათო.

ყველა მოსწავლეშია პატარა ბესამე კარო, რომელსაც შეიძლება ესა თუ ის ნიჭი აღმოაჩნდეს, ამ ნიჭს კი კალაპოტის მიცემა სჭირდება, შრომის სწავლება, თუნდაც პატარა წინააღმდეგობის შემთხვევაში – ხელის წაშველება და, რაც არ უნდა პატარა ბეჭები ჰქონდეს — დიდი მხარდაჭერა.  მიჩნეულია, რომ ეს ყოველივე დაწყებით საფეხურზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან პრობლემის დროულად აღმოჩენა და სათანადო ჩარევა სასურველი შედეგის მიღწევას მნიშვნელოვნად აადვილებს. სხვა არაერთი, ძალიან სასარგებლო პროექტის მსგავსად, დაწყებით საფეხურზე სარემედიაციო/აღდგენითი პროგრამის პილოტირებაც საქართველოში ამერიკელი ხალხის კეთილი ნებით, 2017-2018 სასწავლო წელს დაწყებითი განათლების პროექტის (G-PriEd) გზით განხორციელდა, თუმცა საბოლოო დანერგვისა თუ დამკვიდრებისთვის აღნიშნული ნება არ აღმოჩნდა საკმარისი. არადა, მოსწავლეზე მორგებული, ინდივიდუალური სასწავლო პროცესის პირობებში, არსებობს საფეხურის მიხედვით გაწერილი საერთო სტანდარტი, რომლის მიღწევა მასწავლებელს ევალება მოზარდის ინდივიდუალობის გათვალისწინებითა და  სწავლების სხვადასხვა მეთოდების შეთავაზებით, სწავლების ჰუმანისტურ მიდგომებზე დაყრდნობით.

თუკი აღარ გახსოვთ, აქვე მოვიტან ამონარიდს დანიელ პენაკის „სკოლის სევდისგან“: მასწავლებლებს მიაჩნიათ, რომ მათ იმისთვის ამზადებდნენ, სწავლას მოწყურებული ბავშვებისთვის ესწავლებინათ და არა ისეთებისთვის, რომლებსაც სწავლა არ სურთ, მოკლედ, ამბობენ, რომ მათთვის ასეთი მოსწავლეების მოძებნა და ამოქაჩვა” არავის უსწავლებია, და რომ ,,ეს” მათი საქმე არ არის. ,,ეს”, მხოლოდ და მხოლოდ ,,ეს” გაისმის აქედანაც და იქიდანაც.  — და, როგორ დავძლიოთ ,,ეს”, თუ ემპათია არ გამოგვადგება?.. რა არის სწავლების ყველაზე ეფექტური მეთოდი? არსებობს კი ისეთი მეთოდი, ,,ეს” რომ დავძლიოთ?  — აქ მეთოდების სიმცირეზე ნამდვილად არ ღირს ლაპარაკი; რამდენიც გინდა, იმდენია! თქვენც ხომ სხვას არაფერს აკეთებთ, იმის გარდა, რომ რომელიმე მეთოდს ამოეფაროთ. თუმცა გულის სიღრმეში დარწმუნებული ხართ, რომ აქ მეთოდი საქმეს ვერ უშველის, იმიტომ, რომ მას ყოველთვის რაღაც აკლია.

და, ვერ იტყვი, რა აკლია?

 ვერა?

რატომ?

– უწმაწური სიტყვაა.

ემპათიაზე უარესი?

ნამდვილად. ეს ისეთი სიტყვაა, რომლის წარმოთქმის უფლებას შენ თავს ვერც სკოლაში მისცემ, ვერც ლიცეუმში, ვერც უნივერსიტეტში და ვერც რომელიმე სასწავლო დაწესებულებას მიმსგავსებულ ადგილას.

და, მაინც?

არა, არა, მართლა არ შემიძლია.

მიდი ახლა, თქვი!

ხომ გითხარი. არ შემიძლია-მეთქი. ისე, განათლებაზე საუბრისას ეს სიტყვა თუ წამოგცდა, ლინჩის წესით დასჯა არ აგცდება.

… – … – … – სიყვარული!

დიახ, სიყვარული რემედიაციის, ცოდნის აღდგენის თუ „ამოქაჩვის“ (მგონი, ეს ცნება ყველაზე უკეთ იმუშავებს!) უპირველესი ინსტრუმენტია! დანარჩენი, თუ მასწავლებელს კომპეტენცია გააჩნია, ისედაც მოვა.

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“